ASIC-რეზისტენტული

განახლებული Sep 25, 2026

რას ნიშნავს ASIC-რეზისტენტული?

ASIC-რეზისტენტული აღნიშნავს კრიპტოვალუტის მახასიათებელს, რომლის პროტოკოლის და მაინინგის ალგორითმის კონფიგურაცია ზღუდავს სპეციალიზებული ASIC აპარატურის უპირატესობას. ASIC-რეზისტენტულ ქსელში ASIC აპარატების გამოყენება შეუძლებელია ან არ იძლევა მნიშვნელოვან უპირატესობას უფრო ზოგადი დანიშნულების აპარატურასთან, მაგალითად, GPU აპარატურასთან შედარებით.
მისი მიზანია მაინინგი ხელმისაწვდომი დარჩეს მონაწილეთა უფრო ფართო წრისთვის და არ კონცენტრირდეს მცირე რაოდენობის ოპერატორების ხელში, ვისაც შეუძლია სპეციალური აპარატურის შეძენა. მაგალითად, Bitcoin არ არის ASIC-რეზისტენტული, რადგან მისი მაინინგი ASIC აპარატურით გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ზოგადი დანიშნულების აპარატურით.

როგორ მუშაობს ASIC-რეზისტენტობა

ASIC-ები წარმოადგენს ინტეგრალურ მიკროსქემებს რომლებიც შექმნილია ერთი კონკრეტული ამოცანის მაქსიმალურად ეფექტიანად შესასრულებლად. proof of work (PoW) სისტემებში მაინინგი გულისხმობს ჰეშირების ფუნქციის მრავალჯერადად გაშვებას, რომლის მიზანია ვალიდური რიცხვის მოძებნა. ASIC-ს წამში ბევრად მეტი ასეთი გამოთვლის შესრულება შეუძლია, ვიდრე CPU-ს ან GPU-ს, რის გამოც ASIC-მაინინგი დომინირებს იმ ქსელებში, სადაც ამ აპარატურის გამოყენება დაშვებულია.

ამის პრევენციისთვის, ASIC-რეზისტენტული კრიპტოვალუტა, როგორც წესი, იყენებს მაინინგის ისეთ ალგორითმს, რომელიც მოითხოვს დიდი მოცულობის მეხსიერებას ან რთულად ოპტიმიზებადია სპეციალიზებულ მიკროსქემებში. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შემცირდეს სპეციალიზებული და ზოგადი დანიშნულების აპარატურის ეფექტურობას შორის განსხვავება. პრაქტიკაში, ASIC-რეზისტენტობა უწყვეტი პროცესია და არა საბოლოო მდგომარეობა. მწარმოებლები აგრძელებენ ASIC-ის ახალ მოდელებზე მუშაობას და ქმნიან ისეთ აპარატურას, რომელსაც შეუძლია კონკრეტულ ალგორითმში ინტეგრირებული რეზისტენტობის დაძლევა. შედეგად პროექტებს, რომლებსაც ASIC-რეზისტენტობის შენარჩუნება სურთ, შესაძლოა დასჭირდეთ საკუთარი ალგორითმების პერიოდულად განახლება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ASIC-რეზისტენტობა

მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ASIC-რეზისტენტობა ხელს უწყობს მაინინგის სიმძლავრის უფრო დეცენტრალიზებულ გადანაწილებას, რადგან მონაწილეებს კონკურენციისთვის არ სჭირდებათ სპეციალური დანიშნულების ძვირადღირებული აპარატურა. ამან შესაძლოა შეამციროს მაინინგში მონაწილეობის დაწყების ბარიერი და მაინინგის მსხვილი ოპერატორების მცირე ჯგუფის ხელში კონცენტრირების რისკი.

აღსანიშნავია, რომ ქსელი, რომელიც იყენებს კონსენსუსის სხვა მექანიზმს, როგორიცაა proof of stake (PoS), delegated proof of stake ან proof of authority, თავისი არსით ASIC-რეზისტენტულია, რადგან ის საერთოდ არ ეფუძნება ჰეშირებაზე დაფუძნებულ მაინინგს. PoW კრიპტოვალუტებს შორის ზოგი ASIC-რეზისტენტულია, ზოგი კი არა, რაც დამოკიდებულია მის მიერ გამოყენებულ მაინინგის ალგორითმზე.
პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.