მთავარი დეტალები
Avantis არის დეცენტრალიზებული სავაჭრო პროტოკოლი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ერთიან პლატფორმას, სადაც გაერთიანებულია დერივატივებით ვაჭრობის, ლევერიჯის გამოყენების და ლიკვიდურობის უზრუნველყოფის შესაძლებლობები.
პლატფორმა გვთავაზობს USDC საცავებს ლიკვიდურობის შეთავაზებისთვის, უვადო კონტრაქტებით ვაჭრობას იაფად და საკომისიოების გარეშე და ორმაგი oracle-ის სისტემას ფასების ზუსტად განსაზღვრისთვის.
AVNT არის პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება მმართველობის პროცესში და სტეიკინგში მონაწილეობისთვის, ასევე Avantis ეკოსისტემის მონაწილეთათვის ჯილდოების გაცემისთვის.
რა არის Avantis?
Avantis არის უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX), რომელიც გაშვებულია Base-ზე - მე-2 დონის ბლოკჩეინზე. პლატფორმაზე მხარდაჭერილია კრიპტოვალუტითა და რეალური სამყაროს აქტივებით (RWA-ები) ვაჭრობა ლევერიჯით, მაგალითად forex, საქონელი და ინდექს-ფონდები.
ტრეიდერებს შეუძლიათ გახსნან long და short პოზიციები, ხოლო ლიკვიდურობის პროვაიდერებს შეუძლიათ USDC-ის დეპონირება ვაჭრობის მხარდასაჭერად. Avantis გთავაზობთ უვადო კონტრაქტებით ვაჭრობას ნულოვანი საკომისიოებით, ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას და USDC საცავებს, რისი საშუალებითაც შესაძლებელია ლიკვიდურობისა და რისკების მართვა და ლევერიჯით ვაჭრობა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ბაზრებზე.
უვადო ფიუჩერსები
უვადო ფიუჩერსები არის ისეთი კონტრაქტები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ივაჭროთ აქტივის ფასით მისი ფლობის გარეშე. ტრადიციული ფიუჩერსებისგან განსხვავებით, მათ არ აქვს მოქმედების ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ პოზიცია ღია გქონდეთ იქამდე, სანამ გაქვთ საკმარისი უზრუნველყოფა.
როგორც წესი, ამ კონტრაქტებით ვაჭრობისას მარჟის სახით გამოიყენება სტეიბლკოინები. ლევერიჯი საშუალებას გაძლევთ მცირე დეპოზიტის მეშვეობით გახსნათ უფრო დიდი ზომის პოზიციები, თუმცა ეს მეთოდი დაკავშირებულია როგორც დიდ მოგებასთან, ასევე მნიშვნელოვან ზარალთან. უვადო ფიუჩერსები ტრეიდერებს საშუალებას აძლევს გახსნან long ან short პოზიცია აქტივის ფასის საფუძველზე, მისი პირდაპირ შეძენის ან გაყიდვის გარეშე.
როგორ მუშაობს Avantis
საცავები და ლიკვიდურობის პროვაიდერები
უვადო კონტრაქტებით და ლევერეჯების გამოყენებით შეუფერხებლად ვაჭრობისთვის, Avantis იყენებს კაპიტალის სტაბილურ პულებს. ეს კაპიტალი ინახება USDC-ში დენომინირებულ საცავებში, რაც სისტემის საფუძველს წარმოადგენს. ტრეიდერები ახორციელებენ USDC-ის დეპონირებას, რომელიც გამოიყენება, როგორც უზრუნველყოფა ლევერიჯიანი პოზიციების გახსნისთვის, ხოლო ლიკვიდურობის პროვაიდერები USDC-ს განათავსებენ საცავებში სავაჭრო პულების ლიკვიდურობის გასაზრდელად.
როგორც ლიკვიდურობის პროვაიდერს, თქვენ გრჩებათ მოგება ვაჭრობის საკომისიოებიდან და ტრეიდერების დანაკარგებიდან. Avantis დეპოზიტებს ტრანშებად ყოფს, რაც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რისკის დონე. მაღალი დონის ტრანშები ნაკლებ რისკს შეიცავს და უფრო მცირე, მაგრამ სტაბილურ მოგებას უზრუნველყოფს, ხოლო მცირე ზომის ტრანშები უფრო მაღალი რისკით და მეტი მოგების მოპოვების პოტენციალით ხასიათდება. ეს საშუალებას გაძლევთ დაალაგოთ ინვესტიციები თქვენთვის მისაღები რისკის დონეების მიხედვით.
Keeper-ის საკომისიოები
Avantis მთლიანად on-chain-ზე მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი შეკვეთა დადასტურებული უნდა იყოს ბლოკჩეინის ტრანზაქციის მეშვეობით. ამ პროცესის მართვისთვის, პროტოკოლი იყენებს Keeper-ის ბოტების დეცენტრალიზებულ ქსელს, რომლებიც ტრანზაქციებს ტრეიდერების სახელით ახორციელებენ. ყოველ ჯერზე, როდესაც პოზიცია იხსნება ან იხურება, თავიანთი ვაჭრობის აღსრულებისთვის ტრეიდერები იხდიან Keeper-ის საკომისიოს.
ფიქსირებული გასახადების ნაცვლად, Avantis აწესებს დინამიურ Keeper-ის საკომისიოებს. თანხის დაანგარიშება რეალურ დროში ხდება და ასახავს მიმდინარე ქსელის პირობებს, როგორიცაა გაზის ფასები. ეს სისტემა თავიდან აგვაცილებს ზედმეტი თანხების გადახდას და მხარს უჭერს როგორც ტრეიდერების, ისე Keeper-ების შეკვეთების თანმიმდევრულ აღსრულებას.
Oracle სისტემა
Avantis არ მართავს საკუთარ შეკვეთების წიგნს; ზუსტი საბაზრო ფასების მიწოდებისთვის ის ეყრდნობა გარე oracle-ებს. პროტოკოლი აერთიანებს ორ პროვაიდერს: Pyth Network-ს სწრაფი, დაყოვნების დაბალი მაჩვენებლის მქონე განახლებებისთვის და Chainlink-ს, როგორც დეცენტრალიზებულ სარეზერვო ქსელს. Pyth გვაწვდის თითქმის რეალური დროის ფასების მონაცემებს, რაც ტრეიდერებს სწრაფი აღსრულების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო Chainlink ქმნის დამატებით საიმედო ფენას იმ შემთხვევაში, თუ ქსელს პრობლემები შეექმნება.
თქვენი ვაჭრობის განხორციელებამდე, Avantis ამოწმებს ფასებს ორივე oracle-დან. თუ სხვაობა 5 %-ზე მეტია, ტრანზაქცია გაუქმდება, რაც თავიდან აგვაცილებს შეკვეთის უსამართლო ფასებით აღსრულებას. ეს სისტემა ამცირებს შეცდომების რისკს მერყევი ბაზრების დროს და უზრუნველყოფს იმას, რომ ყოველთვის სანდო მონაცემებზე დაყრდნობით ვაჭრობდეთ.
ძირითადი ფუნქციები
უვადო კონტრაქტები ნულოვანი საკომისიოებით (ZFP)
უვადო კონტრაქტები ნულოვანი საკომისიოებით საშუალებას გაძლევთ ივაჭროთ საკომისიოს წინასწარი გადახდის გარეშე. ყოველი პოზიციის გახსნისას ან დახურვისას გადახდის ნაცვლად, თქვენ საკომისიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდით, თუ ვაჭრობა მომგებიანია. მაგალითად, თუ თქვენ გახსნით ETH-ის პოზიციას ლევერიჯით და ფასები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით შეიცვლება, ბაზრის მოძრაობით გამოწვეულ ზარალს არ დაემატება საკომისიოების ხარჯები.
როდესაც ვაჭრობა მომგებიანია, თქვენი მოგების მცირე ნაწილი ჩამოიჭრება საკომისიოს სახით. რაც უფრო მაღალია მოგება, მით მეტი იქნება თქვენი წილი ამ მოგებიდან. ამ მიდგომის წყალობით, ვაჭრობა უფრო ეკონომიური ხდება, განსაკუთრებით მაღალი ლევერიჯის ან მოკლევადიანი სტრატეგიების გამოყენების შემთხვევაში, რა დროსაც დიდი რაოდენობით საკომისიოების გადახდაა საჭირო.
ზარალის კომპენსაცია
ზარალის კომპენსაციის ფუნქციის მეშვეობით, ტრეიდერები იღებენ ჯილდოებს, როდესაც ისინი ბაზრის ნაკლებად პოპულარულ მხარეს ვაჭრობენ. თუ ტრეიდერების უმეტესობას long პოზიცია აქვს გახსნილი და თქვენ short-ს აირჩევთ, თქვენ შესაძლოა მიიღოთ ანაზღაურება, რაც შეამცირებს ზარალს წარუმატებელი ვაჭრობის შემთხვევაში. ეს სისტემა გვეხმარება long და short პოზიციებს შორის ბალანსის შენარჩუნებაში, ამცირებს რისკს ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის და ხელს უწყობს ბაზრის დასტაბილურებას.
შემოსავლის განაწილება
Avantis-ზე გადახდილი საკომისიოები ნაწილდება ლიკვიდურობის პროვაიდერებსა და პროტოკოლის ხაზინას შორის. ვაჭრობის მხარდაჭერისთვის საჭირო კაპიტალის შემოთავაზებისთვის, ლიკვიდურობის პროვაიდერები კომპენსაციის სახით იღებენ შემოსავლის 60%-ს. დანარჩენი 40% ხაზინაში გროვდება და გამოიყენება ინიციატივების დაფინანსებისთვის, როგორიცაა ვაჭრობის წახალისებები, შეჯიბრებები და საცავების დაზღვევა. ეს სტრუქტურა შექმნილია პროვაიდერების დაჯილდოებისთვის, ვინც რისკავს და ამავდროულად ანაწილებს რესურსებს პლატფორმის შესანარჩუნებლად და დროდადრო გასაზრდელად.
რისკები და პრობლემები
Avantis-ის გამოყენება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული და ეს როგორც ტრეიდერებმა, ისე ლიკვიდურობის პროვაიდერებმა უნდა გაითვალისწინონ. ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის USDC-ის საცავში დეპონირებაც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან ტრეიდერების მიერ წარმატებით ვაჭრობამ შესაძლოა შეამციროს პლატფორმის მოგება, ასევე არსებობს სმარტ კონტრაქტებში ხარვეზების არსებობის ალბათობა, რეგულარული აუდიტების მიუხედავად.
მაღალი ლევერიჯის გამოყენების შემთხვევაში იზრდება როგორც მოგების, ასევე ზარალის ოდენობა, რაც პოზიციებს უფრო მერყევს ხდის. გარდა ამისა, RWA-ებში, როგორებიცაა forex და საქონელი, შეიძლება დაფიქსირდეს სხვაობა ფასებში ბაზრების გახსნისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს stop-loss ან take-profit შეკვეთების არასასურველ ფასად შევსება.
Avantis ტოკენი
AVNT AVNT ტოკენი არის Avantis ეკოსისტემის ადგილობრივი ტოკენი, რომლის მაქსიმალური მარაგიც შეადგენს 1 მილიარდს. ის პროტოკოლში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
მმართველობა: AVNT-ის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა მისცენ ხმა პროტოკოლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებს, როგორებიცაა განახლებები, საკომისიოები, ტოკენის დაწვა, ახალი პროდუქტები და სხვა ქსელებზე ინტეგრაცია.
საკომისიოს ფასდაკლებები: AVNT-ის სტეიკინგის მეშვეობით ტრეიდერები იღებენ ფასდაკლებებს როგორც ფიქსირებულ საკომისიოებზე, ისე ZFP ვაჭრობაზე.
ლოიალურობის ბონუსები: სტეიკერები იღებენ უფრო დიდ წილს სამომავლო airdrop-ებიდან ან ლოიალურობის პროგრამებიდან, რაც წაახალისებს გრძელვადიან მონაწილეობას.
სტეიკინგი: AVNT-ის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი ტოკენების Avantis Security Module (SM)-ის სტეიკინგზე განთავსება, რაც უზრუნველყოფს ლიკვიდურობის პროვაიდერების დაცვას ბაზრის ვარდნის პერიოდებში. მისი მეშვეობით შესაძლებელია ჯილდოების და საკომისიოებზე ფასდაკლებების მიღება, თუმცა მასთან ასევე დაკავშირებულია სლეშინგის რისკი.
Avantis (AVNT) Binance HODLer Airdrop-ებზე
2025 წლის 16 სექტემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ AVNT იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის მე-40 პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 6-დან 8 სექტემბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს AVNT-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 10 მილიონი AVNT, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა AVNT-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Avantis არის დეცენტრალიზებული ბირჟა, რომელიც ტრეიდერებს სთავაზობს უვადო ფიუჩერსებს, მაღალ ლევერიჯსა და სტრუქტურირებულ ლიკვიდურობას ერთ პლატფორმაზე. ისეთი ფუნქციების მეშვეობით, როგორიცაა ნულოვანი საკომისიოს მქონე უვადო კონტრაქტები, dual-oracle ფასები და ზარალის კომპენსაციის მსგავსი წახალისებები, პლატფორმის მიზანია ლევერიჯების დახმარებით ვაჭრობა გახადოს უფრო ეფექტური და დაბალანსებული.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტები ქმნის ახალ შესაძლებლობებს ტრეიდერებისთვის და ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ლევერიჯის გამოყენებით ვაჭრობა და ლიკვიდურობის უზრუნველყოფა გარკვეულ რისკებთანაა კავშირში. მონაწილეობის მიღებამდე, თქვენ ყურადღებით უნდა შეაფასოთ ეს რისკები და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყოთ ვაჭრობა, თუ მზად ხართ დანაკარგებისთვის.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.