მთავარი
ლექსიკონი
საჯარო ბლოკჩეინი

საჯარო ბლოკჩეინი

საჯარო ბლოკჩეინები წარმოადგენს ღია ქსელებს, რომლებიც ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს კონსენსუსის პროცესში ნებართვის, დამოწმების ან ავტორიზაციის გარეშე.

ქვემოთ მოცემულია საჯარო ბლოკჩეინების ძირითადი მახასიათებლების არასრული ჩამონათვალი:

  • ტრანზაქციების გამჭვირვალობა

  • ანონიმურობა

  • ცენტრალური მართვის ცენტრის არარსებობა

  • ღია პროგრამული კოდი

საჯარო ბლოკჩეინების მაგალითებია Bitcoin (BTC), Ethereum (ETH) და BNB Smart Chain (BNB). ინტერნეტში ჩართულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს ქსელს, გაგზავნოს და მიიღოს ტრანზაქციები, ნახოს პროგრამული კოდი და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის გაუმჯობესებაში, ამუშაოს ნოდი და მონაწილეობა მიიღოს კონსენსუსის პროცესში.
ნებართვის საჭიროების მქონე ბლოკჩეინის შემთხვევაში კი, მისი კონტროლი ხდება ცენტრალიზებული სუბიექტის მიერ. ამ ქსელების შემთხვევაში, რომელთაც ასევე კერძო ბლოკჩეინებს უწოდებენ, არსებობს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის შეუძლია ტრანზაქციების ვერიფიკაცია და განაწილებულ ლეჯერებში შეყვანილ ინფორმაციასთან ურთიერთქმედება. როგორც წესი, კერძო ბლოკჩეინებს იყენებენ ორგანიზაციები, რომელთაც სურთ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დანერგვა, თუმცა ამავდროულად სურთ კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა რეგულაციების მოთხოვნებიდან ან კონკურენციის მიზეზებიდან გამომდინარე.
ჩვეულებრივ, საჯარო ბლოკჩეინები უფრო მეტად დაცულია, რადგან მცირეა ქსელში თაღლითების ქმედებების წარმატების ალბათობა. თუმცა, საჯარო ბლოკჩეინი შედარებით ნელა მუშაობს და მისი მასშტაბირებადობა პრობლემას წარმოადგენს. მას მოცემულ პერიოდში მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ტრანზაქციის ავთენტიფიკაცია შეუძლია.
მოკლედ რომ ვთქვათ, საჯარო ბლოკჩეინები გვთავაზობს დეცენტრალიზაციის შესაძლებლობას და მისი გამოყენება ნებისმიერ პირს შეუძლია, კერძო ბლოკჩეინები კი უფრო მეტად ცენტრალიზებულია და მასთან წვდომაც შეზღუდულია. ჩვეულებრივ, დეცენტრალიზაციის მიღწევა შესაძლებელია სიჩქარის და მასშტაბირებადობის დათმობის ხარჯზე.