ეს სტატია საზოგადოების მიერ არის წარდგენილი. ავტორი არის ჩიკე ოკონკვო, Web3 გეიმინგის სოციალური მედიის პროტოკოლის, Gamic HQ-ის თანადამფუძნებელი.
ამ სტატიაში გამოთქმული შეხედულებები, ავტორს/შემდგენს ეკუთვნის და Binance Academy-ის შეხედულებებს სულაც არ ასახავს.
TL;DR
მონაცემთა ტოკენიზაცია არის სენსიტიური მონაცემების, მაგალითად საკრედიტო ბარათის ინფორმაციის ტოკენებად გარდაქმნის პროცესი, რომლებიც შეიძლება ბლოკჩეინზე უსაფრთხოდ, საწყისი მონაცემების გამჟღავნების გარეშე გადაიცეს.
მონაცემთა ტოკენიზაციას მონაცემთა უსაფრთხოების, კონფიდენციალურობის და შესაბამისობის გაუმჯობესება შეუძლია და არაავტორიზებული წვდომის და ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
მონაცემთა ტოკენიზაცია, მისი უპირატესობებისა და ნაკლოვანებების სამართავად, ფრთხილად გააზრებას და განხორციელებას საჭიროებს.
რა არის ტოკენი?
ტოკენები არის ციფრული ერთეულები, რომლებიც მაინინგის მეშვეობით არ იქმნება და რომლებიც ბლოკჩეინზე რეესტრის ჩანაწერების სახით არსებობს. ტოკენები სხვადასხვა ფორმით არსებობს და მრავალგვარი გამოყენება აქვს. მაგალითად, ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ვალუტა, ან მონაცემთა დაშიფვრის საშუალება.
ჩვეულებრივ, ტოკენების გამოშვება ბლოკჩეინების გამოყენებით ხდება, როგორიცაა Ethereum-ის ბლოკჩეინი და BNB Chain. ზოგიერთი პოპულარული ტოკენის სტანდარტია ERC-20, ERC-721, ERC-1155 და BEP-20. ტოკენები არის ღირებულების გადაცემის საშუალებები, რომლებიც ბლოკჩეინზეა გაშვებული, თუმცა ისინი არ წარმოადგენს კრიპტოვალუტის მონეტები, როგორიცაა bitcoin ან ether, რომლებიც საბაზისო ბლოკჩეინების ადგილობრივი მონეტებია.
ზოგიერთი ტოკენი შეიძლება გაიცვალოს off-chain აქტივებზე, როგორიცაა ოქრო და უძრავი ქონება,რასაც ეწოდება რეალური სამყაროს აქტივების ტოკენიზაცია (RWA).
რა არის მონაცემთა ტოკენიზაცია?
მონაცემთა ტოკენიზაცია არის სენსიტიური მონაცემების, მაგალითად საკრედიტო ბარათის ინფორმაციის, ან ჯანმრთელობის მონაცემების კონვერტაციის პროცესი, რომლის გადაცემა, შენახვა და დამუშავება საწყისი მონაცემების გამჟღავნების გარეშე შეიძლება.
როგორც წესი, ეს ტოკენები უნიკალური და უცვლელია და შესაძლებელია მათი გადამოწმება ბლოკჩეინზე, რაც ზრდის მონაცემთა უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობას და შესაბამისობას. მაგალითად, შესაძლებელია განხორციელდეს საკრედიტო ბარათის ნომრის ტოკენიზაცია, რის შემდეგაც ის ციფრების შემთხვევით თანმიმდევრობად იქცევა და შეიძლება გამოყენებული იქნას გადახდის გადამოწმებისთვის, ბარათის რეალური ნომრის გამჟღავნების გარეშე.
მონაცემთა ტოკენიზაციის გამოყენება სოციალური მედიის ანგარიშებზეც შეიძლება. მომხმარებლებს შეუძლიათ, ინტერნეტში ნავიგაციის ტოკენიზაცია აირჩიონ, რათა ერთი სოციალური მედიის პლატფორმიდან მეორეზე მარტივად გადავიდნენ და ამავდროულად უზრუნველყონ საკუთარი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება.
მონაცემთა ტოკენიზაციის კონცეფცია დიდი ხანია არსებობს. ჩვეულებრივ, ის ფინანსურ სექტორში, გადახდის ინფორმაციის დასაცავად გამოიყენება, მაგრამ აქვს იმის პოტენციალი, რომ ბევრ სხვა ინდუსტრიაშიც გავრცელდეს.
რით განსხვავდება ტოკენიზაცია შიფრაციისგან?
ტოკენიზაცია და შიფრაცია მონაცემთა დაცვის მეთოდებია. თუმცა, ისინი განსხვავებულად მუშაობს და სხვადასხვა მიზნებს ემსახურება.
შიფრაცია ღია ტექსტის მონაცემების არაწაკითხვად ფორმატში (დაშიფრულ ტექსტად) გარდაქმნის პროცესია, რომლის გაშიფვრა მხოლოდ საიდუმლო გასაღებით არის შესაძლებელი. ეს არის მათემატიკური პროცესი, რომელიც მონაცემებს შიფრავს და მათი წაკითხვა შეუძლებელი ამ ხდება გასაღების გარეშე. შიფრაცია გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში, რაც მოიცავს დაცულ კომუნიკაციას, მონაცემთა შენახვას, ავთენტიფიკაციას, ციფრულ ხელმოწერებს და რეგულაციებთან შესაბამისობას.
ტოკენიზაცია წარმოდგენს პროცესს, რომლის დროსაც სენსიტიური მონაცემები გარდაიქმნება არასენსიტიურ, უნიკალურ იდენტიფიკატორებად რომელთაც ტოკენები ეწოდება. მონაცემების დასაცავად, ის საიდუმლო გასაღებს არ იყენებს. მაგალითად, საკრედიტო ბარათის ნომერი შეიძლება შეიცვალოს ტოკენით, რომელიც თავდაპირველ ნომერთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ ტრანზაქციების დასამუშავებლად მისი გამოყენება მაინც შეიძლება.
ტოკენიზაცია ხშირად გამოიყენება, როდესაც მონაცემთა უსაფრთხოება და მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგალითად, გადახდის დამუშავების, ჯანდაცვის და იდენტიფიცირებადი პერსონალური ინფორმაციის მართვისას.
როგორ მუშაობს მონაცემთა ტოკენიზაცია
ვთქვათ, მომხმარებელს ერთი სოციალური მედიის პლატფორმიდან მეორეზე გადართვა სურს. ტრადიციულ, სოციალური მედიის Web 2.0 პლატფორმებზე, მომხმარებელს ახალი ანგარიშის შექმნა და ყველა პერსონალური მონაცემის ნულიდან შეყვანა მოუწევს. ასევე სავარაუდოა, რომ ძველ პლატფორმაზე არსებული პოსტების და შეტყობინებების ისტორია და კავშირები ახალ პლატფორმაზე არ გადავა.
მონაცემთა ტოკენიზაციით, მომხმარებელს შეუძლია საკუთარი არსებული ციფრული იდენტობა ახალ პლატფორმას დაუკავშიროს, რათა მისი პირადი მონაცემების ავტომატურად გადატანა შეძლოს. ამისათვის, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ციფრული საფულე, როგორიცაა Metamask, საფულის მისამართით, რომელიც ბლოკჩეინზე მის საიდენტიფიკაციო მონაცემებთანაა დაკავშირებული.
ამის შემდეგ, მომხმარებელმა საფულე სოციალური მედიის ახალ პლატფორმასთან უნდა დააკავშიროს. პერსონალური ისტორია, კავშირები და აქტივები ახალ პლატფორმაზე ავტომატურად სინქრონიზდება, რადგან Metamask-ს ბლოკჩეინზე შენახული აქვს მომხმარებლის ციფრული იდენტობის მონაცემები.
ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლის მიერ წინა პლატფორმაზე დაგროვილი ტოკენები, NFT-ები და ტრანზაქციების ისტორია არ დაიკარგება. მომხმარებელს ეს სრულ კონტროლს ანიჭებს იმისა, თუ რომელ პლატფორმაზე გადავიდეს და იმავდროულად, კონკრეტულ პლატფორმაზე შეზღუდვა არ იგრძნოს.
მონაცემთა ტოკენიზაციის უპირატესობები
მონაცემთა გაზრდილი უსაფრთხოება
მონაცემთა ტოკენიზაცია მონაცემთა უსაფრთხოებას აძლიერებს. სენსიტიური მონაცემების ტოკენებით ჩანაცვლების წყალობით, მონაცემთა ტოკენიზაცია მონაცემთა გაჟონვის, პირადი ინფორმაციის ქურდობის, თაღლითობის და სხვა კიბერშეტევების რისკს ამცირებს. ტოკენები თავდაპირველ მონაცემებთან უსაფრთხო mapping სისტემით არის დაკავშირებული. ასე რომ, ტოკენების მოპარვის ან გაჟონვის შემთხვევაშიც, საწყისი მონაცემები დაცული რჩება.
რეგულაციებთან შესაბამისობა
ბევრ ინდუსტრიას მონაცემთა დაცვის მკაცრი რეგულაციები აქვს დანერგილი. ტოკენიზაციას შეუძლია ორგანიზაციებს დაეხმაროს ამ მოთხოვნების შესრულებაში სენსიტიური ინფორმაციის დაცვით და იმ ტექნოლოგიის შემოთავაზებით, რომელიც უზრუნველყოფს შეუსაბამობის შანსების შემცირებას. იმის გამო, რომ ტოკენიზებული მონაცემები არასენსიტიურად ითვლება, მათი მეშვეობით უსაფრთხოების აუდიტის სირთულის შემცირება და მონაცემთა მართვის გამარტივებაა შესაძლებელი.
მონაცემთა უსაფრთხო გაზიარება
ტოკენიზაციას შეუძლია მონაცემთა უსაფრთხო გაზიარების უზრუნველყოფა დეპარტამენტებს, მომწოდებლებსა და პარტნიორებს შორის მხოლოდ ტოკენებზე წვდომის უფლების მინიჭების გზით, სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. ტოკენიზაციას ორგანიზაციების მზარდი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ეფექტურად მასშტაბირება და ამავდროულად, მონაცემთა დაცვის ხარჯების შემცირება შეუძლია.
მონაცემთა ტოკენიზაციის შეზღუდვები
მონაცემთა ხარისხი
მონაცემების ტოკენიზაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მონაცემთა ხარისხსა და სიზუსტეზე, რადგან ტოკენიზაციის პროცესში შეიძლება ზოგიერთი ინფორმაცია დაიკარგოს ან დამახინჯდეს. მაგალითად, თუ მომხმარებლის ადგილმდებარეობა ტოკენად გარდაიქმნება, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მდებარეობაზე დაფუძნებული კონტენტის დათვალიერებაზე.
მონაცემთა ურთიერთთავსებადობა
მონაცემების ტოკენიზაციამ შეიძლება იმ სხვადასხვა სისტემის ერთობლივი მუშაობა გაართულოს, რომლებიც ამ მონაცემებს იყენებს ან ამუშავებს. მაგალითად, მომხმარებლის ელ. ფოსტის მისამართის ტოკენიზაციამ შეიძლება მათ სხვა პლატფორმებიდან ან სერვისებიდან შეტყობინებების მიღებაში შეუშალოს ხელი. მომხმარებლის ტელეფონის ნომრის ტოკენიზაციამ შეიძლება შეაფერხოს ზარების ან ტექსტური შეტყობინებების განხორციელების ან მიღების შესაძლებლობა, რაც იმ პლატფორმებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ისინი იყენებენ.
მონაცემთა მართვა
მონაცემების ტოკენიზაციამ შეიძლება გააჩინოს სამართლებრივი და ეთიკური კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს და აკონტროლებს მონაცემებს და როგორ გამოიყენება და ზიარდება ისინი. მაგალითად, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის ტოკენიზაციამ შეიძლება მათი მონაცემების შეგროვებასა და გამოყენებაზე თანხმობის გამოხატვის საშუალება შეცვალოს. სოციალურ მედიაში მომხმარებლის პოსტების ტოკენიზაცია შეიძლება მათ გამოხატვის თავისუფლებას, ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ეწინააღმდეგებოდეს.
მონაცემების აღდგენა
მონაცემების აღდგენა შეიძლება გართულდეს, თუ ტოკენიზაციის სისტემა მწყობრიდან გამოვა. ორგანიზაციებმა უნდა აღადგინონ როგორც ტოკენიზებული, ასევე საწყისი სენსიტიური მონაცემები, რომლებიც ტოკენის ბაზაში ინახება, რაც შეიძლება რთული იყოს.
მონაცემთა ტოკენიზაციის გამოყენების შემთხვევა: სოციალური მედია და NFT-ები
სოციალური მედიის ცენტრალიზებული პლატფორმები ყოველდღიურად მომხმარებლის უზარმაზარ მონაცემებს აგროვებენ, რათა შეიქმნას მიზნობრივი რეკლამები, კონტენტის რეკომენდაციები და მოხდეს მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაცია. ხშირად, ეს ინფორმაცია მონაცემთა ცენტრალიზებულ ბაზებში ინახება, რომლებიც შეიძლება მომხმარებლების ნებართვის გარეშე გაიყიდოს ან გახდეს ჰაკერების სამიზნე.
მონაცემთა ტოკენიზაციის მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ სოციალურ მედიაში თავიანთი მონაცემების ტოკენიზაცია და მათი მიყიდვა სარეკლამო სააგენტოებისთვის ან მკვლევარებისთვის, თუ ისინი ამას მოისურვებენ. მომხმარებლებს შეუძლიათ გააკონტროლონ, ვის შეუძლია მათი კონტენტის ნახვა ან გაზიარება. მათ ასევე შეუძლიათ მათი პროფილებისა და კონტენტისთვის საკუთარი წესები შექმნან.
მაგალითად, მათ შეუძლიათ თავიანთი შინაარსის ნახვის უფლება მხოლოდ ვერიფიცირებულ მომხმარებლებს მისცენ, ან დააწესონ ტოკენების მინიმალური ბალანსი მათთვის, ვისაც მათთან ურთიერთობა სურს. ეს მომხმარებლებს ანიჭებს სრულ კონტროლს მათ სოციალური ქსელის კავშირებზე, კონტენტზე და მონეტიზაციის არხებზე, როგორიცაა ანაზღაურება და გამოწერები.
შეჯამება
მონაცემთა ტოკენიზაცია უკვე ბევრ ინდუსტრიაში დამკვიდრდა, მათ შორის ჯანდაცვაში, ფინანსებში, მედიასა და სოციალურ ქსელებში. მონაცემთა უსაფრთხოებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების მზარდი საჭიროებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მონაცემთა ტოკენიზაციის პოპულარობა უფრო მეტად გაიზრდება.
ამ მიდგომის ეფექტურად განხორციელება, ფრთხილ განხილვას და განხორციელებას მოითხოვს. მონაცემთა ტოკენიზაცია უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობით, მომხმარებელთა უფლებებისა და მოლოდინების გათვალისწინებით და ყველა შესაბამისი კანონისა და რეგულაციის დაცვით.
დამატებითი საკითხავი:
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..