მთავარი დეტალები
DeFi აგრეგატორები მოიძიებენ სხვადასხვა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმებზე არსებულ ინფორმაციას და სერვისებს და წარმოგიდგენენ მათ ერთიანი, მარტივი ინტერფეისის სახით.
ისინი მომხმარებლებს ეხმარებიან ტოკენების სვოპების, სესხების გაცემის, სესხების მიღების და სარგებლის ფარმინგის საუკეთესო განაკვეთების მოძებნაში სხვადასხვა პლატფორმებზე განხორციელებული ტრანზაქციის მონაცემების ოპტიმიზაციის მეშვეობით.
სმარტ კონტრაქტების და ჭკვიანი მარშრუტიზაციის მეთოდების გამოყენებით, აგრეგატორებს შეუძლიათ გაანაწილონ და მართონ ტრანზაქციები საუკეთესო პირობების მოძიების და ხარჯების მინიმუმამდე შემცირების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი უზრუნველყოფენ DeFi-ს გამოყენების გამარტივებას და შემოსავლის გაზრდას, მომხმარებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მათთან დაკავშირებული რისკები, როგორიცაა სმარტ კონტრაქტებში არსებული ბაგები და ბაზრის პირობების სწრაფი ცვლა.
შესავალი
დეცენტრალიზებული ფინანსები, რომელსაც ასევე DeFi-ს უწოდებენ, გვთავაზობს ფინანსური სერვისების გამოყენების ახალ გზებს და გვაძლევს სესხების გაცემის, მიღების, ვაჭრობის და სარგებლის გამომუშავების შესაძლებლობას ბანკების ან სხვა შუამავლების საჭიროების გარეშე. ბოლო წლებში ბევრი DeFi პლატფორმა შეიქმნა, რომლებიც გვთავაზობს სესხების გაცემის, სტეიკინგის ან ტოკენების სვოპების სხვადასხვა ვარიანტს. დღეისათვის უამრავი პლატფორმა არსებობს, რომელთაგან საუკეთესოს შერჩევა საკმაოდ რთულია. თითოეული პლატფორმის ინდივიდუალურად შესწავლა ძალიან დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს, განსაკუთრებით ახალი მომხმარებლისთვის.
სწორედ ამისათვის არის საჭირო DeFi აგრეგატორები. ისინი აგროვებენ მონაცემებს სხვადასხვა DeFi პლატფორმებიდან და, ალგორითმების და პროგრამების გამოყენებით, ირჩევენ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტებს.
რა არის DeFi აგრეგატორები?
DeFi აგრეგატორები წარმოადგენს ვებსაიტებს და აპლიკაციებს, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა DeFi წყაროებიდან, მათ შორის დეცენტრალიზებული ბირჟებიდან (DEX), სესხების გაცემის პროტოკოლებიდან და ლიკვიდურობის პულებიდან. თითოეული პლატფორმის ცალ-ცალკე შესწავლის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ აგრეგატორი, სადაც ერთადაა თავმოყრილი ყველა ხელმისაწვდომი განაკვეთი და ვარიანტი.
მაგალითად, ტოკენების სვოპის დროს, მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს საუკეთესო ფასის, დაბალი საკომისიოების და მინიმალური ფასის ცურვის მქონე ვარიანტების მოძებნა. DeFi აგრეგატორები ამოწმებენ უამრავ დეცენტრალიზებულ ბირჟასა და ლიკვიდურობის პულებს, რათა მოძებნონ ვაჭრობის აღსრულების ყველაზე ეკონომიური გზები. ანალოგიურად, აგრეგატორები ერთმანეთს ადარებენ სხვადასხვა პლატფორმების მიერ შემოთავაზებულ სესხების გაცემის ან სარგებლის ფარმინგის საპროცენტო განაკვეთებს ან სარგებლის ოდენობას.
როგორ მუშაობს DeFi აგრეგატორები?
მონაცემთა შეგროვება
აგრეგატორები მუდმივად ადევნებენ თვალს სხვადასხვა DeFi პლატფორმებზე ხელმისაწვდომ ფასებს, ლიკვიდურობას, სესხების გაცემის ტარიფებს და სარგებლის ოდენობას. ამ ინფორმაციის შეგროვების მიზნით, ისინი იყენებენ API-ებს, ბლოკჩეინზე მოთხოვნების პირდაპირ გაგზავნის სისტემებს, oracle-ებს და სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებებს. DeFi ბაზრების სწრაფად ცვალებადობის გამო, კარგ აგრეგატორს უნდა შეეძლოს საკუთარი მონაცემების წამში რამდენჯერმე განახლება, რაც აუცილებელია მომხმარებლისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაწოდებლად.
ჭკვიანი მარშრუტიზაცია
მონაცემების შეგროვების შემდეგ, აგრეგატორები ეძებენ თქვენი ტრანზაქციის ყველაზე ეფექტურად აღსრულების გზებს, რისთვისაც იყენებენ მაღალი დონის ალგორითმებს. ტოკენების სვოპის დროს, მათ შეიძლება თქვენი ვაჭრობის შეკვეთა დაყონ რამდენიმე ნაწილად და ეს ნაწილები აღსრულებისთვის გაუგზავნონ სხვადასხვა ბირჟას ან პულს, რათა უზრუნველყონ ხარჯების და შეკვეთის ფასზე გავლენის მინიმუმამდე შემცირება. სესხების გაცემის ან ფარმინგის დროს, ისინი ეძებენ პროტოკოლებს, რომლებიც გთავაზობთ მაქსიმალურ მოგებას, მინიმალურ საკომისიოებს და შემცირებულ რისკებს.
ეს საფეხური მნიშვნელოვანია, რადგან DeFi-ს ლიკვიდურობა გადანაწილებულია სხვადასხვა პლატფორმებზე. მხოლოდ ერთი პლატფორმის გამოყენების ნაცვლად, აგრეგატორები თქვენს სავაჭრო შეკვეთას ანაწილებენ რამდენიმე პლატფორმაზე, რაც აუმჯობესებს აღსრულების ეფექტურობას.
სმარტ კონტრაქტების აღსრულება
საუკეთესო მარშრუტის არჩევის შემდეგ, თქვენი ტრანზაქციების ავტომატურად აღსრულებისთვის, აგრეგატორები იყენებენ სმარტ კონტრაქტებს. ამ პროგრამების გაშვება პირდაპირ ბლოკჩეინზე ხორციელდება, რაც გამორიცხავს შუამავლის საჭიროებას და ამცირებს შეცდომებისა და შეფერხებების ალბათობას. სმარტ კონტრაქტები ასევე გვთავაზობს ატომურობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანზაქცია ან მთლიანად სრულდება, ან მთლიანად უქმდება.
მომხმარებლის გამოცდილება
DeFi აგრეგატორები გთავაზობთ მარტივ ინსტრუმენტების პანელის, რაც მომხმარებელს აძლებს სასურველი ფუნქციების არჩევის შესაძლებლობას, როგორიცაა ტოკენების სვოპი, კრიპტოვალუტის გასესხება ან სტეიკინგზე განთავსება. ამის შემდეგ აგრეგატორი წარმოგიდგენთ რეკომენდებულ ვარიანტებს, რომლებიც დალაგებულია სხვადასხვა კრიტერიუმების, მაგალითად ფასის ან მოგების ოდენობის მიხედვით. ზოგიერთი პლატფორმა ასევე გაძლევთ სხვადასხვა პარამეტრების დაყენების საშუალებას, როგორიცაა ფასის ცურვის ან გაზის საკომისიოების (ტრანზაქციის ხარჯების) მისაღები დონე.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
პოტენციური უპირატესობები
დროის და ძალისხმევის დაზოგვა: აგრეგატორები თქვენს მაგივრად ახორციელებენ DeFi პლატფორმების ანალიზს და მათ ერთმანეთთან შედარებას. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მომხმარებლებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი ტექნიკური ცოდნა ან შესაძლებლობა, რომ ბევრი დრო დაუთმონ ვაჭრობას.
უკეთესი გარიგებები: ალგორითმების და მარშრუტიზაციის მექანიზმების გამოყენებით, აგრეგატორები მომხმარებლებს ეხმარებიან უკეთესი განაკვეთების მოძიებაში ან უფრო მაღალი სარგებლის მიღებაში
გამარტივებული წვდომა: აგრეგატორები ახალ მომხმარებლებს უმარტივებენ DeFi პლატფორმებზე წვდომას კომპლექსური სამუშაოების მარტივ პროცესად გარდაქმნის მეშვეობით.
ბაზრის ეფექტურობის გაუმჯობესება: აგრეგატორები გთავაზობენ უფრო ღრმა ლიკვიდურობაზე წვდომას და საუკეთესო ფასების მოძიებას დანაწევრებული ბაზრების გაერთიანებით და პროტოკოლებს შორის კონკურენციის წახალისებით.
პოტენციური რისკები
სმარტ კონტრაქტის სისუსტეები: აგრეგატორები დაფუძნებულია სმარტ კონტრაქტებზე, შესაბამისად, ნებისმიერი სხვა DeFi პროტოკოლის მსგავსად, ეს კონტრაქტები შეიძლება შეიცავდეს ბაგებს ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს. ამ სისუსტეების გამოყენებით განხორციელებულმა ჰაკერულმა თავდასხმებმა შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური ზარალი.
ბაზრის სწრაფად ცვალებადობა: DeFi-ს ფასები და განაკვეთები მაღალი არასტაბილურობით ხასიათდება. ტრანზაქციის დადასტურების პროცესის მომენტში, აგრეგატორის მიერ იდენტიფიცირებული „საუკეთესო“ მარშრუტი ან განაკვეთი შეიძლება მოძველებული აღმოჩნდეს.
ცენტრალიზაციის რისკები: ზოგიერთი აგრეგატორის მუშაობა შეიძლება დაფუძნებული იყოს ცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურაზე ან კონტროლის სისტემებზე, რაც წარმოშობს შემხვედრ მხარესთან დაკავშირებულ რისკებს.
კომპლექსურობა და საკომისიოები: აგრეგატორების გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს დამატებით ხარჯებთან, როგორიცაა მომსახურების საკომისიოებთან ან გაზის გადასახადებთან, რამაც შეიძლება შეამციროს თქვენ მიერ დაზოგილი თანხის ოდენობა. მრავალსაფეხურიანი მარშრუტიზაცია ამ პროცესს კიდევ უფრო ართულებს და ზრდის გაზის მოხმარებას და ფასის ცურვას.
DeFi აგრეგატორების მაგალითები
1inch: ფოკუსირებულია დეცენტრალიზებული ბირჟების (DEX) მონაცემების აგრეგაციაზე. ეს პროტოკოლი ახორციელებს სხვადასხვა DEX-ების სკანირებას ტოკენების სვოპებისთვის ყველაზე ეფექტური მარშრუტების იდენტიფიკაციისთვის.
Yearn.finance: სპეციალიზებულია სარგებლის ფარმინგის მონაცემების აგრეგაციაზე. პლატფორმა ახდენს აქტივების საცავებში განთავსების პროცესის ავტომატიზაციას, რაც მომხმარებლებს ეხმარება მოგების მაქსიმალურად გაზრდაში მუდმივი ზედამხედველობის საჭიროების გარეშე.
Zapper: გთავაზობთ ინსტრუმენტების პანელს, რომელიც აერთიანებს DeFi-ს სხვადასხვა პოზიციებს, რაც ამარტივებს პორტფოლიოების მართვასა და სარგებლის გენერირების შესაძლებლობებზე წვდომას.
შეჯამება
DeFi აგრეგატორები წარმოადგენს სასარგებლო ინსტრუმენტებს, რომლებიც გეხმარებათ დეცენტრალიზებულ ფინანსების სერვისებთან მარტივად და ეფექტურად ურთიერთქმედებაში. მონაცემთა კომბინირების, ტრანზაქციის მარშრუტების ოპტიმიზაციის და აღსრულების ავტომატიზაციის წყალობით, ისინი DeFi სივრცეს უფრო ხელმისაწვდომს და პოტენციურად უფრო მომგებიანს ხდის. ამ ყველაფრის მიუხედავად, DeFi სივრცე დაკავშირებულია სხვადასხვა რისკებთან, ამიტომ თანხის დაბანდებამდე კარგად შეისწავლეთ საინვესტიციო პროდუქტები და ინვესტირებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ იმ ოდენობის თანხა, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.