Delegated Proof of Stake (DPoS) კონსენსუსის ალგორითმს საზოგადოების დიდი ნაწილი მისი წინამორბედის, PoS მექანიზმის ბევრად ეფექტურ და დემოკრატიულ ვერსიად მიიჩნევს.
როგორც PoS, ისე DPoS გამოიყენება Proof of Work კონსენსუსის ალგორითმის ალტერნატივის სახით, რადგან PoW სისტემა, მისი დიზაინის გამო, მოითხოვს დიდი ოდენობით გარე რესურსების გამოყენებას. Proof of Work ალგორითმი უცვლელი, დეცენტრალიზებული და გამჭვირვალე განაწილებული ლეჯერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დიდი ოდენობით კომპიუტერულ სიმძლავრეს იყენებს. ამის საპირისპიროდ, PoS და DPoS ალგორითმების შემთხვევაში მცირდება მოთხოვნა რესურსებზე და გარდა ამისა, ისინი უფრო მდგრადი და ეკოლოგიურია. Delegated Proof of Stake ალგორითმის მუშაობის პრინციპის სათანადოდ აღსაქმელად, პირველ რიგში საჭიროა გავეცნოთ Proof of Work და Proof of Stake ალგორითმების საფუძვლებს.
Proof of Work (PoW)
კრიპტოვალუტის სისტემების უმეტესობა მუშაობს განაწილებულ ლეჯერზე, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება, მათ მიერ გამოყენებული პირველი კონსენსუსის ალგორითმი კი Proof of Work ალგორითმი გახლავთ. ის არის Bitcoin პროტოკოლის ძირითადი კომპონენტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ახალი ბლოკების გენერირება და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მაინინგის პროცესის ფარგლებში). Bitcoin შეიქმნა, როგორც ცენტრალიზებული და ნაკლებ ეფექტური ტრადიციული გლობალური მონეტარული სისტემის ალტერნატივა. PoW-მა წარმოადგინა ეფექტური კონსენსუსის პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც გაქრა თანხების გადარიცხვის პროცესებში ცენტრალური მართვის რგოლის ჩარევის საჭიროება. მან უზრუნველყო დეცენტრალიზებული გადახდების რეალურ დროში ანგარიშსწორების შესაძლებლობა Peer-to-Peer ეკონომიკურ ქსელზე, რითაც გაქრა პროცესებში შუამავლების ჩარევის საჭიროება და შემცირდა ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.
სხვა ტიპის ნოდებთან ერთად, Proof of Work სისტემას მართავს მაინინგის ნოდების ქსელი, რომელიც იყენებს სპეციალურ აპარატურას (ASIC-ები) რთული კრიპტოგრაფიული ამოცანების ამოხსნის მიზნით. ახალი ბლოკის შექმნა ხდება საშუალოდ ყოველ 10 წუთში ერთხელ. მაინერი ბლოკჩეინზე ახალი ბლოკის დამატებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იპოვის ამ ბლოკის შესაბამისი ამოცანის ამოხსნის გზას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაინერი ამის გაკეთებას შეძლებს მხოლოდ proof of work-ის განხორციელების შემდეგ, რის სანაცვლოდაც ის მოიპოვებს ახლად შექმნილ მონეტებს და ამ კონკრეტულ ბლოკში შემავალი ყველა ტრანზაქციის საკომისიოს. თუმცა, ამ ყველაფრის სანაცვლოდ საჭიროა დიდი ოდენობით ენერგიის დახარჯვა და უამრავ წარუმატებელ მცდელობასთან შეგუება. გარდა ამისა, ASIC აპარატურა საკმაოდ ძვირადღირებულია.
აქტუალურია კითხვა, გარდა სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფისა, კიდევ რისთვის და რა მასშტაბით შეიძლება PoW სისტემის გამოყენება - ეს განსაკუთრებით ეხება მასშტაბირებადობას (წამში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია). მიუხედავად ამისა, PoW ბლოკჩეინები ითვლება ყველაზე უსაფრთხო და სანდო სისტემებად და კვლავ რჩება საიმედო ტექნოლოგიის სტანდარტად.
Proof of Stake (PoS)
Proof of Stake კონსენსუსის ალგორითმი გახლავთ Proof of Work-ის ყველაზე პოპულარული ალტერნატივა. PoS სისტემები შექმნილია PoW-ზე დაფუძნებული ბლოკჩეინებისთვის დამახასიათებელი ხარვეზების და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. ეს განსაკუთრებით ეხება PoW მაინინგთან დაკავშირებულ ხარჯებს (ენერგიის მოხმარება და აპარატურა). Proof of Stake ბლოკჩეინის უსაფრთხოების სისტემა ექვემდებარება ობიექტურ წესებს. ამ სისტემების ფარგლებში არ ხორციელდება მაინინგი, ხოლო ახალი ბლოკების ვალიდაცია ხდება სტეიკინგზე განთავსებული მონეტების რაოდენობის შესაბამისად. რაც უფრო მეტი მონეტა აქვს განთავსებული სტეიკინგზე, მით უფრო მაღალია ამ მომხმარებლის ბლოკის ვალიდატორად (რომელსაც ასევე უწოდებენ minter-ს ან forger-ს) არჩევის ალბათობა.
PoW სისტემები დამოკიდებულია გარე ინვესტიციებზე (ენერგიის მოხმარება და აპარატურა), ხოლო Proof of Stake ბლოკჩეინი უზრუნველყოფილია შიდა ინვესტიციით (თავად კრიპტოვალუტა).
ამასთან, PoS სისტემების წყალობით, ბლოკჩეინზე თავდასხმა უფრო დიდ ხარჯებთანაა ასოცირებული, რადგან წარმატებული თავდასხმის განსახორციელებლად საჭიროა არსებული მონეტების მარაგის სულ მცირე 51%-ის ფლობა. წარუმატებელი თავდასხმები გამოიწვევს უზარმაზარ ფინანსურ ზარალს. მიუხედავად PoS-ის დადებითი მხარეებისა და მისი ეფექტურობის დამამტკიცებელი უამრავი არგუმენტისა, ეს სისტემები ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა და საჭიროა მათი გამოცდა შედარებით ფართო მასშტაბებზე.
Delegated Proof of Stake (DPoS)
Delegated Proof of Stake (DPoS) კონსენსუსის ალგორითმი შექმნა დანიელ ლარიმერმა, 2014 წელს. Bitshares, Steem, Ark და Lisk გახლავთ კრიპტოვალუტების პროექტები, რომლებშიც გამოიყენება DPoS კონსენსუსის ალგორითმი.
DPoS-ზე მომუშავე ბლოკჩეინი ეფუძნება ხმის მიცემის სისტემას, რომლის ფარგლებში დაინტერესებული პირები საკუთარ სამუშაოს მესამე მხარეებს გადააბარებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ შეუძლიათ ხმა მისცენ რამდენიმე დელეგატს, რომლებიც მათ ნაცვლად უზრუნველყოფენ ქსელის უსაფრთხოებას. დელეგატებს ასევე მოწმეების სახელითაც მოიხსენიებენ, რადგან მათ პასუხისმგებლობას წარმოადგენს კონსენსუსის მიღწევა ახალი ბლოკების გენერირების და ვალიდაციის პროცესების მიმდინარეობისას. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის უფლებას მომხმარებლები მათ საკუთრებაში არსებული მონეტების რაოდენობის მიხედვით მოიპოვებენ. ხმის მიცემის სისტემა განსხვავებულია ყველა პროექტისთვის, თუმცა ეფუძნება ერთ ზოგად პრინციპს: თითოეული დელეგატი წარმოადგენს კონკრეტულ შემოთავაზებას და აინიცირებს ამ შემოთავაზებასთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესს. როგორც წესი, დელეგატების მიერ მიღებული ჯილდოები თანაბრად ნაწილდება მათ შესაბამის ამომრჩევლებზე.
შესაბამისა, DPoS ალგორითმის მეშვეობით იქმნება ხმის მიცემის სისტემა, რომელიც პირდაპირ კავშირშია დელეგატის რეპუტაციასთან. არჩეული ნოდის არაკეთილსინდისიერი ქმედების ან არაეფექტურად მუშაობის დაფიქსირების შემთხვევაში, მარტივად მოხდება მისი სხვა ნოდით ჩანაცვლება.
ეფექტურობის თვალსაზრისით, DPoS ბლოკჩეინები გამოირჩევა მასშტაბირებადობის უფრო მაღალი დონით, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია PoW და PoS ალგორითმებთან შედარებით წამში უფრო მეტი ტრანზაქციის დამუშავება (TPS).
DPoS და PoS
მიუხედავად PoS-სა და DPoS-ს შორის არსებული მსგავსებისა, უნდა აღინიშნოს, რომ DPoS გახლავთ ინოვაციური დემოკრატიული ხმის მიცემის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება ბლოკების შემქმნელების არჩევა. DPoS სისტემა უზრუნველყოფილია ხმის მიცემის პროცესში მონაწილე პირების მიერ. იმისათვის, რომ დელეგატებმა მიიღონ ხმები, აუცილებელია, რომ მათ მიერ განხორციელებული ქმედებები და პროცესები ემსახურებოდეს კეთილსინდისიერ და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნებს. გარდა ამისა, DPoS ბლოკჩეინები PoS ბლოკჩეინებთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფია წამში განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობის თვალსაზრისით.
DPoS და PoW
მაშინ, როდესაც PoS-ის ძირითად დანიშნულებას PoW-ის ხარვეზების აღმოფხვრა წარმოადგენს, DPoS ცდილობს ბლოკების წარმოების პროცესის გამარტივებას. სწორედ ეს უზრუნველყოფს DPoS სისტემების შესაძლებლობას, უფრო სწრაფად დაამუშავონ უფრო დიდი ოდენობით ბლოკჩეინ-ტრანზაქციები. DPoS-ის გამოყენების პრინციპი განსხვავდება PoW-ისა და PoS-ის გამოყენების პრინციპისგან. PoW ჯერ კიდევ მიიჩნევა ყველაზე უსაფრთხო კონსენსუსის ალგორითმად და სწორედ ამიტომ, მისი მეშვეობით ხორციელდება ყველაზე მეტი ფინანსური ტრანზაქცია. PoS ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე PoW და შესაძლებელია მისი ბევრი სხვა დანიშნულებით გამოყენება. DPoS სტეიკინგის პროცესს ბლოკის შემქმნელების არჩევის მიზნით იყენებს. აქ ბლოკების წარმოების პროცესი წინასწარაა განსაზღვრული, განსხვავებით კონკურენციაზე დაფუძნებული PoW სისტემისა. ყოველ მოწმეს აქვს ბლოკის შექმნის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა. ზოგი თვლის, რომ DPoS მიჩნეული უნდა იყოს Proof of Authority სისტემად.
DPoS ძირეულად განსხვავდება PoW და PoS ალგორითმებისგან. მისი ინტეგრირება დაინტერესებული პირების ხმის მიცემის პროცესებში ხელს უწყობს დელეგატების (ანუ მოწმეების) წახალისებას იმოქმედონ კეთილსინდისიერი და ეფექტურობის გაუმჯობესებისკენ მიმართული მიზნებით და ამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, ბლოკების წარმოების რეალური პროცესი საკმაოდ განსხვავდება PoS სისტემებისგან და უმეტეს შემთხვევაში, გამოირჩევა ეფექტურობის უფრო მაღალი დონით წამში დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობის თვალსაზრისით.