TL;DR
ბლოკჩეინის დაბალი მასშტაბირებადობა ამცირებს სიჩქარეს, ზრდის ტრანზაქციების ღირებულებას და იწვევს მომხმარებლის გამოცდილების გაუარესებას. ამ პრობლემების აღმოფხვრა პოტენციურად შესაძლებელია 1-ელი დონის (მაგალითად შარდინგის) და მე-2 დონის (მაგალითად როლაფების) ტექნოლოგიების მეშვეობით.
1-ელი დონის ტექნოლოგიის მიზანია თავად ბლოკჩეინის განახლება, ხოლო მე-2 დონის ტექნოლოგია ქმნის სისტემას, რომელიც წარმოადგენს არსებული ბლოკჩეინის დამატებას.
როლაფები მე-2 დონის პოპულარულ ტექნოლოგიას წარმოადგენს. მათი საშუალებით ხდება ტრანზაქციების პაკეტებად გაერთიანება, რაც აჩქარებს გამოთვლების პროცესს.
zk-როლაფები წარმოადგენს როლაფების ტექნოლოგიის ტიპს, რომელიც იყენებს „ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების“ სახელწოდებით ცნობილ კრიპტოგრაფიულ მეთოდს
ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებები იძლევა ვერიფიკაციის საშუალებას საბაზისო ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე, რაც უზრუნველყოფს ტრანზაქციის კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას.
ბრძოლა ბლოკჩეინის მასშტაბირებადობისთვის
კრიპტო აქტივების პოპულარობის ზრდის პარალელურად, აქტუალური ხდება ბლოკჩეინის ქსელების მასშტაბირებადობის პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. ბლოკჩეინის გადატვირთვა იწვევს ტრანზაქციების სიჩქარის შემცირებას და ტრანზაქციის საკომისიოების ზრდას. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არსებობს ორი ძირითადი სისტემა: 1-ელი დონის და მე-2 დონის მეთოდები.
1-ელი დონის ტექნოლოგიები: ამ ტექნოლოგიების მეშვეობით ხდება ბლოკჩეინის ძირითადი სტრუქტურის განახლება, რაც ზრდის მთლიანად სისტემის გამტარუნარიანობას. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია შარდინგი. ის ახდენს ბლოკჩეინის დაყოფას რამდენიმე სექტორად, რაც ზრდის სისტემის შესაძლებლობებს და იძლევა რამდენიმე ტრანზაქციის ერთდროულად დამუშავების შესაძლებლობას.
მე-2 დონის ტექნოლოგიები: ეს ტექნოლოგიები წარმოადგენს ძირითადი ბლოკჩეინის დამატებას. მე-2 დონეზე, ტრანზაქციები მუშავდება ბლოკჩეინის გარეთ და შემდეგ ერთობლივად გადაიტანება ძირითად ბლოკჩეინზე. ამ ტექნოლოგიის ძირითადი მაგალითებია მდგომარეობის არხები, საიდჩეინები და როლაფები. zk-როლაფები წარმოადგენს როლაფების ერთ-ერთ ტიპს, რომელიც იყენებს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს.
რა არის zk-როლაფები?
იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა არის Zk-როლაფები, პირველ რიგში უნდა განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს როლაფები და ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებები.
რა არის როლაფები?
როლაფები აერთიანებს ბლოკჩეინის ტრანზაქციის მონაცემებს და ამუშავებს მათ ბლოკჩეინის გარეთ. დამუშავების შემდეგ, საბოლოო პროდუქტი გადაიტანება ძირითად ბლოკჩეინზე. ერთდროულად მრავალი ტრანზაქციის ბლოკჩეინის გარეთ დამუშავება გამორიცხავს ბლოკჩეინის გადატვირთვის ალბათობას და ამცირებს გამოთვლების დროს და ღირებულებას. როლაფები იყოფა ორ კატეგორიად - ოპტიმისტურ და zk-როლაფებად.
ოპტიმისტური როლაფები: ოპტიმისტური როლაფების მუშაობა ეფუძნება ვარაუდს, რომ როლაფებში გაერთიანებული ყველა ტრანზაქცია ლეგიტიმურია. ამ ტრანზაქციების ბლოკჩეინზე გადატანა ხდება ლოდინის პერიოდის გასვლის შემდეგ. ლოდინის პერიოდი გამოიყენება საეჭვო ტრანზაქციებთან დაკავშირებული დავების გადასაჭრელად. ოპტიმისტური როლაფების მაგალითებია Optimism, Arbitrum და opBNB.
Zk-როლაფები: ოპტიმისტური როლაფებისგან განსხვავებით, zk-როლაფები ყოველი ტრანზაქციის ვალიდაციისთვის იყენებს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ zk-როლაფების დანერგვა შედარებით რთულია, ოპტიმისტური როლაფებისგან განსხვავებით, ისინი არ საჭიროებს დავების გადასაჭრელად განსაზღვრულ ლოდინის პერიოდს, რაც თეორიულად ამცირებს ტრანზაქციების დამუშავების დროს.
ახლა განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებები.
რა არის ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებები?
ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულება (ZKP) კრიპტოგრაფიული ინსტრუმენტია, რომელიც ერთ მხარეს (დამმტკიცებელს) საშუალებას აძლევს დაუმტკიცოს მეორე მხარეს (ვერიფიკატორს), რომ კონკრეტული განაცხადი ჭეშმარიტია ამ განაცხადის შესახებ რაიმე ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე.
ZKP-ს უნდა გააჩნდეს სამი მახასიათებელი:
სისრულე: თუ განაცხადი ჭეშმარიტია და ორივე მხარე პატიოსნად მოქმედებს, მტკიცებულება ყოველთვის დაადასტურებს განაცხადის ჭეშმარიტებას.
გონივრულობა: დამმტკიცებელმა ვერ უნდა შეძლოს ყალბი განაცხადის ვალიდურობის დამტკიცება პატიოსნად მოქმედი ვერიფიკატორისთვის, გარდა უიშვიათესი შემთხვევებისა.
ნულოვანი ინფორმაცია: ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ამ პროცესის ბოლოს ვერიფიკატორი განაცხადის ვალიდურობაში რწმუნდება მისი შინაარსის ცოდნის გარეშე.
როგორ მუშაობს ZKP? ეს მეთოდოლოგია შეიძლება სამ ეტაპად დაიყოს:
მოწმე: პირველი ეტაპის დროს, დამმტკიცებელი ვერიფიკატორს წარუდგენს საიდუმლო ინფორმაციის ნაწილს, რომელსაც „მოწმე“ ეწოდება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დამმტკიცებელი ვერიფიკატორს დაუმტკიცებს, რომ მას აქვს წვდომა გარკვეულ მონაცემებზე, თუმცა არ ახსენებს თავად ამ მონაცემებს. „მოწმე“ წარმოადგენს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებული კითხვების ნაკრებს, რომლებზე პასუხის გაცემას მხოლოდ ლეგიტიმურ დამმტკიცებელს შეუძლია.
გამოკითხვა: ამ ეტაპის დროს, ვერიფიკატორი გამოკითხავს დამმტკიცებელს, რისთვისაც შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს კითხვებს წარმოდგენილი ნაკრებიდან.
პასუხი: დამმტკიცებელი წარმატებით პასუხობს ვერიფიკატორის კითხვებს, რათა დაადასტუროს მისი სანდოობა.
ახლა ჩვენ უკვე ვიცით, თუ რას ნიშნავს როლაფები და ZKP-ები. მოდით ახლა ეს ყველაფერი გავაერთიანოთ, რათა გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს zk-როლაფები.
როგორ მუშაობს zk-როლაფები?
zk-როლაფები ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
On-chain კონტრაქტები: zk-როლაფების პროტოკოლის მუშაობის წესები განისაზღვრება სმარტ კონტრაქტების მეშვეობით. ის შედგება მთავარი და ვერიფიკატორი კონტრაქტებისგან. მთავარი კონტრაქტი ინახავს როლაფის ბლოკებს, აკონტროლებს დეპოზიტებს და ახორციელებს მნიშვნელოვან განახლებებს. ვერიფიკატორი კონტრაქტი ახორციელებს გენერირებული ZKP-ების ვალიდაციას.
Off-chain ვირტუალური კომპიუტერები: ამ კომპიუტერების საშუალებით ტრანზაქციების დამუშავება ხდება არა Ethereum-ის ძირითად ბლოკჩეინზე, არამედ მე-2 დონის ბლოკჩეინზე. ეს Off-chain ვირტუალური კომპიუტერები Ethereum-ისგან დამოუკიდებლად მუშაობს.
zk-როლაფები Ethereum-ის ბლოკჩეინთან რთული სტრუქტურის მეშვეობითაა დაკავშირებული, თუმცა განთავსებულია ცალკე დონეზე. ისინი Ethereum-ის ბლოკჩეინს არ უკავშირდებიან ტრანზაქციის უმნიშვნელო დეტალების მიმოცვლის მიზნით. ამის ნაცვლად, მთავარ ქსელზე აგზავნიან მხოლოდ ტრანზაქციების ინფორმაციის მოკლე შეჯამებას, რის გამოც არ ხდება პირველი დონის ბლოკჩეინის გადატვირთვა.
Zk-როლაფების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები
რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს zk-როლაფების გამოყენებამ? მოდით განვიხილოთ ეს საკითხი.
zk-როლაფების დადებითი მხარეები
გამტარუნარიანობის ზრდა: zk-როლაფების გამოყენებით ხდება ძირითადი დონის ბლოკჩეინის გადატვირთვის თავიდან აცილება, რაც ზრდის მონაცემთა დამუშავების ეფექტურობას. იმის გამო, რომ აღარ არის საჭირო ტრანზაქციების ინდივიდუალურად დამუშავება მთავარ ბლოკჩეინზე, ეს ზრდის ქსელის გამტარუნარიანობას.
გადატვირთვის შემცირება: ბლოკჩეინის დატვირთვის შემცირებით, zk-როლაფები ხელს უწყობს 1-ელი დონის ოპერაციების ეფექტურობის გაზრდას. გარდა ამისა, სრულ ნოდებს ესაჭიროებათ არა მთლიანი ბლოკჩეინის მონაცემების, არამედ მხოლოდ ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების შენახვა.
საკომისიოების შემცირება: გადატვირთვის შემცირების გამო, zk-როლაფები ხელს უწყობს მთლიანი საკომისიოების შემცირებას.
უსაფრთხოების ზომები: zk-როლაფები წარმოგვიდგენს უსაფრთხოების ზომებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაიტანონ საკუთარი აქტივები როლაფის ქსელში პრობლემების არსებობის შემთხვევაშიც კი. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან უპირატესობას საიდჩეინებთან შედარებით, სადაც ქსელის გაუმართაობამ შეიძლება აქტივებთან წვდომის პრობლემები წარმოშვას.
ტრანზაქციის შემოწმების პერიოდის შემცირება: zk-როლაფების გამოყენებისას, საჭიროა მხოლოდ როლაფების ვალიდური მტკიცებულებების ვერიფიკაცია, რაც აჩქარებს ტრანზაქციის შემოწმების პროცესს.
zk-როლაფების უარყოფითი მხარეები
სირთულე: zk-როლაფების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისუსტე მისი რთული სტრუქტურაა. ოპტიმისტური როლაფებისგან განსხვავებით, მათი აღსრულება გაცილებით რთული პროცესია.
Constrained by base layer: მათი ეფექტურობის მიუხედავად, zk-როლაფების მუშაობა მაინც მთავარი ბლოკჩეინზე არსებული შეზღუდვებზეა დამოკიდებული.
ლიკვიდურობის ფრაგმენტაცია: ნებისმიერი მე-2 დონის ბლოკჩეინის გამოყენება იწვევს ეკოსისტემის ლიკვიდურობის ფრაგმენტაციას. ძირითადი დონის პროტოკოლების დაბალმა ლიკვიდურობამ შეიძლება პოტენციური პრობლემები გამოიწვიოს.
ოპტიმისტური როლაფების და zk-როლაფების შედარება
მოდით განვიხილოთ, რა განსხვავებაა ოპტიმისტურ და zk-როლაფებს შორის.
შეჯამება
მასშტაბირებადობას ხშირად ბლოკჩეინის ტექნოლოგიების „წმინდა გრაალად“ მიიჩნევენ. სისტემის გამოყენებას აზრი არა აქვს, თუ ის ოპტიმალურად არ ფუნქციონირებს. როგორც ოპტიმისტური, ასევე zk-როლაფები ამ პრობლემის გადაჭრის ელეგანტურ გზას გვთავაზობს. მათი უნიკალური მიდგომის წყალობით, zk-როლაფები გვთავაზობს მაღალ სიჩქარეს, ნაკლებ ტრაფიკს და მაღალი დონის უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა მათი სტრუქტურა რთულია, თუმცა პოტენციალი გააჩნია. მათ, ვისაც აინტერესებს ციფრული ვალუტის მომავალი, აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ მუშაობს zk-როლაფები. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ უფრო ეფექტური ბლოკჩეინი, ამისათვის კი საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა არის zk-როლაფები და რისი შემოთავაზება შეუძლიათ.
დამატებითი საკითხავი
ოპტიმისტური და ნულოვანი ინფორმაციის როლაფები: რა განსხვავებაა მათ შორის?
რა არის ZkEVM და როგორ შეუძლია მას Ethereum-ის ეკოსისტემის გაუმჯობესება?
ბლოკჩეინის 1-ელი დონისა და მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიები
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ კონსულტანტს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.