მთავარი დეტალები
BRC-20 გახლავთ ექსპერიმენტული ტოკენის სტანდარტი კონკრეტულად Bitcoin-ის ბლოკჩეინისთვის შექმნილი ჩანაცვლებადი ტოკენებისთვის.
მიუხედავად მათი ექსპერიმენტული ბუნებისა, ინოვაციური BRC-20 სტანდარტის მეშვეობით მოხდა Bitcoin-ის ქსელის ალტკოინების და ტოკენიზებული აქტივების შექმნა.
ამ სტატიაში განმარტებულია BRC-20 ტოკენების მნიშვნელობა, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მათი პოტენციური გავლენა Bitcoin-ის სივრცეზე.
შესავალი
BRC-20 ტოკენების წარდგენამ, როგორც Bitcoin-ის ეკოსისტემაში დანერგილმა ერთ-ერთმა ბოლოდროინდელმა ინოვაციამ, გზა გაუხსნა ახალ შესაძლებლობებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა Bitcoin-ის შესაძლებლობებთან დაკავშირებული ტრადიციული წარმოდგენები. ამ სტატიაში გავიგებთ, თუ რა არის BRC-20 ტოკენები, შევიტყობთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების და მათი პოტენციური ზეგავლენის შესახებ ბლოკჩეინის ფართომასშტაბიან სივრცეზე.
რა არის BRC-20 ტოკენის სტანდარტი?
BRC-20 გახლავთ ექსპერიმენტული ტოკენის სტანდარტი კონკრეტულად Bitcoin-ის ბლოკჩეინისთვის შექმნილი ჩანაცვლებადი ტოკენებისთვის. ჩანაცვლებადი ტოკენები ხასიათდება ურთიერთჩანაცვლებადობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოკენის თითოეულ ერთეულს გააჩნია ერთი და იგივე ფუნქციონირების მახასიათებლები და რეალური ღირებულება.
ისეთი სტანდარტების შექმნას, როგორიცაა BRC-20, შემოაქვს ტოკენიზაციის კონცეფცია Bitcoin-ის ქსელზე, რაც ზრდის მის შესაძლებლობებს და გადის დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტის საზღვრებს მიღმა. BRC-20 შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ალტკოინების შექმნის ექსპერიმენტული სტანდარტი.
Taproot და ორდინალები
Taproot განახლება, რომლითაც გაიზარდა Bitcoin-ის ბლოკების მონაცემთა მოცულობა, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ორდინალების პროტოკოლის გააქტიურების საქმეში და მოგვიანებით, სწორედ მისი მეშვეობით შეიქმნა ერთგვარი საფუძველი BRC-20 ტოკენებისთვის.
2023 წლის იანვარში, პროგრამული ინჟინერის, კესი როდარმორის მიერ ორდინალების პროტოკოლის შექმნამ და წარმოდგენამ, შექმნა მონაცემების ინსკრიპციის შესაძლებლობა ინდივიდუალურ Satoshi-ებზე (Bitcoin-ის უმცირესი ერთეულები), ორდინალების თეორიის გამოყენებით.
ორდინალების პროტოკოლის ნუმერაციის და ინსკრიპციის სისტემამ შექმნა როგორც ჩანაცვლებადი, ისე არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) შექმნის შესაძლებლობა Bitcoin-ის ქსელზე.
როგორ მუშაობს BRC-20 ტოკენები
Domo-ს ფსევდონიმით ცნობილი ბლოკჩეინის ანალიტიკოსის მიერ 2023 წლის მარტში შექმნილი BRC-20 ტოკენები, Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნისა და გადატანის მიზნით ორდინალების ინკსრიპციის მექანიზმს იყენებენ.
ისეთი ტრადიციული ტოკენების სტანდარტებისგან განსხვავებით, როგორიცაა ERC-20 Ethereum-ზე, BRC-20 ტოკენებს არ გააჩნიათ სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერა და ფუნქციონირებისთვის იყენებენ ორდინალების ინსკრიპციებს. მაშინ, როცა ERC-20 ტოკენების შესაქმნელად გამოიყენება სმარტ კონტრაქტის კოდი, BRC-20 ტოკენები იქმნება JSON ფაილების ინდივიდუალური satoshi-ებზე ინსკრიპციის გზით.
მიუხედავად მისი ექსპერიმენტული ბუნებისა, BRC-20 სტანდარტის სიმარტივე, კომპლექსური სმარტ კონტრაქტების საჭიროების არარსებობა, Bitcoin-ის ქსელზე აქტივების ტოკენიზაციის უფრო მარტივად განხორციელების საშუალებას იძლევა.
BRC-20 ტოკენების დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი მხარეები
1. სიმარტივე: BRC-20 ტოკენებთან მიმართებაში გამოიყენება შედარებით გამარტივებული ტოკენიზაციის მექანიზმი, რაც აქრობს რთული ბუნების მქონე სმარტ კონტრაქტების გამოყენების საჭიროებას. სწორედ ამ სიმარტივის წყალობით ხდება ტოკენების დამზადების და გადატანის პროცესების გამარტივება, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებელთა უფრო ფართო ბაზისთვის, სპეციალიზებული ტექნიკური ექსპერტიზის საჭიროების გარეშე.
2. ქსელის უსაფრთხოება: Bitcoin-ის ბლოკჩეინის უსაფრთხოების ფუნქციების გამოყენებით, BRC-20 ტოკენები სარგებლობენ მათი დეცენტრალიზებული ბუნებით, ალგორითმული ტექნოლოგიებით და proof-of-work კონსენსუსის მექანიზმით, რითაც ხდება ქსელის უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა.
3. განვითარების პოტენციალი: მიუხედავად მისი ექსპერიმენტული ბუნებისა, BRC-20 სტანდარტს უფრო და უფრო მეტი პროექტი იყენებს. Bitcoin-ის ქსელის მრავალფეროვანი და ვრცელი მომხმარებელთა ბაზა იზიდავს დეველოპერებს, ინვესტორებსა და მომხმარებლებს, რაც ხელს უწყობს შემდგომ განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას.
უარყოფითი მხარეები
1. სმარტ კონტრაქტების ფუნქციების არარსებობა: ისეთი ტოკენების სტანდარტებისგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად ERC-20, BRC-20-ს არ გააჩნია სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერა. ეს შეზღუდვა შესაძლოა გარკვეული ხარვეზების და შესაძლებლობების შემცირების გამომწვევი გახდეს.
2. დამოკიდებულება Bitcoin-ის ბლოკჩეინზე: BRC-20 დამოკიდებულია Bitcoin-ის ბლოკჩეინზე, რის გამოც ის ექვემდებარება ქსელის შიდა შეზღუდვებს. ისეთი საკითხები, როგორიცაა მასშტაბირებადობის დაბალი დონე, ტრანზაქციების განხორციელების დაბალი სიჩქარე და ტრანზაქციების მაღალი საკომისიოები, თანდათან უფრო და უფრო აშკარა ხდება, რაც აისახება BRC-20 ტოკენების მეშვეობით განხორციელებული გადარიცხვების ეფექტურობაზე.
3. ურთიერთთავსებადობასთან დაკავშირებული შეზღუდვები: BRC-20, რომელიც კონკრეტულად Bitcoin-ის ეკოსისტემისთვისაა შექმნილი, აწყდება გარკვეულ გამოწვევებს ალტერნატულ ბლოკჩეინების სისტემებთან და კრიპტო საფულეებთან თავსებადობასთან დაკავშირებით.
4. გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები: გამომდინარე იქიდან, რომ BRC-20 ტოკენები დასაწყისიდანვე შეიქმნა ჩანაცვლებადი აქტივების ტოკენიზაციის პროცესში გამოსაყენებლად, ისინი ნაკლებ თავსებადია არაჩანაცვლებად აქტივებთან, ასევე შეზღუდულია კომპლექსური ტოკენების ფუნქციების გამოყენებაც.
5. ქსელის გადატვირთულობა: BRC-20 ტოკენები და Bitcoin NFT-ები ხშირად იწვევენ ქსელის გადატვირთვას, რაც თავის მხრივ იწვევს დადასტურების დროის გახანგრძლივებას და ტრანზაქციების უფრო მაღალი საკომისიოების დაწესებას.
BRC-20 ტოკენების მომავალი: შესაძლებლობები და გამოწვევები
მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტი ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ფაზაშია, მასთან დაკავშირებული მზარდი მოთხოვნა და გამოყენების სიხშირე მიუთითებს მის პოტენციურ განვითარებაზე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. იმ პროექტების რაოდენობის ზრდა, რომლებიც BRC-20 ტოკენებს იყენებს, მიუთითებს მათ პოტენციალზე, შეცვალონ Bitcoin-ის ბლოკჩეინი, გამოყენების ახალი გზების დანერგვითა და ინოვაციური პროდუქტების შემოტანით.
თუმცა, ისეთმა გამოწვევებმა, როგორიცაა ქსელის გადატვირთვა, მასშტაბირებადობასთან დაკავშირებული ხარვეზები და სმარტ კონტრაქტების ფუნქციების მხარდაჭერის არქონა, შესაძლოა შეაფერხოს BRC-20-ის ფართო მასშტაბებზე გავრცელების პროცესი. ასეთ გამოწვევებთან გასამკლავებლად, დეველოპერები შეისწავლიან Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელების და სხვა მასშტაბირებადობის ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს.
შეჯამება
BRC-20 ტოკენები მნიშვნელოვანი აღმოჩენაა Bitcoin-ის ბლოკჩეინის ფუნქციონირების თვალსაზრისით განვითარების საქმეში. ორდინალების პროტოკოლი, რომელიც დაკავშირებულია Taproot განახლებასთან, ხელს უწყობს ჩანაცვლებადი ტოკენების Bitcoin-ის ბლოკჩეინზე გასვლას, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქსელის შესაძლებლობებთან დაკავშირებულ გავრცელებულ ნარატივებს. მიუხედავად იმისა, რომ BRC-20 ტოკენები გვთავაზობს სიმარტივეს, თავსებადობას და უსაფრთხოებას, მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარვეზი მუდმივად უსვამს ხაზს ამ სტანდარტის ექსპერიმენტულ ბუნებას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.