რა არის Mimblewimble?
მთავარი
სტატიები
რა არის Mimblewimble?

რა არის Mimblewimble?

გამოქვეყნებული Sep 2, 2019განახლებული Dec 11, 2023
5m

საზოგადოების მიერ წარდგენილი - ავტორი: უილიამ პისტერი.


Mimblewimble (MW) წარმოადგენს ბლოკჩეინის დიზაინს, რომელიც იყენებს ტრანზაქციების სტრუქტურიზაციის და შენახვის ინოვაციურ გზას. ის გვთავაზობს Proof of Work (PoW) ბლოკჩეინის მუშაობის განსხვავებულ მიდგომას, რაც კონფიდენციალურობის და ქსელის მასშტაბირებადობის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

Mimblewimble-ის დიზაინი შემოთავაზებულ იქნა 2016 წლის შუა პერიოდში პირის მიერ, რომლის ფსევდონიმი იყო ტომ ელვის ჯედუსორი. მიუხედავად იმისა, რომ მან მოახერხა ძირითადი იდეების ჩამოყალიბება, Mimblewimble-ის პირველმა დოკუმენტმა მაინც ვერ შეძლო ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. ამის გამო, Blockstream-ის მკვლევარმა, ენდრიუ პოელსტრამ, გადაწყვიტა შეესწავლა და გაეუმჯობესებინა მისი თავდაპირველი კონცეფცია. მოგვიანებით პოელსტრამ მოამზადა ნაშრომი, სახელწოდებით Mimblewimble (გამოქვეყნდა 2016 წლის ოქტომბერში).

მას შემდეგ ბევრი მკვლევარი და დეველოპერი სწავლობს MW პროტოკოლის შესაძლებლობებს. ზოგი თვლის, რომ Bitcoin-ის ქსელში მისი დანერგვა საკმაოდ რთული, თუმცა ტექნიკურად შესაძლებელია. პოელსტრა და სხვები მიიჩნევენ, რომ საბოლოო ჯამში Mimblewimble-ს შეუძლია Bitcoin-ის ქსელის გაუმჯობესება მისი საიდჩეინის სახით გამოყენების მეშვეობით. 


როგორ მუშაობს Mimblewimble

Mimblewimble ცვლის ბლოკჩეინ-ტრანზაქციების ტრადიციულ მოდელს. ის საშუალებას იძლევა ბლოკჩეინის ისტორია უფრო კომპაქტური ზომის მონაცემების სახით ინახებოდეს, რაც ამარტივებს მის ჩამოტვირთვას, სინქრონიზაციას და ვერიფიკაციას.

MW ბლოკჩეინზე არ არსებობს იდენტიფიცირებადი ან მრავალჯერადი გამოყენების მისამართები, რაც იმას ნიშნავს, რომ გარეშე პირისთვის ყველა ტრანზაქცია შემთხვევითი მონაცემების ნაკრებს წარმოადგენს. ამ ტრანზაქციების მონაცემების ნახვა მხოლოდ ქსელის მონაწილეებს შეუძლიათ.

Mimblewimble ბლოკი გამოიყურება, როგორც ერთი დიდი ტრანზაქცია და არა როგორც მრავალი ტრანზაქციის კომბინაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ბლოკების ვერიფიკაცია და დადასტურება, თუმცა ამ დროს შეუძლებელია ცალკეული ტრანზაქციის დეტალების ნახვა. შეუძლებელია ინდივიდუალური ტრანზაქციის შემავალი მონაცემების შესაბამის გამომავალ მონაცემებთან დაკავშირება.

განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. ელისი 5 MW მონეტას იღებს დედისგან და 5 მონეტას - მამისგან. ამის შემდეგ, ის ამ 10 მონეტას ბობს უგზავნის. ამ ტრანზაქციების ვერიფიკაცია განხორციელდა, თუმცა დეტალები საჯარო არ არის. ბობმა მხოლოდ ის იცის, რომ ელისმა მას გაუგზავნა 10 მონეტა, თუმცა ის ვერ ხედავს, თუ ვინ გაუგზავნა ეს მონეტები ელისს.

Mimblewimble ბლოკჩეინზე მონეტების ტრანზაქციის განხორციელებისთვის, გამგზავნმა და მიმღებმა უნდა გაცვალონ ვერიფიკაციის ინფორმაცია. ამგვარად, ელისსა და ბობს შორის გარკვეული კომუნიკაცია კვლავ საჭიროა, თუმცა ტრანზაქციის განხორციელების დროს ორივე მათგანის ონლაინ რეჟიმში ყოფნა საჭირო არ არის.

ასევე, Mimblewimble იყენებს ფუნქციას, სახელწოდებით cut-through, რომელიც ამცირებს ბლოკის მონაცემების ზომას ტრანზაქციის ზედმეტი ინფორმაციის მოშორების გზით. თითოეული შემომავალი და გამავალი მონაცემის ცალ-ცალკე ჩაწერის ნაცვლად (ელისის მშობლებისგან ელისთან გაგზავნა, ელისისგან ბობთან გაგზავნა), ბლოკში შეყვანილი იქნება მხოლოდ მონაცემების ერთი წყვილი (ელისის მშობლებისგან ბობთან გაგზავნა).

ტექნიკურად, Mimblewimble-ის დიზაინი წარმოადგენს კონფიდენციალური ტრანზაქციების (CT) კონცეფციის მხარდაჭერას და გაგრძელებას. რომელიც  შემოთავაზებული იქნა ადამის მიერ 2013 წელს და რეალიზებული იქნა გრეგ მაქვსელის და პიტერ უილის მიერ. მარტივად რომ ვთქვათ, CT არის კონფიდენციალურობის ინსტრუმენტი, რომელიც მალავს ბლოკჩეინის ტრანზაქციების მონაცემების ნაწილს.


Mimblewimble-ის და Bitcoin-ის შედარება

Bitcoin-ის ბლოკჩეინი ინახავს თითოეული ტრანზაქციის მონაცემებს, დაწყებული გენეზისის ბლოკიდან, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია ჩამოტვირთოს და შეამოწმოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ისტორია, სადაც ყოველი ტრანზაქცია ინდივიდუალურად არის ჩაწერილი.

Mimblewimble ბლოკჩეინზე კი ინახება მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია - რაც ასევე უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის უფრო მაღალ დონეს. ვალიდატორებს ევალებათ შეამოწმონ, ადგილი ხომ არ აქვს უჩვეულო აქტივობას (მაგ. ორმაგ ხარჯვას) და ასევე გადაამოწმონ მიმოქცევაში არსებული მონეტების რაოდენობა.

ასევე, Mimblewimble-ის წყალობით აღარ არსებობს Bitcoin-ის სკრიპტების სისტემის საჭიროება, რაც წარმოადგენს ინსტრუქციების ჩამონათვალს, სადაც მოცემულია ტრანზაქციების სტრუქტურა. ამ სკრიპტის მოშორება ზრდის MW ბლოკჩეინების კონფიდენციალურობას და მასშტაბირებადობას. კონფიდენციალურობის ზრდა გამოწვეულია იმით, რომ შეუძლებელია მისამართების მიკვლევა, ხოლო მასშტაბირებადობა გაზრდილია ბლოკჩეინის მონაცემების მცირე ზომის წყალობით.

ამგვარად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება Bitcoin-სა და Mimblewimble-ს შორის არის მათი ბლოკჩეინების მონაცემების შეფარდებითი ზომა, რაც დაკავშირებულია ზემოთ განხილულ cut-through ფუნქციასთან. ტრანზაქციის არასაჭირო მონაცემების მოშორების წყალობით, Mimblewimble-ს ესაჭიროება ნაკლები გამომთვლელი რესურსები.


უპირატესობები

ბლოკჩეინის ზომა

როგორც აღვნიშნეთ, Mimblewimble უზრუნველყოფს მონაცემების მოცულობის შემცირებას, რაც ამცირებს ბლოკჩეინის საერთო ზომას. ნოდებს ტრანზაქციის ისტორიის ვერიფიკაციისთვის გაცილებით ნაკლები დრო ესაჭიროებათ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რესურსების მოხმარებას. გარდა ამისა, ახალი ნოდებისთვის გაცილებით მარტივია MW ბლოკჩეინის ჩამოტვირთვა და სინქრონიზაცია.

ქსელთან დაკავშირების და ნოდის გაშვების ხარჯების შემცირება საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს უფრო დივერსიფიცირებული და განაწილებული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ შეამცირებს მაინინგის ცენტრალიზაციის რისკებს, რაც ხშირად წარმოადგენს PoW ბლოკჩეინების პრობლემას.

მასშტაბირებადობა

საბოლოოდ, Mimblewimble შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც საიდჩეინი, რომელიც დაკავშირებული იქნება Bitcoin-თან ან სხვა ძირითად ბლოკჩეინთან. MW დიზაინს ასევე შეუძლია გაზარდოს გადახდის არხების ეფექტურობა, მაგალითად გააუმჯობესოს Lightning Network-ში გამოყენებული არხების პოტენციალი.

კონფიდენციალურობა

Bitcoin-ის სკრიპტების სისტემის გაუქმება და კონფიდენციალური ტრანზაქციების გამოყენება უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალ დონეს ტრანზაქციების დეტალების დაფარვის გზით.

გარდა ამისა, Mimblewimble ბლოკჩეინზე არსებული მონეტები ითვლება ჩანაცვლებად აქტივებად.  ჩანაცვლებადობა წარმოადგენს მახასიათებელს, რომელიც შესაძლებელს ხდის ერთი მონეტის ერთი ერთეულის იგივე მონეტის სხვა ერთეულით ჩანაცვლებას (ისინი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება).


შეზღუდვები

ტრანზაქციების გამტარუნარიანობა

კონფიდენციალური ტრანზაქციები მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზაქციის გამტარუნარიანობას მონაცემთა შედარებით დიდი ზომის გამო. არაკონფიდენციალურ სისტემისგან განსხვავებით, ბლოკჩეინი, რომელიც იყენებს კონფიდენციალური ტრანზაქციების სისტემას, უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვის უფრო მაღალ დონეს, თუმცა TPS (ტრანზაქცია/წამში) სიჩქარე უფრო დაბალია. 

თუმცა შეიძლება ითქვას, რომ MW-ის კომპაქტური ზომის წყალობით ხდება კონფიდენციალური ტრანზაქციებით გამოწვეული TPS სიჩქარის შეზღუდვის კომპენსირება. ასევე აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციის გამტარუნარიანობა დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც, როგორიცაა ბლოკის ზომა და სიხშირე.

კვანტური კომპიუტერის მიმართ რეზისტენტობის არარსებობა

ზოგადად, Mimblewimble პროტოკოლი არ არის კვანტური კომპიუტერის მიმართ რეზისტენტული, რადგან ის იყენებს შედარებით მარტივ ციფრულ ხელმოწერებს. თუმცა სრულყოფილი კვანტური კომპიუტერის გამოჩენამდე ათწლეულები გვაშორებს, შესაბამისად დიდია იმის ალბათობა, რომ კრიპტოვალუტები, რომლებიც Mimblewimble-ს იყენებენ, სამომავლოდ მოახერხებენ კვანტური თავდასხმებისგან დაცვის გზების მოძებნას. ამ საფრთხესთან გამკლავებისთვის საჭირო ტექნოლოგიების შემუშავება და ტესტირება უკვე დაწყებულია (მაგ. Switch Commitments).


შეჯამება

Mimblewimble-ის გამოჩენა ბლოკჩეინის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. ერთი მხრივ, cut-through ფუნქცია MW ქსელების მასშტაბირების უფრო მარტივ და იაფ საშუალებას წარმოადგენს. ხოლო მეორე მხრივ, MW პროტოკოლი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც საიდჩეინი ან გადახდის არხი, რაც კონფიდენციალურობის და მასშტაბირების ზრდის საშუალებას იძლევა.

დღეისათვის Mimblewimble დიზაინი ბლოკჩეინის მხოლოდ რამდენიმე პროექტში გამოიყენება, რომელთა შორისაა Litecoin გუნდი. მსგავსი პროექტების მაგალითებია ასევე Grin და Beam. Grin წარმოადგენს საზოგადოების მიერ განხორციელებულ პროექტს, რომელიც მუშაობს MW პროტოკოლის მტკიცებულების კონცეფციის გამარტივებულ ვერსიაზე, Beam კი ორიენტირებულია სტარტაპის მსგავს მიდგომაზე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროექტი Mimblewimble-ზეა დაფუძნებული, მათ შორის არსებობს ტექნიკური განსხვავებები და თითოეული მათგანი იყენებს MW დიზაინის რეალიზაციის განსხვავებულ მიდგომას.

დღეისათვის რჩება ერთი პასუხგაუცემელი კითხვა - მიაღწევს თუ არა Mimblewimble საიმედოობის და პოპულარობის სათანადო დონეს. ეს საინტერესო და პერსპექტიული, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან „ახალგაზრდა“ იდეაა. Mimblewimble-ის პოტენციალი სრულად არ არის შესწავლილი, ხოლო მისი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.