DeFi შემოსავლის ფარმინგის შესახებ საკუთარი მოკვლევის ჩატარების ოთხი გზა
მთავარი
სტატიები
DeFi შემოსავლის ფარმინგის შესახებ საკუთარი მოკვლევის ჩატარების ოთხი გზა

DeFi შემოსავლის ფარმინგის შესახებ საკუთარი მოკვლევის ჩატარების ოთხი გზა

გამოქვეყნებული Mar 7, 2023განახლებული Jul 20, 2023
7m

TL;DR

შემოსავლის ფარმინგი გულისხმობს კრიპტო აქტივების გამოყენებას პასიური შემოსავლის ან მოგების მისაღებად. ეს ჩვეულებრივ მოიცავს DeFi პროტოკოლებისათვის ლიკვიდურობის მიწოდებას, კრიპტო აქტივების გასესხებას ან სტეიკინგზე განთავსებას ჯილდოების სანაცვლოდ. შემოსავლის ფარმინგში მონაწილე ზოგიერთი ფერმერი ყველა ამ მეთოდს ერთდროულად იყენებს. ისევე, როგორც კრიპტოსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა, შემოსავლის ფარმინგიც არ არის დაზღვეული რისკებისგან. დროებითი ზარალი, პროგრამული ხარვეზები სმარტ კონტრაქტებში ან პროტოკოლებში, მაღალი გაზის საკომისიოები - ეს შემოსავლის ფარმინგთან დაკავშირებული რისკების არასრული ჩამონათვალია.

აქედან გამომდინარე, შემოსავლის ფარმინგში თანხების დაბანდებამდე, ფერმერებმა უნდა ჩაატარონ საფუძვლიანი მოკვლევა. ეს პროცესი მოიცავს გუნდის შემადგენლობის, უსაფრთხოების, ტოკენის ტიპის და ინვესტიციასთან დაკავშირებული გრაფიკის შესწავლას. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მოკვლევის ჩატარება (DYOR) სრულად არ გამორიცხავს კრიპტოს დაკარგვის საფრთხეს, მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს რისკები.

შესავალი

მარტივად რომ ვთქვათ, შემოსავლის ფარმინგი იყენებს უმოქმედო კრიპტო აქტივებს საპროცენტო სარგებლის მისაღებად. სმარტ კონტრაქტების საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ გაასესხონ საკუთარი კრიპტო და სანაცვლოდ მიიღონ ჯილდოები. დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ეკოსისტემაში, კრიპტოს მეშვეობით შემოსავლის გენერირების რამდენიმე გზა არსებობს, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია შემდეგი მეთოდები:

  1. აქტივების გასესხება კრიპტოს გასესხების პროტოკოლის გამოყენებით.

  2. კრიპტოვალუტის სტეიკინგი პროტოკოლში.

  3. ლიკვიდურობის პროვაიდერის (LP) ფუნქციის შესრულება DeFi პროტოკოლისთვის (მაგ. დეცენტრალიზებული ბირჟისთვის (DEX)) და სანაცვლოდ LP ჯილდოების მიღება (იხილეთ LP ტოკენები).

პასიური შემოსავლის მისაღებად, შემოსავლის ფარმინგის მონაწილეთა უმეტესობა იყენებს ზემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე მეთოდს. ისევე, როგორც სხვა DeFi შესაძლებლობები, შემოსავლის ფარმინგიც დაკავშირებულია რისკებთან. თუ გადაწყვეტილი გაქვთ გახდეთ შემოსავლის ფარმინგის მონაწილე ან უბრალოდ გაინტერესებთ მისი მუშაობის მექანიზმი, გირჩევთ ჩაატაროთ საფუძვლიანი მოკვლევა.

შემოსავლის ფარმინგთან დაკავშირებული რისკები

დროებითი ზარალი

შემოსავლის ფარმინგთან და ზოგადად DeFi სივრცესთან დაკავშირებულ ყველაზე დიდ რისკს ალბათ დროებითი ზარალი წარმოადგენს. როდესაც კრიპტოს მფლობელი მონაწილეობს შემოსავლის ფარმინგში, ის ახდენს საკუთარი კრიპტოს ბლოკირებას განსაზღვრული დროის განმავლობაში, რის გამოც ამ აქტივების ლიკვიდურობა მცირდება.

დროებით ზარალს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც თქვენი ტოკენების ფასი იცვლება პულში განთავსების მომენტში მათ ფასთან მიმართებაში. რაც უფრო დიდია ცვლილება, მით მეტია დანაკარგი მიუხედავად იმისა, თუ რა მიმართულებით იცვლება ეს ფასი.  

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლის ფარმინგით მიღებულმა მოგებამ შესაძლოა ზარალი დაფაროს, ეს ყოველთვის არ ხდება და ზარალის რისკი მაინც მაღალია. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის, გაეცანით სტატიას დროებითი ზარალის დეტალური განმარტება.

ჰაკერული თავდასხმები

DeFi პროტოკოლები სმარტ კონტრაქტებით კონტროლდება, შესაბამისად, სმარტ კონტრაქტის კოდში არსებულმა ნებისმიერმა პროგრამულმა ხარვეზმა შესაძლოა ტოკენის ღირებულება ნულამდე დასწიოს. ამას ემატება ფაქტი, რომ ჰაკერს შეუძლია ამ პროგრამული ხარვეზის ან უსაფრთხოების პრობლემის გამოყენება პროექტის მანიპულირებისთვის. 

თაღლითობები

ნებისმიერს, რომელსაც ბოროტი განზრახვა და სათანადო უნარები გააჩნია, შეუძლია შექმნას DeFi პლატფორმა და გაასაღოს ის შემოსავლის ფარმინგის ლეგიტიმურ საიტად.  ეს შესაძლებელია, რადგან DeFi პროექტები ღია კოდზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და საჯაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია საწყისი კოდის კოპირება და ახალი პროექტის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს პროექტებში ადრე ჩართული პირები დიდ შემოსავალს იღებენ, სანამ პროექტში ჩაერთვებით კარგად დაფიქრდით, რადგან მაღალი ჯილდოები მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.

ახლად გაშვებული შემოსავლის ფარმინგის პლატფორმების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეიძლება უფრო რთული იყოს, რადგან მომხმარებლების შეფასებები და გამოხმაურებები გაცილებით მცირე რაოდენობითაა. მსგავს პლატფორმებთან ურთიერთობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ რადგან შესაძლოა ვერ შეძლოთ შეტანილი თანხების გატანა ან ჯილდოების მიღება.

მაღალი გაზის საკომისიოები

ქსელის გადატვირთვაც ჩვეულებრივ გაზის საკომისიოების ზრდა მოსდევს. გადასახადების ამგვარი ზრდა გავლენას ახდენს შემოსავლის ფარმინგის მონაწილეების მოგების მაჩვენებელზე, რადგან ფარმინგით მიღებული შემოსავალი შესაძლოა გაზის საკომისიოს გადასახადების დაფარვას მოხმარდეს. მაშინაც კი, თუ ისინი საკუთარი აქტივების პულში დატოვებას გადაწყვეტენ, კვლავ რჩევა სხვა რისკები, როგორიცაა დროებითი ზარალის და ლიკვიდაციის საფრთხე.

საკუთარი მოკვლევის ჩატარების გავრცელებული მეთოდები

უსაფრთხოება

ჰაკერული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია შემოსავლების ფარმინგის და DeFi პროტოკოლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მსგავსი თავდასხმების რისკის შესამცირებლად, საჭიროა დარწმუნდეთ, რომ უკავშირდებით სანდო წყაროს, რომელსაც ჩატარებული აქვს სმარტ კონტრაქტების კოდის აუდიტი. მოიძიეთ DeFi პროექტები, რომელთა სმარტ კონტრაქტებს საფუძვლიანი აუდიტი აქვთ გავლილი.

ბევრი DeFi პროექტი წარმოიქმნა წარმატებული პროექტის, მაგალითად UniSwap-ის fork-ის მეშვეობით. თუმცა ბევრი პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა ქსელის ეფექტების, ლიკვიდურობის არარსებობის ან სხვა მიზეზის გამო. რაც კიდევ უარესია, ზოგიერთი მათგანი თაღლითობის მიზნით იქმნება. მაგალითად, თაღლითებმა შეიძლება შექმნან fork-ი, სცადონ ლიკვიდურობის თანხების მოზიდვა და შემდეგ გაუჩინარდნენ მიღებულ ტოკენებთან ერთად.

ასევე აუცილებელია ვიცოდეთ პროექტის ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობის (TVL) შესახებ, რაც გულისხმობს ამჟამად პროტოკოლში ბლოკირებულ მთლიან თანხას. თუ TVL საეჭვოდ დაბალია, ეს შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, რომ პროტოკოლის კაპიტალი შესაძლოა კიდევ უფრო მცირეა, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ფერმერები ნაკლებ შემოსავალს მიიღებენ.

ტოკენი

სხვადასხვა პული გვთავაზობს სხვადასხვა აქტივების გამომუშავების განსხვავებულ შესაძლებლობებს, რაც მოიცავს სტეიბლკოინებს და blue-chip ტოკენებს (ანუ პოპულარული ბლოკჩეინ პროექტების ტოკენებს, როგორებიცაა Bitcoin-ი და Ethereum-ი). პროტოკოლებმა ასევე შეიძლება საკუთარი ტოკენები გადასცენ სტეიკინგში მონაწილეებს და ლიკვიდურობის პროვაიდერებს.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ პროტოკოლს შეუძლია საკუთარი ტოკენი თავის სერვისებისთვის რამდენიმე მეთოდით გამოიყენოს. მაგალითად, მან შეიძლება ტოკენი გამოიყენოს, როგორც მარკეტინგული ტაქტიკის ნაწილი, მეტი მომხმარებლის მოსაზიდად. შესაბამისად, ყოველთვის გადაამოწმეთ, თუ რომელ ტოკენს მიიღებთ შემოსავლის ფარმინგის მეშვეობით.

გრაფიკი

ხშირად ახალი DeFi პროტოკოლები თავიანთ პირველ მომხმარებლებს უფრო მაღალ ჯილდოებს გთავაზობენ, რისი მიზანიცაა ლიკვიდურობის გაზრდის მცდელობა. ეს მომხმარებლებს აძლევს სტიმულს გარისკოს და თანხა დააბანდოს ახალ ან გამოუცდელ პროდუქტში ან სერვისში. 

მიუხედავად იმისა, რომ პირველმა მომხმარებლებმა შესაძლოა საკმაოდ მაღალი ჯილდოები მიიღონ, ეს მაინც მაღალი რისკის საქმიანობას წარმოადგენს — შემოსავლის ფარმინგის ამ პროტოკოლმა შეიძლება წარმატება ვერ მოიპოვოს. შესაბამისად, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ უბრალოდ დაკარგეთ ფული და დრო. 

შემოსავლის ფარმინგში მონაწილე მომხმარებლებმა სათანადოდ უნდა შეაფასონ არსებული ვარიანტები, გაითვალისწინონ ყველა ფაქტორი და სხვა შესაძლებლობები. ტოკენის ინფლაციის და, შესაბამისად, მისი ფასის დაცემის რისკის გამო, ახალ DeFi პროტოკოლებს მაღალი ჯილდოების შემოთავაზება ხანგრძლივი პერიოდით არ შეუძლიათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთი ფერმერებისთვის ჯილდოებს ადგილობრივ ტოკენებში გასცემენ.

გუნდი

ინფორმაციის მოძიების დროს, ყურადღება მიაქციეთ შემოსავლის ფარმინგის მთავარ გვერდზე არსებულ შეცდომებს – ეს შეცდომები შეიძლება გუნდის არაპროფესიონალიზმზე, ან სულაც თაღლითობაზე მიანიშნებდეს. იდეალურ შემთხვევაში, ვებ-გვერდის დიზაინი უნდა იყოს მიმზიდველი და პროფესიონალურად შესრულებული, არ უნდა შეიცავდეს ორთოგრაფიულ შეცდომებს და არასწორ ბმულებს. გუნდის საიმედოობის შეფასების კიდევ ერთი გზაა იმის შემოწმება, თუ რამდენად რეგულარულად ხორციელდება მათი პროექტის აუდიტი გარე და დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ.

გუნდი უნდა წარმოადგენდეს მეწარმეების, პროდუქტის მენეჯერების, დეველოპერების, პროგრამული ინჟინრების, მარკეტინგის სპეციალისტების და ფინანსური ექსპერტების კარგად დაბალანსებულ ნაკრებს. თუ გუნდის შემადგენლობაში ცნობილი კონსულტანტიც შედის, ეს ამ პროექტის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს.

თუ ამის საშუალება გაქვთ, ასევე სასურველია ინფორმაცია შეაგროვოთ გუნდის ინდივიდუალური წევრების შესახებ. დასაწყისისთვის, შეამოწმეთ სოციალური ქსელების ანგარიშები, რათა შეიტყოთ წარსულში მათი მიღწევების შესახებ, ასევე გაეცანით მათ აქტივობებს სხვადასხვა პლატფორმებზე, როგორიცა LinkedIn, GitHub, Reddit, TradingView და YouTube.

სოციალურ მედიის აქტივობების საშუალებით შეგიძლიათ გაეცნოთ მათ უნარებს, გამოცდილებას და გავლენებს. ზოგადად, ნაკლებად სავარაუდოა კარგი რეპუტაციის მქონე გუნდის თაღლითობაში მონაწილეობა.

შეჯამება

შემოსავლის ფარმინგი შესაძლოა პასიური შემოსავლის ეფექტურ სტრატეგიას წარმოადგენდეს მათთვის, ვისაც რისკის ეფექტურად მართვაში დიდი გამოცდილება გააჩნია. თუმცა, შემოსავლის ფარმინგის, და ზოგადად კრიპტო ბაზრების არასტაბილური ბუნების გამო, შემოსავლის ფარმინგის ძლიერი სტრატეგიის დაგეგმვას ესაჭიროება სიფხიზლე, ძალისხმევა და დრო.

თუ ფიქრობთ შემოსავლის ფარმინგში მონაწილეობაზე, რისკის შესამცირებლად სასურველია გაითვალისწინოთ ზემოთაღნიშნული მეთოდების გამოყენება. გარდა ამისა, ნებისმიერ ფინანსურ პროდუქტში ინვესტიციის განხორციელებამდე, საჭიროა საფუძვლიანი მოკვლევის ჩატარება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი და რისკის შესახებ გაფრთხილება: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ არის ფინანსური რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ჩვენი გამოყენების პირობები და რისკის შესახებ გაფრთხილება.