მთავარი დეტალები
ბევრ ქვეყანაში ციფრული აქტივებით ვაჭრობა, მათი ხარჯვა და შეძენა იბეგრება. თქვენი გადასახადების დაანგარიშებისთვის, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კაპიტალის ზრდა და კლება.
ასევე შესაძლოა მოგიწიოთ საშემოსავლო გადასახადების გადახდა თქვენი კრიპტო ჰოლდინგების გამო, თუ მათ ანაზღაურების ან ჯილდოს სახით მიიღებთ.
ყველა კანონმდებლობა განსხვავებულია, შესაბამისად, დარწმუნდით რომ გაესაუბრებით საგადასახადო მრჩეველს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი გადასახადების დაანგარიშებასა და უკეთ გააზრებაში.
ბროკერები და ბირჟები ზოგადად ვალდებულნი არიან საგადასახადო ორგანოებთან ითანამშრომლონ და დაეხმარონ მათ კრიპტოს და სხვა ციფრული აქტივების ტრანზაქციებზე მონიტორინგში.
გადასახადებისგან თავის არიდების შემთხვევაში, პირს შეიძლება დაეკისროს მნიშვნელოვანი ოდენობის ჯარიმა ან უფრო სერიოზული სასჯელი.
შესავალი
თუ თქვენ კრიპტო HODL-ერი ან ტრეიდერი ხართ, გარკვეულ ეტაპზე შეიძლება მოგიწიოთ გადასახადების გადახდა. მათი ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია ქვეყანაზე, თუმცა საგადასახადო ორგანოების უმეტესობა ციფრულ აქტივებს (მათ შორის კრიპტოვალუტებს, სტეიბლკოინებს და NFT-ებს) კაპიტალურ აქტივებად (ქონებად) განიხილავს. დაკისრებული გადასახადების გადახდა სამართლებრივ ვალდებულებას წარმოადგენს, ამიტომ ამ დროს შეცდომის დაშვებას უნდა მოერიდოთ.
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ კრიპტოს დაბეგვრის საბაზისო პრინციპებს. მარეგულირებელი ჩარჩო სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, მაგალითად, აშშ-ის საგადასახადო სამმართველომ გამოსცა საბოლოო რეგულაციები, სადაც გაწერილია ანგარიშგების წესები. გირჩევთ რჩევისთვის მიმართოთ ადგილობრივი საგადასახადო სისტემის სპეციალისტს.
უნდა გადავიხადო თუ არა გადასახადები კრიპტოს ყიდვის ან გაყიდვის შემთხვევაში?
ამ კითხვაზე ერთი სწორი პასუხი არ არსებობს. გადასახადების გადახდის ვალდებულება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის თქვენს ადგილმდებარეობაზე, ციფრული აქტივების შენახვის პერიოდზე და თქვენ მიერ განხორციელებული აქტივობის ტიპზე. ზოგადი წესის თანახმად, გადასახადის გადახდის ზარალის კომპენსაციის ვალდებულება ჩნდება კრიპტოს გაყიდვის დროს და არა მისი ყიდვის შემთხვევაში.
შეერთებულ შტატებში, შესაბამისობის დოკუმენტი იწყება „ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული კითხვით“. ფედერალურ ფორმებში, როგორიცაა „ფორმა 1040“, კითხვის პასუხად, რომელიც ეხება წლის განმავლობაში თქვენ მიერ მიღებულ, გაყიდულ, გადაცვლილ ან გამოყენებულ ციფრულ აქტივებს, თქვენ უნდა მონიშნოთ „დიახ“ ან „არა“. თუ თქვენ განხორციელებული გაქვთ დაბეგვრას დაქვემდებარებული ტრანზაქციები, თქვენი პასუხი უნდა იყოს „დიახ“, ხოლო თუ უბრალოდ ინახავთ აქტივებს ან ისინი გადაგაქვთ საკუთარ საფულეებს შორის, თქვენ შეგიძლიათ პასუხად აირჩიოთ „არა“.
თქვენ პასუხისმგებელი ხართ აკონტროლოთ თქვენი დასაბეგრი მოგება და ზარალი და უნდა გადაიხადოთ გადასახადი თქვენს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
რა არის დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობა?
დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობა არის ტრანზაქცია ან ქმედება, რის შემდეგაც თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ გადასახადები. ეს საქმიანობები არ არის უნივერსალური - ის, რაც ერთ ქვეყანაში დაბეგვრას ექვემდებარება, მეორეში შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული საგადასახდო ვალდებულებასთან. ჩვეულებრივ, ქონების, ინვესტიციების ან სხვა კაპიტალური აქტივების გაყიდვა დაბეგვრას ექვემდებარება. ციფრული ვალუტების, მაგალითად Bitcoin-ის ან BNB-ის შეძენა ფიატ-ვალუტით არ წარმოადგენს დაბეგვრას დაქვემდებარებულ საქმიანობას, თუმცა კრიპტოთი ვაჭრობის ან მისი გაყიდვის შემთხვევაში, დიდი ალბათობით თქვენ დაგეკისრებათ გადასახადი.
დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობით თქვენ იღებთ კაპიტალის ზრდას (მოგებას) ან კაპიტალის კლებას. თუ თქვენს მფლობელობაში არსებული აქტივის ფასი გაიზარდა და თქვენ მოგება მიიღეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი კაპიტალი გაიზარდა. თუ აქტივებით ვაჭრობის ან მათი გაყიდვის დროს თქვენ ზარალი განიცადეთ, თქვენი კაპიტალი დაიკლებს.
აშშ-ში თქვენი კაპიტალის ზრდის და კლების მაჩვენებლების დაანგარიშებისთვის უნდა გამოიყენოთ „ფორმა 8949“ და „დანართი D“. დაანგარიშების დროს, გადასახადის გადამხდელმა უნდა მიუთითოს თარიღი, საბაზისო ღირებულება (შეძენის ფასი), გასაყიდი ღირებულება და ყველა სავაჭრო ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიოები.
რომლებია დაბეგვრას დაქვემდებარებული და დაუქვემდებარებელი საქმიანობები?
დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობები მოიცავს შემდეგს:
ციფრული აქტივების გაყიდვა, ანუ მათი გადაცვლა ფიატ-ვალუტაზე (მაგ., USD, CAD, EUR, JPY და ა.შ.).
ერთი ციფრული აქტივის მეორეზე გადაცვლა (მაგ., BTC-ის გადაცვლა ETH-ზე ან სტეიბლკოინებზე).
კრიპტოვალუტების დახარჯვა. ზოგიერთ იურისდიქციაში, კრიპტოს გამოყენება საქონლის ან სერვისების შესაძენად ააქტიურებს კაპიტალის ზრდის და კლების შესახებ ანგარიშგების ვალდებულებას, როგორც ეს აქტივის გაყიდვის შემთხვევაში ხდება.
კრიპტოვალუტის მიღებამაინინგის, fork-ის ან airdrop-ის მეშვეობით.
სტეიკინგის ჯილდოების ან სერვისის საფასურის მიღება (იბეგრება, როგორც ჩვეულებრივი შემოსავალი).
ჩვეულებრივ, ქვემოთ ჩამოთვლილი საქმიანობები არ ექვემდებარება დაბეგვრას:
ციფრული აქტივების ყიდვა ფიატ-ვალუტით (გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც შეძენილი მონეტის შესყიდვის ფასი ნაკლებია მის რეალურ საბაზრო ღირებულებაზე).
კრიპტოვალუტის შემოწირულობის სახით გადაცემა გადასახადებისგან გათავისუფლებული ორგანიზაციისთვის (ამით ასევე შესაძლებელია საქველმოქმედო შეღავათების მიღება).
კრიპტოვალუტის საჩუქრის სახით გაცემა განსაზღვრულ ლიმიტის ფარგლებში (ზოგადად, გადასახადების გადახდის ვალდებულება წარმოიშობა აქტივის გაყიდვის შემთხვევაში).
კრიპტოვალუტის ერთი საფულიდან მეორეში გადატანა იმ პირობით, რომ ორივე საფულე თქვენ გეკუთვნით.
როგორ ხდება კრიპტოვალუტის დაბეგვრა?
კრიპტოვალუტის დაბეგვრის წესები დაფუძნებულია ქვეყნის მიერ განსაზღვრულ Bitcoin-ის და სხვა ციფრული აქტივების ოფიციალურ კლასიფიკაციაზე. ზოგიერთ ქვეყანაში ისინი მიიჩნევა ქონებად და არა ვალუტად.
Bitcoin-ით ან სხვა კრიპტოთი მიღებული შემოსავალი ასევე შეიძლება დაექვემდებაროს საშემოსავლო გადასახადს. თუ თქვენ ხართ სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი, ფრილანსერი ან კრიპტო ტრეიდერი, რომელიც ხელფასს კრიპტოში იღებს, სავარაუდოდ თქვენ დაგეკისრებათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა კრიპტოში მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით. ეს ასევე მოიცავს მაინინგის და სტეიკინგის ჯილდოებს. ჩვეულებრივ, საგადასახადო ტარიფი დამოკიდებულია თქვენი შემოსავლის ოდენობაზე.
როგორ უნდა გამოვთვალო ჩემი გადასახადები?
თუ თქვენ შეიძინეთ, შეინახეთ და მოგვიანებით გაყიდეთ კრიპტო, თქვენი საგადასახადო ვალდებულების დაანგარიშება ძალიან მარტივია. მაგალითისთვის ავიღოთ ქვეყანა X. პირველ რიგში, უნდა გამოვთვალოთ ჩვენი კაპიტალის ზრდის და კლების მაჩვენებლები (აშშ დოლარებში). ამისათვის უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ფორმულა:
რეალური საბაზრო ღირებულება - საბაზისო ღირებულება = კაპიტალის ზრდა და კლება
რეალური საბაზრო ღირებულება არის მიმდინარე სპოტ ფასი, რომელიც დაფიქსირებულია სავაჭრო ბირჟაზე, მაგალითად Binance-ზე. საბაზისო ღირებულება არის საწყისი ფასი, რომელიც თქვენ გადაიხადეთ აქტივის შეძენის დროს, რასაც ემატება საკომისიოები.
დავუშვათ თქვენ შეიძინეთ 2 BTC და თითოეულ მონეტაში გადაიხადეთ 10 000 აშშ დოლარი, ხოლო ორი წლის შემდეგ მონეტები გაყიდეთ და თითოეული მათგანისთვის მიიღეთ 30 000 აშშ დოლარი. შედეგად, თქვენი კაპიტალის ზრდის მაჩვენებელია 40 000 აშშ დოლარი:
$60 000 (რეალური საბაზრო ღირებულება) - $20 000 (საბაზისო ღირებულება) = $40 000 (კაპიტალის ზრდა)
კაპიტალის ზრდის გადასახადი დამოკიდებულია თქვენს საერთო დასაბეგრ შემოსავალზე, გადასახადის გადამხდელის სტატუსზე და აღნიშნული აქტივის შენახვის პერიოდზე. მაგალითად, თუ კრიპტოს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავდით, თქვენ შეიძლება დაგეკისროთ გრძელვადიანი კაპიტალის ზრდის გადასახადი.
შენიშვნა: ჩვეულებრივ, გადასახადის ოდენობა და შემოსავლის ზღვრები ყოველწლიურად იცვლება, რაც ინფლაციითაა გამოწვეული. მიმდინარე წელს მოქმედი ტარიფების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით თქვენს რეგიონში მოქმედი გადასახადების ცხრილს.
თუ თქვენ რეგულარულად ვაჭრობთ, გადასახადების დაანგარიშებას უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება. თუ ვაჭრობას ფიატ-ვალუტის გამოყენებით ახორციელებთ, გადასახადის გამოთვლა შედარებით მარტივია, თუმცა თუ ერთ კრიპტოვალუტას მეორეზე ცვლით, გამოთვლები მნიშვნელოვნად რთულდება.
ამ მაჩვენებლების გამოთვლისთვის, ბუღალტრები ჩვეულებრივ იყენებენ სპეციფიკური იდენტიფიკაციის მეთოდს ან FIFO-ს (First In, First Out). თუ სხვა მეთოდი არ არის არჩეული, აშშ-ის შემოსავლების სამსახური იყენებს FIFO-ს, თუმცა კონკრეტული იდენტიფიკაციის მეთოდი საშუალებას გაძლევთ ზუსტად აირჩიოთ ის აქტივი, რომელსაც ყიდით (მაგალითად, ყველაზე მაღალი საბაზისო ღირებულების მქონე), რათა მინიმუმამდე შეამციროთ კაპიტალის ზრდის მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში საჭიროა გქონდეთ შესაბამისი დოკუმენტაცია.
სპეციფიკური იდენტიფიკაციის მეთოდის გამოყენებისას, თქვენ შეგიძლიათ პირველ რიგში აირჩიოთ ის გასაყიდი აქტივი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასად გაქვთ შეძენილი, რაც დაგეხმარებათ გადასახადის ოდენობის შემცირებაში. თუ არ გაქვთ მითითებული, თუ კონკრეტულად რომელ აქტივს ყიდით, თქვენ უნდა გამოიყენოთ FIFO მეთოდი, სადაც ყველაზე ადრე შეძენილი აქტივების გაყიდვის დრო პირველადაა მითითებული.
საგადასახადო წლისთვის თქვენი დავალიანების გამოსათვლელად, თქვენ შეგიძლიათ კაპიტალის ზრდის მაჩვენებელს გამოაკლოთ კაპიტალის კლების მაჩვენებელი. ბევრ ქვეყანაში, კაპიტალის მოკლევადიანი ზრდის და კლების მაჩვენებლების (ჩვეულებრივ ერთ წელზე ნაკლები პერიოდით შენახვის შემთხვევაში) მითითება ხდება გრძელვადიანი ზრდის და კლების მაჩვენებლებისგან განცალკევებით.
საიდან აქვთ საგადასახადო ორგანოებს ინფორმაცია ჩემი კრიპტო ჰოლდინგების შესახებ?
სხვადასხვა იურისდიქციების საგადასახადო ორგანოებმა წლების წინ დაიწყეს კრიპტოვალუტის ტრანზაქციების კონტროლი და შესაბამისი საგადასახადო რეგულაციების შემუშავება. გარდა ამისა მსხვილი კრიპტო ბირჟები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ ამ ორგანოებთან.
მაგალითად, აშშ-ში მოქმედი რეგულაციები ბროკერებს, მათ შორის ბირჟებს და გადახდის პროცესორებს ავალდებულებს ციფრული აქტივების ანგარიშების აშშ-ის საგადასახადო სამმართველოსთვის წარდგენას „ფორმა 1099-DA“-ს გამოყენებით. ეს ანგარიშგების მოთხოვნა ვრცელდება 2025 წლიდან განხორციელებულ ოპერაციებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის საგადასახადო სამმართველო აშშ-ის მოსახლეობის მიერ განხორციელებული ციფრული აქტივებით ვაჭრობების და გაყიდვების შესახებ ინფორმაციას ამ ანგარიშების მეშვეობით მიიღებს, რაც საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის ანგარიშების ანალოგიურია.
გარდა ამისა, კრიპტოვალუტის აქტივობებზე კონტროლისთვის მთავრობები იყენებენ მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტებს, როგორიცააChainalysis. საკმარისი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ რეგულირებულ კრიპტო ბირჟაზე განხორციელებული ბლოკჩეინ-ტრანზაქციები დააკავშირონ პერსონალურ კრიპტო საფულეებთან.
რა მოხდება, თუ არ წარვადგენ კრიპტოვალუტის გადასახადების დეკლარაციას?
ბევრ ქვეყანაში საგადასახადო ორგანოები მოითხოვენ გადასახადების დეკლარაციის რეგულარულად წარდგენას. ეს შეიძლება სავალდებულო იყოს მაშინაც კი, თუ გადასახადი არ გეკისრებათ ან გაქვთ გადასახადის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. თუ დეკლარაციას არ წარადგენთ, ამის გამო შეიძლება დაგეკისროთ საურავების, ჯარიმების, პროცენტების გადახდა, დასაბრუნებელი თანხის დაკავება, დაექვემდებაროთ აუდიტებს ან სულაც პატიმრობას.
შეჯამება
გადასახადების სწორად დაანგარიშება და მათი დროულად გადახდა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ უნარს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ გირჩევთ მიმართოთ გადასახადების სპეციალისტს. ეს მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენს საქმიანობას წარმოადგენს არა მხოლოდ ინვესტირება, არამედ ასევე ვაჭრობა. რეგულარულად ვაჭრობის შემთხვევაში გადასახადების დაანგარიშება გაცილებით რთულია. გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული საგადასახადო ვალდებულებების არსებობა დიდწილად დამოკიდებულია თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებზე.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: Binance არ გთავაზობთ გადასახადებთან და ფინანსებთან დაკავშირებულ რჩევებს. ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით, როდესაც თქვენ ვაჭრობთ საქონლით და ეს საქმიანობა დაკავშირებულია კაპიტალის ზრდასთან (ან კლებასთან), შეიძლება დაგეკისროთ გადასახადების გადახდის ვალდებულება. კრიპტოვალუტის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები თითოეულ ქვეყანაში განსხვავებულია, ამიტომ თქვენს საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაბეჯითებით გირჩევთ მიმართოთ გადასახადების სპეციალისტს. საგადასახადო იურისდიქციის სწორად არჩევა თქვენს პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.