რა არის LayerZero (ZRO)?
მთავარი
სტატიები
რა არის LayerZero (ZRO)?

რა არის LayerZero (ZRO)?

გამოქვეყნებული Jun 21, 2024განახლებული Jul 26, 2024
11m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance Academy-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. ნებისმიერ ფინანსურ რისკთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამდე, ჩაატარეთ საკუთარი მოკვლევა და რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.

მთავარი დეტალები

  • LayerZero წარმოადგენს პროექტს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელს. მისი მიზანია უწყვეტი კროს-ჩეინ კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რაც მონაცემების და აქტივების ბლოკჩეინებს შორის თავისუფლად გადატანის შესაძლებლობას იძლევა.

  • ულტრა ლაით ნოდების (ULN-ები), Relayer-ების და Oracle-ების მეშვეობით, LayerZero ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და მასშტაბირებად ურთიერთთავსებადობის ტექნოლოგიას.

  • მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებით და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის (DApp-ებისთვის) ერთიანი ეკოსისტემის შექმნით, LayerZero-ს შეუძლია ხელი შეუწყოს ისეთი Web3 სექტორების განვითარებას, როგორიცაა DeFi, NFT-ები და გეიმინგი.

შესავალი

დეცენტრალიზებული სისტემების შემოთავაზებით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიამ რევოლუცია მოახდინა ციფრულ სამყაროში. თუმცა ეკოსისტემა არ არის ერთიანი, რადგან ბლოკჩეინები იზოლირებულნი არიან ერთმანეთისგან. ამ მიზეზით ჩნდება მაღალი მოთხოვნა ურთიერთთავსებადობის ტექნოლოგიების შექმნასთან და დანერგვასთან დაკავშირებით, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ერთმანეთისგან იზოლირებული, განსხვავებული ქსელების ერთმანეთთან დაკავშირება. სწორედ ერთ-ერთ ასეთ პროექტს წარმოადგენს LayerZero, რომლის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს ეს ბლოკჩეინები. 

ამ სტატიაში გავიგებთ, თუ რა არის და როგორ მუშაობს LayerZero და რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას ბლოკჩეინ სივრცეზე. გარდა ამისა, მივიღებთ საბაზისო ინფორმაციას LayerZero-ს ადგილობრივი ტოკენის (ZRO) და ZRO ტოკენის airdrop-ის შესახებ.

რა არის LayerZero?

LayerZero გახლავთ ურთიერთთავსებადობის პროტოკოლი, რომელიც შექმნილია სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის უწყვეტი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. მისი მიზანია შექმნას ერთიანი ბლოკჩეინ ეკოსისტემა, სადაც სხვადასხვა ბლოკჩეინები მარტივად შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას და სადაც შესაძლებელი იქნება მონაცემების და აქტივების ყოველგვარი სირთულის გარეშე გადატანა სხვადასხვა ქსელებს შორის. ამ შესაძლებლობის უზრუნველყოფა უაღრესად მნიშვნელოვანია დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) განვითარებისთვის, რომლებსაც სჭირდება მრავალ სხვადასხვა ბლოკჩეინთან ურთიერთქმედება მათი უნიკალური მახასიათებლებითა და რესურსებით სარგებლობის მიზნით.

LayerZero-ს ძირითადი მახასიათებლები

1. ურთიერთთავსებადობა

LayerZero-ს მთავარი მიზანი კროს-ჩეინ კომუნიკაციის უზრუნველყოფაა. ეს გულისხმობს მომხმარებლების შესაძლებლობას მარტივად გადაიტანონ აქტივები და მონაცემები სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია გადაიტანოს ტოკენები Ethereum-იდან BNB Smart Chain-ზე (BSC), ცენტრალიზებული ბირჟით სარგებლობის ან სვოპის კომპლექსური პროცესის გავლის საჭიროების გარეშე.

2. ულტრა ლაით ნოდი (ULN)

LayerZero-ს ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი გახლავთ ის, რომ ის იყენებს ულტრა ლაით ნოდებს (ULN-ებს). ტრადიციული ბლოკჩეინ ხიდების მუშაობა ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია სრულ ნოდებზე ან ლაით-ნოდებზე, რაც დიდი ოდენობით რესურსების გამოყენებასთანაა დაკავშირებული. მათგან განსხვავებით, ULN-ების მეშვეობით ხდება უსაფრთხოების საჭირო ზომების უზრუნველყოფა მძლავრი გამომთვლელ რესურსების ან მაღალი სიჩქარის ინტერნეტის საჭიროების გარეშე. ეს LayerZero-ს უფრო ეფექტურს და მასშტაბირებადს ხდის.

3. Relayer-ები და Oracle-ები

LayerZero კროს-ჩეინ შეტყობინებების ვალიდაციის მიზნით relayer-ების და Oracle-ების უნიკალურ კომბინაციას იყენებს. Relayer-ების პასუხისმგებლობას წარმოადგენს ტრანზაქციების მტკიცებულებების გაგზავნა, ხოლო Oracle-ების - ვალიდაციისთვის საჭირო მონაცემების უზრუნველყოფა. ამ ორმაგი მექანიზმის მეშვეობით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ ტრანზაქციების განხორციელების პროცესს არ აკონტროლებდეს ცენტრალური რგოლი, რაც აუმჯობესებს უსაფრთხოების და ნდობის დონეს.

4. უსაფრთხოება

LayerZero-ს არქიტექტურა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უსაფრთხოების დონეს ნდობის რამდენიმე სუბიექტზე გადანაწილებით. ტრანზაქციების ვალიდაციისთვის საჭიროა Relayer-ებისა და Oracle-ების საერთო თანხმობა. ეს ამცირებს თაღლითობის ან თავდასხმების რისკებს, რადგან სისტემაზე ზემოქმედებისთვის საჭიროა ორივე მათგანის შეთანხმებული მოქმედება.

5. მასშტაბირებადობა

პროტოკოლის ეფექტური დიზაინი იძლევა დიდი ოდენობით კროს-ჩეინ ტრანზაქციების დამუშავების შესაძლებლობას ქსელის გადატვირთვის გარეშე. ზემოხსენებული მასშტაბირებადობის ფენომენი მნიშვნელოვანია კროს-ჩეინ უერთიერთქმედებებთან დაკავშირებული მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განსაკუთრებით ისეთი სფეროების შემთხვევაში, როგორიცაა დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) და არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT-ები).

6. დეველოპერებზე მორგებული

LayerZero გვთავაზობს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინსტრუმენტებისა (SDK-ები) და აპლიკაციების პროგრამირების ინტერფეისების (API-ების) ფართო არჩევანს, რაც დეველოპერებს ეხმარება კროს-ჩეინ შესაძლებლობების მათ მიერ შექმნილ DApp-ებში ინტეგრირებაში. ეს დეველოპერებს უმარტივებს მუშაობის პროცესს და ხელს უწყობს პროტოკოლის პოპულარიზაციას.

როგორ მუშაობს LayerZero

LayerZero-ს მუშაობის პრინციპის სათანადოდ აღსაქმელად საჭიროა მისი არქიტექტურისა და ძირითადი კომპონენტების ფუნქციების გაცნობა. ეს კომპონენტები გახლავთ: ულტრა ლაით ნოდები, Relayer-ები და Oracle-ები.

ულტრა ლაით ნოდები (ULN-ები)

ULN-ები წარმოადგენს მსუბუქ ნოდებს, რომლებიც გვთავაზობს სრული ნოდების ანალოგიურ უსაფრთხოებას იმავე დონის რესურსების გამოყენების საჭიროების გარეშე. ეს მიიღწევა იმით, რომ ისინი რთული გამოთვლებსა და ტრანზაქციების ვალიდაციას ახორციელებენ off-chain ობიექტების (Relayer-ების და Oracle-ების) მეშვეობით.

  • ეფექტურობა: ULN-ების შემთხვევაში არ არსებობს დიდი ოდენობით მონაცემების შენახვის ან დამუშავების საჭიროება, რაც მათ მაღალეფექტურობას განაპირობებს.

  • უსაფრთხოება: ვალიდაციის პროცესების სანდო off-chain ობიექტებზე გადატანით, ULN-ები ინარჩუნებენ უსაფრთხოების საჭირო დონეს ქსელის წარმადობაზე ზემოქმედების გარეშე.

Relayer-ები

Relayer-ების პასუხისმგებლობას წარმოადგენს ტრანზაქციების მტკიცებულებების გადატანა სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის. როდესაც ტრანზაქცია ხორციელდება ერთ ბლოკჩეინზე, relayer-ს ამ ტრანზაქციის მტკიცებულება მეორე, სამიზნე ბლოკჩეინზე გადააქვს.

  • დეცენტრალიზაცია: LayerZero-ს ქსელის ფარგლებში რამდენიმე დამოუკიდებელ Relayer-ს შეუძლია ფუნქციონირება, რაც ამცირებს ცენტრალიზაციის რისკს.

  • ვერიფიკაცია: Relayer-ებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოახდინონ ტრანზაქციების საბოლოო დადასტურება; მათი ფუნქციაა საჭირო მტკიცებულებების წარმოდგენა.

Oracle-ები

Oracle-ები უზრუნველყოფენ კროს-ჩეინ ტრანზაქციების ვალიდაციისთვის საჭირო მონაცემების მიწოდებას. ისინი მუშაობენ Relayer-ებთან ერთად და ამოწმებენ ტრანზაქციების მტკიცებულებების სიზუსტეს და სანდოობას.

  • მონაცემთა სანდოობა: Oracle-ები ტრანზაქციების დეტალების დასადასტურებლად მონაცემებს სანდო წყაროებიდან მოიპოვებენ.

  • ორმაგი ვალიდაცია: ტრანზაქციის ვალიდაციისთვის საჭიროა, რომ Relayer-ის მტკიცებულება და Oracle-ის მონაცემები ემთხვეოდეს ერთმანეთს.

ვალიდაციის პროცესი

1. ტრანზაქციის წამოწყება: მომხმარებელი წამოიწყებს ტრანზაქციის განხორციელების პროცესს საწყის ბლოკჩეინზე.

2. მტკიცებულებების გენერირება: Relayer ახდენს ტრანზაქციის მტკიცებულების გენერირებას.

3. Oracle-ის მიერ მონაცემთა უზრუნველყოფა: Oracle უზრუნველყოფს ტრანზაქციის ვალიდაციისთვის საჭირო მონაცემების მიწოდებას.

4. კროს-ჩეინ ვალიდაცია: Relayer-ის მიერ მოწოდებული მტკიცებულება და Oracle-ის მიერ მოწოდებული მონაცემები იგზავნება საბოლოო ბლოკჩეინზე.

5. ტრანზაქციის საბოლოო დამუშავება: იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები და მტკიცებულება ემთხვევა ერთმანეთს, სამიზნე ბლოკჩეინზე ხდება ტრანზაქციის ვალიდაცია და ამით სრულდება კროს-ჩეინ ტრანსფერი.

მაგალითი: ტოკენების გადატანა Ethereum-იდან BNB Smart Chain-ზე (BSC-ზე)

1. ინიცირება: მომხმარებელი აგზავნის 100 ტოკენს საკუთარი Ethereum-ის საფულიდან Ethereum-ზე არსებულ LayerZero სმარტ კონტრაქტზე.

2. დაბლოკვა: LayerZero სმარტ-კონტრაქტის მეშვეობით ხდება 100 ტოკენის დაბლოკვა Ethereum-ზე.

3. მტკიცებულების გენერირება: Relayer ახდენს ამ ტრანზაქციის მტკიცებულების გენერირებას და აგზავნის მას BSC-ზე.

4. Oracle-ის მონაცემები: Oracle იღებს ტრანზაქციის მონაცემებს Ethereum-იდან და ახორციელებს მათ ვერიფიკაციას.

5. კროს-ჩეინ ვალიდაცია: BSC იღებს მტკიცებულებასა და მონაცემებს და ახდენს ტრანზაქციის ვერიფიკაციას.

6. დამზადება/განბლოკვა: BSC-ზე არსებული LayerZero-ს სმარტ კონტრაქტის მეშვეობით მზადდება 100 შეფუთული ტოკენი ან ხდება 100 წინასწარ დაბლოკილი ტოკენის განბლოკვა.

7. საბოლოო ეტაპი: მომხმარებლის BSC საფულეში ჩაირიცხება 100 ტოკენი.

შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა: რით განსხვავდება ეს პროცესი სტანდარტული ბლოკჩეინ ხიდებისგან? მოდით განვიხილოთ ეს საკითხი.

LayerZero და ბლოკჩეინ ხიდები

LayerZero-ს მიდგომა კროს-ჩეინ გადარიცხვების მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული ხიდებისგან, განსაკუთრებით არქიტექტურის, უსაფრთხოების და ეფექტურობის თვალსაზრისით. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი განსხვავება LayerZero-სა და ბლოკჩეინ ხიდებს შორის.

1. არქიტექტურა:

  • LayerZero: იყენებს ულტრა ლაით ნოდებს (ULN-ებს), რაც ამცირებს მოთხოვნას გამომთვლელ რესურსებზე, რადგან ვალიდაცია ხორციელდება off-chain სუბიექტების (Relayer-ების და Oracle-ების) მეშვეობით.

  • ტრადიციული ხიდები: ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია სრულ ნოდებზე ან ლაით ნოდებზე, რაც დიდი ოდენობით რესურსების გამოყენებას მოითხოვს.

2. უსაფრთხოება:

  • LayerZero: იყენებს Relayer-ებისგან და Oracle-ებისგან შემდგარ ორმაგ მექანიზმს, ანაწილებს ნდობას და ამცირებს კრიტიკული სუსტი წერტილების არსებობის ალბათობას. სისტემაზე ზემოქმედებისთვის საჭიროა ორივე მხარეზე კონტროლის მოპოვება.

  • ტრადიციული ხიდები: ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია ცენტრალიზებულ ან ერთი მხარის ვალიდატორებზე, რაც ართულებს თავდასხმებისგან თავდაცვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თავდასხმის ობიექტს წარმოადგენს ცენტრალური რგოლი.

3. ეფექტურობა:

  • LayerZero: არის მაღალეფექტური, გამომთვლელი სიმძლავრის და ქსელის სიჩქარის მიმართ ნაკლებად მომთხოვნი, რითაც შესაძლებელი ხდება ხარჯთეფექტური კროს-ჩეინ ტრანზაქციების განხორციელება.

  • ტრადიციული ხიდები: როგორც წესი, მოიხმარს უფრო მეტ რესურსს, შესაბამისად იზრდება ტრანზაქციების საკომისიოების ოდენობაც.

LayerZero-ს უპირატესობები:

  • ზოგადი ურთიერთთავსებადობა: ტექნოლოგიის მოქნილობის და მასშტაბირებადობის წყალობით შესაძლებელია ნებისმიერი ბლოკჩეინების ერთმანეთთან დაკავშირება.

  • დეველოპერებზე მორგებული: გვთავაზობს SDK-ებს და API-ებს, რაც ამარტივებს კროს-ჩეინ ფუნქციების DApp-ებში ინტეგრირებას.

  • დაცვა თავდასხმებისგან: ნდობის დეცენტრალიზებული მოდელის მეშვეობით ურზრუნველყოფს უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას ცენტრალიზებულ ხიდებთან შედარებით.

LayerZero-ს ინოვაციური მიდგომა უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ, უსაფრთხო და მოქნილ კროს-ჩეინ კომუნიკაციას და აღმოფხვრის ტრადიციული ბლოკჩეინ ხიდებისთვის დამახასიათებელი შეზღუდვების არსებობის ალბათობას.

ZRO ტოკენი

ZRO ტოკენი გახლავთ LayerZero-ს ადგილობრივი მმართველობის ტოკენი. მისი მეშვეობით ხდება LayerZero-ს საზოგადოების წევრების გადაწყვეტილებების მიღების და სხვა პროცესებში ჩართვის წახალისება. ZRO ტოკენების მფლობელებს შეუძლიათ LayerZero-ს პროტოკოლის მნიშვნელოვან ცვლილებებთან და გაუმჯობესებებთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობა.

ZRO ტოკენი დაემატა Binance-ის სიაში seed იარლიყით, 2024 წლის 20 ივნისს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ოფიციალური განაცხადი ლისტინგთან დაკავშირებით.

ZRO ტოკენის Airdrop

ZRO ტოკენის airdrop-ის მეშვეობით მოხდა მთლიანი მარაგის 8,5%-ის განაწილება შესაბამის საფულეებზე. აქედან 5% განაწილდა ძირითადი საზოგადოების წევრებზე, 3% შეთავაზების მოთხოვნაზე (RFP) და 0,5% საზოგადოების პულზე.

მონაწილეობის უფლება

1. შეთავაზების მოთხოვნა (RFP). მონაწილეობის უფლება ჰქონდათ დადასტურებული პროტოკოლის RFP სიაში დამატებულ საფულეებს, გაცემული ტოკენების მინიმალური რაოდენობა იყო 5 ZRO, ხოლო მაქსიმალური - 10 000 ZRO. პროტოკოლით განაწილების კონკრეტული პროცესები განისაზღვრა სხვადასხვა ფაქტორის საფუძველზე, როგორიცაა:

  • Snapshot-ის წინ და მის შემდეგ გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა.

  • LayerZero-ზე პირველი შეტყობინების გაგზავნიდან გასული დღეების რაოდენობა.

  • აპლიკაციის კატეგორია (OApp, OFT, ONFT).

დეველოპერებზე განაწილების პროცესი მიზნად ისახავდა 90/10 თანაფარდობის მიღწევას, დეველოპერების თითო გუნდზე უნდა განაწილებულიყო მაქსიმუმ 100 000 ZRO. ნებისმიერი დარჩენილი რაოდენობა ნაწილდებოდა სხვა დეველოპერებზე.

2. ძირითადი. მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველა მომხმარებელს, რომელმაც snapshot-ის წინ განახორციელა ტრანზაქცია LayerZero პროტოკოლის ფარგლებში, გაცემული ტოკენების მინიმალური რაოდენობა იყო 25 ZRO, ხოლო მაქსიმალური - 25 000 ZRO. განაწილებები ხორციელდებოდა პროტოკოლის გადახდილი საკომისიოების და სხვა ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა:

  • $1-ზე ნაკლები ღირებულების მქონე და ღირებულების არმქონე არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) ტრანზაქციების წონა მცირდებოდა 80%-ით, უფრო მნიშვნელოვანი აქტივობებებისთვის მეტი პრიორიტეტის მისანიჭებლად.

  • კოეფიციენტები მიენიჭათ ადრეულ და snapshot-ის შემდგომ მომხმარებლებს, პროტოკოლის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში მუდმივი ჩართულობის წახალისების მიზნით.

როგორ ხდება ZRO airdrop-ის მოთხოვნა?

უფრთხილდით ყალბ ვებ-საიტებს და ფიშინგის თავდასხმებს. დარწმუნდით, რომ იყენებთ ოფიციალურ ვებ-საიტებს და არხებს. 

თქვენი მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად და ZRO ტოკენების მოთხოვნისთვის, მიყევით ამ საფეხურებს:

1. ეწვიეთ airdrop-ის ოფიციალურ ვებსაიტს

2. დააკავშირეთ თქვენი EVM ან Aptos საფულე და შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა airdrop-ში მონაწილეობის უფლება. თუ გაქვთ მონაწილეობის უფლება, ეკრანზე გამოჩნდება ტოკენების რაოდენობა, რომელიც შეგიძლიათ მოითხოვოთ.

3. შემოთავაზებული ვარიანტებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი მოთხოვნის ქსელი.

4. თითოეული ZRO ტოკენის მოსათხოვად უნდა განახორციელოთ $0,10-ის ღირებულების დონაცია USDC-ში, USDT-ში ან ადგილობრივი ETH-ის თითო ZRO-ს მოსათხოვნად.

5. თქვენი ZRO ტოკენების მისაღებად დააწკაპუნეთ ღილაკზე [მოთხოვნა].

LayerZero-ს პოტენციური ზეგავლენა

LayerZero-ს შესაძლებლობა, უზრუნველყოს უწყვეტი კროს-ჩეინ კომუნიკაცია, შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი ბლოკჩეინ ეკოსისტემაში.

1. დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) გაუმჯობესება

DeFi პლატფორმებს შეუძლიათ ეფექტურად გამოიყენონ LayerZero-ს ურთიერთთავსებადობა. დღესდღეობით, DeFi-ს მომხმარებლები ხშირად აწყდებიან სხვადასხვა სირთულეს აქტივების ბლოკჩეინებს შორის გადატანისას, რაც იწვევს ლიკვიდურობის ფრაგმენტაციას და ტრანზაქციების საკომისიოების ზრდას. LayerZero-ს შეუძლია ამ პროცესების გამარტივება, რაც ზრდის DeFi აპლიკაციების ერთიანობის და ეფექტურობის დონეს.

2. NFT-ების უფრო ფართოდ გამოყენება

LayerZero-ს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია NFT ეკოსისტემაზეც. NFT-ების სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის გადატანის შესაძლებლობის უზრუნველყოფით, LayerZero აუმჯობესებს მათი ხელმისაწვდომობის დონეს და იძლევა მათი უფრო მეტი დანიშნულებით გამოყენების საშუალებას. საკუთარი NFT პროექტების ოპტიმიზაციის მიზნით, ხელოვანებს და კონტენტ-კრეატორებს ეძლევათ სხვადასხვა ბლოკჩეინის უნიკალური მახასიათებლებით სარგებლობის შესაძლებლობა, როგორიცაა უფრო დაბალი საკომისიოები ან გაუმჯობესებული მასშტაბირებადობა.

3. ურთიერთდაკავშირებული გეიმინგი და მეტასამყარო

გეიმინგის და მეტასამყაროს სექტორებში, LayerZero-ს შეუძლია ხელი შეუწყოს ურთიერთდაკავშირებული გამოცდილებების შექმნას. გეიმერებს ეძლევათ აქტივების და თამაშში გამოყენებული ნივთების სხვადახვა პლატფორმებზე გადატანის შესაძლებლობა, რაც ქმნის უფრო შეუფერხებელ და იმერსიულ გამოცდილებას. ამგვარი ურთიერთთავსებადობა შესაძლოა საფუძვლად დაედოს არაერთ ინოვაციას და ხელი შეუწყოს მეტი მომხმარებლის დაინტერესებას ბლოკჩეინზე დაფუძნებული თამაშებით და მეტასამყაროს პროექტებით.

4. მომხმარებელთა გაუმჯობესებული გამოცდილება

LayerZero-ს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება მათთვის სწრაფი, უსაფრთხო და ხარჯთეფექტური კროს-ჩეინ ტრანზაქციების შეთავაზებით. მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ რამდენიმე საფულის გამოყენება ან აქტივების ბლოკჩეინებს შორის გადატანის რთული და კომპლექსური პროცესების გავლა. ეს სიმარტივე ხელს უწყობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის უფრო ფართო მასშტაბით გავრცელებას.

5. ერთიანი DApp ეკოსისტემა

სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფით, LayerZero ქმნის უფრო ერთიან DApp ეკოსისტემას. დეველოპერებს ეძლევათ ისეთი აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობა, რომლებშიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ბლოკჩეინების ძლიერი მხარეები, რაც ხელს უწყობს DApp-ების უფრო მრავალფეროვანი და უნივერსალური ბაზის შექმნას.

გამოწვევები

მიუხედავად იმისა, რომ LayerZero ბლოკჩეინების ურთიერთთავსებადობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის საიმედო გზად გვეჩვენება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასთან დაკავშირებულია გარკვეული გამოწვევებიც. აუცილებელია Relayer-ების და Oracle-ების სანდოობაში და უსაფრთხოებაში დარწმუნება. გარდა ამისა, ფართო მასშტაბით დანერგვისთვის საჭიროა დეველოპერების და მომხმარებლების დარწმუნება პროტოკოლის უპირატესობებში და სარგებელში.

უსაფრთხოება

მიუხედავად იმისა, რომ Relayer-ებისა და Oracle-ების ორმაგი მექანიზმის მეშვეობით ხდება უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება, აქვე ჩნდება კრიტიკული სუსტი წერტილების არსებობის ალბათობაც. აუცილებელია, რომ ამ სუბიექტებმა შეინარჩუნონ კეთილსინდისიერება და სანდოობა. ხშირი აუდიტები, მართვის დეცენტრალიზებული მოდელის გამოყენება და წახალისების მექანიზმები ხელს შეუწყობს ამ რისკების აღმოფხვრას.

გავრცელება და ინტეგრაცია

დეველოპერების დარწმუნებას იმაში, რომ LayerZero-ს საკუთარ აპლიკაციებში ინტეგრირება კარგი იდეაა, შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს. ყოვლისმომცველი დოკუმენტაციის წარმოდგენა, მხარდაჭერა და წახალისება შესაძლოა აღმოჩნდეს ის ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფართოდ გავრცელებას. გარდა ამისა, ამ პროცესების დაჩქარება შესაძლებელია არსებულ პროექტებთან და ბლოკჩეინ ქსელებთან კოლაბორაციის გზითაც.

შეჯამება

სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფით, LayerZero გვთავაზობს ბლოკჩეინ სივრცეში არსებული ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის გადაჭრის გზას. მისი ინოვაციური მიდგომა, რომელიც მოიცავს ულტრა ლაით ნოდების, Relayer-ების და Oracle-ების გამოყენებას, მნიშვნელოვნად განასხვავებს მას ტრადიციული ბლოკჩეინ ხიდებისგან და აძლევს საშუალებას მომხმარებლებს შესთავაზოს უფრო ეფექტური, უსაფრთხო და მასშტაბირებადი ტექნოლოგია.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.