ბლოკჩეინის გამოყენების გზები: პროგნოზირების ბაზრები
მთავარი
სტატიები
ბლოკჩეინის გამოყენების გზები: პროგნოზირების ბაზრები

ბლოკჩეინის გამოყენების გზები: პროგნოზირების ბაზრები

გამოქვეყნებული Feb 28, 2020განახლებული Aug 21, 2024
8m

მთავარი დეტალები

  • ბლოკჩეინ ტექნოლოგიას შეუძლია პროგნოზირების ბაზრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება მათი დეცენტრალიზაციით, ცენზურისგან დაცვით, შუამავლების საჭიროების გამორიცხვით და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით.

  • ბლოკჩეინ oracle-ები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ დეცენტრალიზებულ პროგნოზირების ბაზრებზე მიმდინარე პროცესების რეალური შედეგების და მონაცემების შემოწმების დროს და უზრუნველყოფენ სანდოობას და სიზუსტეს ცენტრალური რგოლის მიერ კონტროლის საჭიროების გარეშე.

  • პროგნოზირების ბაზრების პოტენციალის კიდევ უფრო გაუმჯობესება შესაძლებელია სამომავლო გაუმჯობესებებით ბლოკჩეინის მასშტაბირებადობის, მარეგულირებელი პროცესების დანერგვის და DeFi აპლიკაციებთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.

შესავალი

როდესაც ტერმინებს „ბლოკჩეინი“ და „ბაზრები“ ერთ წინადადებაში ვხვდებით, მაშინვე გვახსენდება კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ფართომასშტაბიანი, აქტიური და პოპულარული ეკოსისტემა. 

თუმცა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამორჩეულობა ყველაფერთან ერთად მის უნივერსალურობაშიც გამოიხატება, მას გააჩნია არა მხოლოდ კრიპტოვალუტების, არამედ მრავალი სხვადასხვა ტიპის ბაზრის მხარდაჭერა. ამ სტატიაში განხილულია, თუ როგორ შეუძლია ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ამ კონკრეტული ტიპის ბაზრების: პროგნოზირების ბაზრების გარდაქმნა.

რა არის პროგნოზირების ბაზრები?

პროგნოზირების ბაზრები გახლავთ სპეკულაციური პლატფორმები, სადაც მომხმარებლები ტრადიციული ფინანსური აქტივების ნაცვლად სამომავლო მოვლენების შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაციებით ვაჭრობენ. მონაწილეები ყიდულობენ და ყიდიან კონტრაქტებს, რომელთა ღირებულებაც განისაზღვრება კონკრეტული მოვლენების შედეგების მიხედვით. 

მაგალითად, განვიხილოთ სიტუაცია, სადაც პროგნოზირების ბაზარზე ისმევა კითხვა: „ივლის თუ არა მატარებელი აშშ-დან ევროპის მიმართულებით 2035 წლისთვის?“ ტრეიდერები შეიძენენ კონტრაქტებს და ასე განათავსებენ ფსონს პასუხზე „კი“ ან „არა“. თუ მატარებელი დაიწყებს ამ მარშრუტით სიარულს დათქმული თარიღისთვის, „კი“ კონტრაქტების ფასი გახდება $1, ხოლო „არა“ კონტრაქტებს არავითარი ფასი არ ექნებათ და პირიქით.

ამ კონტრაქტების ღირებულება მერყევია, რადგან ცვალებადია საბაზრო განწყობაც და ინფორმაციაც. მაგალითად, წყალქვეშა გვირაბების ტექნოლოგიის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაძლოა გაიზარდოს „კი“ კონტრაქტების ფასი. 

ამის საპირისპიროდ, თუ ადგილი არ ექნება ამგვარ განვითარებას, შესაძლოა გაიზარდოს „არა“ კონტრაქტების ფასი. პროგნოზირების ბაზრები მძლავრი ინსტრუმენტებია, მათი მეშვეობით ხდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის და მონაცემების მიღება მონაწილეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფისგან, რაც ხშირ შემთხვევაში მაღალი სიზუსტის პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას ქმნის.

პროგნოზირების ბაზარზე შესაძლოა განიხილებოდეს მრავალი სხვადასხვა საკითხი. ეს შესაძლოა მოიცავდეს პოლიტიკურ არჩევნებს, ეკონომიკურ ინდიკატორებს, სპორტულ ღონისძიებებს და ამინდის პროგნოზსაც კი. რეალურად, პროგნოზირების ბაზარზე შესაძლებელია გაურკვეველი შედეგის მქონე ნებისმიერი მოვლენის განხილვა. სწორედ ეს მრავალფეროვნება აძლევს პროგნოზირების ბაზრებს კოლექტიური ინფორმაციის მრავალი სხვადასხვა წყაროდან მიღების საშუალებას, რის შედეგადაც ვიღებთ ღირებულ მონაცემებს, რომელთა მოპოვებაც შესაძლოა ვერ მოხერხდეს ტრადიციული ანალიზის მეთოდების გამოყენების შემთხვევაში.

რატომ არის პროგნოზირების ბაზრები სასარგებლო?

პროგნოზირების ბაზრების ეფექტურობას განაპირობებს ფაქტი, რომ ხდება მონაწილეთა ფინანსური წახალისება, რათა მათ იმოქმედონ საკუთარი ცოდნის და არსებული მონაცემების საფუძველზე. ტრადიციული აზარტული თამაშებისგან განსხვავებით, სადაც იღბალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, პროგნოზირების ბაზრები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქვთ გაცნობიერებული მონაწილეებს გარემო ფაქტორების არსებობა, რომლებმაც შესაძლოა იმოქმედონ შედეგებზე. 

ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი მატარებლის მაგალითის შემთხვევაში, თუ „არა“ კონტრაქტების სავაჭრო ფასია $0,90 ხოლო „კი“ კონტრაქტების - $0,10, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზრის მონაწილეების უმეტესობას მიაჩნია, რომ მაღალია იმის ალბათობა, რომ მატარებელი არ ივლის ამ მიმართულებით 2025 წლისთვის.

ამ ბაზრების მუშაობის პრინციპი ეფუძნება კოლექტიური ცოდნის შეგროვებასა და წარმოდგენას. ისინი მუშაობენ იმ პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, საზოგადოებაში გავრცელებული საერთო მოსაზრება ხშირ შემთხვევაში უფრო ზუსტია, ვიდრე ცალკეული ექსპერტების მოსაზრებები. 

პროგნოზირების ბაზრებზე ხელმისაწვდომ მონაცემთა ანალიზით, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე პირებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება, სამომავლო ტენდენციებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით. პროგნოზირების ბაზრების ზოგიერთი მომხრე იმასაც კი ვარაუდობს, რომ სამომავლოდ შესაძლებელია მათი მეშვეობით საფუძველი ჩაეყაროს დემოკრატიის ახალ ფორმას, ფუტარქიას, სადაც პოლიტიკის შემუშავება მოხდება ზოგად კეთილდღეობაზე მათი სავარაუდო ზეგავლენის მიხედვით.

პროგნოზირების ბაზრები მუშაობენ როგორც ინფორმაციის აგრეგატორები. ხდება ბაზრის შიდა ინფორმაციის ან გამოცდილების მქონე მონაწილეების წახალისება ეკონომიკური თვალსაზრისით, რათა მოხდეს მათი მხრიდან საკუთარი ცოდნისა და ინფორმაციის ვაჭრობისას გამოყენება. ამით მიიღება საბაზრო ფასი, რომელიც ეფუძნება საერთო მოსაზრებას მოვლენის შედეგებთან დაკავშირებით.

ამ ფუნქციის მეშვეობით პროგნოზირების ბაზრები იქცევა საკმაოდ მძლავრ ინსტრუმენტად გადაწყვეტილებების მიღების და სხვადასხვა მოვლენის შედეგების პროგნოზირების საკითხში. კომპანიებს ამ მონაცემების გამოყენება შეუძლიათ ინფორმირებული სტრატეგიების შედგენის მიზნით, მმართველ ორგანოებს საზოგადოების პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულებების შესაფასებლად, ხოლო ინვესტორებს სამომავლო ტენდენციების ამოსაცნობად.

პროგნოზირების ბაზრები და ბლოკჩეინ ტექნოლოგია

პროგნოზირების ბაზრების სარგებლიანობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შესაძლებელია მათი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით დეცენტრალიზაციის გზით. ტრადიციულ ცენტრალიზებულ პლატფორმებს უწევთ გარკვეულ შეზღუდვებთან გამკლავება იმ მიზეზით, რომ აუცილებელია მომხმარებელმა გამოუცხადოს ნდობა პლატფორმის ოპერატორებს. 

ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროგნოზირების ბაზრები მრავალ სხვადასხვა უპირატესობას გვთავაზობს:

ცენზურისგან დაცული

ცენტრალიზებული პროგნოზირების ბაზრები დაუცველია კონკრეტულ სერვისებზე შეზღუდვის დაწესებისგან ან მათი გათიშვისგან. სმარტ კონტრაქტების მეშვეობით მართულ დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე ნაკლებია კრიტიკული სუსტი წერტილების არსებობის ალბათობა. ქსელზე არსებული ყველა ნოდი მუშაობს ერთი და იმავე კოდით, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის რომელიმე ობიექტის მიერ პლატფორმაზე წარმატებული თავდასხმის განხორციელებას.

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ პროგნოზირების ბაზრის გაშვების შემდეგ, ის იმუშავებს დამოუკიდებლად, მმართველობის ცენტრალური რგოლის საჭიროების გარეშე. ეს დეცენტრალიზაცია ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ მოახერხებს ბაზარზე ცენზურის მარტივად დაწესებას ან რაიმე მანიპულაციის განხორციელებას. 

მაგალითად, პოლიტიკურად სენსიტიურ რეგიონებში შესაძლოა მოხდეს ტრადიციული პროგნოზირების ბაზრების გათიშვა კონკრეტული ინფორმაციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით. თუმცა, ბლოკჩეინზე მომუშავე დეცენტრალიზებული პროგნოზირების ბაზარი დაცულია მსგავსი ცენზურისგან და წარმოადგენს უფრო სანდო და ხელმისაწვდომ პლატფორმას ინფორმაციის მიმოცვლისთვის.

შუამავლების საჭიროების არარსებობა

ბლოკჩეინ ტექნოლოგია მომხმარებლებს სმარტ კონტრაქტების მეშვეობით პირდაპირი ინტერაქციის საშუალებას აძლევს, რითაც ქრება შუამავლების საჭიროება. ეს ამცირებს ხარჯებს და ცენტრალიზებულ პლატფორმებთან დაკავშირებულ მესამე მხარის რისკებს, რადგან არ არსებობს მომხმარებლების მიერ მესამე მხარისთვის ნდობის გამოცხადების, ან დამატებითი საკომისიოების გადახდის საჭიროება.

სმარტ კონტრაქტების მეშვეობით ხდება საბაზრო ტრანზაქციების ავტომატურად აღსრულება და იმის უზრუნველყოფა, რომ შეთანხმებების შესრულება მოხდეს ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია. ავტომატიზაციის გზით მცირდება ადამიანური შეცდომების დაშვების და თაღლითობის ალბათობა. 

მაგალითად, ტრადიციულ პროგნოზირების ბაზრებზე შესაძლოა არსებობდეს მომხმარებლის მიერ პლატფორმის ოპერატორისთვის ნდობის გამოცხადების საჭიროება, ფსონების სათანადოდ აღსრულების და თანხების სწორად განაწილების მიზნით. ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბაზრების შემთხვევაში, სმარტ-კონტრაქტები ავტომატურად ამუშავებენ ამ დავალებებს, რაც ზრდის გამჭვირვალობის და ნდობის დონეს სისტემის ფარგლებში.

გაუმჯობესებული წვდომა

დეცენტრალიზებული პროგნოზირების ბაზრები საჯაროა, რაც მონაწილეობის უფლებას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ეს იძლევა მონაწილეთა უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური ჯგუფის შექმნის საშუალებას.

ტრადიციულ პროგნოზირების ბაზრებზე მონაწილეებს შესაძლოა მოუწიოთ ისეთი ბარიერების გადალახვა, როგორიცაა მაღალი საკომისიოები, ან შეზღუდული წვდომა, მათი ადგილსამყოფელიდან გამომდინარე. თუმცა, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბაზრების სერვისებით სარგებლობის საშუალება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია წვდომა ინტერნეტთან. 

ეს ინკლუზიურობა არა მხოლოდ ახდენს პლატფორმის სერვისებზე წვდომის დემოკრატიზაციას, არამედ ბაზარს ამდიდრებს მონაცემებითა და მოსაზრებებით. მაგალითად, მსოფლიოს შორეულ წერტილში მყოფ მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი ცოდნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, შეუძლია წვლილი შეიტანოს საერთაშორისო პლატფორმაზე პროგნოზირების ბაზრის განვითარებაში, იმ ინფორმაციის წარმოდგენით, რომელიც სხვა შემთხვევაში ყურადღების მიღმა დარჩებოდა.

ბლოკჩეინ Oracle-ების როლი

დეცენტრალიზებულ პროგნოზირების ბაზრებზე არსებული ერთ-ერთი გამოწვევა გახლავთ რაიმე მოვლენის სავარაუდო შედეგის განსაზღვრა ცენტრალური მმართველობის რგოლის გარეშე. ამ პრობლემის გადაჭრა ხდება ბლოკჩეინ oracle-ების მეშვეობით, რომლებიც ქმნიან რეალური შედეგების გადამოწმების მექანიზმს. არსებობს oracle-ების ინტეგრირების სხვადასხვა მეთოდი:

  • მესამე მხარის არხები: მარტივია, თუმცა აქრობს დეცენტრალიზაციის რისკს, რადგან შედეგებთან დაკავშირებულ მონაცემებს აკონტროლებს მესამე მხარე.

  • მომხმარებლების წახალისება ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით: ხდება მომხმარებლების ფინანსური წახალისება ჭეშმარიტი ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. მაგალითად, ზოგიერთი პროგნოზირების ბაზარი იყენებს სტეიკინგის მექანიზმს, სადაც მომხმარებლები ახორციელებენ საკუთარი ტოკენების სტეიკინგს შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მიზნით. სწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, მომხმარებლები მიიღებენ ჯილდოს, ხოლო არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, დაკარგავენ სტეიკინგში გამოყენებულ ტოკენს.

ბლოკჩეინ oracle-ები აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროგნოზირების ბაზრების შედეგები სწორადაა განსაზღვრული და არ საჭიროებს ნდობას. ისინი ერთმანეთთან აკავშირებენ ბლოკჩეინ სივრცეს და რეალურ სამყაროს და გვთავაზობენ სანდო მონაცემთა არხებს. მაგალითად, პროგნოზირების ბაზარზე, სადაც მიმდინარეობს ამინდის განხილვა, oracle მოიპოვებს მონაცემებს სხვადასხვა სანდო მეტეოროლოგიური წყაროდან შედეგის გადამოწმების მიზნით.

დღესდღეობით მიმდინარეობს სხვადასხვა oracle ტექნოლოგიის შემუშავება, პროგნოზირების ბაზრების სანდოობის და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების მიზნით. ზოგიერთი მათგანი იყენებს ინფორმაციის გამავრცელებლების დეცენტრალიზებულ ქსელს, მონაცემთა კონსენსუსის მექანიზმის მეშვეობით შემოწმების მიზნით. სხვა მიდგომები ჰიბრიდულია და აერთიანებს ვერიფიკაციის დეცენტრალიზებულ მეთოდსა და მონაცემთა სანდო არხებს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად იხვეწება oracle-ებიც და გვთავაზობს სანდოობის უფრო მაღალ დონეს და გაყალბებისგან დაცულ ინფორმაციას.

სამომავლო პერსპექტივები და გამოწვევები

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პროგნოზირების ბაზრებს გააჩნიათ განვითარების უდიდესი პოტენციალი, მათთან დაკავშირებულია გარკვეული ხარვეზებიც. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მასშტაბირებადობის საკითხი, რადგან ახლანდელ ბლოკჩეინ ქსელებზე მაღალია დატვირთვა და ტრანზაქციების მოცულობა. 

მასშტაბირებადი ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, როგორიცაა როლაფები და სხვა მე-2 დონის ტექნოლოგიები ხელს უწყობს ამ პრობლემების აღმოფხვრას და პროგნოზირების ბაზრებს აძლევს უფრო ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობას.

კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებული გაურკვევლობა. პროგნოზირების ბაზრების პოპულარობის ზრდის პარალელურად, შესაძლოა მათთან დაკავშირებით დაწესდეს უფრო მკაცრი მარეგულირებელი ზომები, რადგან ჩნდება კითხვები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონები და ბაზრის მანიპულაცია. მკაფიო და ადეკვატური მარეგულირებელი ზომების მიღება ხელს შეუწყობს ამ ბაზრების განვითარებას, მათი სარგებლიანობის მაქსიმალურად გაუმჯობესებას და შესაძლო რისკების მაქსიმალურად შემცირებას.

განვითარების კიდევ ერთი მიმართულება შესაძლოა აღმოჩნდეს პროგნოზირების ბაზრების ინტეგრირება ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სხვა აპლიკაციებთან. მაგალითად შესაძლებელია დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმების ინტეგრირება პროგნოზირების ბაზრებზე, რაც შექმნის ინოვაციური ფინანსური პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობას. წარმოიდგინეთ DeFi პროტოკოლი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ჰეჯირება რისკების აღმოსაფხვრელად იმ პროგნოზირების ბაზრებზე მიმდინარე პროცესებში ჩართვით, სადაც მიმდინარეობს ეკონომიკური ინდიკატორების განხილვა. მსგავსი ინტეგრაციით შესაძლებელია ახალი შესაძლებლობების შექმნა და პროგნოზირების ბაზრების უფრო ფართო ბლოკჩეინ ეკოსისტემის მასშტაბებზე გასვლის ხელშეწყობა.

შეჯამება

პროგნოზირების ბაზრები წარმოადგენს არა მხოლოდ შესანიშნავ ინსტრუმენტებს, სადაც შესაძლებელია მოვლენათა სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებულ ფსონების განთავსების პროცესებში ჩართვა, არამედ მათი მეშვეობით შესაძლებელია სანდო ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა წყაროდან. მომხმარებელთა ფინანსური წახალისებით საკუთარი ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით, პროგნოზირების ბაზრებზე შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის გენერირება სოციალურ, ინდუსტრიულ და პოლიტიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით.

ცენტრალიზებულ პლატფორმებთან დაკავშირებული შეზღუდვების აღმოფხვრა ხდება მათი დეცენტრალიზებული ალტერნატივების მეშვეობით, რომლებიც მხარდაჭერილია ბლოკჩეინ ტექნოლოგიით. უფრო და უფრო მაღალი დონის oracle-ების შექმნის პარალელურად, უმჯობესდება ამ პლატფორმების სანდოობის და გამჭვირვალობის დონეც, რაც პროგნოზირების ბაზრების ნამდვილი პოტენციალით სარგებლობის შესაძლებლობას ქმნის.

პროგნოზირების ბაზრების და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შერწყმით იქმნება მომავალი, სადაც საერთო ცოდნის გამოყენება ხდება უფრო ეფექტურად, გაუმჯობესებულია ბაზრების ხელმისაწვდომობის და სამართლიანობის დონე და ინფორმაციის გავრცელება ხდება უფრო თავისუფლად და უსაფრთხოდ.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.