რა არის MiCA (კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულაცია)?

რა არის MiCA (კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულაცია)?

განახლებული Jun 8, 2026
7m

მთავარი დასკვნები

  • MiCA არის ევროკავშირის მიერ გამოცემული კრიპტოაქტივების პირველი ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ყველა წევრ ქვეყანაში კრიპტოაქტივების ემიტენტებისა და მომსახურების პროვაიდერებისთვის ერთიან წესებს განსაზღვრავს.

  • რეგულაცია 2023 წლის ივნისში შევიდა ძალაში. Stablecoin-ებთან (სტეიბლკოინებთან) დაკავშირებული წესები 2024 წლის 30 ივნისიდან ამოქმედდა, ხოლო კრიპტოაქტივების მომსახურების პროვაიდერებისთვის (CASP) განსაზღვრული წესების სრული პაკეტი - 2024 წლის 30 დეკემბრიდან. გარდამავალ პერიოდში CASP-ების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის ვადები 2026 წლის 30 ივნისამდე შეიძლება გახანგრძლივდეს.

  • MiCA რეგულაცია ეხება ლიცენზირების პროცესს, სტეიბლკოინების მიმართ არსებულ მოთხოვნებს, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) წესებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ზედამხედველობას.

  • იგი არ ვრცელდება სრულად დეცენტრალიზებულ ფინანსებზე (DeFi), ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებსა (CBDC) და უსაფრთხოების ტოკენებზე (security tokens), რომლებიც MiFID-ის მოქმედების სფეროს განეკუთვნება. NFT-ები, როგორც წესი, არ შედის MiCA რეგულაციის მოქმედების არეალში, თუმცა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ზედამხედველობის ორგანოს (ESMA) სახელმძღვანელო მითითებების მიხედვით, ის შეიძლება მაინც გავრცელდეს NFT-ების მსხვილ კოლექციებზე ან წილებად დაყოფილ (დაქუცმაცებულ) ფორმებზე.

  • რეგულაციას მრავალმხრივი სარგებელი ახლავს თან, როგორიცაა მეტად დაცული მომხმარებელთა უფლებები, ბაზრის მთლიანობის უზრუნველყოფა და პოტენციური ინსტიტუციური ინვესტიციები. ხოლო რეგულაციასთან დაკავშირებული გამოწვევებია კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხარჯები, ფსევდოანონიმურობის პრინციპის მოქმედების შეზღუდვა და ზედმეტად მკაცრი რეგულირების რისკები.

Binance Academy-ის კურსების ბანერი

შესავალი

ევროკავშირის კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულაცია, ე.ი. MiCA, წარმოადგენს მსოფლიოში პირველ ყოვლისმომცველ მარეგულირებელ ჩარჩოს კრიპტოაქტივებთან დაკავშირებით. მისი მიზანია ევროკავშირის ყველა (27) წევრ ქვეყანაში მოქმედებდეს ერთიანი წესები, რაც ჩაანაცვლებს მანამდე არსებულ არაერთგვაროვან ეროვნულ კანონებს.

წინამდებარე სტატიაში ახსნილია, თუ რა არის MiCA, როგორ მუშაობს ის და რა მნიშვნელობას ატარებს ის ბაზრის მონაწილეებისათვის.

რას წარმოადგენს MiCA და რატომ შეიქმნა ის?

MiCA ძალაში შევიდა 2023 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც 2023 წლის აპრილში მას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა, ხოლო იმავე წლის მაისში ოფიციალურად დაამტკიცა ევროკავშირის საბჭომ. იგი ადგენს ერთიან წესებს კრიპტოაქტივების ემიტენტებისა და კრიპტოსთან დაკავშირებული მომსახურების პროვაიდერებისთვის, როგორიცაა ბირჟები და საფულეების მომსახურების პროვაიდერები (wallet providers).

MiCA-ს ამოქმედებამდე ევროკავშირის თითოეული ქვეყანა საკუთარ წესებს ადგენდა ან შესაძლოა მსგავსი წესები საერთოდ არ არსებობდა. ამგვარი განსხვავებულობა გაურკვეველ გარემოს ქმნიდა ბიზნესისთვის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხითაც პრობლემები იჩენდა თავს. MiCA ამ საკითხს ერთიანი წესით აგვარებს: კომპანიას, რომელიც ფუნქციონირების უფლებამოსილებას მიიღებს ერთ წევრ ქვეყანაში, შეუძლია ყველა სხვა წევრ ქვეყანაში იგივე უფლებებით ისარგებლოს.

რეგულაცია ეტაპობრივად ამოქმედდა. წესები სტეიბლკოინების, აქტივებით უზრუნველყოფილი ტოკენებისა (ART) და ელექტრონული ფულის ტოკენების (EMT) მიმართ ძალაში შევიდა 2024 წლის 30 ივნისს. კრიპტოაქტივების მომსახურების პროვაიდერებისთვის (CASP) მარეგულირებელი წესები კი ამოქმედდა 2024 წლის 30 დეკემბერს. წევრ ქვეყნებს უფლება ჰქონდათ უკვე ლიცენზირებული CASP-ებისთვის გარდამავალი პერიოდი გაეგრძელებინად 18 თვემდე. ამ პერიოდის გათვალისწინებით, რეგულაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის საბოლოო შესაძლო ვადა 2026 წლის 30 ივნისია.

MiCA-ს ძირითადი კომპონენტები

ლიცენზირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

კომპანიებმა, რომლებიც ევროკავშირში კრიპტოსთან დაკავშირებულ მომსახურებას გასწევენ, უფლებამოსილება უნდა მიიღონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი უწყებებისგან. ბირჟები, კასტოდიალური საფულეების მომსახურების პროვაიდერები და სავაჭრო პლატფორმები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ მმართველობასთან, კაპიტალსა და საოპერაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტები. MiCA ასევე ადგენს წესებს კრიპტოაქტივების საჯარო შეთავაზებების მიმართულებით, რაც კრიპტოაქტივების ემიტენტებს ავალდებულებს საინფორმაციო დოკუმენტის (White Paper) გამოქვეყნებას, რომელშიც ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება გამჟღავნებული.

სტეიბლკოინების რეგულირება

MiCA სტეიბლკოინებს ორ ტიპად ყოფს: აქტივებით უზრუნველყოფილი ტოკენები (ART), რომლებიც ეყრდნობა აქტივების კალათას/ჯგუფს, და ელექტრონული ფულის ტოკენები (EMT), რომლებიც მიბმულია ერთ კონკრეტულ ფიატ-ვალუტაზე. ორივე ტიპის სტეიბლკოინის ემიტენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეზერვები, დააკმაყოფილოს კაპიტალთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები და მიიღოს შესაბამისი უფლებამოსილება. ევროკავშირის რამდენიმე ბირჟამ უკვე 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში ბირჟიდან მოხსნა ისეთი სტეიბლკოინები, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა

MiCA-ს თანახმად, ევროკავშირში უკვე მოქმედები კანონმდებლობის ფარგლებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) შესახებ, კრიპტოაქტივების მომსახურების პროვაიდერები ანგარიშვალდებულ სუბიექტებს წარმოადგენენ. აღნიშნული რეგულაციები მოიცავს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის დირექტივასა (AMLD) და ფულადი სახსრების გადარიცხვის შესახებ რეგულაციას (TFR), რომელიც განახლდა და ახლა მოიცავს კრიპტოაქტივების გადაცემის მარეგულირებელ წესებსაც. ამ მიმართულებით არსებული მოთხოვნები ეხება კლიენტის სათანადო შემოწმებას, ტრანზაქციების მონიტორინგსა და საეჭვო აქტივობების შესახებ ანგარიშის წარდგენას.

2024 წლის რეფორმების პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა მიიღო ახალი AML რეგულაცია - რეგულაცია (EU) 2024/1624. აღნიშნული ჩაანაცვლებს ძირითად AML დირექტივის მოდელს, როდესაც იგი სრულად შევა ძალაში 2027 წლის ივლისში.

მომხმარებელთა უფლებების დაცვა

MiCA ადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებამდე ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნებს, სარეკლამო წესებსა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. კრიპტოაქტივების ემიტენტებმა უნდა გამოაქვეყნონ საინფორმაციო დოკუმენტი, რომლის შინაარსი და ფორმატი კონკრეტულ სტანდარტს ეყრდნობა. აღნიშნულმა დოკუმენტმა ინვესტორებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია აქტივის, მასთან დაკავშირებული რისკებისა და უფლებების შესახებ. მსგავსი ტიპის მოთხოვნების შესრულება შეამცირებს თაღლითობისა და შეცდომაში შემყვანი პრაქტიკის არსებობის ალბათობას.

ზედამხედველობა და აღსრულება

MiCA-ს თანახმად, გამოიყენება მრავალდონიანი ზედამხედველობის სტრუქტურა. ეროვნული სათანადო უწყებები ზედამხედველობას უწევენ მოცემულ წევრ ქვეყანაში მოქმედ მომსახურების პროვაიდერებს. სისტემური მნიშვნელობის სტეიბლკოინების შემთხვევაში კი კონტროლი გადადის ევროკავშირის დონეზე: ევროპის საბანკო ზედამხედველობის ორგანო (EBA) უშუალო მეთვალყურეობას უწევს მნიშვნელოვან EMT-ებს, ხოლო მნიშვნელოვან ART-ებზე ზედამხედველობა ხორციელდება EBA-ს ხელმძღვანელობით შექმნილი ეროვნული ორგანოების საზედამხედველო კოლეგიის მეშვეობით.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ზედამხედველობის ორგანო (ESMA) დამხმარე როლს ასრულებს. იგი უზრუნველყოფს ტექნიკური სტანდარტების (მე-2 და მე-3 დონის სათანადო ზომების) შემუშავებას, აწარმოებს უფლებამოსილების მქონე CASP-ებისა და საინფორმაციო დოკუმენტების საჯარო რეესტრებს და ხელს უწყობს საზედამხედველო მიდგომების დაახლოებას ეროვნულ უწყებებს შორის. ESMA-მ უკვე გამოაქვეყნა ტექნიკური სტანდარტების სამი პაკეტი, ასევე 2025 წლის ნოემბერში გამოსცა დოკუმენტი, რომელიც ეხება მონაცემებთან დაკავშირებულ სტანდარტებს და საინფორმაციო დოკუმენტების ფორმატირებას.

რას მოიცავს MiCA და რა არ შედის მისი მოქმედების სფეროში?

MiCA ვრცელდება კრიპტოაქტივების ემიტენტებზე, CASP-ებსა და სტეიბლკოინების ემიტენტებზე. რეგულირებადი საქმიანობა მოიცავს კასტოდიალურ მომსახურებას, სავაჭრო პლატფორმების ფუნქციონირებას, გაცვლის მომსახურებებს, შეკვეთების შესრულებას, განთავსებასა და საკონსულტაციო მომსახურებას. გარკვეული მიმართულებები მისი მოქმედების სფეროს არ განეკუთვნება. იგი არ ვრცელდება სრულად დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX) და ისეთ DeFi პროტოკოლებზე, რომელთაც ცენტრალიზებული შუამავალი არ გააჩნიათ, თუმცა ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია.

არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენები (NFT-ები) არ შედის MiCA-ს მოქმედების სფეროში იმდენად, რამდენადაც ისინი უნიკალურია და არ ატარებენ ურთიერთჩანაცვლებადობის თვისებას. თუმცა, ESMA-ს სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, NFT-ების მსხვილი კოლექციები ან წილებად დაყოფილი (დაქუცმაცებული) ფორმები მაინც შეიძლება მოექცეს რეგულაციის ფარგლებში. უსაფრთხოების ტოკენები, რომლებიც უკვე MiFID-ის ჩარჩოთი რეგულირდება, MiCA-ს მოქმედების სფეროს მიღმაა. ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები (CBDC) ასევე სრულად გამოირიცხება აღნიშნული მარეგულირებელი ჩარჩოდან.

MiCA-ს უპირატესობები

სტანდარტიზებული ინფორმაციის გამჟღავნება, საინფორმაციო დოკუმენტის გამოქვეყნების მოთხოვნა და სარეკლამო წესები მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვას კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, ინვესტორებს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ხოლო, ზედამხედველობის თანმიმდევრული პროცესი და აღსრულების ერთიანი მექანიზმები ბაზრის მთლიანობას ყველა წევრი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

სამართლებრივ დონეზე არსებული სიცხადე მეტი ინსტიტუციური ინვესტიციის მოზიდვას შეუწყობს ხელს, რადგან მსხვილი მოთამაშეები ბაზარზე შესვლამდე მკაფიო წესების არსებობას მოელიან. ერთიანი მარეგულირებელი გარემო კრიპტოინდუსტრიას ისეთ ლეგიტიმურობას სძენს, რაც მას ევროპის მასშტაბით აქამდე არ ჰქონია.

შეზღუდვები და გამოწვევები

სავარაუდოა, რომ გაიზრდება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხარჯები, რაც განსაკუთრებით მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს მცირე ფირმებისა და სტარტაპებისთვის. ეს კი ქმნის რისკს იმისა, რომ ჩამოყალიბდება გარემო, სადაც უპირატესობა დიდი რესურსების მქონე მოთამაშეებს ექნებათ.

მკაცრი AML და KYC („იცნობდე შენს კლიენტს“) დებულებები ამცირებს ფსევდონიმურობის შენარჩუნების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული მომხმარებლები აიძულოს, ევროკავშირის ბაზარზე შესვლისგან თავი შეიკავონ. დარგის ზოგიერთი წარმომადგენელი ასევე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გადაჭარბებულმა რეგულაციებმა შესაძლოა ამ მიმართულებით საქმიანობისთვის ნაკლებად რეგულირებული იურისდიქციები მეტად მიმზიდველი გახადოს. ზედამხედველობისა და მოქნილობის დაბალანსება ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოებისთვის კვლავაც დიდ გამოწვევად რჩება.

როგორ გამოიყურება MiCA გლობალურ კონტექსტში?

MiCA-ს წყალობით ევროკავშირი კრიპტორეგულირების სფეროში მოწინავე როლს იკავებს. ამ მიმართულებით აშშ-მაც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც 2025 წელს მიიღო „GENIUS Act“ - სტეიბლკოინებზე ორიენტირებული კანონი. თუმცა, „GENIUS Act“ მხოლოდ სტეიბლკოინებს ეხება და იგი არ მოიცავს კრიპტოაქტივების მთელ სპექტრს. სხვა რეგიონებსაც, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, სინგაპურსა და ჰონგ-კონგს, საკუთარი მარეგულირებელი წესები აქვთ, თუმცა ჯერჯერობით ვერცერთი მათგანი ვერ უახლოვდება MiCA-ს მასშტაბებს.

ევროკავშირს, რომელმაც გზა გაკვალა კრიპტორეგულირების მიმართულებით, აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს სხვა იურისდიქციებზეც. იმ კომპანიებს, რომლებიც უკვე დანერგეს MiCA-ს მოთხოვნები, შესაძლოა მომავალში გაუმარტივდეთ სხვა მარეგულირებელ ჩარჩოებთან შესაბამისობის მიღწევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის ჩარჩო-კანონმდებლობები მსგავს პრინციპებს გაიზიარებენ.

ხშირად დასმული კითხვები

მარტივად რომ ავხსნათ, რა არის MiCA?

MiCA არის ევროკავშირის ერთიანი წესების კრებული, რომელიც კრიპტოაქტივებს ეხება. წარმოიდგინეთ ერთი „პასპორტი“, რომელიც ყველგან მოქმედებს: როგორც კი კრიპტოკომპანია უფლებამოსილებას მიიღებს ერთ წევრ ქვეყანაში, მას შეუძლია მომსახურება გასწიოს მთლიან ბაზარზე ევროპის მასშტაბით.

როდის ამოქმედდა MiCA?

MiCA ძალაში შევიდა 2023 წლის ივნისში. სტეიბლკოინებთან დაკავშირებული წესები ამოქმედდა 2024 წლის 30 ივნისს, CASP-ებთან დაკავშირებული წესების სრული პაკეტი კი - 2024 წლის 30 დეკემბერს. ზოგიერთ წევრ ქვეყანაში არსებულმა გარდამავალმა პერიოდმა შესაძლოა CASP-ებისთვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვადები 2026 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივოს.

არეგულირებს თუ არა MiCA Bitcoin-ს?

არა. MiCA არ არეგულირებს დეცენტრალიზებულ კრიპტოვალუტებს. ის არეგულირებს მომსახურების პროვაიდერებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კრიპტოვალუტით ვაჭრობას, მის შენახვასა და გადაცვლას. სრულად დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლები, როგორც წესი, მისი მოქმედების სფეროს მიღმაა.

რა განსხვავებაა ART-სა და EMT-ს შორის?

აქტივებით უზრუნველყოფილი ტოკენი (ART) ეყრდნობა აქტივების კალათას/ჯგუფს, როგორიცაა ვალუტა ან სასაქონლო პროდუქტი. ელექტრონული ფულის ტოკენი (EMT) კი მიბმულია ერთ კონკრეტულ ფიატ-ვალუტაზე, ელექტრონული ფულის მსგავსად. ორივე მათგანს სჭირდება რეზერვები და ავტორიზაცია/უფლებამოსილების მოპოვება, თუმცა წესები მათი რისკის პროფილის მიხედვით განსხვავებულია.

როგორ გავლენას ახდენს MiCA ინდივიდუალურად მოქმედ ინვესტორებზე?

ინდივიდუალური ინვესტორების, როგორც მომხმარებლების, უფლებები უფრო მკაცრადაა დაცული. ეს უზრუნველყოფილია სტანდარტიზებული ინფორმაციის გამჟღავნებით, უფრო მკაფიო საინფორმაციო დოკუმენტებითა და სარეკლამო წესებით. თუმცა, უფრო მკაცრი AML/KYC მოთხოვნები ნიშნავს ნაკლებ კონფიდენციალურობას იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფსევდონიმურობას ამჯობინებენ.

დასკვნითი მოსაზრებები

MiCA წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს კრიპტორეგულირების ისტორიაში. მისი ეტაპობრივი დანერგვა უკვე დასასრულს უახლოვდება, რადგან გარდამავალი პერიოდი 2026 წლის შუა პერიოდისთვის იწურება, რაც პირველად უზრუნველყოფს წესების ერთიან გამოყენებას მთელი ევროკავშირის მასშტაბით.

აღნიშნული რეგულაცია უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების მეტად დაცვასა და ბაზრის მთლიანობას, თუმცა კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხარჯები და კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული კომპრომისი სრულიად რეალურია. გლობალურ დონეზე, აშშ-ის „GENIUS Act“ და სხვა იურისდიქციებში განვითარების პროცესში მყოფი კანონმდებლობა მიუთითებს, რომ მარეგულირებელი გარემო ჯერ კიდევ შორსაა საბოლოო წერტილისგან. MiCA ერთდროულად იქნება მოდელიც და სატესტო შემთხვევაც იმისა, თუ როგორ უნდა დაბალანსდეს ინოვაცია და ზედამხედველობა.

დაინტერესებულმა მხარეებმა თვალი უნდა ადევნონ მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ESMA-ს მე-2 და მე-3 დონის სტანდარტებსა და ევროკავშირის უფრო ფართო AML რეფორმას, რომელიც 2027 წლიდან შევა ძალაში.

დამატებითი საკითხავი


უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს მოსაზრებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება არასტაბილური იყოს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენს მიერ განცდილ რაიმე ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ის პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.