შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკი ფინანსებისა და ინვესტიციის სამყაროს ერთ-ერთი ძირითადი კონცეფციაა. ის აღნიშნავს იმის ალბათობას, რომ ფინანსურ ტრანზაქციაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე ვერ ან არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რითაც მეორე მხარეს დააზარალებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის რისკი, რომ შემხვედრი მხარე ვერ ან არ შეასრულებს შეთანხმების პირობას.
შემხვედრ მხარესთან დაკავშირებულ რისკებს ადგილი აქვს სხვადასხვა სიტუაციაში, მათ შორის საბანკო ან კრიპტოვალუტის სამყაროში. დაცული არც საჯარო სექტორია და არც კერძო; დაზარალებულებს შორის შესაძლოა ინდივიდები, კორპორაციები და მთავრობებიც აღმოჩნდნენ. შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკის გაგება და მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისთვის და მარეგულირებელი ორგანოებისთვის, რათა შენარჩუნდეს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და მთლიანობა.
რისკის მთავარი წყარო პოტენციური გადახდისუუნარობა ან ვალდებულების შეუსრულებლობაა. თუ შემხვედრი მხარე გადახდისუუნაროა, ეს ნიშნავს, რომ დაკისრებულ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, რაც პოტენციურად მეორე მხარეს დააზარალებს. გადახდისუუნარობის მიზეზი შეიძლება გახდეს ფინანსების არასწორად მართვა, ეკონომიკური კრიზისი, ოპერაციული შეცდომები, ლეგალური პრობლემები ან თაღლითობა.
განვიხილოთ შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკი კრიპტო ტრანზაქციაში. ელისს უნდა ბობს ether (ETH) DeFi პლატფორმის გამოყენებით ასესხოს. ტრანზაქციის პირობები სმარტ კონტრაქტით შემდეგნაირად არის გაწერილი: ბობი ელისისგან $700 ღირებულების ETH-ს ისესხებს, უზრუნველყოფის სახით კი $1000 ღირებულების A ტოკენს დატოვებს.
დავუშვათ, ბაზრის მერყეობის გამო, A ტოკენის ფასი $500-მდე შემცირდა. თუ ბობი სესხს ვერ გადაიხდის, ელისი თავისი $700-ის დაკარგვის რისკის წინაშე დგება, რადგან უზრუნველყოფის თანხა უკვე $500-ს შეადგენს.
რეალურ სიტუაციაში არსებობს მსგავსი სესხის კონტრაქტების ლიკვიდაციის კოეფიციენტი. მაგალითად, როდესაც A ტოკენის ღირებულება $850-მდე ეცემა, სმარტ კონტრაქტს შეუძლია განახორციელოს ბობის A ტოკენის ლიკვიდაცია ელისისთვის ზარალის ასარიდებლად, თუმცა შესაძლოა ეს საკმარისად სწრაფად ვერ მოხდეს და ელისი მაინც დაზარალდეს.
ეს DeFi სივრცეში დაფიქსირებული შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკის მაგალითია, სადაც რისკის წარმოშობის მიზეზი მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობაა, რის შედეგადაც გამსესხებელი ზარალდება.
შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკის ეფექტურად მართვისთვის, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი დეტალი კრედიტუნარიანობაა. კრედიტუნარიანობა ეწოდება შემხვედრი მხარის მიერ ფინანსური ვალდებულებების შესრულების უნარს. მის გამოსათვლელად ტარდება სხვადასხვა ფაქტორის ანალიზი, როგორებიცაა საკრედიტო რეიტინგი, ფინანსური ამონაწერები, სესხის კოეფიციენტები, ფულის მოძრაობის შაბლონები და ინდუსტრიის ზოგადი სურათი. მაღალი კრედიტუნარიანობა შემხვედრ მხარესთან დაკავშირებულ დაბალ რისკზე მიუთითებს, დაბალი კი - მაღალ რისკზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ექსპოზიციის კონცენტრაციაა. ექსპოზიციის კონცენტრაცია აღნიშნავს, თუ რამდენად არის დამოკიდებული მხარე მხოლოდ ერთ შემხვედრ მხარეზე ან მათ მცირე ჯგუფზე. შემხვედრი მხარეების დივერსიფიკაცია კონცენტრაციის და ზოგადად შემხვედრ მხარესთან დაკავშირებულ რისკებს ამცირებს. ხშირად რეკომენდებულია თითოეულ შემხვედრ მხარესთან ექსპოზიციის 10%-იანი ლიმიტის დაწესება რისკის ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად. თუმცა პრაქტიკაში შესაძლოა ეს ზღვარი გაიზარდოს ან შემცირდეს.
ამას გარდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონტრაქტის წესები და პირობები. საკონტრაქტო შეთანხმება შესაძლოა მოიცავდეს შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკების შემცირების გზებს, როგორიცაა უზრუნველყოფის მოთხოვნა, მარჟინ-ქოლები და შეწყვეტის პირობები. ეს ზომები ვაჭრობაში ჩართული მხარეების ინტერესებს იცავს და გადახდისუუნარობის შემთხვევაში პოტენციური რისკების შემცირების მექანიზმს მოიცავს.
შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკის შემცირების ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგია არის უზრუნველყოფა. ის მოიცავს პოტენციური რისკების შესამცირებლად შემხვედრი მხარეებისგან უზრუნველყოფის მოთხოვნას, ჩვეულებრივ აქტივების სახით, როგორიცაა ნაღდი ფული და ფასიანი ქაღალდები. გადახდისუუნარობის შემთხვევაში უზრუნველყოფის თანხა დანაკარგის დასაფარად იქნება ლიკვიდირებული.
შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკის მართვისთვის უმნიშვნელოვანესია აქტიური მონიტორინგი და რისკების მართვა. შემხვედრი მხარის ფინანსური მდგომარეობის და კრედიტუნარიანობის რეგულარული მონიტორინგი სახიფათო ნიშნებისა და პოტენციური რისკების შეფასებაში დაგეხმარებათ. სახიფათო ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში პროაქტიულად უნდა იმოქმედოთ, შეამციროთ ექსპოზიცია, თავიდან შეთანხმდეთ პირობებზე ან საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული შემხვედრი მხარეები მოძებნოთ.
რთული პროცენტი აღნიშნავს პროცენტს, რომელიც ირიცხება ძირითად თანხაზე, რომელზეც დამატებულია წინა პერიოდებში დ...