მთავარი დეტალები
კრიპტოვალუტის მაინინგისას გამოიყენება გამომთვლელი სიმძლავრე Proof of Work ბლოკჩეინზე ტრანზაქციების დადასტურების და ახალი ბლოკების დამატების მიზნით, სადაც მაინერები სანაცვლოდ იღებენ ბლოკის ჯილდოებს.
მაინინგისთვის განკუთვნილი აპარატურის ძირითადი ტიპებია ASIC მაინერები (სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი და ეფექტური), GPU აპარატურა (უფრო მოქნილი, თუმცა ნაკლებშემოსავლიანი ვარიანტი მონეტების უმეტესობის შემთხვევაში) და CPU-ები (გამოდგება მხოლოდ მონეტების მცირე რაოდენობისას).
მაინინგ-პულში გაწევრიანება ზრდის მცირე ოდენობის მოსალოდნელი ჯილდოების მიღების სიხშირეს მაშინ, როდესაც სოლო მაინინგისას ბლოკის მთლიანი ჯილდოს მიღების შანსები ძალიან მცირეა.
მაინინგის მომგებიანობის განმსაზღვრელ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლადს ელექტროენერგიის ხარჯი წარმოადგენს. გამოიყენეთ მომგებიანობის კალკულატორი სანამ აპარატურის შეძენას გადაწყვეტთ.
კრიპტოვალუტის მაინინგი არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება ახალი ტრანზაქციების ვერიფიკაცია და ბლოკჩეინზე დამატება. მაინერები უზრუნველყოფენ გამომთვლელ სიმძლავრეს კრიპტოგრაფიული თავსატეხების ამოსახსნელად, ხოლო ვინც პირველი იპოვის სწორ ამოხსნას მიიღებს ბლოკის ჯილდოს. საბაზისო მექანიზმის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია რა არის კრიპტოს მაინინგი და როგორ მუშაობს. მოცემული გზამკვლევი ორიენტირებულია პრაქტიკულ საფეხურებზე, როგორებიცაა: მონეტის შერჩევა, აპარატურის არჩევა, პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება და იმის დადგენა თუ რამდენად გიღირთ მაინინგის დაწყება თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე.
მიუხედავად იმისა, რომ მაინინგის დაწყება ნებისმიერს შეუძლია, ამ პროცესის ეკონომიკა (ხარჯები და მოგება) ძალიან განსხვავებულია და დამოკიდებულია აპარატურაზე, ელექტროენერგიის ხარჯებზე, მაინინგის სირთულეზე და იმ მონეტის საბაზრო ღირებულებაზე, რომლის მაინინგსაც გადაწყვეტთ. ამ სტატიაში მოცემულია ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც უნდა გაითვალისწინოთ მაინინგის დაწყებამდე.
რა არის კრიპტოვალუტის მაინინგი?
Bitcoin, Litecoin, Dogecoin, Ethereum Classic და ბევრი სხვა ქსელი იყენებს Proof of Work (PoW) კონსენსუსის ალგორითმს. PoW მექანიზმის მიხედვით, მაინერები ერთმანეთს ეჯიბრებიან რთული მათემატიკური თავსატეხების ამოხსნაში. მოგებული ბლოკჩეინზე ამატებს ტრანზაქციების შემდეგ ბლოკს და იღებს ბლოკის ჯილდოს და მაგ ბლოკში არსებული ნებისმიერი ტრანზაქციების საკომისიოებს.
მაინერის ჰეშრეიტი მიუთითებს მის მიერ ერთ წამში განხორციელებული გამოთვლების რაოდენობაზე. მაღალი ჰეშრეიტი ზრდის თავსატეხის სხვებზე მალე ამოხსნის ალბათობას, თუმცა ქსელის ზოგადი სირთულე რეგულარულად იცვლება, რათა შენარჩუნებულ იქნეს ბლოკის დამატების საშუალო დროის უცვლელობა, პროცესში ჩართული მთლიანი გამომთვლელი სიმძლავრის ოდენობის მიუხედავად. რაც უფრო მეტი მაინერი ერთვება, მით უფრო იზრდება სირთულე და პირიქით, მათი გასვლისას - ეცემა.
Bitcoin-ის ბლოკის ჯილდოები ექვემდებარება პერიოდულ ჰალვინგს. 2024 ელის აპრილში განხორციელებულმა ჰალვინგმა შეამცირა ჯილდოების ოდენობა 6,25 BTC-დან to 3,125 BTC-მდე ერთ ბლოკზე. ეს მოვლენა პირდაპირ გავლენას ახდენს მაინინგით მიღებულ შემოსავალზე 2024 წლის აპრილამდე განხორციელებული მომგებიანობის დაანგარიშების შედეგების გაუფასურებით.
მაინინგის აპარატურის ტიპები
თქვენ მიერ არჩეული აპარატურა განსაზღვრავს იმას, თუ რომელი მონეტების მაინინგს შეძლებთ, რამდენ ელექტრონერგიას მოიხმართ და ასევე თქვენს პოტენციურ მოგებას. სანამ აღჭურვილობას შეიძენთ, იხილეთ ჩვენი სტატია კრიპტო მაინინგის აპარატურის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
ASIC მაინერები
კონკრეტული დანიშნულების ინტეგრალური მიკროსქემები (ASIC-ები) შექმნილია კონკრეტული ჰეშირების ალგორითმის მაინინგისთვის. ისინი გვთავაზობს მაღალი დონის ეფექტურობას მხარდაჭერილი მონეტებისთვის, რაც გარდაქმნის მათ Bitcoin-ის მაინინგისთვის განკუთვნილ სტანდარტულ აპარატურად. ამ თაობის ASIC-ებს შეუძლიათ ძველ მოდელებთან შედარებით უკეთესი ენერგო-ეფექტურობის უზრუნველყოფა, მიუხედავად მათი საწყისი ღირებულების საკმაო ოდენობისა.
ძირითადი გასათვალისწინებელი ფაქტორია მოძველება. ახალ თაობის ASIC-ებმა შეიძლება ძველი მოდელები ერთ-ორ წელიწადში გამოუსადეგარი გახადოს. ზოგი კრიპტოვალუტა გამიზნულად იყენებს ASIC-რეზისტენტულ ალგორითმებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი მაინინგისთვის ASIC აპარატურის გამოყენება შეუძლებელია.
GPU მაინერები
გრაფიკულ პროცესორებს (GPU-ებს) შეუძლიათ ბევრი სხვადასხვა მონეტის მაინინგი ალგორითმების ცვლილების მეშვეობით და ამით ASIC-ებზე მეტი მოქნილობის შეთავაზება. თუმცა, GPU მაინინგის მომგებიანობა სწრაფად დაეცა Ethereum-ის Proof of Stake მექანიზმზე გადასვლის შემდეგ 2022 წლის სექტემბერში, რაც მოიაზრება ყველაზე დიდი, GPU-ს მეშვეობით მაინინგის ქსელის ბაზრიდან გასვლად. ამჟამად GPU მაინინგი გამოიყენება მონეტების უფრო მცირე სპექტრისთვის Ethereum Classic-ის და Ravencoin-ის ჩათვლით, თუმცა მომგებიანობა დიდწილად დამოკიდებულია ელექტროენერგიის ადგილობრივ გადასახადებზე და მონეტის მიმდინარე მაინინგის სირთულეზე.
CPU მაინერები
ცენტრალური პროცესორები (CPU-ები) ყველაზე ნაკლებად ეფექტური აპარატურაა მაინინგისთვის და არ არის კონკურენტუნარიანი ძირითადი მონეტების მაინინგისთვის. კრიპტოვალუტების მცირე რაოდენობა იყენებს სპეციალურად CPU მაინინგისთვის განკუთვნილ ალგორითმებს და ამით CPU-ებს მხოლოდ ამ კონკრეტული მონეტებისთვის ხდის გამოსადეგს.
მაინინგის დაგეგმვის ტიპები
სოლო მაინინგი
სოლო მაინინგი ნიშნავს, რომ თქვენ დამოუკიდებლად ეჯიბრებით მთლიან ქსელს. ვალიდური ბლოკის პოვნის შემთხვევაში მთლიან ჯილდოს თქვენ იღებთ. თუმცა ამის გაკეთების ალბათობა ძალიან დაბალია ძირითადი მონეტების უმეტესობისთვის. Bitcoin-ის ქსელში, სადაც კომბინირებული ჰეშრეიტის მაჩვენებელია წამში ასობით ექსაჰეში ერთი ASIC ქსელის მთლიანი სიმძლავრის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს. Bitcoin-ის სოლო მაინინგი ადამიანების უმეტესობისთვის არარეალისტურ ვარიანტს წარმოადგენს.
სოლო მაინინგს აზრი აქვს მცირე ზომის ქსელებში, სადაც დაბალია საერთო ჰეშრეიტების მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში ცალკე მაინერს ქსელის სიმძლავრის უფრო მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, თუმცა ეს ასევე ნიშნავს რომ ქსელი და მისი მონეტა მაღალი რისკის შემცველია.
პულ-მაინინგი
მაინინგ-პული აერთიანებს ბევრი მონაწილის ჰეშრეიტს და ჯილდოებს თითოეული წევრის მიერ შეტანილი წვლილის პროპორციულად ანაწილებს. ამ შედეგად მოჰყვება უფრო მცირე ოდენობის, მაგრამ სოლო მაინინგთან შედარებით ხშირი და მოსალოდნელი შემოსავალი. პულების უმეტესობა ითხოვს მოკრძალებულ საკომისიოს, რაც მოგების 1%-დან 2,5%-მდე დიაპაზონში მერყეობს. პულ-მაინინგი მეტად პრაქტიკულია დამოუკიდებელი მაინერებისთვის.
ქლაუდ-მაინინგი
ქლაუდ-მაინინგში, თქვენ უხდით პროვაიდერს, რათა მან თქვენ ნაცლად განახორციელოს მაინინგი საკუთარი აპარატურით. ეს აუქმებს თქვენ მიერ აღჭურვილობის შეძენის, გაგრილების სისტემის მენეჯმენტის და ელექტროენერგიის ხარჯების გადახდის საჭიროებას. თუმცა ახდენს შემხვედრი მხარის რისკის ექსპოზიციას: თქვენ დამოკიდებული ხართ პროვაიდერზე დანაპირები ჰეშრეიტის უზრუნველსაყოფად და ჯილდოების შეთანხმების მიხედვით განაწილებაზე. ქლაუდ-მაინინგის სივრცე ისტორიულად ცნობილია თაღლითური სერვისების მაღალი პროპორციით, შესაბამისად აუცილებელია ნებისმიერი ქლაუდ-მაინინგის კონტრაქტის სათანადო შემოწმება, მასში თანხების ჩადებამდე.
როგორ ხდება კრიპტოვალუტის მაინინგი: ყველა საფეხური დეტალურად
საფეხური 1: აირჩიეთ სასურველი მონეტა
სხვადასხვა კრიპტოვალუტა მნიშვნელოვნად განსხვავდება მაინინგის სირთულით, აპარატურული მოთხოვნებით და პოტენციური მოგების ოდენობით. უფრო მსხვილი ქსელები, როგორიცაა Bitcoin, მოითხოვს სპეციალურ ASIC აპარატურას და გამოირჩევა მაღალი კონკურენტუნარიანობით. მცირე ზომის PoW ქსელები შეიძლება დამოუკიდებელი მაინერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს, თუმცა ამავდროულად ბევრად მერყევი და რისკის შემცველია. გაითვალისწინეთ ის აპარატურა, რომელზეც უკვე გაქვთ წვდომა ან რომლის შეძენაც შეგძლიათ და ჩაატარეთ იმის მოკვლევა, თუ რომელი მონეტებია მხარდაჭერილი. ყოველთვის ჩაატარეთ თქვენი საკუთარი მოკვლევა (DYOR) კაპიტალის ჩადებამდე.
საფეხური 2: პირველ რიგში დაიანგარიშეთ ელექტროენერგიის ხარჯები
ელექტროენერგია მაინინგის ძირითადი ხარჯია და ყველაზე ის ასევე ყველაზე მნიშვნელოვან ცვლადს წარმოადგენს ოპერაციის წარმატებით შესრულებაში. აპარატურის შეძენამდე შეამოწმეთ ელექტროენერგიის თქვენი ადგილობრივი ტარიფი ერთ კილოვატზე საათში და გამოიყენეთ მომგებიანობის კალკულატორი, რათა გამოითვალოთ შეძლებთ თუ არა მაინინგით მიღებული სავარაუდო შემოსავლით თქვენი ხარჯების დაფარვას მიმდინარე სირთულისა და მონეტის ფასების გათვალისწინებით. ერთი და იგივე აპარატურა შესაძლოა ძალიან მომგებიანი იყოს ერთ ლოკაციაზე და სრულიად არ გამოდგეს მეორესთვის ელექტროენერგიის ტარიფებიდან გამომდინარე.
საფეხური 3: შეარჩიეთ და შეიძინეთ მაინინგის აპარატურა
შეარჩიეთ თქვენ მიერ არჩეული მონეტის მაინინგისთვის შესაბამისი აპარატურა. Bitcoin-თვის ამ თაობის ASIC-ები სტანდარტული ვარიანტია. ASIC-რეზისტენტულ მონეტებს GPU აპარატურა შეეფერება. გაითვალისწინეთ მთლიანი ხარჯი, თავად მოწყობილობის, კვების წყაროს, გაგრილების აღჭურვილობის და ნებისმიერი სადგამი თაროს ან კორპუსის ჩათვლით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აპარატურა შეიძლება სწრაფად გაუფასურდეს, როდესაც ახალი, უფრო ეფექტური მოდელები გამოჩნდება.
საფეხური 4: დააყენეთ კრიპტო საფულე
თქვენ დაგჭირდებათ კრიპტო საფულე მაინინგის ჯილდოების მისაღებად. თქვენი მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურაციისას, თქვენ დაგჭირდებათ იმ საფულის მისამართის დაზუსტება, სადაც ჯილდოები გაიგზავნება. გამოიყენეთ საფულე, რომელსაც პირდაპირ თქვენ მართავთ და არა ბირჟის სადეპოზიტო მისამართი, ვინაიდან ბირჟების წესები მაინინგის დეპოზიტებისთვის განსხვავდება და ზოგი სულაც არ იღებს მათ.
საფეხური 5: ჩამოტვირთეთ და დააკონფიგურირეთ მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფა
მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფა თქვენს აპარატურას აკავშირებს ქსელთან ან მაინინგ-პულთან. პროგრამული უზრუნველყოფის უმეტესობა უფასოდაა ხელმისაწვდომი იმ კრიპტოვალუტის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომლის მაინინგსაც დააპირებთ. პულ-მაინინგისთვის თქვენს პროგრამულ უზრუნველყოფას დასჭირდება პულის დამაკავშირებელი მისამართი და თქვენს სამუშაო ანგარიშში შესვლის მონაცემები. პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელებულ ვარიანტები მოიცავს CGMiner-ს და BFGMiner-ს ASIC-ებისთვის და სხვადასხვა GPU-თვის განკუთვნილ მაინერს ალგორითმიდან გამომდინარე. ყურადღებით გაეცანით თქვენ მიერ არჩეული პროგრამული უზრუნველყოფის დოკუმენტაციას და გადაამოწმეთ ჩამოტვირთვები ოფიციალურ საიტებზე მავნე ვერსიების თავიდან ასაცილებლად.
საფეხური 6: გაწევრიანდით მაინინგ-პულში (რეკომენდებულია დამოუკიდებელი მაინერებისთვის)
მაინერების უმეტესობისთვის მაინინგ-პულში გაწევრიანება, სოლო მაინინგთან შედარებით, წარმოადგენს პრაქტიკულ არჩევანს. პულის შეფასებისას გაითვალისწინეთ მისი საკომისიოების სტრუქტურა, გადახდის მინიმალური ზღვარი, გადახდის მეთოდი და ასევე პულის ისტორია, რათა დარწმუნდეთ სანდოობაში. დიდი პულები უზრუნველყოფენ მუდმივ გადახდებს, ხოლო პატარა პულები გვთავაზობენ უფრო მაღალი ოდენობის ჯილდოს ერთი ბლოკისთვის მაგრამ ნაკლები სიხშირით.
საფეხური 7: თვალი ადევნეთ და უზრუნველყავით სისტემის გამართული მუშაობა
მაინინგის დაწყების შემდეგ, რეგულარულად აკონტროლეთ თქვენი აპარატურის ტემპერატურა, ჰეშრეიტი და ელექტროენერგიის მოხმარება. მაინინგის აპარატურა გამოყოფს დიდი ოდენობით სიმხურვალეს და ხმას, შესაბამისად კარგი სავენტილაციო და გაგრილების სისტემების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია აპარატურის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის. განაგრძეთ მაინინგი მხოლოდ განახლებული პროგრამული უზრუნველყოფით, რათა განაპირობოთ ქსელის პროტოკოლის ცვლილებებთან შესაბამისობა. პერიოდულად შეამოწმეთ თქვენი მომგებიანობა, განსაკუთრებით კი ქსელის სირთულის შეცვლის ან მონეტის საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ.
ღირს თუ არა კრიპტოვალუტის მაინინგის დაწყება?
იქნება თუ არა მაინინგი ფინანსურად მომგებიანი მრავალ ისეთ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიცაა: თქვენი ელექტროენერგიის ხარჯები, აპარატურა რომელსაც იყენებთ, მაინინგის ამჟამინდელი სირთულე, ბლოკის ჯილდოების სტრუქტურა და მონეტის საბაზრო ფასი. ეს ცვლადები დროთა განმავლობაში იცვლება და ის მაინინგის აპარატურა, რომელიც დღეს ხარჯებს ეფექტურად ფარავს, შესაძლოა ვეღარ გაუმკლავდეს მათ ხვალ.
ბლოკჩეინზე აქტივობის ტრანზაქციის საკომისიოები ორდინალების და რუნების ინსკრიპციების ჩათვლით, მაინერის შემოსავლის დიდი ნაწილი გახდა ბლოკის სუბსიდიებთან ერთად, თუმცა შემოსავლის ეს წყარო ცვალებადია და არაგარანტირებული.
ზოგი ადამიანი დაკავებულია კრიპტოვალუტის მაინინგით, რათა წვლილი შეიტანოს PoW ქსელის დეცენტრალიზაციასა და უსაფრთხოებაში, და არა ფინანსური ინტერესის გამო. ეს მაინინგის დაწყების საკმაოდ ლეგიტიმური მიზეზია, თუმცა მაინინგთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით, პროცესის დაწყებამდე უმჯობესია ყველაფრის ბოლომდე გაგება.
გაითვალისწინეთ, რომ 51%-იანი შეტევა უფრო დამახასიათებელია მცირე ზომის ქსელებისთვის, სადაც დაბალი საერთო ჰეშრეიტებია. მცირე ზომის ქსელებზე მომუშავე მაინერებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქსელის უსაფრთხოება პირდაპირ დაკავშირებულია იმ მთლიან გამომთვლელ სიმძლავრეზე, რომელიც ქსელში მონაწილეობს.
იქნება თუ არა მაინინგი ჩემთვის მომგებიანი?
გამოიყენეთ მაინინგის მომგებიანობის კალკულატორი (როგორიცაა WhatToMine) და შეიყვანეთ თქვენი აპარატურის ჰეშრეიტი, ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი და თქვენი ელექტროენერგიის ტარიფი. შეადარეთ სავარაუდო დღიური შემოსავალი დღიურ ელექტროენერგიის ხარჯს. გაითვალისწინეთ, რომ მომგებიანობა შეიძლება შეიცვალოს მაინინგის სირთულის და მონეტის ფასების ცვლილებასთან ერთად, ამიტომ გამოთვლები რეგულარულად უნდა აწარმოოთ.
შეჯამება
კრიპტოვალუტის მაინინგი მრავალმხრივი საქმიანობაა, რომელიც მოითხოვს აპარატურის, ელექტროენერგიის ხარჯებისა და ქსელის მდგომარეობის გათვალისწინებას. სწორი აპარატურის შერჩევით, მომგებიანობის შეფასებით და რისკის მართვის სტრატეგიების დანერგვით, მაინერებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ამ სივრცის სირთულეებს. ვინაიდან მაინინგის სირთულე და მონეტის ფასები გამუდმებით იცვლება, თქვენი ინფორმირებულობა და ადაპტაციის უნარი უმნიშვნელოვანესია მომგებიანი მაინინგისთვის.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.