ნოდი
ნოდი არის კომპიუტერი, რომელიც უკავშირდება
ბლოკჩეინის ქსელს, სისტემის ფარგლებში ტრანზაქციებისა და ბლოკების მონაცემების შენახვის, ვალიდაციის ან გადაცემის მიზნით.
ვინაიდან ბლოკჩეინი განაწილებული არქიტექტურის მქონე სისტემაა, იგი ცენტრალური სერვერის ნაცვლად მრავალ სხვადასხვა ნოდს იყენებს. მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ
Bitcoin ქსელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით განაწილებული ათასობით ნოდისგან შედგება და სწორედ ეს უზრუნველყოფს მის
peer-to-peer, დეცენტრალიზებულ სტრუქტურას. თითოეული ნოდი წარმოადგენს საკომუნიკაციო წერტილს, რომელიც ქსელის უწყვეტ ფუნქციონირებასა და მონაცემთა სინქრონიზაციზეა პასუხისმგებელი.
სხვადასხვა ტიპის ნოდი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, Bitcoin-ის შემთხვევაში, ნოდები ძირითადად რამდენიმე ფართო ჯგუფად იყოფა:
სრული ნოდები: მათ ფუნქციებში შედის ტრანზაქციებისა და
ბლოკების ჩამოტვირთვა და ვერიფიკაციის განხორციელება ქსელზე მოქმედი წესების შესაბამისად, რომელთა აღსრულებაც
კონსენსუსის ალგორითმის საფუძველზე ხდება. აღნიშნული ტიპის ნოდები უზრუნველყოფენ ბლოკჩეინის უსაფრთხოებას და ქსელის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებად არიან მიჩნეულნი.
ხილული ნოდები (სუპერნოდები): სრული ნოდები, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი და ხილულია. ისინი უკავშირდებიან სხვა ნოდებს, ფუნქციონირებენ, როგორც ერთგვარი საკომუნიკაციო ხიდი და პასუხისმგებელნი არიან ბლოკჩეინის მონაცემების გადაცემაზე.
მაინინგის ნოდები: ისინი იყენებენ მაინინგის პროგრამულ უზრუნველყოფას და, უმეტეს შემთხვევაში, სპეციალიზებულ
ASIC აპარატურას და ერთმანეთს
ბლოკის ჯილდოების მოპოვების მიზნით ეჯიბრებიან. დამოუკიდებელი მაინერები, როგორც წესი, სრულ ნოდებს იყენებენ, ხოლო მაინინგ-პულების მონაწილეები უზრუნველყოფენ გამომთვლელ სიმძლავრეს მთლიანი ბლოკჩეინის მონაცემების შენახვის გარეშე.
ლაითნოდები (SPV ნოდები): ისინი იყენებენ ბლოკჩეინს, თუმცა არ ახორციელებენ მის სრულ ვალიდაციას. ლაითნოდები ინფორმაციას სუპერნოდებისგან იღებენ და საბოლოო საკომუნიკაციო წერილის ფუნქციას ითვისებენ. შესაბამისად, ისინი არ ინახავენ ბლოკჩეინის სრულ ასლს და არ იღებენ პირდაპირ მონაწილეობას ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესებში.
სწორედ ნოდები უზრუნველყოფს ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციასა და სტაბილურობას. ნოდების, განსაკუთრებით კი
სრული ნოდების განაწილების სტრუქტურა საგრძნობლად ართულებს ცალკეული მხარის მიერ ქსელის მანიპულირებას ან ტრანზაქციებზე ცენზურის განხორციელებას, ვინაიდან მონაცემთა ასლი მრავალი დამოუკიდებელი მონაწილის მიერ ინახება და მოწმდება.
რაც უფრო მრავალფეროვანია ნოდები გეოგრაფიული და ოპერაციული თვალსაზრისით, მით უფრო მდგრადია ქსელი. ეს გადანაწილება არის მთავარი მიზეზი, რომელიც ბლოკჩეინის ცალკეული ცენტრალური ორგანოს გარეშე ფუნქციონირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.