TL;DR
რეალური სამყაროს აქტივების (RWA-ების) მეშვეობით ხდება რეალური, ფიზიკური აქტივების ტოკენიზაცია და მათი ბლოკჩეინზე განთავსება.
RWA უამრავი დანიშნულებით გამოიყენება DeFi სექტორში.
RWA-ებს შეუძლია ერთმანეთს დააკავშიროს TradFi და DeFi.
RWA სივრცისადმი ინტერესი მსხვილმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა გამოხატეს, რაც იმის ნიშანია, რომ მისი პოპულარობა მომავალშიც გაიზრდება.
ტოკენიზაცია, რაც აქტივების ან ფუნქციების ციფრულ ტოკენებად გარდაქმნას აღნიშნავს, ბლოკჩეინის ეკოსისტემის საინტერესო ასპექტს წარმოადგენს. რეალური სამყაროს აქტივები (RWA) გამოიყენება განსაზღვრული ფულადი ღირებულების მქონე ფიზიკური აქტივების, მაგალითად ოქროს, უძრავი ქონების და ნახშირბადის კრედიტების ტოკენიზაციისთვის და მათი გარდაქმნისთვის სავაჭრო ციფრულ ფორმატში.
RWA-ები უამრავი დანიშნულებით გამოიყენება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორში. RWA-ს ინტეგრაცია DeFi-ში ხშირად ითვლება ტრადიციული ფინანსური აქტივების DeFi-სთან გაერთიანების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად.
როგორ მუშაობს RWA-ები?
სანამ გადავალთ RWA-ების DeFi სექტორში გამოყენებაზე, მოდით განვიხილოთ მათი მუშაობის პრინციპი. კერძოდ, როგორ დავრწმუნდეთ, რომ RWA ტოკენები ნამდვილად წარმოადგენს რეალურ სამყაროს აქტივებს? მთელი ეს პროცესი შეიძლება დავყოთ სამ ფაზად: ფორმალიზაცია ბლოკჩეინზე დამატებამდე, ინფორმაციის გარდაქმნა და RWA პროტოკოლის მოთხოვნა და მიწოდება.
ფორმალიზაცია ბლოკჩეინზე დამატებამდე
სანამ რეალური სამყაროს აქტივი ციფრულ ლეჯერში დაემატება, ცალსახად უნდა განისაზღვროს მისი ღირებულება, მფლობელობა და ლეგალური სტატუსი რეალურ სამყაროში.
RWA-ს ფასის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს აქტივის საბაზრო ღირებულება, ფასის ცვლილების ისტორია, ფიზიკური მდგომარეობა და სხვა ფაქტორები. ასევე საჭიროა არსებობდეს აქტით ან ინვოისით დადასტურებული კანონიერი მფლობელობის უდავო მტკიცებულება.
ინფორმაციის გარდაქმნა
ეს ფაზა წარმოადგენს ტოკენიზაციის პროცესს, რომლის დროსაც აქტივის შესახებ ინფორმაცია გარდაიქმნება ციფრულ ტოკენად. ინფორმაცია აქტივის ღირებულების და მისი კანონიერი მფლობელის შესახებ იწერება ტოკენის მეტამონაცემებში. ბლოკჩეინის გამჭვირვალობის გამო, ტოკენის ავთენტურობის გადამოწმება ნებისმიერ პირს შეუძლია, რისთვისაც ის უნდა გაეცნოს ამ მეტამონაცემებს.
როდესაც აქტივები მოქცეულია რეგულაციების მოქმედების სფეროში ან კლასიფიცირდება, როგორც ფასიანი ქაღალდები, საჭირო ხდება რეგულაციებთან შესაბამისობის ტექნოლოგიების გამოყენება. ეს შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების ტოკენების ლიცენზირებული პროვაიდერის, კრიპტოსთვის შექმნილი KYC (იცნობდე შენს კლიენტს) და KYB (იცნობდე შენს ბიზნესს) სტანდარტების და უსაფრთხოების ტოკენების ლიცენზირებული ბირჟების გამოყენებას.
RWA პროტოკოლების მოთხოვნა და მიწოდება
ბოლო საფეხურზე, რომელიც ეხება მოთხოვნას და მიწოდებას, პროცესში ერთვება DeFi პროტოკოლები, რომლებიც ფოკუსირებულია RWA-ებზე. მათ აქვთ ორი ფუნქცია: პირველი, მათი დახმარებით იქმნება ახალი RWA-ები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი საშუალებით მეტი ციფრული აქტივი ხდება ხელმისაწვდომი. ამავდროულად, მათ ფუნქციას წარმოადგენს ამ აქტივების ყიდვით ან ვაჭრობით ინვესტორების დაინტერესებას.
ამ სამეტაპიანი მიდგომის წყალობით, RWA-ები აღარ წარმოადგენს აბსტრაქტულ კონცეფციას და გარდაიქმნება DeFi სივრცის პრაქტიკულ ფუნქციონალურ და კრიტიკულ კომპონენტად და ციფრულ სამყაროში შემოაქვთ რეალური სამყაროსთვის დამახასიათებელი ფასეულობა და ნდობა და სამართლებრივი ჩარჩოები.
რატომ შეცვალა RWA-ებმა DeFi-ს თამაშის წესები
DeFi-ში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია „ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობა“ ანუ TVL. TVL მაჩვენებელი აღნიშნავს DeFi პროტოკოლში განთავსებული კაპიტალის ოდენობას. რაც უფრო მაღალია TVL, პოტენციურად მით უფრო წარმატებულია ეს პროტოკოლი. 2021 წლის ნოემბერში, TVL-ის საერთო მაჩვენებელმა ~180 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ამ bullish ტენდენციის ტალღას უწოდეს „DeFi-ს ზაფხული“.
თუმცა მოგვიანებით ბაზარმა დაცემა დაიწყო და 2022 წლის ივნისისთვის DeFi-ს TVL 49,87 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. 7 თვეში ღირებულება 72,3%-ით დაეცა! ზოგიერთ DeFi პროტოკოლს არ გააჩნდა რეალური დანიშნულება, რასაც დაერთო არასათანადო ტოკენომიკა, რამაც გამოიწვია ამ ბაზრიდან ლიკვიდურობის გაჟონვა.
შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა ინვესტორის დამოკიდებულება DeFi-ს მიმართ. ამ ინვესტორთა უმეტესობა ფოკუსირებულია სტაბილურ, გრძელვადიან საინვესტიციო შესაძლებლობაზე და არა სწრაფ მოგებაზე. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 2021 წლის შემდეგ, როდესაც გაიზარდა აქტივების უფრო სტაბილური კლასის, მაგალითად RWA-ების მიმართ ინტერესი.
ქვემოთ მოცემულია RWA-ების ბაზართან დაკავშირებული ფაქტები და მონაცემები, რაც ამ ბაზრის მიმართ ინტერესის ზრდაზე მიანიშნებს.
2023 წელს RWA-ს ღირებულება ბლოკჩეინზე (სტეიბლკოინების გამოკლებით) გაიზარდა 1,05 მილიარდი აშშ დოლარით.
აქედან 855,7 მილიონი აშშ დოლარი (82%) მოდიოდა შემოსავლიან აქტივებზე, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება და კერძო კრედიტები.
ანალიტიკოსების მიერ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე ჩატარებული კვლევის თანახმად:
ბლოკჩეინზე აქტიური კერძო საკრედიტო სესხების მოცულობა გაიზარდა 210,5 მილიონი აშშ დოლარით
ფასიანი ქაღალდების და სხვა სახის ობლიგაციების მოცულობა გაიზარდა 557 მილიონი აშშ დოლარით.
ვინ არიან RWA-ს გამომშვებები?
RWA-ების ბლოკჩეინზე გაშვება ხდება გამომშვებების მიერ განხორციელებული სამი ძირითადი აქტივობის წყალობით:
ისინი შეიძენენ რეალური სამყაროს მატერიალურ აქტივებს.
ამის შემდეგ ამ აქტივებს გარდაქმნიან ციფრულ აქტივებად ტოკენიზაციის პროცესის მეშვეობით.
შემდეგ ავრცელებენ ამ ტოკენებს მომხმარებლებს შორის ბლოკჩეინის ქსელის მეშვეობით.
ქვემოთ მოცემულია RWA-ს გამომშვები რამდენიმე ორგანიზაცია:
Centrifuge: ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაცია, რომელიც გასცემს კერძო საკრედიტო სესხებს ბლოკჩეინზე.
Franklin Templeton: TradFi-ს გიგანტი, რომელიც დაარსდა 1947 წელს. მისი მართვის ქვეშ არსებული აქტივების (AUM) მოცულობა შეადგენს 1,5 ტრილიონ აშშ დოლარს. ახლახან მათ დაიწყეს ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების ტოკენების გამოშვება.
WisdomTree: ბირჟაზე სავაჭრო პროდუქტების ბაზრის ლიდერი, რომლის მართვის ქვეშ არსებული აქტივების (AUM) მოცულობა თითქმის 96 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
DeFi-ში RWA-ების გამოყენების დადებითი მხარეები
რეალური სამყაროს აქტივების ტოკენიზაციას (RWA-ების) რამდენიმე მიმზიდველი უპირატესობა გააჩნია, რაც გავლენას ახდენს საინვესტიციო სტრატეგიების და კრიპტო ფინანსების ეკოსისტემის ჩამოყალიბებაზე.
ლიკვიდურობის ზრდა: აქტივების, მაგალითად უძრავი ქონების ტოკენიზაციით ხდება ტრადიციულად არალიკვიდური და ნელა მოძრავი ფასების მქონე აქტივების ტოკენებად გარდაქმნა. ეს ტოკენები ინვესტორთა დიდ ჯგუფებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საბაზისო აქტივით ვაჭრობაში.
წილობრივი მფლობელობა: წილობრივი მფლობელობა RWA-ების გამოყენების ერთ-ერთი საინტერესო გზაა. სხვადასხვა სახის აქტივის, მაგალითად უძრავი ქონების ტოკენებად გარდაქმნა მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ამგვარად, ინვესტორებს შეუძლიათ გააერთიანონ თავიანთი კაპიტალი და ერთობლივად შეიძინონ ქონება, რომელიც ტოკენების სახით არის წარმოდგენილი.
გამჭვირვალობა: ბლოკჩეინის გამჭვირვალე ლეჯერის წყალობით, ნებისმიერს შეუძლია RWA-თან დაკავშირებული ყოველი ტრანზაქციის და მფლობელობის ჩანაწერების გადამოწმება.
ინკლუზიურობა: DeFi არხების მეშვეობით ტოკენიზებული აქტივებით ვაჭრობა ხელს უწყობს ახალი ბაზრების და ფინანსური ინსტრუმენტების გაჩენას. ეს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს არსებულ ინვესტორებს და ამასთანავე იზიდავს ახალ მონაწილეებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური ეკოსისტემის სტაბილურობას და ზრდას.
DeFi-ში RWA-ების გამოყენების უარყოფითი მხარეები
RWA გვთავაზობს ფიზიკური აქტივების ციფრულ ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების ინოვაციურ მიდგომას. თუმცა ის ასევე დაკავშირებულია შეზღუდვებთან და გამოწვევებთან.
რეგულაციებთან დაკავშირებული სირთულეები: RWA-ების და DeFi-ს რეგულაციებთან შესაბამისობისთვის განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება რთული პროცესია. ეს მოთხოვნები შეიძლება განსხვავდებოდეს აქტივების, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის იურისდიქციის ან სულაც ტოკენიზაციისთვის გამოყენებული ბლოკჩეინის პლატფორმის მიხედვით.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები: RWA-ების შემთხვევაში, აუცილებელია შენარჩუნებულ იქნას კავშირი ფიზიკურ აქტივსა და ციფრულ ტოკენს შორის. ეს კავშირი უნდა იყოს თაღლითობისგან და სამართლებრივი დავებისგან დაცული.
მასშტაბირებადობა: RWA ტოკენიზაციის პლატფორმებს ესაჭიროება ტრანზაქციების და მონაცემების მაღალი გამტარუნარიანობა
შეჯამება
RWA-ები წარმოადგენს DeFi-ს საინტერესო პროექტს, რომელიც ზრდის ამ სისტემის და მისი მომხმარებლების შესაძლებლობებს. ისინი გვთავაზობს ერთიან ფინანსურ სამყაროს შექმნის პერსპექტივას, სადაც ტრადიციული და დეცენტრალიზებული ფინანსები ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. თუმცა ამისათვის საჭიროა მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გადალახვა, რაც მოიცავს რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანას და ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ კონსულტანტს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.