აკრონიმი IOU იშიფრება, როგორც „I owe you“ (მე შენი ვალი მაქვს) და არის არაფორმალური დოკუმენტი, რომლითაც ხდება ერთი მხარის ვალის დადასტურება მეორე მხარის მიმართ. როგორც წესი, ეს ვალი გულისხმობს ფინანსურ ვალდებულებას, თუმცა ეს შეიძლება იყოს სხვა სახის პროდუქტიც, მაგალითად ფიზიკური პროდუქტები ან ქონება.
IOU-ს არაოფიციალური ბუნების გამო, ის ნაკლებად სანდოდ მიიჩნევა და ობლიგაციებისა და თამასუქისგან განსხვავებით, არ ითვლება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ IOU-ს შედგენა და მასზე ხელის მოწერა არ აკისრებს მოვალე მხარეს ვალის გადახდასთან დაკავშირებულ არავითარ იურიდიულ ვალდებულებას.
IOU შესაძლოა იყოს უბრალოდ ქაღალდზე დაწერილი რამდენიმე წინადადება ან სიტყვიერი შეთანხმება ერთი ოჯახის წევრებს შორის. ზიგიერთ შემთხვევაში, კომპანიები IOU-ებს იყენებენ სხვა კომპანიის ან თანამშრომლების მიმართ მათი ფინანსური ვალდებულების ოდენობის ჩასანიშნად.
რეალურად, IOU სხვა არაფერია, თუ არა უბრალო ჩანაწერი, რომელსაც ადამიანები ქმნიან იმისთვის, რომ არ დაავიწყდეთ ვალის საჭირო დროს გადახდა. ზოგიერთ შემთხვევაში, IOU-ები მოიცავს მხარეების სახელებს (ან კომპანიების სახელწოდებებს), თანხის ოდენობას, ხელმოწერას და შექმნის თარიღს. თუმცა IOU-ები, როგორც არაოფიციალური დოკუმენტები, არ მოიცავს არავითარ ინფორმაციას მითითებულ დროში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ.