რა არის Solana (SOL)?
მთავარი
სტატიები
რა არის Solana (SOL)?

რა არის Solana (SOL)?

გამოქვეყნებული May 27, 2021განახლებული Jan 22, 2025
9m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს. ამ სტატიაში მოხსენებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • Solana არის ბლოკჩეინის პროექტი, რომლის კონცეფცია შეიქმნა 2017 წელს და მისი გაშვება მოხდა 2020 წელს. ის გამოირჩევა ტრანზაქციის დაბალი საკომისიოებით და მაღალი გამტარუნარიანობით.

  • Solana-მ წარმოადგინა ინოვაციური სისტემა, სახელწოდებით Proof of History (PoH). ეს არის არა კონსენსუსის მექანიზმი, არამედ ტრანზაქციების დადასტურების დროის შემცირების საშუალება.

  • Solana შექმნილია ყველა სახის აპლიკაციის განსათავსებლად და მასზე გაშვებულია მრავალი დეცენტრალიზებული ბირჟა, თამაში და NFT, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბლოკჩეინის ეკოსისტემად აქცევს.

solana cta ბანერი

რა არის Solana?

Solana არის ბლოკჩეინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) განთავსების და სწრაფი და იაფი ტრანზაქციების განხორციელების მიზნით. 

ანატოლი იაკოვენკოს მიერ 2017 წელს შექმნილმა და 2020 წელს გაშვებულმა Solana-მ, საკუთარი სისწრაფისა და მასშტაბირებადობის წყალობით მილიონობით დეველოპერი და მომხმარებელი მოიზიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაღალი გამტარუნარიანობის წყალობით, Solana განსაკუთრებით მიმზიდველია დეველოპერებისთვის, რომლებიც ქმნიან თამაშების, ფინანსების ან სავაჭრო ბირჟების აპლიკაციებს, რომელთათვისაც საჭიროა მონაცემთა რეალურ დროში დამუშავება.

2025 წლის იანვრის მდგომარეობით, Solana შედის ხუთ საუკეთესო კრიპტოვალუტის პროექტს შორის და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 120 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

როგორ მუშაობს Solana?

Solana არის მესამე თაობის Proof of Stake (PoS) ბლოკჩეინი, რომელშიც ინტეგრირებულია სხვადასხვა ტიპის ინოვაცია, რაც უზრუნველყოფს მაღალ გამტარუნარიანობას, ტრანზაქციების განხორციელების სისწრაფეს და დაბალ საკომისიოებს: 

  • Solana-ს ვირტუალური კომპიუტერი(SVM): ტრანზაქციების დამუშავების და სმარტ კონტრაქტების აღსრულების სისტემა.

  • პარალელიზაცია: ეს იძლევა რამდენიმე სმარტ კონტრაქტის პარალელურად გაშვების საშუალებას და შესაძლებელს ხდის დიდი რაოდენობით ტრანზაქციების დამუშავებას დროის მოცემულ პერიოდში.

  • Proof of History (PoH): ბლოკჩეინზე დამატების წინ ტრანზაქციების დროის ნიშნულით მონიშვნის მეთოდი, რაც ამცირებს ტრანზაქციების დამუშავების დროს (მას მოგვიანებით დეტალურად განვიხილავთ).

  • Tower BFT: ტრადიციული Byzantine Fault Tolerance (BFT) სისტემების PoH-ოპტიმიზირებული ვერსია.

  • Turbine: ბლოკების გამოქვეყნების პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც ხდება ქსელის სინქრონიზაციის შენარჩუნება.

  • Gulf Stream: ტრანზაქციის გადამისამართების პროტოკოლი, რომელიც ამცირებს ვალიდატორებისთვის (ტრანზაქციების დამადასტურებელი კომპიუტერული ნოდებისთვის) საჭირო მეხსიერების რაოდენობას.

  • ტოკენის გაფართოებები: ტოკენის პროგრამაში ჩაშენებული ფართო ფუნქციონალის მქონე ნაკრები, რომელიც იძლევა კომპლექსური ოპერაციების განხორციელების და მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობას.

ამ ფუნქციების კომბინაცია ქმნის მაღალი ეფექტურობის ქსელს, რომელის ფარგლებში ბლოკის შექმნის დროა 0,4 წამი და შეუძლია წამში ათასობით ტრანზაქციის დამუშავება. შედარებისთვის, Bitcoin-ზე ბლოკების შექმნის დროა დაახლოებით 10 წუთი, ხოლო Ethereum-ზე - დაახლოებით 15 წამი.

Proof of History (PoH) მექანიზმისა და პარალელიზაციის მეშვეობით, Solana ქსელს აქვს შესაძლებლობა, მოიძიოს მსგავსი ეფექტურობის მქონე ცენტრალიზებული სისტემები, დეცენტრალიზებულ, საჯარო, საერთაშორისო ბლოკჩეინზე.

Proof of History (PoH)

ბლოკჩეინების უმეტესობაში ტრანზაქციების ზუსტი თანმიმდევრობის განსაზღვრა შესაძლოა გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდებოდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ არ არსებობს საერთო საათი, რომელიც ქსელში ჩართულ ყველა კომპიუტერს (ნოდებს) შეატყობინებს, როდესაც რამე ხდება. Solana ამ პრობლემის გადაჭრისთვის იყენებს უნიკალურ სისტემას, სახელწოდებით Proof of History (PoH), რომელიც ბლოკჩეინზე ინტეგრირებული საათის ფუნქციას ასრულებს.

Proof of History ქმნის მოვლენათა ქრონოლოგიას ჰეშირების სახელით ცნობილი პროცესის გამოყენებით. ჰეშირების პროცესი მონაცემებს და იღებს ამუშავებს სპეციალური ფორმულის მეშვეობით, რის შედეგაც მიიღება ასოებისა და რიცხვებისგან შემდგარი უნიკალური სტრიქონი. PoH-ის ფარგლებში ეს პროცესი მუდმივად მეორდება:

  1. მონაცემების ნაწილი (მაგალითად, ტრანზაქცია) მუშავდება ჰეშ-ფორმულის გამოყენებით.

  2. მიღებული შედეგი გამოიყენება მომდევნო ჰეშის შექმნისთვის საჭირო საწყისი მონაცემების სახით.

  3. ეს გრძელდება ჯაჭვურად და ქმნის თანმიმდევრობას, რომელიც „ასახავს“ მოვლენების ზუსტ თანმიმდევრობას.

ამ ჯაჭვის თითოეული საფეხური არის დროის ნიშნულის მსგავსი, რომელიც ადასტურებს მოვლენის დადგომის დროს სხვა მოვლენებთან მიმართებით (მაგალითად, რომელი ტრანზაქცია იყო პირველი). ჯაჭვის შექმნის შემდეგ მასში ცვლილებების შეტანა თითქმის შეუძლებელია, რაც მას უსაფრთხოსა და სანდოს ხდის.

სხვა სიტყვებით, PoH-ის ფარგლებში ხდება კრიპტოგრაფიული თანმიმდევრობის გენერირება, რომელიც ადასტურებს დროის ინტერვალს მოვლენებს შორის. ეს მიიღწევა SHA-256 ალგორითმის მეშვეობით მონაცემების ჰეშირების უწყვეტი პროცესით, სადაც თითოეული ჰეშის გამომავალი მონაცემები გამოიყენება მომდევნო ჰეშის გენერირებისთვის. მიღებული უნიკალური თანმიმდევრობა ასახავს ბლოკჩეინის ტრანზაქციების თანმიმდევრობას და მათ შორის არსებულ დროის ინტერვალებს.

Proof of History-ს უპირატესობები

ბლოკჩეინში ვერიფიცირებადი ქრონოლოგიის ინტეგრირებით, PoH გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას:

  • გაუმჯობესებული ეფექტურობა: ვალიდატორებს შეუძლიათ ტრანზაქციების უფრო სწრაფად დამუშავება ტრანზაქციების დროისა და თანმიმდევრობის შესახებ კონსენსუსის მიღწევის ლოდინის გარეშე.

  • გაუმჯობესებული უსაფრთხოება: ჰეშების უცვლელი თანმიმდევრობა ბოროტმოქმედებს ურთულებს ტრანზაქციების თანმიმდევრობის შეცვლას.

  • მასშტაბირებადობა: ვალიდაციის პროცესის გამარტივების გზით, PoH-ის ქსელს შეუძლია დაამუშაოს ტრანზაქციების ბევრად დიდი მოცულობა.

მოკლედ რომ ვთქვათ, Solana-ს ბლოკჩეინზე Proof of History ასრულებს ინტეგრირებული საათის ფუნქციას. ეს არის არა კონსენსუსის მექანიზმი, არამედ ტრანზაქციების დადასტურების დროის შემცირების საშუალება. PoS-თან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ბლოკის მომდევნო ვალიდატორის არჩევა ხდება უფრო უსაფრთხო და მარტივი.

ტრანზაქციის საკომისიოები

Solana-ს ძალიან დაბალი საკომისიოები აქვს და ტრანზაქციის საშუალო ღირებულება მხოლოდ 0,02 აშშ დოლარია. დაბალი საკომისიოების წყალობით Web3-ზე წვდომა გაცილებით მარტივდება, რადგან სხვა ბლოკჩეინებზე არსებული გაზის საკომისიოები მნიშვნელოვნად ზრდის ინდივიდუალური ტრანზაქციის ღირებულებას.

თუმცა, მაღალი ტრაფიკის პერიოდში, საკომისიოს ოდენობამ შეიძლება 0,30 აშშ დოლარს გადააჭარბოს (მაგალითად, როგორც მოხდა 2025 წლის დასაწყისში Trump meme მონეტის გაშვებისას).

ენერგოეფექტურობა

Solana-ს ნოდებს ბევრად უფრო ნაკლები დრო და რესურსი სჭირდებათ ტრანზაქციების ვალიდაციისთვის. Proof of Work (PoW) ბლოკჩეინებისგან განსხვავებით, ის არ იყენებს მაინინგის პროცესს. ამის წყალობით, Solana წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ენერგოეფექტურ ბლოკჩეინს.

Solana Foundaition არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია Solana-ს ეკოსისტემის უსაფრთხოების და მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ის რეგულარულად აქვეყნებს მესამე მხარის აუდიტების შედეგებს, სადაც მოცემულია Solana-ს მიერ ენერგიის მოხმარების მონაცემები, რომლებიც შედარებულია სხვა ბლოკჩეინების ენერგოეფექტურობასთან და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული ენერგიის საშუალო მაჩვენებელთან. 2024 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, Solana-მ „69%-ით შეამცირა საკუთარი ნახშირბადის კვალი.“

რა არის SOL?

SOL არის Solana-ს ადგილობრივი კრიპტოვალუტა. ის იყენებს SPL პროტოკოლს, რაც არის Solana-ს ტოკენის სტანდარტი (როგორც ERC-20 არის Ethereum-ის სტანდარტი ).

Solana-ს დეფლაციური მოდელის ფარგლებში, ქსელი იყენებს SOL მონეტების წვის პროცესს. SOL ტოკენი გამოიყენება ორი ძირითადი დანიშნულებით:

  1. ქსელის ან სმარტ კონტრაქტების გამოყენებისას დაწესებული ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად.

  2. ტოკენების სტეიკინგში გამოსაყენებლად PoS კონსენსუსის მექანიზმის შემადგენელი ნაწილის სახით.

SOL-ის სტეიკინგი

SOL-ის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი მონეტების სტეიკინგში გამოყენება, რაც ბლოკჩეინის PoS კონსენსუსის მექანიზმის ნაწილს წარმოადგენს. თავსებადი კრიპტო საფულის მეშვეობით, როგორიცაა Phantom, შეგიძლიათ ტოკენების სტეიკინგში გამოყენება იმ ვალიდატორებთან, რომლებიც ამუშავებენ ქსელზე განხორციელებულ ტრანზაქციებს. წარმატებულ ვალიდატორებს ამის შემდეგ შეუძლიათ ჯილდოების გაზიარება იმ პირებთან, რომლებიც მათთან ერთად მონაწილეობდნენ სტეიკინგში. ჯილდოების გაცემის ეს მექანიზმი წაახალისებს ვალიდატორებს და დელეგატორებს, რათა მათ იმოქმედონ ქსელის ინტერესების შესაბამისად. 

თქვენ ასევე შეგიძლიათ SOL გამოიყენოთ Binance-ის პლატფორმაზე სტეიკინგისთვის და ამავდროულად ისარგებლოთ BNSOL-ის უპირატესობებით, რაც მომხმარებლებს ლიკვიდურობის შენარჩუნების და ამავე დროს სტეიკინგის ჯილდოების მიღების საშუალებას აძლევს.

Solana-ის ვალიდატორის ხარჯები

სურვილის შემთხვევაში, SOL-ის მფლობელებს შეუძლიათ გახდნენ ქსელის ვალიდატორები, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამას აკეთებენ დიდი რაოდენობით მონეტების მფლობელები, რადგან ამ დროს მომსახურების ხარჯები საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ Solana-ს ვალიდატორობისთვის არ არის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, თქვენ ყოველწლიურად მოგიწევთ დიდი ოდენობით SOL-ის დახარჯვა ხმის მიცემის ტრანზაქციების საკომისიოს სახით.

2025 წლის იანვრის მონაცემებით, ეს შეადგენს დაახლოებით 354 SOL-ს წელიწადში ან 0,97 SOL-ს დღეში. ეს ნიშნავს, რომ მოგების მისაღებად საჭიროა, რომ ათობით ათასმა მომხმარებელმა გააკეთოს საკუთარი სტეიკის დელეგირება თქვენს ნოდზე.

Solana-ს ეკოსისტემა

Solana-ს ეკოსისტემა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2020 წელს მისი mainnet-ის გაშვების შემდეგ. 2025 წლის იანვრის მონაცემებით, Solana-ს ქსელში ფიქსირდება 4 მილიონზე მეტი აქტიური საფულე და მასზე მუშაობს ათასობით დეველოპერი. 

ტრანზაქციების სისწრაფემ და მაღალმა გამტარუნარიანობამ Solana აქცია ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად ქსელად Web3-ზე, რაც მოიცავს გამოყენების ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა:

  • დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi): Solana უზრუნველყოფს მრავალი DeFi აპლიკაციის მუშაობას და მომხმარებლებს აძლევს ისეთ სერვისებზე წვდომის საშუალებას, როგორიცაა სესხის გაცემა, სესხის აღება და ვაჭრობა შუამავლების გარეშე.

  • გადახდები: Solana Pay-ს პროტოკოლის მეშვეობით იქმნება შეუფერხებელი გადახდის სტრუქტურების ეკოსისტემა, სადაც შესაძლებელია გადახდების წამებში განხორციელება.

  • თამაშები და გართობა: დიდი ზომის ტრანზაქციების მინიმალურ დროში დამუშავება იძლევა Web3-ის თამაშების, გართობის და მეტასამტაროს სფეროში გამოყენების შესაძლებლობას.

  • არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT-ები): პლატფორმაზე განთავსებულია უამრავი NFT პროექტი, რაც შემქმნელებს აძლევს ციფრული ხელოვნების ნიმუშების და საკოლექციო ნივთების დამზადების, ვაჭრობის და პოპულარიზაციის შესაძლებლობას.

  • დეცენტრალიზებული ფიზიკური ინფრასტრუქტურის ქსელები (DePIN): ეს არის რეალური სამყაროს ქსელები, რომლებიც იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას. DePIN-ის მეშვეობით ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის პრინციპები ვრცელდება მატერიალურ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ენერგეტიკული ქსელები და მომარაგების ჯაჭვები.

შეჯამება

Solana არის სწრაფი, ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური ბლოკჩეინი. Proof of History-ს და სხვა მოწინავე ინსტრუმენტების უნიკალური ფუნქციების წყალობით, ის იძლევა ძველი ბლოკჩეინებისთვის დამახასიათებელი ისეთი პრობლემების აღმოფხვრის შესაძლებლობას, როგორიცაა დაბალი სიჩქარე და მაღალი ხარჯები. 

ბოლო წლებში Solana გახდა პოპულარული პლატფორმა, სადაც შესაძლებელია აპლიკაციების და Web3 პროექტების შექმნა და NFT-ებით ვაჭრობა. მისი ორიენტირება სისწრაფესა და გამოყენების სიმარტივეზე აქცევს მას ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ბლოკჩეინის სივრცეში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.