ვინ არის Satoshi Nakamoto?
მთავარი
სტატიები
ვინ არის Satoshi Nakamoto?

ვინ არის Satoshi Nakamoto?

გამოქვეყნებული Dec 16, 2020განახლებული Oct 8, 2024
4m

TL;DR

ვინ არის სატოში ნაკამოტო? სატოში ნაკამოტო არის Bitcoin-ის შემქმნელის და Bitcoin-ის შესახებ პირველი whitepaper-ის ავტორის ფსევდონიმი. Bitcoin-ის შემქმნელმა უამრავი კითხვა დატოვა პასუხგაუცემელი, მისი ჭეშმარიტი ვინაობა კი სპეკულაციების საგნად იქცა. უამრავი ადამიანი ამტკიცებდა, რომ თავად იყო სატოში ნაკამოტო.

Bitcoin-ის შემქმნელის ვინაობა უკვე ათ წელზე მეტია ბურუსით არის მოცული. თუმცა იდუმალი ავტორის გარშემო ატეხილი აურზაურის მიუხედავად, ბლოკჩეინის გამჭვირვალობის წყალობით დგინდება, რომ სატოში ნაკამოტო კვლავ ფლობს bitcoin-ებს, რადგან მისი საჯარო გასაღებების კვალს სატოშის მიერ შექმნილ გენეზისის ბლოკამდე მივყავართ.

შესავალი

სატოში ნაკამოტო არის 2008 წელს Bitcoin-ის შესახებ გამოქვეყნებული whitepaper-ის ავტორის ფსევდონიმი. ამ დოკუმენტის სახელწოდებაა Bitcoin: ელექტრონული ფულის peer-to-peer სისტემა (ხელმისაწვდომია bitcoin.org-ზე). სატოში ნაკამოტო არ არის ბლოკჩეინის გამომგონებელი, თუმცა ის იყო პირველი, რომელმაც შექმნა ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული ვალუტა.

Bitcoin ოფიციალურად 2009 წელს გაეშვა. თუმცა ეს იდუმალებით მოცული სახელი უკვე ფიგურირებდა ელ. ფოსტის კორესპონდენციებში და ფორუმების პოსტებში.

2011 წელს დანარჩენ სამყაროსთან მისი კომუნიკაცია შეწყდა და სატოში გაუჩინარდა. მას შემდეგ Bitcoin-ის შემქმნელის იდუმალი პიროვნება მწვავე დებატების და ბრალდებების საგანს წარმოადგენს. 

მაინც ვინ არის სატოში ნაკამოტო? ვინ არის ეს პიროვნება ან ჯგუფი, რომელიც დგას 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ან შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის უკან? მოდით ვცადოთ ამის გარკვევა.

ვინ არის სატოში ნაკამოტო?

სანამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით, საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა „ეს ერთი პიროვნებაა თუ რამდენიმე პიროვნებისგან შემდგარი ჯგუფი?“ სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. უმეტესობა თვლის, რომ სატოში ერთი პიროვნებაა, თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ სატოში კომპიუტერული მეცნიერების, კრიპტოგრაფიის ექსპერტების და შიფროპანკების ჯგუფის სახელწოდებაა.

2011 წლის აპრილამდე, სანამ სატოში შეწყვეტდა სამყაროსთან კომუნიკაციას, ის აცხადებდა, რომ ის იყო მამრობითი სქესის პიროვნება, წარმოშობით იაპონიიდან, დაბადებული 1975 წლის 5 აპრილს. თუმცა ბევრმა შეამჩნია, რომ სატოში უმაღლეს დონეზე ფლობდა ინგლისურ ენას, ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ის წარმოშობით ინგლისურენოვანი ქვეყნიდან იყო. გარდა ამისა, კომუნიკაციას ის უმეტესად ევროპის სამუშაო საათების დროს ახორციელებდა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ის იაპონიაში არ ცხოვრობდა.

მას შემდეგ, რაც სატოში ნაკამოტომ დანარჩენ მსოფლიოსთან კომუნიკაცია შეწყვიტა, უამრავი ვერსია გაჩნდა მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ. ბევრი ადამიანი და ჯგუფი ამტკიცებს, რომ ის თავად არის ნამდვილი სატოში ნაკამოტო, თუმცა რეალური კანდიდატების რაოდენობა ძალიან მცირეა.

ჰალ ფინი

ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო კანდიდატია ჰალ ფინი და დიდია იმის ალბათობა, რომ სატოში ნაკამოტოს სახელის უკან სწორედ ეს პიროვნება იდგეს. ჰალი Bitcoin-ის ადრეული მომხმარებელია და Bitcoin-ის პირველი ტრანზაქციით სწორედ მას გაუგზავნეს მონეტა. ის ასევე მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად და 1990-იან წლებში იყო ერთ-ერთი პირველი შიფროპანკი.

სამწუხაროდ ჰალ ფინი 2014 წელს ნევროლოგიური დაავადებით გარდაიცვალა. სიკვდილამდე გარკვეული პერიოდი ის პარალიზებული იყო. ის ყოველთვის უარყოფდა ყოველგვარ კავშირს სატოში ნაკამოტოს სახელთან.

ნიკ საბო

კიდევ ერთი სარწმუნო კანდიდატია ნიკ საბო, ცნობილი კომპუტერული მეცნიერების სპეციალისტი, რომელმაც Bitcoin-ის გამოჩენამდე რამდენიმე წლით ადრე შექმნა ციფრული ვალუტა „bit gold“. შიფროპანკების საზოგადოებასთან მისი კომუნიკაციის დროები ემთხვევა სატოშის კომუნიკაციის დროებს, ასევე ძალიან ჰგავს ერთმანეთს მათი წერის სტილები.

ნიკ საბო უარყოფს, რომ ის არის სატოში ნაკამოტო, თუმცა კრიპტოვალუტის საზოგადოების დიდ ნაწილს ამის არ სჯერა. ნიკსა და სატოშის შორის ბევრი მსგავსებაა, რაც შეიძლება უბრალო დამთხვევა იყოს, ან შეიძლება დიდ აღმოჩენადაც ჩაითვალოს.

დორიან ნაკამოტო

დორიან ნაკამოტო იაპონური წარმოშობის ამერიკელი მამაკაცია, რომლის დაბადების სახელი და გვარი სატოში ნაკამოტოა. ის მუშაობდა ტექნოლოგიური და ფინანსური სერვისების მომწოდებელ კომპანიებში კომპიუტერული ინჟინრის თანამდებობაზე და ათ წელზე მეტი დროის განმავლობაში ცხოვრობდა კალიფორნიის იმავე რაიონში, სადაც ჰალ ფინი.

ერთ-ერთ ინტერვიუში დორიანმა დაადასტურა თავისი კავშირი Bitcoin-ის შექმნასთან, თუმცა მოგვიანებით უარყო და განაცხადა, რომ კითხვა არასწორად გაიგო. მას შემდეგ ის უარყოფს ამ პროექტზე მუშაობის ფაქტს და აცხადებს, რომ მედიაში აჟიოტაჟის ატეხვამდე არც კი იცოდა ამ პროექტის არსებობის შესახებ.

HBO-ს დოკუმენტური ფილმი

2024 წლის ოქტომბერში, რეჟისორმა კულენ ჰობაკმა და HBO-მ დაანონსეს ფილმი, სახელწოდებით „Money Electric: The Bitcoin Mystery“, სადაც წარმოდგენილია მინიშნება Bitcoin-ის შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს ნამდვილ ვინაობასთან დაკავშირებით.

კულენ ჰობაკი ცნობილია, როგორც HBO-ს მინისერიალის „Q: Into the Storm“ რეჟისორი, სადაც ის აცხადებს, რომ გამოააშკარავა QAnon-ის შეთქმულების თეორიის უკან მდგომი რამდენიმე პირი. ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტურ ფილმში აღწერილია გამოძიება, რომლის მიზანია სატოში ნაკამოტოს იდუმალი პიროვნების იდენტიფიკაცია.

რა ქონებას ფლობს სატოში ნაკამოტო?

ვინც არ უნდა იყოს რეალურად სატოში ნაკამოტო, ის ძალიან მდიდარია. ექსპერტებმა მოიძიეს სატოშის კუთვნილი bitcoin-ების ადგილმდებარეობა და გამოთვალეს მისი ქონების ღირებულება.

2009 წლის შემდეგ სატოში ნაკამოტოს ერთი satoshi-ც კი არ დაუხარჯავს. სატოშის მფლობელობაში არსებული BTC-ის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი დაახლოებით 1 მილიონი bitcoin-ია. ამის გათვალისწინებით, სატოში ნაკამოტო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ადამიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სატოში ნაკამოტოს bitcoin-ების ღირებულება 61 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.


შეჯამება

სატოში ნაკამოტოს ნამდვილ ვინაობასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს. ზოგი ვერსიით ის ერთი ადამიანია, ზოგი კი თვლის, რომ ამ სახელის უკან ადამიანების ჯგუფი დგას. არც ის ვიცით, ცოცხალია თუ არა ის დღესდღეობით. მყარი და ზუსტი მტკიცებულების გარეშე რთულია ვისაუბროთ სატოში ნაკამოტოს რეალურ ვინაობაზე. Bitcoin-ის და კრიპტოს საზოგადოების ბევრი წევრი თვლის, რომ სატოში ნაკამოტოს პიროვნებასთან დაკავშირებულ საიდუმლოს ფარდა ვერასოდეს აეხდება. 

ერთი რამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ: სატოში ნაკამოტოს HODL უამრავ bitcoin-ს შეიცავს.


პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.