შარდინგი

შარდინგი არის ბლოკჩეინების (ან სხვა ტიპის მონაცემთა ბაზების) მცირე, დანაწევრებულ ბლოკჩეინებად გაყოფის მეთოდი, რომლებითაც იმართება მონაცემთა კონკრეტული სეგმენტები. მსგავსი კონფიგურაციის მეშვეობით, აღარ არის საჭირო ყველა ტრანზაქციის და ურთიერთქმედების ერთი ბლოკჩეინის მიერ მართვა. ბლოკჩეინის ამ თითოეულ ნაწილს ეწოდება „შარდი“ და გააჩნია საკუთარი ლეჯერი.
ამ შარდებს შეუძლიათ საკუთარი ტრანზაქციების დამუშავება, თუმცა შარდებს შორის ურთიერთქმედების მართვას ახორციელებს Beacon ბლოკჩეინი ან მთავარი ბლოკჩეინი. ამის გამო შარდინგი მიჩნეულია 1-ელი დონის ქსელის მასშტაბირების გაზრდისთვის გაშვებულ განახლებად, რადგან ამ დროს ცვლილების შეტანა ხდება ბლოკჩეინის mainnet-ზე. ერთიან ქსელთან შედარებით, შარდინგის ფუნქციის დამატება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქსელის მასშტაბირებადობას. Ethereum-ის დეველოპერები შარდინგის ფუნქციას დაამატებენ Ethereum-ის განახლების პროცესის დროს, რაც მას მასშტაბირებად Proof of Stake ქსელად გარდაქმნის.
Ethereum-ზე, Beacon Chain განახორციელებს 64 ინდივიდუალური შარდის კოორდინაციას. Proof of Work კონსენსუსის ალგორითმის Ethereum-ის ბლოკჩეინი გაერთიანდება Proof of Stake კონსენსუსით მომუშავე Beacon chain-თან, შარდინგის ფუნქცია კი მას მოგვიანებით დაემატება.
ქსელის შარდინგის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ნოდის გაშვების სიმარტივე და ხელმისაწვდომობა. რადგან ქსელის მონაცემები შარდებს შორის არის გადანაწილებული, ვალიდატორის ფუნქციის მქონე ნოდებს აღარ სჭირდებათ თავიანთ მოწყობილობებზე ბლოკჩეინის მთელი ისტორიის შენახვა. ამის ნაცვლად, ვალიდატორს მხოლოდ მონაცემთა სისწორის დადასტურება ევალება.
შარდინგის ფუნქციის არმქონე ქსელები, მასშტაბირებადობის გასაუმჯობესებლად, როგორც წესი როლაფებს იყენებენ. მათი საშუალებით ტრანზაქციები ბლოკჩეინის გარეთ მუშავდება, შემდეგ ხდება მათი პაკეტში გაეjრთიანება და მთავარ ქსელზე დამატება ვალიდაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შარდინგი შეიძლება როლაფების კონკურენტად წარმოვიდგინოთ, სინამდვილეში შარდინგის მეშვეობით როლაფების ეფექტურობის გაზრდაა შესაძლებელი. შარდინგის ფუნქციის მქონე ქსელში როლაფებს შეუძლიათ თავიანთი მონაცემების უფრო ეფექტურად გადაცემა, რაც აუმჯობესებს მათ სიჩქარეს.
შარდინგთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არსებობს თაღლითების მიერ შარდზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობა. ამ შარდმა, კი თავის მხრივ შეიძლება უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს  ქსელის სხვა ნაწილებზე. სათანადო კონტროლის და წესების განსაზღვრის გარეშე, შარდზე კონტროლის დამყარება გაცილებით ადვილია, ვიდრე მთლიან, დაუნაწევრებელ ქსელზე.