TL;DR
Synthetix არის DeFi პროტოკოლი სინთეზური კრიპტო აქტივებისთვის. ის გაჩნდა 2018 წლის bear ბაზრის მოვლენების შემდეგ და Maker-თან, Compound-თან, Uniswap-თან და სხვა პროტოკოლებთან ერთად, მან გზა გაუკვალა დეცენტრალიზებული ფინანსების კრიპტოვალუტის ბაზრის მთავარ სექტორად ჩამოყალიბებას.
შესავალი
თავდაპირველად Synthetix გაშვებულ იქნა, როგორც სტეიბლკოინის პროექტი, სახელწოდებით Havven. მოგვიანებით, კრიპტოსამყაროში დაფიქსირებული bear ბაზრის მოვლენების შემდეგ, მისი მიმართულება რადიკალურად შეიცვალა და ის გახდა სინთეზური აქტივების პროტოკოლი. Synthetix-ის ავტორების საზოგადოებამ უამრავი ინოვაციური მექანიზმი დაამკვიდრა, რომლებიც დღეს DeFi ეკოსისტემის სტანდარტად ითვლება.
ამჟამად ის Ethereum-ზე DeFi-ს ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იგეგმება მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიის გაშვება, Synthetix დიდხანს დარჩება DeFi-ს მნიშვნელოვან ნაწილად.
რა არის Synthetix?
Synthetix წარმოადგენს სინთეზური აქტივის პროტოკოლს, რომელიც Ethereum-ზე სინთეზური აქტივების გაშვების საშუალებას იძლევა. სინთეზური აქტივი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც დერივატივ-პროდუქტის სახეობა. ის გვთავაზობს აქტივთან წვდომას მისი ფლობის საჭიროების გარეშე.
რა სახის აქტივი შეიძლება იყოს სინთეზური აქტივი, ანუ „Synth“? თითქმის ყველა სახის აქტივი, რომელსაც გააჩნია ფასის განსაზღვრის კოტირების საიმედო სისტემა. მსგავსი აქტივები შეიძლება იყოს ისეთი კრიპტოვალუტები, როგორიცაა მაგალითად BTC ან ETH, საქონელი, როგორიცაა ოქრო და ვერცხლი, და ფიატ-ვალუტები, მაგალითად USD. ასევე არსებობს ინვერსიული Synth-ები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ საბაზისო აქტივის ინვერსიას, რაც ტრეიდერებს short პოზიციების გახსნის ან არსებული ჰოლდინგების და შემოსავლის ფარმინგის პოზიციების ფლობის მარტივ გზებს სთავაზობს.
მისი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ Synthetix-ის საშუალებით ტრეიდერებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა კონკრეტულ აქტივებზე, რომლებიც არ არსებობს ბლოკჩეინზე. Synthetix ასევე იძლევა ინდექსების, მაგალითად DeFi ინდექსის შექმნის შესაძლებლობას, რომლითაც ხდება რამდენიმე DeFi აქტივისგან შემდგარი კალათის ფასების კონტროლი.
როგორ მუშაობს Synthetix?
საბაზისო აქტივების ფასების კონტროლისთვის Synth-ები იყენებენ ფასების დეცენტრალიზებულ oracle-ებს. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ Synth განსხვავდება რეზერვებით უზრუნველყოფილი კრიპტოვალუტისგან, მაგალითად სტეიბლკოინისგან. უფრო კონვენციური რეზერვის ნაცვლად, Synth-ის ფასეულობას განსაზღვრავს სხვადასხვა რთული მექანიზმი და სმარტ კონტრაქტები.
მაგალითად, BUSD არის სტეიბლკოინი, რომლის თითოეული ერთეული მხარდაჭერილია რეზერვებში არსებული 1 USD-ით. ანალოგიურად, Paxos-ის ტოკენი Pax Gold (PAXG) უზრუნველყოფილია ოქროს ფიზიკური მარაგით. შეიძლება ითქვას, რომ თუ თქვენ ფლობთ PAXG-ს, თქვენ ფლობთ რეზერვებში არსებული ოქროს ეკვივალენტურ რაოდენობას. სხვა სიტყვებით, PAXG არის ტოკენი, რომელიც წარმოადგენს ოქროს მფლობელობის მტკიცებულებას.
Synth-ების შემთხვევა განსხვავებულია. აქტივების ფასების კონტროლი სმარტ კონტრაქტების კომპლექსური მექანიზმის მეშვეობით ხდება. sXAU-ის ფლობა არ ნიშნავს, რომ თქვენ ფლობთ საბაზისო ოქროს. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ წვდომა ოქროს ფასზე.
მაშ რა სარგებელი აქვს მსგავსი აქტივის ფლობას? როგორც აღვნიშნეთ, ის გვთავაზობს აქტივის ფასის ცვლილებით მოგების მიღების შესაძლებლობას უშუალოდ ამ აქტივის ფლობის გარეშე. გარდა ამისა, რადგან Synth-ები წარმოადგენს Ethereum-ზე განთავსებულ ERC-20 ტოკენებს, მარტივადაა შესაძლებელი მათთან სხვა DeFi პროტოკოლების ინტეგრირება. Synth-ების განთავსება შესაძლებელია სხვადასხვა პლატფორმებზე, როგორებიცაა Uniswap, Sushi, ან Curve, სადაც სხვა ERC-20 ტოკენების ანალოგიურად, შეგიძლიათ ლიკვიდურობის მიწოდებით გამოიმუშაოთ ვაჭრობის საკომისიოები.
Synthetix Network Token (SNX)
როგორ ხდება მათი უზრუნველყოფა საბაზისო აქტივებით მხარდაჭერის გარეშე? ძირითადად პლატფორმის ტოკენის – SNX-ის მეშვეობით. ახლახან, Synthetix-მა დაამატა ETH-ის მხარდაჭერა.
Synthetix მუშაობს ჭარბი უზრუნველყოფით – ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული სინთეზური აქტივის უზრუნველყოფისთვის გამოყენებული აქტივების ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე ამ სინთეზური აქტივის.
Synth-ების შექმნისთვის მომხმარებელს შეაქვს უზრუნველყოფის თანხა (SNX) და სანაცვლოდ იღებს სინთეზურ აქტივს. ფაქტობრივად, Synth წარმოადგენს უზრუნველყოფის თანხის სანაცვლოდ მიღებულ სესხს.
თითოეული სესხის პოზიციის განთავსება უზრუნველყოფის გარკვეულ თანაფარდობას მოითხოვს. ეს თანაფარდობა განისაზღვრება პლატფორმის მმართველობის მიერ. ამით მიიღწევა ის, რომ Synth-ები სათანადო დონეზეა უზრუნველყოფილი და სისტემაში დეფიციტი არ იარსებებს ბაზრის ვარდნის შემთხვევაშიც კი.
მომხმარებლებმა, რომლებიც სტეიკინგზე განათავსებენ აქტივებს, ჯილდოების სტაბილურად გამომუშავებისთვის, თავად უნდა აკონტროლონ ეს თანაფარდობა Synth-ების (ვალის) „დამზადების“ და „დაწვის“ მეშვეობით, ან დაამატონ უზრუნველყოფის თანხა.
უსასრულო ლიკვიდურობა და ფასის ცურვის არარსებობა
Synthetix ბაზარზე წარმოდგენილია, როგორც „უსასრულო ლიკვიდურობის“ მქონე ბირჟა, რადგან მას არ გააჩნია შეკვეთების წიგნი და არ ახასიათებს ფასის ცურვა ამ ტერმინების ტრადიციული გაგებით. ფასების განსაზღვრა ხდება ალგორითმული მექანიზმის მეშვეობით, რომელიც მუშაობის პრინციპით უფრო ავტომატურ მარკეტ მეიკერს (AMM) ჰგავს, ვიდრე ლიმიტ-შეკვეთების ცენტრალურ წიგნს (CLOB).
ფაქტობრივად, Synthetix-ზე თქვენ არ ვაჭრობთ ინდივიდუალურ პირთან ან მარკეტ-მეიკერთან. ამის ნაცვლად, თქვენ ფარავთ თქვენი სესხის ნაწილს სესხის პულიდან და სესხულობთ იმავე ოდენობის თანხას სხვა Synth-ში.
ეს უამრავი ნიუანსის მქონე რთული მექანიზმია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ Synthetix-ზე ვაჭრობა რადიკალურად განსხვავდება Binance-ის შეკვეთების წიგნით ან Uniswap-ის ლიკვიდურობის პულებით ვაჭრობისგან.
Synthetix და Optimism
თუ ასეა, NASDAQ-ის ყველა კომპანია უკვე რატომ არ გადმოვიდა Synthetix ბირჟაზე? Ethereum-ის მთავარ ქსელზე არსებული საკომისიოები და აღსრულების გარანტიები ყველა ტრეიდერისთვის და ვაჭრობის სტილისთვის შესაფერისი არ არის. სწორედ ამიტომ Synthetix-ის კონტრაქტების განთავსება ხდება მე-2 დონის ბლოკჩეინზე, რომელსაც ეწოდება ოპტიმისტური როლაფი – კერძოდ, კომპანია Optimism-ის მიერ შემოთავაზებული იმპლემენტაცია.
როლაფები ბლოკჩეინების მასშტაბირების შესანიშნავ გზას წარმოადგენს. მასშტაბირების სხვა მეთოდებისგან, მაგალითად საიდჩეინებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარ უსაფრთხოებას თავად უზრუნველყოფენ ვალიდატორების ცალკე ჯგუფების მეშვეობით, როლაფების უსაფრთხოება Ethereum-ის ბლოკჩეინის წყალობით არის უზრუნველყოფილი. მათ შორის მთავარი განსხვავება სწორედ ამაში მდგომარეობს. მასშტაბირების მხრივ როლაფებისგან მიღებული სარგებელი საიდჩეინების ანალოგიურია (მაგ., ტრანზაქციების გამტარუნარიანობის გაზრდა და ტრანზაქციის დაბალი საკომისიოები). ამ დროს უსაფრთხოების დონე არ მცირდება.
თუმცა Synthetix კონტრაქტები სმარტ კონტრაქტების ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტიპს წარმოადგენს. მსგავს მოწინავე ტექნოლოგიაში მისი დანერგვა მარტივი საქმე არ არის. Optimism დიდი ხანია Synthetix-თან თანამშრომლობს, თუმცა მისი როლაფების mainnet-ზე გაშვება იგეგმება 2021 წლის ზაფხულში.
შეჯამება
Synthetix წარმოადგენს Ethereum-ზე გაშვებულ სინთეზური აქტივის პროტოკოლს. Synth-ები მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოგება მიიღოს საბაზისო აქტივის ცვლილების მეშვეობით უშუალოდ ამ აქტივის ფლობის გარეშე. Synthetix ერთ-ერთი უძველესი DeFi პროექტია, რომლის მართვა ხდება დეცენტრალიზებული მართვის სტრუქტურის, SynthetixDAO-ს მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ Synthetix პროექტის მუშაობის პრინციპის გაგება მარტივი არ არის, Optimism-ის როლაფების იმპლემენტაციაზე გაშვების შემდეგ მისი პოპულარობა შეიძლება გაიზარდოს.