TL;DR
სტეიბლკოინი წარმოადგენს სხვა აქტივზე, მაგალითად ფიატზე ან ძვირფას ლითონებზე მიბმულ კრიპტოაქტივს.
სტეიბლკოინების ფასი შედარებით სტაბილურია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს კრიპტო ბაზრებისთვის დამახასიათებელი არასტაბილურობასთან დაკავშირებული რისკები.
არსებობს სამი ტიპის სტეიბლკოინი: ფიატით უზრუნველყოფილი, კრიპტოთი უზრუნველყოფილი და ალგორითმული.
პრაქტიკული გამოყენების და ბაზრის დიდი კაპიტალიზაციის გამო სტეიბლკოინები მარეგულირებლების ყურადღების ცენტრში ექცევა.
შესავალი
კრიპტოვალუტებს მერყეობის გარდა სხვა მახასიათებლებიც აქვს. მეტიც, სტეიბლკოინები სწორედ ფიქსირებული ფასის შესანარჩუნებლადაა შექმნილი. ინდუსტრიაში, სადაც მონეტები და ტოკენები შეიძლება ერთ ღამეში ჩამოიშალოს, არსებობს მოთხოვნა ვალუტებზე, რომლებიც ბლოკჩეინის უპირატესობებს უფრო სტაბილური აქტივების პოვნის შესაძლებლობასთან აერთიანებს. თუ ვაჭრობისას ან ინვესტიციისას სტეიბლკოინებს არ იყენებთ, სჯობს მათი უპირატესობებისა და ნაკლოვანებების შესახებ მეტი გაიგოთ.
რას ეწოდება სტეიბლკოინი კრიპტოვალუტაში?
სტეიბლკოინი ეწოდება ციფრულ აქტივს, რომელიც ფიატ ვალუტების ან სხვა აქტივების ფასზეა მიბმული. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ დოლარზე, ევროზე, იენზე ან თუნდაც ოქროსა და ნავთობზე მიბმული ტოკენები. სტეიბლკოინების მფლობელებს შეუძლიათ ნახონ მოგება და წაგება, ასევე სტაბილური ფასით გადარიცხონ თანხა P2P ბლოკჩეინ ქსელების მეშვეობით.
Bitcoin (BTC), Ether (ETH) და სხვა ალტკოინები ისტორიულად მერყეობით გამოირჩევა. ისინი მფლობელებს მრავალ შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ არსებობს ნაკლოვანებებიც. მერყეობა ართულებს კრიპტოვალუტის ყოველდღიური გადახდებისათვის გამოყენებას. მაგალითად, თუ მოვაჭრე ყავის საფასურად 5 აშშ დოლარის ეკვივალენტ BTC-ის აიღებს, შესაძლოა მეორე დღეს აღმოაჩინოს, რომ მისი BTC-იების ფასი 50%-ით დაეცა. ამის გამო ძნელია დაგეგმო და მართო ბიზნესი, რომელიც კრიპტო გადახდებს იღებს.
კრიპტო ინვესტორებსა და ტრეიდერებს ადრე მოგების შენარჩუნებისთვის და მერყეობის თავიდან ასარიდებლად კრიპტო ფიატში უნდა დაეკონვერტირებინათ. სტეიბლკოინები ამ პრობლემის მარტივად მოგვარების გზა აღმოჩნდა. დღეს კრიპტოს მერყეობისგან თავის დაცვა სტეიბლკოინების, მაგალითად TrueUSD-ის (TUSD) გამოყენებით შეგიძლიათ.
როგორ მუშაობს სტეიბლკოინები?
ისეთი მონეტის შესაქმნელად, რომელიც სხვა აქტივის ფასზე ან ღირებულებაზე იქნება მიბმული, შესაბამის მექანიზმს საჭიროებს. ამის გასაკეთებლად რამდენიმე გზა არსებობს, რომელთა უმეტესობაც მეორე აქტივის უზრუნველსაყოფად გამოყენებას გულისხმობს. ზოგიერთი მეთოდი სხვებზე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა გარანტირებული მიბმა მაინც არ არსებობს.
ფიატით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები
ფიატით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები რეზერვში ფიატ ვალუტებს, მაგალითად USD-ს ან GBP-ს ინახავენ. მაგალითად, თითოეული TUSD 1 აშშ დოლარით არის უზრუნველყოფილი. მომხმარებლებს ფიატის სტეიბლკოინში და პირიქით კონვერტაცია მიბმული კურსით შეუძლიათ.
კრიპტოთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები
კრიპტოთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები მუშაობს ფიატით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინების მსგავსად. თუმცა დოლარის ან რომელიმე სხვა ვალუტის ნაცვლად ამ შემთხვევაში უზრუნველყოფისთვის კრიპტოვალუტები გამოიყენება. რადგანაც კრიპტო ბაზარი ძალიან მერყევია, კრიპტოთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები ფასის რყევის გავლენისგან დაცვის საშუალებად ჭარბ უზრუნველყოფას იყენებენ.
კრიპტოთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები შექმნისა და წვისთვის სმარტ კონტრაქტებს იყენებენ. ამით პროცესი უფრო სანდო ხდება, რადგან მომხმარებლებს კონტრაქტების დამოუკიდებლად შემოწმება შეუძლიათ. თუმცა კრიპტოთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინების ნაწილი იმართება დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO) მიერ, სადაც საზოგადოების წევრებს პროექტში ცვლილების განხორციელებისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ. ასეთ დროს შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ან DAO-ების გადაწყვეტილებებს ენდოთ.
განვიხილოთ მაგალითი. USD-ზე მიბმული 100 DAI-ს შესაქმნელად დაგჭირდებათ 150 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტო, როგორც 1.5x უზრუნველყოფა. DAI შექმნის შემდეგ, მისი გამოყენება სურვილისამებრ შეგიძლიათ. შეგიძლიათ ის გადარიცხოთ, ინვესტიცია განახორციელოთ ან უბრალოდ შეინახოთ. უზრუნველყოფის თანხის უკან დასაბრუნებლად 100 DAI-ს გადახდა მოგიწევთ. თუმცა თუ თქვენი უზრუნველყოფის თანხა კონკრეტულ უზრუნველყოფის თანაფარდობას ან სესხის ღირებულებას ჩაცდება, მოხდება მისი ლიკვიდაცია.
თუ სტეიბლკოინის ფასი 1 აშშ დოლარს ჩაცდება, მფლობელები შეეცდებიან სტეიბლკოინების დაბრუნებას უზრუნველყოფის თანხის მიღების სანაცვლოდ. ეს ამცირებს მონეტის მარაგს, რითაც ფასი იზრდება 1 აშშ დოლარამდე. 1 დოლარზე დაბრუნების შემდეგ, მფლობელები უკვე ტოკენების შექმნაზე გადადიან, რითაც მარაგი იზრდება და ფასი მცირდება. DAI მხოლოდ ერთი მაგალითია, მაგრამ კრიპტოთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები ფასის სტაბილურობის შესანარჩუნებლად თამაშის თეორიის და ონ-ჩეინ ალგორითმების ნაზავს ეყრდნობა.
ალგორითმული სტეიბლკოინები
ალგორითმულ სტეიბლკოინებს რეზერვები არ სჭირდება. ამის ნაცვლად გამოშვებული ტოკენების მარაგს ალგორითმები და სმარტ კონტრაქტები მართავს. ეს მოდელი უფრო იშვიათად გვხვდება ვიდრე კრიპტოთი ან ფიატით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები და მათი წარმატებით განხორციელება უფრო რთულია.
ალგორითმული სტეიბლკოინების სისტემა შესაბამისი ფიატ ვალუტის ღირებულების ვარდნის შემთხვევაში ტოკენის მარაგს შეამცირებს. ამის განხორციელება შესაძლებელია სტეიკინგით, წვით და გამოსყიდვით. თუ ფასი შესაბამისი ფაიტ ვალუტის ღირებულებას გადააჭარბებს, ახალი ტოკენები შეიქმნება და სტეიბლკოინის ფასი დაიწევს.
სტეიბლკოინების უპირატესობები
ინვესტორებისთვის, ტრეიდერებისა და კრიპტოვალუტის მომხმარებლების ხელში სტეიბლკოინები მოქნილი და მძლავრი ინსტრუმენტია. მის მთავარ ღირსებებს შორისაა:
1. სტეიბლკოინები ყოველდღიური გადახდებისთვის გამოიყენება. ბიზნესები და ინდივიდები სტაბილურობას აფასებენ. მერყეობის გამო კრიპტოვალუტების ყოველდღიური გადახდებისთვის გამოყენება რთულია. მსხვილი სტეიბლკოინები უზრუნველყოფის გამო ყოველდღიური გამოყენებისთვის არის შესაფერისი.
2. სტეიბლკოინები ბლოკჩეინის უპირატესობებით სარგებლობენ. სტეიბლკოინის გაგზავნა შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებულ კრიპტო საფულეში (რომლის უფასოდ შექმნასაც წამები სჭირდება). ასევე თითქმის არ გვხვდება ორმაგი ხარჯვა და ყალბი ტრანზაქციები. ამ თვისებების გამო სტეიბლკოინები საოცარი მოქნილობით გამოირჩევა.
3. ტრეიდერებსა და ინვესტორებს სტეიბლკოინების გამოყენება პორტფოლიოს ჰეჯირებისთვის შეუძლიათ. პორტფოლიოს განსაზღვრული ნაწილის სტეიბლკოინებში განაწილება საერთო რისკის შემცირების ეფექტიანი მექანიზმია. თქვენი პორტფოლიო ფასის რყევისგან უკეთ იქნება დაცული და კარგი შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში საჭირო თანხაც გექნებათ. შეგიძლიათ ფასის კლებისას კრიპტო სტეიბლკოინებად გაყიდოთ და შემდეგ დაბალ ფასად ხელახლა შეიძინოთ (shorting). სტეიბლკოინი მომხმარებელს შესვლისა და გასვლის მოსახერხებელ პოზიციებს ფულის ოფ-ჩეინ გადატანის გარეშე სთავაზობს.
სტეიბლკოინის ნაკლოვანებები
მიუხედავად იმისა, რომ სტეიბლკოინები კრიპტოვალუტების მიღების გავრცელებას ეხმარებიან, მათ მაინც აქვთ ლიმიტები:
1. სტეიბლკოინების მიბმის შენარჩუნება არ არის გარანტირებული. უფრო მსხვილ პროექტებს კარგი ისტორია აქვთ, მაგრამ გვახსოვს ჩავარდნილი პროექტებიც. თუ სტეიბლკოინი უზრუნველყოფის აქტივზე მიბმას ვერ ინარჩუნებს, მისი ფასი შეიძლება ძალიან შემცირდეს.
2. გამჭვირვალობის ნაკლებობა. ყველა სტეიბლკოინი სრულ საჯარო აუდიტებს არ აქვეყნებს, ბევრი კი მხოლოდ რეგულარული დადასტურებით შემოიფარგლება. სტეიბლკოინების გამომშვები პირისთვის, მსგავს დოკუმენტებზე კერძო ბუღალტრები მუშაობენ.
3. ფიატით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები სხვა კრიპტოვალუტებზე უფრო ცენტრალიზებული აქტივებია. უზრუნველყოფის რეზერვს ფლობს ცენტრალური სუბიექტი, რომელიც შესაძლოა გარე ფინანსურ რეგულაციებსაც ემორჩილებოდეს. ამით მისი კონტროლი მონეტაზე იზრდება. ამას გარდა მომხმარებლები უნდა ენდონ გამომშვებს, რომ ის ნამდვილად ფლობს დასახელებულ რეზერვს.
4. კრიპტოთი უზრუნველყოფილ და არა-უზრუნველყოფილ მონეტებს ფუნქციონირებისთვის საზოგადოებაზე დაყრდნობა სჭირდებათ. კრიპტო პროექტებში გავრცელებულია ღია მმართველობის მექანიზმები, რაც ნიშნავს რომ მომხმარებლებს თითოეული პროექტის შექმნისა და მართვის პროცესში ხმის დაფიქსირება შეუძლიათ. ამიტომ თქვენც ამ პროცესში უნდა ჩაერთოთ ან გჯეროდეთ, რომ საზოგადოება პროექტს პასუხისმგებლობით მიუდგება.
სტეიბლკოინების მაგალითები
კრიპტოთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინი: MakerDAO (DAI)
DAI არის Ethereum-ის მეშვეობით USD-ზე მიბმული, კრიპტოთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინი. სამართავი ტოკენის, MKR-ის საშუალებით, მონეტას MakerDAO-ს საზოგადოება მართავს. შეგიძლიათ MKR ცვლილებების შეთავაზებისთვის ან ხმის მისაცემად გამოიყენოთ. DAI ზედმეტად უზრუნველყოფილია, რათა კრიპტოს მერყეობას გაუმკლავდეს და მომხმარებლებს თავიანთი უზრუნველყოფის სამართავად უზრუნველყოფილი სესხის პოზიციის (CDP) დაკავების საშუალებას აძლევს. მთელი პროცესი სმარტ კონტრაქტებით ხორციელდება.
ფიატით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინი: TrueUSD (TUSD)
TUSD დამოუკიდებლად ვერიფიცირებადი, დოლარზე მიბმული სტეიბლკოინია. ის არის პირველი სტეიბლკოინი, რომელიც ოფ-ჩეინ შენახული USD რეზერვის წამიერი ონ-ჩეინ ვერიფიკაციის მეშვეობით მონეტების შექმნას პროგრამულად აკონტროლებს. TUSD-ის რეზერვების მონიტორინგი Chainlink-ის რეზერვის მტკიცებულების მეშვეობით ხორციელდება, ამიტომ მფლობელებს შეუძლიათ ავტონომიურად დაადასტურონ, რომ მათი TUSD რეზერვებში შენახული დოლარით არის უზრუნველყოფილი.
რეგულირდება თუ არა სტეიბლკოინები?
ფიატისა და კრიპტოს თვისებების უნიკალური ნაზავის გამო, სტეიბლკოინები მარეგულირებელი ორგანოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. რადგან ისინი სტაბილური ფასის შესანარჩუნებლად შეიქმნა, მათი გამოყენება არა მხოლოდ სპეკულაციისთვის არის შესაძლებელი. მათი დახმარებით საერთაშორისო ტრანზაქციების სწრაფად და იაფად განხორციელება ხდება. რამდენიმე სახელმწიფო საკუთარი სტეიბლკოინის შექმნასაც კი ცდილობს. რადგანაც სტეიბლკოინი კრიპტოვალუტის სახეა, სავარაუდოა, რომ თქვენი ადგილობრივი კანონი მას არეგულირებს როგორც კრიპტოს. ფიატის რეზერვის მქონე სტეიბლკოინების გამოშვებას შესაძლოა ასევე მარეგულირებლის თანხმობა დასჭირდეს.
შეჯამება
დღევანდელი ინვესტორების სრულ უმრავლესობას ერთხელ მაინც ჰქონია სტეიბლკოინი. სტეიბლკოინები ხშირად გამოიყენება კრიპტო ბირჟებზე, რათა ტრეიდერებმა ბაზრის ახალი შესაძლებლობებით იხეირონ. მათი გამოყენება ხდება შესვლის და გასვლის პოზიციების დასაკავებლადაც, ფიატში განაღდების საჭიროების გარეშე. ვაჭრობისა და ინვესტირების გარდა, სტეიბლკოინები გამოიყენება გადახდებისთვის და საერთაშორისო გადარიცხვებისთვისაც.
მიუხედავად იმისა, რომ სტეიბლკოინები კრიპტოს განუყოფელი ნაწილია და ახალი ფინანსური სისტემის შექმნაში მონაწილეობს, არც მისი თანმხლები რისკების დავიწყება შეიძლება. გვახსოვს სტეიბლკოინის პროექტები, რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს მიბმა, არ ჰქონდათ რეზერვები ან სასამართლოში უჩივლეს. ამიტომაც, მართალია სტეიბლკოინები საოცრად მოქნილი ინსტრუმენტია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ისინი მაინც კრიპტოვალუტებია და შესაბამის რისკებს ატარებს. რისკების შესამცირებლად შეგიძლიათ პორტფოლიო გადაანაწილოთ, მაგრამ ვაჭრობის ან ინვესტიციის დაწყებამდე კარგად შეისწავლეთ საკითხი და ინვესტიცია განახორციელეთ მხოლოდ იმ თანხით, რომლის დაკარგვის უფლებასაც თავს მისცემთ.
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..