რა არის კრიპტოვალუტების სტეიკინგი და როგორ მუშაობს ის?
მთავარი
სტატიები
რა არის კრიპტოვალუტების სტეიკინგი და როგორ მუშაობს ის?

რა არის კრიპტოვალუტების სტეიკინგი და როგორ მუშაობს ის?

გამოქვეყნებული Sep 22, 2019განახლებული Aug 14, 2024
9m

მთავარი დეტალები

  • სტეიკინგი გახლავთ პროცესი, რომლის დროსაც ხდება კრიპტოვალუტის დაბლოკვა ბლოკჩეინის უსაფრთხოების და ეფექტურად ფუნქციონირების მხარდაჭერის მიზნით, სანაცვლოდ კი შესაძლებელია ჯილდოების მიღება.

  • სტეიკინგი დიდი პოპულარობით სარგებლობს კრიპტოვალუტების მფლობელებს შორის. ის ინვესტორებს მათთვის სასურველი ბლოკჩეინების მხარდაჭერის და ჰოლდინგების დროთა განმავლობაში გაზრდის საშუალებას აძლევს.

  • სტეიკინგის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ ბლოკჩეინებზე, რომლებიც იყენებს Proof of Stake კონსენსუსის მექანიზმს. ასეთი ბლოკჩეინების მაგალითებია Ethereum, Solana, Cardano, Avalanche, Polkadot, Cosmos და ა.შ.

  • მიუხედავად იმისა, რომ სტეიკინგის მეშვეობით შესაძლებელია კრიპტო ჰოლდინგების გაზრდა, აუცილებელია ამ პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების გათვალისწინებაც, რაც მოიცავს ფინანსების დაკარგვას მერყეობის, სლეშინგის ან ტექნიკურ გაუმართაობების გამო.

რა არის სტეიკინგი კრიპტოვალუტების კონტექსტში?

სტეიკინგი გახლავთ პროცესი, რომლის დროსაც ხდება გარკვეული რაოდენობის კრიპტოვალუტების დაბლოკვა ბლოკჩეინ ქსელზე ოპერაციების განხორციელების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით. სტეიკინგში მონაწილე პირები იღებენ დამატებით კრიპტოვალუტებს ჯილდოების სახით, რაც ამ პროცესს ინვესტორების მიერ პასიური შემოსავლის მოპოვების პოპულარულ მეთოდად აქცევს. სტეიკინგი Proof of Stake ბლოკჩეინების მნიშვნელოვანი ნაწილია.

რა არის Proof of Stake?

Proof of Stake (PoS) არის კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციების ვერიფიკაციის და ვალიდაციის მიზნით. ის შეიქმნა 2011 წელს, Bitcoin-ის მიერ გამოყენებული Proof of Work (PoW) მექანიზმის ალტერნატივის სახით.

მთავარი განსხვავება PoW-სა და PoS-ს შორის არის ის, რომ PoS არ არის დამოკიდებული მაინინგის, პროცესზე, რომელიც საკმაოდ დიდი ოდენობით რესურსებს მოიხმარს. ნაცვლად მაინერებისა, რომლებიც რთული მათემატიკური პრობლემების ამოსახსნელად გამოთვლით სიმძლავრეს იყენებენ, PoS ქსელები დამოკიდებულია ვალიდატორებზე, რომელთა შერჩევაც ხდება მათ მფლობელობაში არსებული და სტეიკინგისთვის გამოყოფილი მონეტების რაოდენობის საფუძველზე.

როგორ მუშაობს კრიპტოვალუტების სტეიკინგი?

სტეიკინგის დროს ხდება კრიპტოვალუტების დაბლოკვა ბლოკჩეინ ქსელზე მიმდინარე აქტივობებში მონაწილეობის მიზნით. ეს პროცესი სხვადასხვა ბლოკჩეინზე სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, თუმცა როგორც წესი, ის შედგება შემდეგი ძირითადი ეტაპებისგან:

1. ვალიდატორების შერჩევა: PoS ბლოკჩეინებზე ვალიდატორების შერჩევა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ხდება, რაც მოიცავს სტეიკინგში გამოყენებული მონეტების რაოდენობას და მათი სტეიკინგში მონაწილეობის პერიოდის ხანგრძლივობას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შერჩევა შესაძლოა შემთხვევითობის პრინციპითაც მოხდეს.

2. ტრანზაქციების ვალიდაცია: შერჩევის შემდეგ ვალიდატორს ეკისრება ტრანზაქციების შემოწმების და ვალიდაციის განხორციელების პასუხისმგებლობა, მათ ლეგიტიმურობაში დარწმუნების მიზნით.

3. ბლოკების შექმნა: ტრანზაქციების ვალიდაციის შემდეგ ხდება მათი დაჯგუფება ბლოკებში. ამის შემდეგ ბლოკები დაემატება ბლოკჩეინზე, რომელიც განაწილებულ ლეჯერს წარმოადგენს.

4. ჯილდოები: ვალიდატორები გაწეული შრომის სანაცვლოდ ჯილდოვდებიან ტრანზაქციების საკომისიოს წილით და ზოგიერთ შემთხვევაში, კრიპტო მონეტებითაც.

სტეიკინგის ტიპები

თქვენი ტექნიკური ცოდნის დონის და სტეიკინგისთვის გამოყოფილი კრიპტოვალუტების რაოდენობის მიხედვით შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა ტიპის სტეიკინგში. სტეიკინგის ყველაზე გავრცელებული ტიპებია:

  • სოლო სტეიკინგი: მოიცავს ვალიდაციის ნოდის გამოყენებას. ამ ტიპის სტეიკინგი მოგანიჭებთ მაქსიმალურ კონტროლს, თუმცა საჭიროებს მნიშვნელოვან ტექნიკურ ცოდნას და პასუხიმგებლობას. შეცდომის დაშვების შემთხვევაში, სლეშინგის ჯარიმების გამო შესაძლოა დაკარგოთ თქვენი აქტივები.

  • სტეიკინგი ბირჟებზე: კრიპტოვალუტების ზოგიერთი ბირჟა მომხმარებლებს სთავაზობს სტეიკინგის სერვისებს, რაც ქმნის სტეიკინგის უმარტივესად განხორციელების შესაძლებლობას ტექნიკურ საკითხებთან გამკლავების საჭიროების გარეშე. ეს მეთოდი ასევე ცნობილია როგორც „სტეიკინგი როგორც სერვისი“. მაგალითად, შეგიძლიათ მოიპოვოთ ყოველდღიური ჯილდოები Binance ETH სტეიკინგის მეშვეობით.

  • დელეგირებული სტეიკინგი: თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი მონეტების დელეგირება სანდო ვალიდატორთან, ან სტეიკინგის სერვისთან, რითაც ტექნიკურ ასპექტებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ. ზოგიერთი ალტკოინის შემთხვევაში ამის გაკეთება პირდაპირ მათი ადგილობრივი კრიპტო საფულეების მეშვეობითაა შესაძლებელი.

  • სტეიკინგის პულები: პულის ფარგლებში სტეიკინგი საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ თქვენი მონეტების სტეიკინგი სხვა მომხმარებლებთან ერთად, რაც გაზრდის თქვენ მიერ ჯილდოების მიღების შანსებს, თქვენი საკუთარი ნოდის ფლობის საჭიროების გარეშე.

რა არის სტეიკინგის პული?

სტეიკინგის პული გახლავთ კრიპტოვალუტების მფლობელებისგან შემდგარი გუნდი, რომლებიც ვალიდატორებად არჩევის საკუთარი შანსების გასაზრდელად აერთიანებენ სტეიკინგის საკუთარ შესაძლებლობებს. პულის რესურსების მეშვეობით მონაწილეებს შეუძლიათ მოიპოვონ სტეიკინგის ჯილდოები, რომლებიც განისაზღვრება პულის განვითარების პროცესში მათ მიერ შეტანილი წვლილის შესაბამისად.

ეს ვარიანტი განსაკუთრებით ეფექტურია შედარებით მცირე ინვესტორებისთვის, რომლებიც შესაძლოა არ ფლობდნენ სტეიკინგის მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო რაოდენობის მონეტებს. თუმცა, აუცილებელია საჭირო ინფორმაციის მოძიება და სანდო სტეიკინგის პულების არჩევა, რადგან საკომისიოები და უსაფრთხოების დონე განსხვავებულია თითოეული პულისთვის.

სტეიკინგი და ლიკვიდურობის სტეიკინგი

ლიკვიდურობის სტეიკინგი არის სტეიკინგის შედარებით ახალი ტიპი, რომელიც მომხმარებლებს მათი აქტივების სტეიკინგში გამოყენების საშუალებას აძლევს, ლიკვიდურობის დაკარგვის გარეშე. ტრადიციული სტეიკინგისგან განსხვავებით, სადაც ხშირ შემთხვევაში ხდება აქტივების დაბლოკვა, რის შემდეგაც ისინი მიუწვდომელი ხდება სტეიკინგის მიმდინარეობის პერიოდის განმავლობაში, ლიკვიდურობის სტეიკინგი გვთავაზობს მექანიზმებს, რომლებიც მომხმარებლებს აძლევს ლიკვიდურობის შენარჩუნების და ამის პარალელურად სტეიკინგის ჯილდოების მიღების შესაძლებლობას.

ერთ-ერთი გავრცელებული მიდგომა მოიცავს ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენების (LST-ების) გამოშვებას. ესენი გახლავთ ტოკენები, რომლებიც წარმოადგენს სტეიკინგში გამოყენებულ აქტივებს. მაგალითად, Binance-ზე ETH-ის სტეიკინგის განხორციელების სანაცვლოდ მიიღებთ WBETH-ს, რომლის მეშვეობით ვაჭრობაც ან გამოყენებაც შესაძლებელია ნებისმიერ სხვა ადგილას და ეს არ იმოქმედებს ETH-ის სტეიკინგის ჯილდოებზე. ანალოგიურად, ETH-ის სტეიკინგის ისეთ პლატფორმაზე განხორციელების დროს, როგორიცაა Lido, მიიღებთ LST-ს, რომელსაც ეწოდება stETH.

გარდა ამისა, არსებობს პლატფორმები, სადაც შესაძლებელია პირდაპირი სტეიკინგის განხორციელება, LST-ების გამოშვების გარეშე. ეს პროცესი ცნობილია ადგილობრივი ლიკვიდურობის სტეიკინგის სახელით და მისი მაგალითია ADA Cardano ბლოკჩეინზე. ეს ინოვაცია მომხმარებლებს ანიჭებს ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა სტეიკინგის განხორციელების პარალელურად საკუთარი აქტივების თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნება.

თქვენი კრიპტოვალუტების სტეიკინგში გამოყენების უპირატესობები

სტეიკინგის მეშვეობით შესაძლებელია თქვენი უმოქმედო აქტივების თქვენთვის სასარგებლოდ გამოყენება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ მიიღოთ ჯილდოები თქვენი სასურველი ბლოკჩეინ ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობის სანაცვლოდ. კრიპტოვალუტების სტეიკინგი განსაკუთრებით პოპულარულია კრიპტოვალუტების გრძელვადიან მფლობელებს შორის, რომელთაც სურთ საკუთარი ჰოლდინგებით მაქსიმალური სარგებლის მიღება.

რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა სტეიკინგში?

  • ჯილდოების მიღების შესაძლებლობა: სტეიკინგის მეშვეობით შესაძლებელია დამატებით კრიპტოვალუტების მიღება თქვენი მონეტების სტეიკინგის საფულეში შენახვის სანაცვლოდ, რაც შესაძლოა შესანიშნავი გზა აღმოჩნდეს პასიური შემოსავლის გამომუშავებისთვის.

  • ქსელის მხარდაჭერა: სტეიკინგის მეშვეობით შესაძლებელია ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს ქსელის გამართულად ფუნქციონირებას და საერთო ეფექტურობის დონის გაუმჯობესებას.

  • მონაწილეობა მართვის პროცესებში: ზოგიერთ ქსელზე, სტეიკინგის მეშვეობით შესაძლებელია ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობის მიღების უფლების მოპოვება, რაც საშუალებას გაძლევთ შეიტანოთ საკუთარი წვლილი ქსელის სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

  • ენერგოეფექტურობა: PoW მაინინგისგან განსხვავებით, სტეიკინგის დროს ბევრად უფრო ნაკლები ენერგიის გამოყენებაა საჭირო, რაც მას უფრო ენერგოეფექტურ ვარიანტად აქცევს.

ღირს თუ არა კრიპტოვალუტების სტეიკინგის განხორციელება?

დიახ. თქვენი უმოქმედო კრიპტოვალუტების მეშვეობით საშუალება გეძლევათ გამოიმუშაოთ პასიური შემოსავალი – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გრძელვადიანი მფლობელი ხართ და გსურთ რომელიმე პროექტის მხარდაჭერა. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მისაღები ჯილდოები და პოტენციური რისკები განსხვავდება კრიპტოვალუტების და პლატფორმების მიხედვით. 

მაგალითად, თუ DeFi სტეიკინგის პლატფორმა გთავაზობთ მაღალ სარგებელს, თუმცა გამოირჩევა უსაფრთხოების დაბალი დონით, დიდია თქვენი სტეიკინგში გამოყენებული აქტივების მოპარვის, ან დაკარგვის ალბათობა. კიდევ ერთი რისკ-ფაქტორია ბაზრის მერყეობა, რომელიც შესაძლოა ასევე გახდეს ჯილდოების დაკარგვის ან ზარალის გამომწვევი მიზეზი.

სტეიკინგთან დაკავშირებული რისკები

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტების სტეიკინგის მეშვეობით შესაძლებელია ჯილდოების მიღება, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ეს პროცესი მოიცავს მნიშვნელოვან რისკებსაც. ეს რისკები შეიძლება იყოს:

1. ბაზრის მერყეობა: თქვენ მიერ სტეიკინგში გამოყენებული კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრად შემცირების შემთხვევაში, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ვერ მოხერხდეს თქვენი სტეიკინგის ჯილდოებით თქვენ მიერ განცდილი ზარალის ანაზღაურება.

2. სლეშინგის რისკი: PoS ვალიდატორად გახდომის შემთხვევაში, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენი სტეიკინგის ოპერაციები ხორციელდებოდეს საჭიროებისამებრ. არაკეთილსინდისიერად მოქმედ, ან იმ ვალიდატორებს, რომლებიც ვერ შეძლებენ საკუთარი ნოდის შენარჩუნებას, დაეკისრებათ ჯარიმები, რაც გამოიწვევს სტეიკინგში გამოყენებული თანხების დაკარგვას.

3. ცენტრალიზაციის რისკი: იმ შემთხვევაში, თუ სტეიკინგში გამოყენებული მონეტების ძირითადი რაოდენობის მართვა განხორციელდება ვალიდატორების მცირერიცხოვანი ჯგუფის მიერ, გაიზრდება ცენტრალიზაციის რისკი, რაც იმოქმედებს ქსელის უსაფრთხოების დონეზე.

4. ტექნიკური რისკი: ზოგიერთი ტიპის სტეიკინგის ფარგლებში აუცილებელია მონეტების დაბლოკვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ისეთი ტექნიკური გაუმართაობები, როგორიცაა სმარტ კონტრაქტების ან პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზები, გამოიწვევს წვდომის დაკარგვას ან თანხების გაყინვას.

5. მესამე მხარის რისკები: სტეიკინგის მესამე მხარის სერვისების მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში, თქვენ თქვენს ფინანსებს მიანდობთ სხვას. პლატფორმის გატეხვის შემთხვევაში, ზემოხსენებული ფინანსები უდიდესი რისკის ქვეშ აღმოჩნდება. მსგავსი რისკები არსებობს DeFi პლატფორმებზეც, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც საჭიროა თქვენ მიერ თქვენს კრიპტოვალუტების საფულეზე სრული წვდომის დაშვება.

როგორ განვახორციელოთ კრიპტოვალუტების სტეიკინგი 2024 წელს

1. აირჩიეთ PoS კრიპტოვალუტა: აირჩიეთ კრიპტოვალუტა, რომელსაც გააჩნია სტეიკინგის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ ფლობდეთ საკმარის ინფორმაციას სტეიკინგის მოთხოვნებთან და ჯილდოებთან დაკავშირებით.

2. საფულის პარამეტრების განსაზღვრა: გამოიყენეთ სტეიკინგის მხარდაჭერის მქონე საფულე. გირჩევთ პოპულარული საფულეების, მაგალითად Binance-ის Web3 საფულის, MetaMask-ის, ან TrustWallet-ის გამოყენებას.

3. დაიწყეთ სტეიკინგი: მიჰყევით ქსელის მიერ მოწოდებულ ინსტრუქციებს და განახორციელეთ თქვენი მონეტების სტეიკინგი, რისთვისაც საჭირო იქნება ვალიდატორის ნოდის გააქტიურება, დელეგირების განხორციელება ვალიდატორისთვის, ან სტეიკინგის პულში გაწევრიანება.

გაითვალისწინეთ, რომ Web3 საფულეები გახლავთ მხოლოდ სტეიკინგის სერვისების ინტერფეისები და მათი მეშვეობით არ ხდება ძირითადი პროტოკოლების კონტროლი. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ პოპულარულ ბლოკჩეინებს, როგორიცაა Ethereum და Solana და ნებისმიერ ფინანსურ რისკთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამდე, აწარმოეთ შესაბამისი მოკვლევა.

როგორ ხდება სტეიკინგის ჯილდოების გამოთვლა?

სტეიკინგის ჯილდოები განსხვავდება სხვადასხვა ქსელის მიხედვით და ხშირ შემთხვევაში განისაზღვრება ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა:

  • თქვენ მიერ სტეიკინგში გამოყენებული კრიპტოვალუტების რაოდენობა.

  • თქვენი სტეიკინგში მონაწილეობის პერიოდის ხანგრძლივობა.

  • ქსელზე მიმდინარე სტეიკინგში გამოყენებული მონეტების ჯამური რაოდენობა.

  • ქსელის ტრანზაქციის საკომისიოები და მონეტების ინფლაციის დონე.

ზოგიერთ ბლოკჩეინზე ჯილდოების განაწილება ხდება ფიქსირებული პროცენტის სახით, რაც ამარტივებს სავარაუდო სარგებლის განსაზღვრას. სტეიკინგის ჯილდოების განსაზღვრა ხშირად ხდება წლიური მოგების, ე.ი. წლიური საპროცენტო განაკვეთის საფუძველზე (APR).

შესაძლებელია თუ არა სტეიკინგში გამოყენებული კრიპტოვალუტის გამოტანა?

როგორც წესი, შესაძლებელია. სტეიკინგში გამოყენებული კრიპტოვალუტის გამოტანა, როგორ წესი, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. თუმცა მექანიზმები და წესები განსხვავდება სტეიკინგის პლატფორმების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში, სტეიკინგში გამოყენებული აქტივების დროზე ადრე გამოტანა შესაძლოა გახდეს სტეიკინგის ჯილდოების სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვის მიზეზი. შეამოწმეთ იმ ბლოკჩეინის ან პლატფორმის სტეიკინგის წესები, რომელსაც იყენებთ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს განხორციელებული Ethereum Shanghai განახლებით შესაძლებელი გახდა სტეიკინგში გამოყენებული ერთეულების გამოტანა Ethereum-ის ქსელზე. ეს განახლება ETH-ის სტეიკინგში მონაწილე პირებს საშუალებას აძლევს ავტომატურად მიიღონ მათი სტეიკინგის ჯილდოები და გაიტანონ დაბლოკილი ETH ნებისმიერ დროს.

რატომ არ არის შესაძლებელი სტეიკინგში ნებისმიერი კრიპტოვალუტის გამოყენება?

სტეიკინგის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ PoS ბლოკჩეინებზე. შეუძლებელია ისეთი კრიპტოვალუტების სტეიკინგში გამოყენება, როგორიცაა Bitcoin, რომელიც PoW კონსენსუსის მექანიზმს იყენებს. PoS ქსელების შემთხვევაშიც კი, არსებობს კრიპტოვალუტები, რომელთაც არ გააჩნია სტეიკინგის მხარდაჭერა, რადგან ჩართულობის წახალისების მიზნით ისინი სხვადასხვა მექანიზმებს იყენებენ.

შეჯამება

კრიპტოვალუტების სტეიკინგი გახლავთ ბლოკჩეინ ქსელებზე მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის და ჯილდოების მიღების ეფექტური გზა. მიუხედავად ამისა, აუცილებელია არსებული რისკების, მათ შორის ბაზრის მერყეობის, მესამე მხარის და ტექნიკური რისკების შესახებ საკმარისი ინფორმაციის ფლობა. სტეიკინგის მეთოდის სწორად არჩევით და ქსელთან დაკავშირებით საფუძვლიანი ინფორმაციის მოპოვებით შეძლებთ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ბლოკჩეინ ეკოსისტემის განვითარებაში და მიიღოთ პასიური შემოსავალი.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.