მთავარი
ლექსიკონი
ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობა (TVL)

ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობა (TVL)

რას ნიშნავს ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობა (TVL) კრიპტოში?

TVL ზომავს კონკრეტულ დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლში ბლოკირებული აქტივების ჯამურ რაოდენობას. ასევე შესაძლებელია TVL გამოითვალოს ბლოკჩეინის მთლიანი ეკოსისტემისთვის, რისთვისაც საჭიროა ბლოკჩეინის ყველა DeFi პროტოკოლის TVL-ების შეკრება.

TVL-ს უკეთ გასაგებად წარმოიდგინეთ, რომ DeFi პროტოკოლზე შეიტანეთ $1000, რაც დეპოზიტზე პროცენტის დარიცხვის საშუალებას გაძლევთ. თქვენი $1000 ახლა პროტოკოლში დაიბლოკება ან სტეიკინგზე განთავსდება. თუ კიდევ ათი სხვა მომხმარებელი იმავე პროტოკოლში თითოეული $1000 აშშ დოლარს შეიტანს, პროტოკოლის TVL გახდება $11000.

როგორ გამოვთვალოთ TVL

TVL არის DeFi ეკოსისტემაში აქტივობისა და გამოყენების დონის გამოთვლის საშუალება. TVL-ს გამოსათვლელად საჭიროა პლატფორმაზე დაბლოკილი ყველა აქტივის ჯამური ღირებულების განსაზღვრა. ეს მოიცავს ყველა დაბლოკილ აქტივს, მათ შორის უზრუნველყოფას, სტეიკინგს და ნასესხებ აქტივებსაც.

შემდეგ ამ აქტივების ღირებულება უნდა დააკონვერტოთ სტანდარტულ ერთეულებში, მაგალითად USD ან სხვა ფიატ ვალუტაში. შეკრიბეთ ყველა აქტივის ჯამური ღირებულება და გაიგეთ DeFi პროტოკოლის TVL.

DeFi-ზე TVL-ს შემოწმების პოპულარული საშუალებაა მონაცემთა აგრეგატორები. მსგავსი პლატფორმები სხვადასხვა DeFi პროტოკოლებიდან მონაცემებს ერთ სივრცეში აგროვებენ, რაც მთელ ეკოსისტემაში ზრდისა და გამოყენებისთვის თვალის დევნებას ამარტივებს.

რატომ არის TVL მნიშვნელოვანი DeFi-სთვის?

TVL არის მნიშვნელოვანი საზომი, რომელიც DeFi ეკოსისტემის მდგომარეობის გაგებაში გვეხმარება და კონკრეტული პროტოკოლის პოტენციალის შეფასების საშუალებას გვაძლევს. გაიგეთ, რატომ არის TVL მნიშვნელოვანი DeFi-სთვის:

  1. TVL წარმოადგენს DeFi პროტოკოლის ან პლატფორმის ზრდისა და სიჯანსაღის მაჩვენებელს. მაღალი TVL ხაზს უსვამს ეკოსისტემაში უფრო ფართო გავრცელებასა და აქტივობას.

  2. TVL ასევე გამოიყენება კონკრეტული DeFi ეკოსისტემის ლიკვიდურობის გასაზომად. რაც მეტია ლიკვიდურობა, მით უფრო მარტივად ვაჭრობენ, სესხულობენ, ასესხებენ და ცვლიან აქტივებს მომხმარებლები.

  3. მაღალი TVL DeFi პლატფორმას მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. რაც უფრო მეტი აქტივია დაბლოკილი კონკრეტულ პლატფორმაზე, მით უფრო საიმედო და სტაბილურია პლატფორმა, რადგან ეს აჩვენებს, რომ მას საკუთარ აქტივებს ბევრი მომხმარებელი ანდობს.

თუმცა TVL არ უნდა იყოს DeFi პროექტის შეფასების ერთადერთი საზომი. ის მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც DeFi პროექტების დაწვრილებითი შეფასებისას უნდა გამოვიყენოთ. 

ამას გარდა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TVL შესაძლოა მერყევი იყოს, რადგან მომხმარებლები აქტივებს ამატებენ ან აკლებენ, ამიტომ საჭიროა მისი რეგულარული შემოწმება სრული სურათის დასანახად და ეკოსისტემის მიმდინარე მდგომარეობის შესამოწმებლად.