რა არის და როგორ მუშაობს კრიპტოვალუტის მაინინგი?
მთავარი
სტატიები
რა არის და როგორ მუშაობს კრიპტოვალუტის მაინინგი?

რა არის და როგორ მუშაობს კრიპტოვალუტის მაინინგი?

გამოქვეყნებული Apr 13, 2023განახლებული Dec 5, 2024
13m

მთავარი დეტალები

  • კრიპტოვალუტების მაინინგი ბლოკჩეინ-ტრანზაქციების შეკვეთების განთავსების და ვალიდაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. გარდა ამისა, მაინინგის მეშვეობით ხდება კრიპტოვალუტების ახალი ერთეულების შექმნა.

  • მაინერების მუშაობას დიდძალი გამომთვლელი რესურსები სჭირდება, მაგრამ ბლოკჩეინის ქსელის უსაფრთხოებასაც ეს განაპირობებს.

  • მაინერები აგროვებენ მომლოდინე ტრანზაქციებს და ანაწილებენ მათ ბლოკებში, რომლებიც შემდგომში განთავსდება ქსელზე. ვალიდატორი ნოდების მიერ ბლოკის დადასტურების შემთხვევაში, მაინერი მიიღებს ბლოკის ჯილდოს.

  • კრიპტოვალუტების მაინინგის მომგებიანობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა აპარატურის ეფექტურობა, ელექტროენერგიის ტარიფები, ბაზრის მერყეობა და ბლოკჩეინ-პროტოკოლების ცვლილებები.

რა არის კრიპტო მაინინგი?

წარმოიდგინეთ საერთაშორისო ციფრული ლეჯერი, სადაც ხდება კრიპტოვალუტების ყველა ტრანზაქციის ჩაწერა. მაინინგის მეშვეობით ხდება ამ ლეჯერის სიზუსტის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მაინერები თავსატეხების ამოსახსნელად (რაც ძირითად შემთხვევაში ციფრების გამოცნობას გულისხმობს) სპეციალურ კომპიუტერებს იყენებენ. ამ პროცესების მიზანს მომლოდინე ტრანზაქციების ორგანიზება და დადასტურება წარმოადგენს. პირველი მაინერი, რომელიც ამოხსნის თავსატეხს, კრიპტოვალუტებით დაჯილდოვდება.

კრიპტოვალუტების მაინინგი გახლავთ პროცესი, რომლის მეშვეობითაც ხდება ისეთი კრიპტოვალუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორიცაა bitcoin (BTC). ამ პროცესის დროს ხდება მომხმარებელთა ტრანზაქციების ვერიფიკაცია და ბლოკჩეინის საჯარო ლეჯერზე დამატება. მაინინგი წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან ელემენტს, რომლის მეშვეობითაც ხდება Bitcoin-ის ქსელზე დეცენტრალიზაციის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელი ხდება პროცესებში ცენტრალური მართვის რგოლის ჩარევის საჭიროების აღმოფხვრა.

მაინინგის პროცესების მეშვეობით ხდება მონეტების არსებულ მარაგში ახალი ერთეულების დამატებაც. ერთი შეხედვით, ეს თითქოს ფულის ბეჭდვას ჰგავს, თუმცა კრიპტოვალუტების მაინინგის პროცესი მიჰყვება მკაცრად გაწერილ წესებს, რომლითაც განისაზღვრება პროცესების მიმდინარეობა და ხდება ახალი მონეტების თვითნებურად შექმნის შემთხვევების თავიდან აცილება. ეს წესები საფუძვლად უდევს საბაზისო პროტოკოლებს და მათი აღსრულება ხდება ნოდების განაწილებული ქსელის მიერ.

კრიპტოვალუტების ახალი ერთეულების შესაქმნელად მაინერები ხსნიან რთულ კრიპტოგრაფიულ თავსატეხებს, რისთვისაც ისინი იყენებენ გამომთვლელ სიმძლავრეს. პირველი მაინერი, რომელიც ამოხსნის თავსატეხს, მოიპოვებს ტრანზაქციების ახალი ბლოკის ბლოკჩეინზე დამატების და ქსელზე გაშვების უფლებას.

როგორ მუშაობს კრიპტო მაინინგი?

მოკლე პასუხი

1. ხდება ტრანზაქციების გაერთიანება ბლოკებში. მომხმარებლის მიერ კრიპტოვალუტის მიღებისას ან გაგზავნისას, ხდება მომლოდინე ტრანზაქციების გაერთიანება „ბლოკში“, რომელიც ელოდება დადასტურებას.

2. მაინერები ხსნიან თავსატეხს. მაინერები კომპიუტერების მეშვეობით ცდილობენ კონკრეტული ციფრის გამოცნობას, რომელსაც nonce ეწოდება. ამ ციფრის ბლოკის მონაცემებთან გაერთიანებით მიიღება კონკრეტულ სამიზნე ციფრზე ნაკლები მნიშვნელობა. ეს ციფრული ლატარეის ბილეთს გავს, რომელიც თავსატეხს მოიცავს.

3. ბლოკჩეინზე დამატება
პირველი მაინერი, რომელიც ამოხსნის თავსატეხს, მოიპოვებს საკუთარი ბლოკის ბლოკჩეინზე დამატების უფლებას. სხვა მაინერები ამოწმებენ ამ ბლოკის ვალიდურობას.

4. ჯილდოების მიღება
გამარჯვებული მაინერი მოიპოვებს ჯილდოს, რომელიც შეიცავს ახლად შექმნილ კრიპტოვალუტას და ტრანზაქციის საკომისიოებს მათ მიერ შექმნილი ბლოკიდან.

გრძელი პასუხი

ახალი ბლოკჩეინ ტრანზაქციები იგზავნება პულში, რომელსაც მეხსიერების პული (ან mempool) ეწოდება. ვალიდატორი ნოდების მიერ ხდება ტრანზაქციების ვალიდურობის შემოწმება. მაინერის ვალდებულებაა მომლოდინე ტრანზაქციების შეგროვება და მათი გადანაწილება ბლოკებში. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მაინერი პასუხისმგებელია ვალიდატორი ნოდების ფუნქციონირებაზეც, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით, მაინინგის ნოდები და ვალიდატორი ნოდები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

წარმოიდგინეთ ბლოკი როგორც ბლოკჩეინ-ლეჯერის ერთი გვერდი, რომელზეც ჩაწერილია ტრანზაქციები (და სხვა მონაცემები). უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მაინინგის ნოდის პასუხისმგებლობას წარმოადგენს დაუდასტურებელი ტრანზაქციების შეგროვება მეხსიერების პულიდან და მათი დამატება კანდიდატ ბლოკში.

ამის შემდეგ მაინერი ეცდება კანდიდატი ბლოკის დადასტურებულ ბლოკად გადაქცევას. ამისათვის მან უნდა ამოხსნას რთული მათემატიკური ამოცანა, რისთვისაც დიდი ოდენობით გამომთვლელი რესურსია საჭირო. თუმცა, თითოეული წარმატებით შექმნილი ბლოკის სანაცვლოდ მაინერი მიიღებს ბლოკის ჯილდოს, რომელიც მოიცავს ახლად შექმნილ კრიპტოვალუტებს და ტრანზაქციის საკომისიოებს. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი.

პირველი საფეხური: ტრანზაქციების ჰეშირება

ბლოკის მაინინგის პირველ საფეხურზე ხდება მეხსიერების პულიდან მომლოდინე ტრანზაქციების ამოღება და მათი სათითაოდ გაგზავნა ჰეშირების ფუნქციის მეშვეობით. ყოველ ჯერზე, როდესაც ხდება მონაცემების ჰეშირების ფუნქციაში გატარება, გენერირდება ფიქსირებული ზომის მქონე მონაცემი, სახელწოდებით ჰეში.

მაინინგის კონტექსტში, თითოეული ტრანზაქციის ჰეში შედგება ციფრების და ასოების სტრიქონისგან, რომელიც იდენტიფიკატორად გამოიყენება. ტრანზაქციის ჰეში წარმოადგენს ტრანზაქციის მთელ ინფორმაციას.

გარდა ჰეშირებისა და თითოეული ტრანზაქციის სიაში ინდივიდუალურად დამატებისა, მაინერები ქმნიან სპეციალურ ტრანზაქციას, რომლის საშუალებითაც ისინი საკუთარ თავს უგზავნიან ბლოკის ჯილდოს. Coinbase ტრანზაქციის სახელით ცნობილი ამ ტრანზაქციების მეშვეობით ხდება ახალი მონეტების შექმნა. ძირითად შემთხვევაში, ეს ტრანზაქცია პირველი ჩაიწერება ახალ ბლოკში და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მომლოდინე ტრანზაქციების ჯგუფის დამატება.

მეორე საფეხური: მერკლის ხის შექმნა

ტრანზაქციების ჰეშირების შემდეგ ხდება ჰეშების ორგანიზება მერკლის ხის ფორმით (მას ჰეშის ხესაც უწოდებენ). მერკლის ხის შესაქმნელად ხდება ტრანზაქციის ჰეშების დაწყვილება და შემდეგ მათი ჰეშირება.

ამის შემდეგ ხდება ახალი ჰეშის მონაცემების დაწყვილება და ხელახალი ჰეშირება, ეს პროცესი მეორდება მანამ, სანამ არ მოხდება მხოლოდ ერთი ჰეშის მიღება. პროცესის დასრულების შემდეგ მიღებულ ჰეშს ეწოდება root ჰეში (ან მერკლის ფესვი). ეს გახლავთ ჰეში, რომელიც წარმოადგენს მისი გენერირებისთვის გამოყენებულ ყველა ჰეშს.

მერკლის ხე ტრანზაქციის ჰეშებს აწყვილებს და შემდეგ ახდენს მათ ჰეშირებას.

მესამე საფეხური: ვალიდური ბლოკის სათაურის (ბლოკის ჰეშის) პოვნა

თითოეულ ბლოკს გააჩნია ბლოკის სათაური, იგივე უნიკალური ჰეში, რომელიც იდენტიფიკატორის როლს ასრულებს. ახალი ბლოკის შექმნისას მაინერები წინა ბლოკის ჰეშს და კანდიდატი ბლოკის root ჰეშს აერთიანებენ და ახალი ბლოკის ჰეშს აგენერირებენ. ისინი ასევე ამატებენ შემთხვევით ნომერს, რომელსაც nonce-ის სახელით ვიცნობთ.

შესაბამისად, კანდიდატი ბლოკის დასადასტურებლად მაინერმა უნდა გააერთიანოს root ჰეში, წინა ბლოკის ჰეში და nonce და გაატაროს ისინი ჰეშირების ფუნქციაში. მაინერმა უნდა განაგრძოს ამ პროცესის განმეორებით განხორციელება ვალიდური ჰეშის მიღებამდე.

Root ჰეშის და წინა ბლოკის ჰეშის შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ ვალიდური ჰეშის პოვნამდე მაინერებმა რამდენჯერმე უნდა შეცვალონ nonce. იმისათვის რომ ვალიდურად ჩაითვალოს, მიღებულ მონაცემებს (ბლოკის ჰეშს) უნდა ჰქონდეს პროტოკოლის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვზე დაბალი მაჩვენებელი. Bitcoin-ის მაინინგის შემთხვევაში, ბლოკის ჰეში უნდა იწყებოდეს ნულების განსაზღვრული რაოდენობით — ამ სამიზნე მაჩვენებელს მაინინგის სირთულე ეწოდება.

მეოთხე საფეხური: შექმნილი ბლოკის გადაცემა

როგორც ვნახეთ, მაინერების მიერ ხდება ბლოკის სათაურის განმეორებით ჰეშირება nonce-ის სხვადასხვა მნიშვნელობის გამოყენებით. ეს პროცესი გრძელდება ვალიდური ბლოკის ჰეშის მიღებამდე. როდესაც მაინერი მიიღებს ვალიდურ ბლოკის ჰეშს, ხდება ამ ბლოკის გაშვება ქსელზე. ამის შემდეგ ხდება ბლოკის ვალიდურობის შემოწმება ყველა სხვა ვალიდატორი ნოდის მიერ და დადასტურბეის შემთხვევაში, ისინი ამატებენ ახალ ბლოკს ბლოკჩეინის საკუთარ ასლში.

ამგვარად კანდიდატი ბლოკი ხდება დადასტურებული ბლოკი, მაინერები კი იწყებენ მომდევნო ბლოკების შექმნას. ის მაინერები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ვალიდური ჰეშის დროულად მიღება, შლიან საკუთარ კანდიდატ ბლოკს მაინინგის ახალი შეჯიბრის დაწყებისას.

რა მოხდება ორი ბლოკის ერთდროულად შექმნის შემთხვევაში?

არსებობს შემთხვევები, როდესაც ხდება ვალიდური ბლოკის ერთდროულად ორი მაინერის მიერ გაშვება, რის შემდეგაც ქსელზე აღმოჩნდება ორი კონკურენტი ბლოკი. ამ შემთხვევაში მაინერები იწყებენ მომდევნო ბლოკის დამატებას იმ ბლოკის საფუძველზე, რომლის მიღებაც მოხდა პირველ რიგში, რაც იწვევს ქსელის დროებით გაყოფას და ბლოკჩეინის ორი სხვადასხვა ვერსიის შექმნას.

ამ ბლოკებს შორის შეჯიბრი იქამდე გრძელდება, სანამ რომელიმე მათგანზე არ მოხდება ახალი ბლოკის დაშენება. ახალი ბლოკის შექმნის შემდეგ, ჯაჭვში მის წინ არსებული ბლოკი ითვლება გამარჯვებულად. დამარცხებულ ბლოკს ობოლი ან უარყოფილი ბლოკი ეწოდება და ის მაინერები, რომლებმაც ის აირჩიეს, გამარჯვებული ბლოკის ბლოკჩეინის მაინინგს უბრუნდებიან.

რა არის მაინინგის სირთულე?

ახალი ბლოკების შექმნის პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მუდმივად ხდება მაინინგის სირთულის რეგულირება, რაც უზრუნველყოფს პროცესის სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას. სირთულის რეგულირება ხდება ქსელისთვის გამოყოფილი გამომთვლელი სიმძლავრის (ჰეშრეიტის) შესაბამისად.

ქსელში ყოველი ახალი მაინერის ჩართვის და კონკურენციის ზრდის პარალელურად იზრდება ჰეშირების სირთულეც, რაც ხელს უწყობს ბლოკის შექმნის საშუალო დროის შემცირების თავიდან აცილებას. მეორეს მხრივ, ქსელიდან ბევრი მაინერის გასვლის შემთხვევაში ჰეშირების სირთულე მცირდება, რაც ახალი ბლოკის შექმნას აადვილებს. ამ ცვლილებების დამსახურებით, ქსელის ჰეშირების ჯამური შესაძლებლობის მიუხედავად, ბლოკის დრო უცვლელი რჩება.

კრიპტოვალუტის მაინინგის ტიპები

არსებობს კრიპტოვალუტების მაინინგის სხვადასხვა მეთოდი. ახალი მოწყობილობების და კონსენსუსის ალგორითმების შექმნა იწვევს აპარატურისა და პროცესების შეცვლას. ჩვეულებრივ, მაინერები რთული კრიპტოგრაფიული თავსატეხების ამოსახსნელად სპეციალურ გამომთვლელ ტექნიკას იყენებენ. განვიხილოთ მაინინგის ყველაზე გავრცელებული მეთოდები.

CPU მაინინგი

ცენტრალური პროცესორის (CPU) მეშვეობით მაინინგის განხორციელებისას Proof of Work (PoW) მოდელით მოთხოვნილი ჰეშირების ფუნქციების უზრუნველსაყოფად კომპიუტერის ცენტრალური პროცესორი გამოიყენება. Bitcoin-ის განვითარების საწყის ეტაპზე მაინინგთან ასოცირებული ხარჯები და შესვლის ბარიერები შედარებით დაბალი იყო, ხოლო მისი სიმძლავრის დაძლევა ჩვეულებრივი CPU-ითაც შეიძლებოდა. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ნებისმიერ დროს განეხორციელებინა კრიპტოვალუტების მაინინგი.

თუმცა, რაც უფრო გაიზარდა BTC-ის მაინინგში ჩართული ადამიანების რაოდენობა და ქსელის ჰეშრეითი, მით უფრო გართულდა მაინინგის მეშვეობით მოგების მიღებაც. ამას დაემატა უფრო მძლავრი, სპეციალიზებული მაინინგ აპარატურის შექმნა, რამაც CPU მაინინგის განხორციელება თითქმის შეუძლებელი გახადა. დღესდღეობით CPU მაინინგი აღარ მიიჩნევა პრაქტიკულ ვარიანტად, რადგან თითქმის ყველა მაინერი სპეციალიზებულ აპარატურას იყენებს.

GPU მაინინგი

გრაფიკული გამომთვლელი ერთეული (GPU) ისეა შექმნილი, რომ ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციის გაშვება მოახერხოს. უმეტესად ისინი ვიდეოთამაშების და გრაფიკული დამუშავებისთვის გამოიყენება, მათი მაინინგისთვის გამოყენებაც შეიძლება.

GPU-ები სპეციალიზებულ მაინინგ აპარატურასთან შედარებით ბევრად ეკონომიური და ეფექტური ვარიანტია. ისინი ალტკოინების შესაქმნელად გამოიყენება, თუმცა მათი ეფექტურობა დამოკიდებულია მაინინგის სირთულესა და ალგორითმზე.

ASIC მაინინგი

კონკრეტული დანიშნულების ინტეგრალური მიკროსქემა (ASIC) შექმნილია კონკრეტული დავალების შესასრულებლად. კრიპტო სფეროში ეს ტერმინი მაინინგისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ აპარატურას აღნიშნავს. ASIC მაინინგი გამოირჩევა ეფექტურობის მაღალი დონით, თუმცა ასევე მაღალია ამ პროცესთან ასოცირებული ხარჯებიც. 

ASIC მაინერები მაინინგის წამყვანი ძალაა, ამიტომ თითოეული მოწყობილობის ფასი CPU-ს ან GPU-ს ღირებულებას ბევრად აღემატება. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ASIC ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება, შედარებით ძველი ASIC მოდელები საკმაოდ ხშირად საჭიროებს ჩანაცვლებას. სწორედ ამიტომ მიიჩნევა ASIC მაინინგი ამ პროცესის განხორციელების ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ, თუმცა ეფექტურ მეთოდად, თუმცა მისი მეშვეობით შესაძლებელია დიდი მოგების მიღებაც.

მაინინგ პულები

რადგან ბლოკის ჯილდოების გადაცემა ყოველ ჯერზე მხოლოდ იმ მაინერისთვის ხდება, რომელიც პირველი ამოხსნის თავსატეხს, ბლოკის მაინინგის ალბათობა ძალიან მცირეა. მაინერებს, რომლებსაც აქვთ მაინინგის მთლიანი სიმძლავრის მცირე პროცენტული მაჩვენებელი, მომდევნო ბლოკის აღმოჩენის მინიმალური შანსი აქვთ. მაინინგ პულები ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებაა.

მაინინგ პულები იმ მაინერებისგან შემდგარი ჯგუფებია, რომლებიც რესურსს (ჰეშირების შესაძლებლობას) ბლოკის ჯილდოს მოპოვების შანსის გასაზრდელად აერთიანებენ. როდესაც პული ბლოკს იპოვის, მისი წევრები ჯილდოს გაწეული სამუშაოს შესაბამისად იყოფენ.

მაინინგის პულების მეშვეობით ინდივიდუალურ მაინერებს შეუძლიათ აპარატურასთან და ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება, თუმცა მაინინგის სფეროში მათი პოპულარობის დონის ზრდის პარალელურად ჩნდება ეჭვები ცენტრალიზაციასთან და 51%-ით შეტევებთან დაკავშირებით.

ქლაუდ-მაინინგი

აპარატურის შეძენის ნაცვლად, ქლაუდ-მაინერები ქირაობენ გამომთვლელ სიმძლავრეს ქლაუდ-მაინინგის პროვაიდერისგან. ეს მაინინგის პროცესების წამოწყების შედარებით მარტივ გზას წარმოადგენს, თუმცა აუცილებელია ისეთი რისკების გათვალისწინებაც, როგორიცაა თაღლითური სქემები და შედარებით მცირე მოგება. თუ გადაწყვეტთ ქლაუდ-მაინინგის მეთოდის გამოყენებას, აუცილებლად აირჩიეთ ისეთი სანდრო რეპუტაციის მქონე პროვაიდერი, როგორიცაა Binance.

რა არის და როგორ მუშაობს Bitcoin-ის მაინინგი?

Bitcoin გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებული კრიპტოვალუტა, რომლის ახალი ერთეულების დამზადებაც მაინინგის მეშვეობითაა შესაძლებელი; Bitcoin-ის მაინინგი ხორციელდება PoW კონსენსუსის ალგორითმის საფუძველზე.

PoW არის ბლოკჩეინის თავდაპირველი კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც სატოში ნაკამოტომ შექმნა. მის შესახებ განცხადება Bitcoin-ის whitepaper-ში 2008 წელს გაკეთდა. მარტივად რომ ვთქვათ, PoW-ის მეშვეობით განისაზღვრება ბლოკჩეინის ქსელის ყველა მონაწილეს შორის კონსენსუსის მიღწევის მეთოდი, პროცესებში მესამე მხარის შუამავლების ჩარევის საჭიროების გარეშე. ამისათვის ხდება ელექტროენერგიასთან და გამომთვლელ სიმძლავრესთან დაკავშირებული საკმაოდ დიდი ინვესტიციების მოთხოვნა, რაც აქრობს პროცესებში არაკეთილსინდისიერი მიზნებით მოქმედი პირების ჩართვის ალბათობას.

როგორც ვიცით, PoW ქსელში მომლოდინე ტრანზაქციების ორგანიზება და ბლოკებში დამატება ხდება მაინერების მიერ, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან რთული თავსატეხების ამოხსნაში მაინინგის სპეციალური აპარატურის მეშვეობით. პირველი მაინერი, რომელიც ამოხსნის თავსატეხს, მოიპოვებს საკუთარი ბლოკის ბლოკჩეინზე გაშვების უფლებას და ვალიდატორების მიერ ამ ბლოკის დადასტურების შემთხვევაში, ჯილდოსაც მიიღებს.

ბლოკის ჯილდოს სახით მიღებული კრიპტოვალუტების რაოდენობა განსხვავდება ბლოკჩეინების მიხედვით. მაგალითად, 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, Bitcoin-ის ბლოკჩეინზე მაინერებს ჯილდოს სახით 3,125 BTC-ის მიღება შეუძლიათ. Bitcoin-ის ჰალვინგის მექანიზმის გამო, ბლოკის ჯილდოში BTC-ის რაოდენობა ყოველი 210 000 ბლოკის შემდეგ (დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში) ნახევრდება.

არის თუ არა კრიპტო მაინინგი მომგებიანი?

კრიპტოვალუტების მაინინგის მეშვეობით მოგების მიღება სრულიად შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე, რისკების გათვალისწინება და საკითხის წინასწარ შესწავლა. ეს პროცესი მოიცავს ინვესტიციებსა და რისკებს, მაგალითად აპარატურასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კრიპტოვალუტების მერყევ ფასებსა და ცვალებად პროტოკოლებს. ზემოხსენებული რისკების შესამცირებლად მაინერები ეუფლებიან რისკების მართვის პრაქტიკას და ახორციელებენ შესაძლო ხარჯებისა და სარგებლის შეფასებას.

კრიპტოს მაინინგის რენტაბელურობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის ერთ-ერთია კრიპტოვალუტის ფასების ცვლილება. კრიპტოვალუტის ფასის ზრდის დროს, იზრდება მაინინგის ჯილდოს ღირებულება ფიატ ვალუტაში. ფასის დაცემისას კი რენტაბელურობაც მცირდება.

მაინინგის მომგებიანობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ფაქტორია მაინინგის აპარატურის ეფექტიანობაც. მაინინგის აპარატურის შეძენა და გამოყენება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა ასოცირებული, შესაბამისად, საჭიროა ამ ხარჯების დაბალანსება მოპოვებული ჯილდოების მეშვეობით. აუცილებელია ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებაც; მეტისმეტად დიდი ხარჯების შემთხვევაში შესაძლოა ვერ მოხერხდეს მათი კომპენსირება მაინიგის მეშვეობით მოპოვებული მოგებით.

ამას გარდა, მაინინგის აპარატურას ხშირად სჭირდება განახლება, რადგან ისინი სწრაფად ძველდება. ახალი მოდელები ძველებს მარტივად სჯობნიან და თუ მაინერს არ აქვს განახლებისთვის საჭირო ბიუჯეტი, შესაძლოა მან ვერ მოახერხოს სხვებისთვის კონკურენციის სათანადოდ გაწევა.

და ბოლოს, შესაძლოა განხორციელდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები პროტოკოლის თვალსაზრისითაც. მაგალითად, მაიმინგის მომგებიანობაზე ზეგავლენას ახდენს Bitcoin-ის ჰალვინგი, რადგან ხდება ბლოკის მაინინგის სანაცვლოდ მოპოვებული ჯილდოს განახევრებაც. სხვა შემთხვევებში, მაინინგის პროცესის ჩანაცვლება შესაძლებელია ვალიდაციის სხვა მეთოდებით. მაგალითად, Ethereum-მა 2022 წლის სექტემბერში სრულად ჩაანაცვლა PoW Proof of Stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმით, რითაც გამოირიცხა მაინინგის განხორციელების საჭიროება.

შეჯამება

კრიპტოვალუტის მაინინგი Bitcoin-ის და სხვა PoW ბლოკჩეინებისთვის ცენტრალური ნაწილია, რადგან მათ უსაფრთხო ქსელის შენარჩუნებასა და ახალი მონეტების სტაბილურად გამოცემაში ეხმარება.

მაინინგის პროცესს გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებიც. ყველაზე აშკარა უპირატესობას ბლოკის ჯილდოების სახით მოგების მოპოვების შესაძლებლობა წარმოადგენს. თუმცა ამაზე ზეგავლენას არა ერთი ფაქტორი ახდენს, როგორიცაა ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ხარჯები და ბაზარზე არსებული ფასები. შესაბამისად, კრიპტოვალუტების მაინინგის პროცესებში ჩართვამდე, აუცილებელია, რომ თავად შეისწავლოთ საკითხი (DYOR) და გააცნობიეროთ ყველა შესაძლო რისკი.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.