მთავარი დეტალები
ბლოკჩეინის სივრცეში, მონაცემთა ხელმისაწვდომობა გულისხმობს მომხმარებლების შესაძლებლობას მოიპოვონ წვდომა და შეამოწმონ ბლოკჩეინზე შენახული მონაცემები.
მონაცემთა ხელმისაწვდომობის ყველაზე პოპულარულ ტექნოლოგიებს შორისაა მონაცემთა ხელმისაწვდომობის შრეები (DAL), მონაცემთა ხელმისაწვდომობის შემოწმება (DAS) და მონაცემთა ხელმისაწვდომობის კომიტეტები (DAC).
მონაცემთა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები მოიცავს ურთიერთთავსებადობის პრობლემებს და მასშტაბირებადობასა და უსაფრთხოებას შორის არჩევნის გაკეთების აუცილებლობას.
შესავალი
ბლოკჩეინის ტექნოლოგია იძლევა უცვლელი მონაცემების ნდობის საჭიროების გარეშე გადაგზავნის შესაძლებლობას, თუმცა ბლოკჩეინზე შენახული მონაცემების მოძიება და შემოწმება შესაძლოა არც ისე მარტივი აღმოჩნდეს. ამ სტატიაში გავეცნობით მონაცემთა ხელმისაწვდომობის კონცეფციას, მის მნიშვნელობას, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და მონაცემთა ხელმისაწვდომობის ზოგიერთ ტექნოლოგიას.
რა არის მონაცემთა ხელმისაწვდომობა?
ბლოკჩეინის ქსელებზე მონაცემთა ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქსელზე მიმდინარე პროცესებში მონაწილე ნებისმიერ პირს ქონდეს ბლოკჩეინზე შენახული ინფორმაციაზე წვდომის და მისი შემოწმების შესაძლებლობა. ეს მოიცავს ტრანზაქციის დეტალებს, ბლოკის მონაცემებს და ლეჯერის მდგომარეობას.
როგორ მუშაობს მონაცემთა ხელმისაწვდომობის ტექნოლოგიები?
არსებობს მონაცემთა ხელმისაწვდომობის რამდენიმე პოპულარული ტექნოლოგია. მათ შორისაა მონაცემთა ხელმისაწვდომობის შრეები (DAL), მონაცემთა ხელმისაწვდომობის შემოწმება (DAS) და მონაცემთა ხელმისაწვდომობის კომიტეტები (DAC).
მონაცემთა ხელმისაწვდომობის შრეები
მონაცემთა ხელმისაწვდომობის შრეები (DAL-ები) გახლავთ მონაცემთა შენახვის სპეციალიზებული ტექნოლოგიები, რომლებიც არსებობს on-chain ან off-chain სივრცეში. ისინი მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კონკრეტულ დავალებას გამოყოფენ ბლოკჩეინზე მიმდინარე სხვა, მაგალითად ტრანზაქციების აღსრულების ოპერაციებისგან.
მონაცემთა ხელმისაწვდომობის დონის გასაუმჯობესებლად DAL-ები იყენებენ სხვადასხვა ტექნიკას, როგორიცაა მაგალითად erasure coding (EC) და მონაცემთა შარდინგი. მონაცემთა შარდინგი მოიცავს მონაცემთა ბაზის დაყოფას შედარებით მცირე ნაწილებად, რომელთა დამუშავებაც და შენახვაც მოგვიანებით ცალ-ცალკე იქნება შესაძლებელი. Erasure coding მონაცემებს ყოფს ნაწილებად და ამატებს ინფორმაციას მონაცემთა აღდგენის მიზნით. ამ ტექნიკის მეშვეობით ხდება მონაცემთა მთელი პაკეტის აღდგენა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ნაწილი დაიკარგება ან გახდება დროებით მიუწვდომელი.
მონაცემთა ხელმისაწვდომობის შემოწმება
მონაცემთა ხელმისაწვდომობის შემოწმება გახლავთ ტექნიკა, რომელსაც ბლოკჩეინი იყენებს იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ნოდს გააჩნია წვდომა ბლოკჩეინის საჭირო მონაცემებზე მონაცემთა სრული პაკეტის ჩამოტვირთვის და ვერიფიკაციის გარეშე. ამ ტექნიკით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ მცირე რესურსების მქონე ნოდებსაც კი შეეძლოთ მონაწილეობა ტრანზაქციების ვალიდაციის და ქსელის ერთიანობის შენარჩუნების პროცესებში.
პროცესი იწყება ბლოკჩეინის მონაცემების შედარებით მცირე ფრაგმენტებად დაყოფით. ნოდებს შეუძლიათ შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიონ რამდენიმე ფრაგმენტი, ნაცვლად მონაცემთა მთლიანი პაკეტისა. ეს ამცირებს დატვირთვას ინდივიდუალურ ნოდებზე, რადგან მათი მხრიდან საჭიროა მხოლოდ მონაცემთა სრული პაკეტის გარკვეული ნაწილის დამუშავება.
მონაცემთა შერჩეული ფრაგმენტების შემოწმებით, ნოდები, ალბათობის თეორიის გამოყენებით შეამოწმებენ მონაცემთა სრული პაკეტის ხელმისაწვდომობას. ალბათობის თეორიის საფუძველზე შემოწმების მეთოდი ეფუძნება იდეას, რომლის მიხედვითაც, თუ მონაცემთა შერჩეული ფრაგმენტი ხელმისაწვდომია, დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი იქნება მონაცემთა დარჩენილი ნაწილიც.
მონაცემთა ხელმისაწვდომობის კომიტეტები
მონაცემთა ხელმისაწვდომობის კომიტეტი (DAC) გახლავთ ბლოკჩეინის ქსელზე მომუშავე სანდო ნოდების ჯგუფი, რომელთაც ევალებათ მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. DAC-ის მთავარ მოვალეობას წარმოადგენს იმის გადამოწმება, რომ ყველა მონაცემი, მაგალითად ტრანზაქციები და მდგომარეობის ცვლილებები, სათანადოდაა შენახული და ხელმისაწვდომია ქსელის ყველა მონაწილისთვის. DAC-ის წევრების შერჩევა, როგორც წესი, ხდება ხმის მიცემის დეცენტრალიზებული პროცესის მეშვეობით, რითაც ხდება კრიტიკული სუსტი წერტილების აღმოფხვრა და ცენტრალიზაციასთან დაკავშირებული სხვა რისკების შემცირება.
DAC-ები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ მე-2 დონის მაშტაბირებადობის ტექნოლოგიებთან, მაგალითად როლაფებთან მიმართებაში, სადაც ისინი ხელს უწყობენ off-chain გამოთვლებთან დაკავშირებული მონაცემების მართვის პროცესს. იმ ბლოკჩეინების შემთხვევაში, რომლებიც შარდინგს იყენებენ და სადაც ხდება მონაცემთა პაკეტების განაწილება სხვადასხვა შარდებზე, DAC-ები ხელს უწყობენ მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ყველა შარდზე.
მონაცემთა ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა
მონაცემთა ხელმისაწვდომობის ფენომენი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია ბლოკების ვერიფიკაციის სხვადასხვა ასპექტის ფარგლებში, რადგან მისი მეშვეობით ნოდებს ეძლევათ შესაძლებლობა დაადასტურონ ახალი ბლოკების და ტრანზაქციების ვალიდურობა.
1. ბლოკის გავრცელება. ახალი ბლოკის შექმნის შემდეგ ხდება მისი გავრცელება მთელს ქსელზე. ბლოკის ვერიფიკაციის პროცესის ეფექტურად ჩასატარებლად საჭიროა, რომ ეს ბლოკი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ნოდისთვის.
2. ტრანზაქციების ვალიდაცია. ამ საფეხურის გავლისას საჭიროა ბლოკის თითოეული ტრანზაქციის შემოწმება მათი ქსელზე მოქმედ წესებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. ვალიდაციის ამ პროცესების სათანადოდ წარმართვისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ნოდებს ქონდეთ წვდომა ტრანზაქციების მონაცემების სრულ პაკეტზე.
3. ბლოკის სათაურის ვერიფიკაცია. მონაცემთა ხელმისაწვდომობა აუცილებელია იმის დასადასტურებლად, რომ ახალი ბლოკი სწორად არის დაკავშირებული წინა ბლოკთან. ეს ნოდებს აძლევს საშუალებას დაადასტურონ, შეიძლება თუ არა ამ ბლოკის დამატება ბლოკჩეინზე.
4. კონსენსუსის მექანიზმთან შესაბამისობა. ნოდები ამოწმებენ ბლოკის ბლოკჩეინის კონსენსუსის მექანიზმთან, მაგალითად Proof of Work (PoW) ან Proof of Stake (PoS) მექანიზმთან შესაბამისობას. ამ ვერიფიკაციის პროცესის წარმართვისთვის საჭიროა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ბლოკის ყველა საჭირო მონაცემი, მაგალითად ბლოკის ჰეში და სირთულე.
მონაცემთა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები
ურთიერთთავსებადობის პრობლემა
ბლოკჩეინის ტექნოლოგიის უწყვეტი განვითარების პარალელურად, სხვადასხვა ქსელები შეიმუშავებენ საკუთარ მიდგომებს მონაცემთა ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდეს ინოვაციების დანერგვის თვალსაზრისით, თავს იჩენს კროს-ჩეინ ოპერაციებთან, ე.ი. სხვადასხვა ბლოკჩეინ სისტემის უერთიერთქმედებასთან დაკავშირებული გარკვეული სირთულეებიც.
არჩევანი მასშტაბირებადობასა და უსაფრთხოებას შორის
მონაცემთა ხელმისაწვდომობის დონის გაუმჯობესებით შესაძლებელია მასშტაბირებადობის დონის გაუმჯობესებაც, თუმცა ამან შესაძლოა შეამციროს უსაფრთხოების დონე. მონაცემთა ხელმისაწვდომობის რაიმე ტექნოლოგიის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია მათი შესაძლო ზეგავლენის გათვალისწინება. უსაფრთხოებასა და მასშტაბირებადობას შორის არჩევნის გაკეთების აუცილებლობის პრობლემის კლასიკური მაგალითია ბლოკჩეინის ტრილემა.
შეჯამება
ბლოკჩეინ ქსელების კონტექსტში, მონაცემთა ხელმისაწვდომობა გულისხმობს მომხმარებელთა შესაძლებლობას მიიღონ წვდომა და შეამოწმონ ბლოკჩეინზე შენახული მონაცემები. არსებობს მონაცემთა ხელმისაწვდომობის მრავალი სხვადასხვა ტექნოლოგია, მათ შორისაა მონაცემთა ხელმისაწვდომობის შრეები, მონაცემთა ხელმისაწვდომობის შემოწმება და მონაცემთა ხელმისაწვდომობის კომიტეტები. დიდია ალბათობა, რომ მომავალში, ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, მონაცემთა ხელმისაწვდომობის ფენომენი შეინარჩუნებს მნიშვნელოვან როლს.
დამატებითი საკითხავი
ბლოკჩეინის 1-ელი დონისა და მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიები
ოპტიმისტური და ნულოვანი ინფორმაციის როლაფები: რა განსხვავებაა მათ შორის?
უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.