5 რჩევა თქვენი კრიპტოვალუტის ჰოლდინგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
მთავარი
სტატიები
5 რჩევა თქვენი კრიპტოვალუტის ჰოლდინგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

5 რჩევა თქვენი კრიპტოვალუტის ჰოლდინგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

გამოქვეყნებული Dec 25, 2023განახლებული Mar 19, 2024
7m

TL;DR

  • შეინახეთ თქვენი seed ფრაზა ოფლაინ სივრცეში, მასზე ციფრული თავდასხმის თავიდან ასარიდებლად.

  • გამოიჩინეთ სიფხიზლე, გადაამოწმეთ და გამოავლინეთ ინფლუენსერების ყალბი ანგარიშები სოციალურ ქსელებში.

  • თქვენი კრიპტო საფულესთან წვდომისას ან ტრანზაქციების განხორციელებისას მოერიდეთ საჯარო WiFi-ს გამოყენებას.

  • არ ენდოთ ლაივ-სტრიმ ვიდეოებს, სადაც გპირდებიან კრიპტოვალუტების გაჩუქების შესახებ. შეამოწმეთ არხის ლეგიტიმურობა და პრომოაქციის ტიპი.

  • გამოიჩინეთ სიფხიზლე ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ და დამუშავებულ deepfake თაღლითურ ვიდეოებთან მიმართებაში, მიაქციეთ ყურადღება, რამდენად ემთხვევა ვიდეო და აუდიო ერთმანეთს.

გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტოვალუტების პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ასევე იმატებს მათი უსაფრთხოების მნიშვნელობა. კიბერკრიმინალები ყოველწლიურად უზარმაზარი რაოდენობის ციფრულ აქტივს იპარავენ. სიფხიზლე უმნიშვნელოვანესია თქვენი კრიპტოვალუტის ინვეტიციების უსაფრთხოების საჭირო დონის შესანარჩუნებლად ამ დინამიურ სივრცეში. ამ სტატიაში წარმოდგენილია უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხუთი ყველაზე ეფექტური პრაქტიკა, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ციფრული აქტივების სხვადასხვა საფრთხისგან დაცვაში.

როგორ დავიცვა ჩემი კრიპტოვალუტის ჰოლდინგები?

თქვენი კრიპტო ჰოლდინგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მუდმივად უნდა შეინარჩუნოთ სიფრთხილე და გააცნობიეროთ, რის გაკეთება შეუძლიათ თაღლითებს თქვენ მიერ მიღებულ უსაფრთხოების ზომებთან მიმართებაში. ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა საფეხურები, რომლებიც შეგიძლიათ გაიაროთ თქვენი ციფრული აქტივების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

1. უსაფრთხოდ შეინახეთ თქვენი Seed ფრაზა

თქვენი seed ფრაზა (ასევე ცნობილია როგორც აღდგენის ფრაზა) არის თქვენს საფულესთან და კრიპტოვალუტის ჰოლდინგებთან წვდომის საშუალება. ეს არის 12-24 სიტყვის თანმიმდევრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენი საფულის მასტერ-გასაღებს იმ შემთხვევაში, თუ დაკარგავთ წვდომას თქვენს საფულეზე ან გჭირდებათ ახალ მოწყობილობაზე გადასვლა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა თქვენი seed ფრაზის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეინახეთ seed ფრაზა ოფლაინ

Seed ფრაზის მიღების შემდეგ, არ შეინახოთ ის ადგილობრივ საქაღალდეებში ან ქლაუდ საცავში. ფრაზის ონლაინ შენახვა ზრდის მისი დაკარგვის რისკს ჰაკერული თავდასხმის შემთხვევაში. ყველა უსაფრთხო ვარიანტია მათი ოფლაინ შენახვა.

ამის გაკეთების ერთ-ერთი გზაა აპარატურული საფულის შეძენა, რომლითაც შეგიძლიათ seed ფრაზის გენერირება და მისი ოფლაინ შენახვა. კიდევ ერთი ვარიანტია seed ფრაზის ფიზიკური სარეზერვო ასლის შექმნა და მისი შენახვა საცავში ან სეიფში. Seed ფრაზა შეიძლება იყოს დაწერილი ქაღალდზე, თუმცა უმჯობესია გამოიყენოთ მეტალის ფირფიტაზე ამოტვიფრული seed ფრაზა.

გაყავით თქვენი seed ფრაზა ნაწილებად

თუ გსურთ seed ფრაზის უსაფრთხოების გაუმჯობესება, შეგიძლიათ გაყოთ ის რამდენიმე ნაწილად და შეინახოთ ისინი სხვადასხვა უსაფრთხო ადგილას. შეინახეთ seed ფრაზის ასლები სხვადასხვა ფიზიკურ ადგილას, როგორიცაა ბანკის სეიფი, დეპოზიტის ყუთი ან სანდრო პირები. იდეალურ შემთხვევაში, მხოლოდ თქვენ უნდა გქონდეთ წვდომა seed ფრაზის ყველა ნაწილზე.

2. უფრთხილდით სოციალური მედიის ანგარიშის სპუფინგს

სოციალური მედიის პლატფორმებზე ძალიან ხშირია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითობები, როდესაც თაღლითები ქმნიან ცნობილი ბირჟების ან ადამიანების ანგარიშებზე მიმსგავსებულ ყალბ ანგარიშებს. ქვემოთ იხილავთ შეხსენებას ნამდვილი ვიტალიკ ბუტერინისგან, სადაც ის მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ არსებობს ათასობით ყალბი პროფილი, რომლებითაც თაღლითები მისი პიროვნების იმიტაციას ცდილობენ.

ბოროტმოქმედები ცდილობენ მომხმარებლების მოტყუებას და შეცდომაში შეყვანა ცნობილი პირების ანგარიშების იმიტაციით ან სპუფინგით. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რაც დაგეხმარებათ სოციალური მედიის ანგარიშის სპუფინგისგან თავის დაცვაში.

  • შეამოწმეთ ვერიფიკაციის ნიშნები: პროფილებზე მოძებნეთ ლურჯი ნიშანი ან ვერიფიკაციის სხვა სიმბოლოები. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია ამ ვერიფიკაციის სიმბოლოების გაყალბება ან ყიდვა. 

  • შეამოწმეთ ანგარიშის სახელი: ყალბი პროფილების ამოცნობა მათი სახელით შეგიძლიათ. ჭკვიანი თაღლითები შეეცდებიან ყალბი სახელების მაქსიმალურად მიმსგავსებას რეალურთან. მაგალითად, "@Vita1ikButerin" და არა "@VitalikButerin".

  • დათვალიერება: დაათვალიერეთ პროფილი და შეეცადეთ იპოვოთ რამდენიმე ძველი პოსტი მაინც. ეს შეგიქმნით წარმოდგენას პროფილის ავთენტურობის შესახებ.

3. მოერიდეთ საჯარო WiFi-ების გამოყენებას

საჯარო WiFi ქსელები ცნობილია თავისი სუსტი უსაფრთხოებით და კიბერთავდასხმების რისკით. საჯარო WiFi-სთან დაკავშირების დროს კრიპტოვალუტის საფულეზე წვდომამ და ტრანზაქციების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს აქტივებს.

საჯარო WiFi ქსელები დაუცველია კიბერ საფრთხეების მიმართ, რომელთა შორისაა:

  • ბოროტი ორეულის თავდასხმები: ჰაკერები ქმნიან სანდრო სახელის მქონე ყალბ hotspot-ს (მაგ., „Guest WiFi Hotel“), რათა შეძლონ თქვენი მონაცემების ხელში ჩაგდება ქსელთან დაკავშირების დროს.

  • შუამავლის (MitM) თავდასხმები: ბოროტმოქმედებს შეუძლიათ WiFi როუტერსა და მომხმარებლის მოწყობილობას შორის გადაცემული მონაცემების ხელში ჩაგდება და წვდომის მოპოვება ისეთ სენსიტიურ ინფორმაციაზე, როგორიცაა ავტორიზაციის დეტალები.

  • პაროლის გატეხვის შეტევები: პროგრამულ უზრუნველყოფის გამოყენებით, თაღლითები ცდილობენ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოცნობას მრავალი კომბინაციების შეყვანით, რათა განბლოკონ როუტერის მართვის ინტერფეისი.

კრიპტოვალუტის ანგარიშებზე წვდომისას ან ტრანზაქციების განხორციელებისას არ გამოიყენოთ საჯარო WiFi ქსელები. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია რატომ არის საჯარო WiFi დაუცველი.

4. უფრთხილდით თაღლითურ ლაივ-სტრიმ ვიდეოებს

კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითობებისთვის, ბოროტმოქმედები ხშირად მიმართავენ ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა YouTube და Twitch. როგორც წესი, თაღლითები იყენებენ მოპარულ ვიდეო კონტენტს ყალბი ლაივ-სტრიმ ვიდეოების გასაშვებად, სადაც წარმოდგენილია საჩუქრების დარიგების ყალბი პროცესი. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი იყენებენ მილიონობით ფოლოვერის მქონე YouTube-ს გატეხილ ანგარიშებს და ცდილობენ მომხმარებლების დარწმუნებას, რომ ისინი ჩაერთონ საჩუქრების დარიგებაში, რისთვისაც კონკრეტულ მისამართზე უნდა გააგზავნონ გარკვეული რაოდენობის კრიპტოვალუტა.

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ წააწყდეთ ვიდეოს, სადაც ელონ მასკი, კეტი ვუდი და ჯეკ დორსი განიხილავენ კრიპტოს და ბლოკჩეინის ტექნოლოგიას. თუმცა, თაღლითებმა შეიძლება გამოიყენონ რეალური ვიდეო თავიანთი ყალბი ან მოპარული არხის და თაღლითური საჩუქრების დარიგების პოპულარიზაციისთვის.

ნებისმიერ პირდაპირ ჩართვაში მონაწილეობამდე, ჩაატარეთ საფუძვლიანი მოკვლევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვიდეო დაკავშირებულია კრიპტოვალუტის საჩუქრების დარიგებასთან. უმეტეს შემთხვევაში, საჩუქრების დარიგების ორგანიზატორები საჩუქრის სანაცვლოდ მოგთხოვენ ფულის გაგზავნას. თუ ამას გააკეთებთ, ფულს დაკარგავთ.

არხის ლეგიტიმურობის შემოწმება შეგიძლიათ ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ვიდეოების რაოდენობა, ვერიფიკაციის ნიშანი და არხის შექმნის თარიღი. გამოიჩინეთ სიფრთხილე და კარგად შეამოწმეთ ანგარიშის მონაცემები, ვინაიდან გატეხილი ანგარიშები თავიდან შეიძლება რეალურად მოგეჩვენოთ და მათ შეიძლება მილიონობით გამომწერიც კი ჰყავდეთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ვიდეოში არსებული ადამიანების ოფიციალური სოციალური მედიის ანგარიშების შემოწმება. თუ პრომოაქცია რეალურია, თქვენ შეძლებთ გარკვეული ინფორმაციის მოძიებას მრავალი სანდო წყაროდან.

5. უფრთხილდით AI Deepfake თაღლითებს

Deepfake ტექნოლოგია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს (AI) რეალურთან მიმსგავსებული ყალბი ვიდეოების შესაქმნელად. ის აერთიანებს არსებულ სურათებსა და ვიდეოებს, რათა გამოჩნდეს რომ ადამიანები აკეთებენ ან ამბობენ იმას, რაც არასდროს გაუკეთებიათ. როგორც ხვდებით, deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით თაღლითებს შეუძლიათ ძალიან დახვეწილი თაღლითობის სქემის მომზადება.

ჰაკერები იყენებენ deepfake ტექნოლოგიას იმისთვის, რომ თავი გაასაღონ სხვა პირებად ან კონკრეტული სფეროს ექსპერტებად. ჰაკერებს ხშირად შეყავთ შეცდომაში მსხვერპლი სხვადასხვა სახის ყალბი კონკურსებით ან საინვესტიციო შესაძლებლობებით და ცდილობენ მათ დაჩქარებას მოკლე ვადების დაწესებით.

მაშ, როგორ შეგიძლიათ თავის დაცვა deepfake თაღლითობებისგან?

  • ყურადღება მიაქციეთ სახეს: deepfake ტექნოლოგია კონტენტის შესაქმნელად იყენებს უამრავ სურათს. ყურადღება მიაქციეთ თვალის დახამხამების სიხშირეს და ტუჩების მოძრაობის სინქრონიზაციას.

  • შეუსაბამო აუდიო: რობოტის ხმასავით ჟღერადი ხმა ან ხმის უჩვეულო რყევები შეიძლება მიუთითებდეს რომ ეს deepfake-ია. ყურადღებით უსმენთ აუდიოს, რათა აღმოაჩინოთ მისი ხარისხის ნებისმიერი შეუსაბამობა.

  • კითხვები: თუ გადააწყდებით პოტენციურ deepfake-ს, დასვით ბევრი შეკითხვა, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რეალურ ადამიანს შეეძლებათ. დარწმუნდით, რომ ფლობთ გარკვეული ინფორმაციას, რითაც შეძლებთ პასუხების გადამოწმებას.

შეჯამება

თქვენი კრიპტოვალუტის აქტივების დაცვა თქვენი პასუხისმგებლობაა. ამ სტატიაში ჩვენ დეტალურად განვიხილეთ მონეტების დაცვის ხუთი საუკეთესო პრაქტიკა:

  1. უსაფრთხოდ შეინახეთ თქვენი seed ფრაზა.

  2. უფრთხილდით სოციალური მედიის ანგარიშის სპუფინგს.

  3. მოერიდეთ საჯარო WiFi-ების გამოყენებას.

  4. უფრთხილდით თაღლითურ ლაივ-სტრიმ ვიდეოებს.

  5. უფრთხილდით deepfake-ებს.

დროთა განმავლობაში თაღლითები უფრო ჭკვიანები ხდებიან და ქმნიან უფრო დახვეწილ თაღლითურ სქემებს. საბოლოო ჯამში, თქვენი ყველაზე ძლიერი მოკავშირეა ცოდნა და სიფხიზლე. მოიპოვეთ საჭირო ინფორმაცია, გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიცავით თქვენი ციფრული ფასეულობები.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.