ბლოკჩეინი

მოკლედ რომ ვთქვათ, ბლოკჩეინი წარმოადგენს მონაცემების ჩანაწერების მუდმივად მზარდ ციფრულ სიას. ეს სია შედგება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგებული მონაცემთა ბლოკებისგან, რომელთა ერთმანეთთან დაკავშირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხორციელდება კრიპტოგრაფიული მტკიცებულებების მეშვეობით.
ბლოკჩეინის პირველი პროტოტიპი შეიქმნა 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტმა სტიუარტ ჰეიბერმა და ფიზიკოსმა ვ. სკოტ სტორნეტამ ბლოკების ჯაჭვისთვის გამოიყენეს კრიპტოგრაფიული ტექნიკა, როგორც ციფრული დოკუმენტების მონაცემთა გაყალბებისგან დაცვის საშუალება. ჰეიბერისა და სტორნეტას ნაშრომმა შთააგონა დეივ ბაიერი, ჰალ ფინი და უამრავი სხვა კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტი და კრიპტოგრაფიის ენთუზიასტი - ამ პროცესთა და მოვლენათა ერთიანობამ საბოლოოდ მიგვიყვანა Bitcoin-ის, პირველი დეცენტრალიზებული ელექტრონული ფულის სისტემის (ან უბრალოდ პირველი კრიპტოვალუტის) შექმნამდე. Bitcoin-ის whitepaper გამოქვეყნდა 2008 წელს და მისი ავტორის ფსევდონიმია სატოში ნაკამოტო.

მიუხედავად ამისა, ბლოკჩეინის ტექნოლოგია Bitcoin-ზე ძველია და ის წარმოადგენს საბაზისო კომპონენტს კრიპტოვალუტის ქსელების უმეტესობისთვის და მოქმედებს, როგორც დეცენტრალიზებული, განაწილებული და საჯარო ციფრული ლეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია ყველა დადასტურებული ტრანზაქციის შესახებ მუდმივი ჩანაწერების (ბლოკების ჯაჭვის) წარმოებაზე.

ბლოკჩეინის ტრანზაქციები ხორციელდება მთელს მსოფლიოში განაწილებული კომპიუტერების (ნოდების) peer-to-peer ქსელში. თითოეული ნოდი ინახავს ბლოკჩეინის ასლს და მონაწილეობს ქსელის მუშაობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამის წყალობით Bitcoin წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ციფრულ ვალუტას, რომელიც არ ცნობს საზღვრებს, დაცულია ცენზურისგან და ფუნქციონირებისთვის არ საჭიროებს შუამავლებს.

ბლოკჩეინი წარმოადგენს განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიას (DLT) და მისი დიზაინი უზრუნველყოფს მაღალი დონის დაცვას მოდიფიკაციებისგან და თაღლითობისგან (მაგალითად ორმაგი ხარჯვისგან). Bitcoin-ის ბლოკჩეინის, როგორც ჩანაწერების მონაცემთა ბაზის შეცვლა ან გაყალბება შეუძლებელია არაპრაქტიკულად დიდი ოდენობით ელექტროენერგიის ან გამომთვლელი სიმძლავრის გამოყენების გარეშე - რაც იმას ნიშნავს, რომ ქსელს შეუძლია „ორიგინალი“ ციფრული დოკუმენტების კონცეფციის რეალიზაცია, რისი წყალობითაც თითოეული Bitcoin შეიძლება იქცეს უნიკალური და არაკოპირებადი ციფრული ვალუტის ფორმად.

ეგრეთწოდებული Proof of Work კონსენსუსის ალგორითმის წყალობით, Bitcoin წარმოადგენს ბიზანტიელი გენერლების პრობლემის მიმართ მდგრად (BFT) სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ბლოკჩეინს შეუძლია შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება ზოგიერთი მონაწილის (ნოდის) არაკეთილსინდისიერი ან არაეფექტური მუშაობის პირობებშიც კი. Proof of Work კონსენსუსის ალგორითმი Bitcoin-ის მაინინგის პროცესის აუცილებელი ელემენტია.
ბლოკჩეინის ტექნოლოგია შესაძლებელია ადაპტირდეს და დაინერგოს სხვა სფეროებშიც, როგორიცაა ჯანდაცვა, დაზღვევა, მომარაგების ჯაჭვი, ნივთების ინტერნეტი და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს დეცენტრალიზებული სისტემებისთვის შექმნილ განაწილებულ ლეჯერს, მისი გამოყენება ცენტრალიზებულ სისტემებშიც შეიძლება მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან ოპერაციების ხარჯების შესამცირებლად.