რა არის Ethereum-ის Pectra განახლება?
მთავარი
სტატიები
რა არის Ethereum-ის Pectra განახლება?

რა არის Ethereum-ის Pectra განახლება?

განახლებული Oct 18, 2024
7m

მთავარი დეტალები

  • Ethereum-ის Pectra განახლების გაშვება დაიწყება 2025 წელს და მიზნად ისახავს Ethereum-ის ქსელის მუშაობის სიჩქარის ზრდას, მასშტაბირებადობის გაუმჯობესებას და გამოყენების გამარტივებას.

  • ძირითადი ცვლილებები მოიცავს სმარტ კონტრაქტების მუშაობის სიჩქარის გაუმჯობესებას, მომხმარებლებისთვის გაზის საკომისიოების სხვადასხვა ტოკენის მეშვეობით გადახდის და ვალიდატორების მიერ გაუმჯობესებული ჯილდოების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

  • გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია ისეთი ცვლილებები, როგორიცაა მასშტაბირებადობის დონის გაუმჯობესება და ხარჯების შემცირება ისეთი ფუნქციების მეშვეობით, როგორიცაა Verkle trees და PeerDAS, რომლებიც ხელს უწყობს Ethereum-ის განვითარებასა და სარგებლიანობის გაუმჯობესებას.

რა არის Ethereum-ის Pectra განახლება?

Ethereum Pectra გახლავთ განახლება (hard fork), რომლის მიზანია Ethereum-ის მუშაობის სისწრაფის, მასშტაბირების დონის გაუმჯობესება და მისი გამოყენების უფრო მეტად გამარტივება ყოველდღიური მომხმარებლებისთვისა და ბლოკჩეინ დეველოპერებისთვის. Ethereum Pectra განახლების გაშვება 2025 წელს, ორ ეტაპად იგეგმება და მიიჩნევა, რომ ეს არის Ethereum-ის ქსელის ბოლო წლებში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

რეალურად, Pectra აერთიანებს ორ სხვადასხვა განახლებას: Prague და Electra, რომელთა გაშვებაც თავდაპირველად ცალ-ცალკე იგეგმებოდა. მათი გაერთიანება მოხდა პროცესების გამარტივების და უფრო სწრაფად წარმართვის მიზნით.

რას ნიშნავს Ethereum-ის განახლება?

Ethereum შექმნის დღიდან სტაბილურად ვითარდება, გაეშვა არაერთი მნიშვნელოვანი განახლება, როგორიცაა 2022 წლის „The Merge“ (რომლის მეშვეობითაც Ethereum გადავიდა Proof of Stake კონსენსუსის მექანიზმზე) და 2024 წლის „Cancun“ განახლება.

თუმცა, Ethereum-ზე მაინც იჩენს თავს გარკვეული სირთულეები, როგორიცაა ტრანზაქციების საკომისიოებთან, მასშტაბირებადობასთან და ახალი მომხმარებლების მიერ მისი გამოყენების სირთულესთან დაკავშირებული პრობლემები. Pectra განახლება სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება.

Pectra განახლების ძირითადი ასპექტები

განვიხილოთ Pectra განახლების ფარგლებში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები:

1. ანგარიშების აბსტრაქცია

დღესდღეობით, იმისათვის, რომ Ethereum-ის მომხმარებლებმა შეძლონ გაზის საკომისიოების გადახდა, საჭიროა, რომ მათ საფულეებში ჰქონდეთ გარკვეული რაოდენობის ether (ETH). ეს საკომისიოები გახლავთ ტრანზაქციის განხორციელების მიზნით გადასახდელი თანხები, რომლის გადახდაც აუცილებელია გადარიცხვის განსახორციელებლად ან დეცენტრალიზებული აპლიკაციის (DApp) გამოყენებისთვის. მაგალითად, თუ გსურთ ტოკენების გაგზავნა სხვა მომხმარებლისთვის ან NFT-ების მეშვეობით ვაჭრობა, ამ მოქმედებების განსახორციელებლად თქვენ მოგიწევთ გარკვეული რაოდენობის ETH-ის გადახდა.

Pectra განახლების შემდეგ Ethereum-ზე დაიწყება ანგარიშის აბსტრაქციის სახელით ცნობილი კონცეფციის გამოყენება, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით. ანგარიშების აბსტრაქციის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ გაზის საკომისიოების გადასახდელად აუცილებლად ETH ტოკენების გამოყენება აღარ იქნება საჭირო. საკომისიოების გადასახდელად შესაძლებელი იქნება სხვა ტოკენების გამოყენებაც, როგორიცაა USDC ან DAI, რაც ბევრად უფრო მოსახერხებელია. გარდა ამისა, განახლების შემდეგ შესაძლებელი გახდება გაზის საკომისიოების დაფინანსება მესამე მხარის სერვისების მიერ, რაც კონკრეტულ შემთხვევებში მომხმარებლებს საკმაოდ მცირე ოდენობის ან სულაც ნულოვანი საკომისიოს გადახდის შესაძლებლობას მისცემს.

2. სმარტ კონტრაქტების ეფექტურობა

Ethereum-ის გაუმჯობესების შემოთავაზებების (EIP-ები) მეშვეობით, როგორიცაა EIP-7692, Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერი (EVM) გახდება უფრო ეფექტური, რაც ხელს შეუწყობს სმარტ კონტრაქტების აღსრულების სისწრაფის გაუმჯობესებას. ეს ცვლილება სასარგებლოა როგორც დეველოპერებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის, რადგან მისი მეშვეობით ხდება სმარტ კონტრაქტების განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება და სირთულეების აღმოფხვრა.

3. გაუმჯობესებები ვალიდატორებისთვის

ალბათ იცით, რომ Ethereum-ის მუშაობა ეფუძნება დეცენტრალიზებულ სისტემას, სადაც „ვალიდატორები“ წარმართავენ ისეთ პროცესებს, როგორიცაა ტრანზაქციების დადასტურება და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. პროცესებში ჩასართავად აუცილებელია, რომ ვალიდატორებმა განახორციელონ 32 ETH-ის სტეიკინგი (დაბლოკვა), რის სანაცვლოდაც ისინი მიიღებენ ჯილდოებს. თუმცა ბლოკჩეინზე 32 ETH-ზე მეტი მონეტის განთავსების შემთხვევაში, ამ დამატებითი თანხით ჯილდოების გამომუშავებას ვერ შეძლებთ. ეს არც ისე ეფექტური მიდგომაა.

Pectra განახლების შედეგად სტეიკინგის ჯილდოები გახდება უფრო მოქნილი (EIP-7002), ხოლო ვალიდატორებისთვის დაწესებული სტეიკინგის ლიმიტი გაიზრდება 32 ETH-იდან 2048 ETH-მდე (EIP-7251). ამ ცვლილების შედეგად სისტემა გახდება უფრო მოქნილი და ეფექტური, განსაკუთრებით იმ ინდივიდებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ დიდი ოდენობით ETH-ს.

გარდა ამისა, Pectra განახლების მეშვეობით შესაძლებელი გახდება „ვალიდატორების კონსოლიდაცია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთი ფართომასშტაბიანი ოპერაციებისთვის, როგორიცაა Lido, სადაც ხორციელდება მრავალი მომხმარებლის ETH-ის სტეიკინგი, საჭირო იქნება ვალიდატორი ნოდების უფრო მცირე რაოდენობა. ეს შეამცირებს Ethereum-ის ქსელის დატვირთვას, რითაც გაუმჯობესდება მისი მუშაობის სისწრაფე და შემცირდება მოთხოვნა რესურსებზე.

4. Verkle Trees მონაცემების უკეთ სამართავად

Pectra განახლების ფარგლებში მოწოდებულ ერთ-ერთ ტექნიკურ გაუმჯობესებას წარმოადგენს ქსელზე Verkle trees ფუნქციის დანერგვა, რომლის მეშვეობითაც ნოდებს მიეცემათ საშუალება შეინახონ უფრო მცირე ოდენობის ბლოკჩეინის მონაცემები. ამ ეტაპზე ეს შესაძლოა არც ისე მარტივად ჟღერდეს, თუმცა ეს გახლავთ სიახლე, რომლის მეშვეობითაც გაუმჯობესდება Ethereum-ის ქსელის მუშაობის სისწრაფე და მასშტაბირებადობის დონე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მონაცემთა შენახვის და ვერიფიკაციის განხორციელების მეთოდების გაუმჯობესებას. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, Verkle trees გახლავთ მონაცემთა ორგანიზების ახალი მეთოდი, რომელიც Ethereum-ის მიერ ამჟამად გამოყენებულ მეთოდებთან შედარებით ბევრად ეფექტურია. მათი მეშვეობით მცირდება საჭირო მეხსიერების მოცულობა და იზრდება ტრანზაქციების დამუშავების სისწრაფე. ეს ნიშნავს იმას, რომ დროთა განმავლობაში გაუმჯობესდება Ethereum-ის სისწრაფეც და შემცირდება მის გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები.

5. მე-2 დონის ტექნოლოგიები და PeerDAS

Ethereum-ის მე-2 დონის (L2) ტექნოლოგიები, როგორიცაა Arbitrum და Optimism, შექმნილია იმისთვის, რომ მათი მეშვეობით მოხდეს დიდი ოდენობით ტრანზაქციების დამუშავება Ethereum-ის ქსელის გარეთ. ეს ხელს უწყობს ქსელის გადატვირთვის თავიდან აცილებას და ამცირებს ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გაზის საკომისიოებს). 

Pectra განახლების მეშვეობით მოხდება ზემოხსენებული მე-2 დონის ტექნოლოგიების გაუმჯობესება, რისთვისაც განხორციელდება Peer Data Availability Sampling (PeerDAS) ტექნოლოგიის დანერგვა, რაც ამარტივებს მონაცემების დამუშავებას აღნიშნული მე-2 დონის ქსელებისთვის. PeerDAS ხელს შეუწყობს მე-2 დონის ქსელებთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას და მუშაობის სისწრაფის გაუმჯობესებას, რაც მეტად სასარგებლოა ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რომელიც იყენებს Ethereum-ზე გაშვებულ აპლიკაციებს ან ახორციელებს დიდი ოდენობით ტრანზაქციებს.

რატომ ხორციელდება Pectra განახლება ორ ეტაპად?

თავდაპირველად, Ethereum-ის Pectra განახლების განხორციელება ერთ ეტაპად იგეგმებოდა, თუმცა Ethereum-ის დეველოპერები მიხვდნენ, რომ ყველა სიახლის ერთდროულად დანერგვის მცდელობა მეტისმეტად სარისკო და რთული იქნებოდა. ამის ნაცვლად, მათ გადაწყვიტეს განახლების პროცესის ორ ეტაპად გაყოფა.

  • პირველი ეტაპი (2025 წლის დასაწყისი): პირველი ეტაპი ფოკუსირებულია მომენტალურ გაუმჯობესებებზე, როგორებიცაა ანგარიშების განახლებებთან და ვალიდატორებთან დაკავშირებული გაუმჯობესებები. ეს ცვლილებები Ethereum-ს მომხმარებლებისთვის უფრო მარტივად გამოსაყენებელს გახდის და ხელს შეუწყობს სტეიკინგის ჯილდოების გაუმჯობესებას.

  • მე-2 ეტაპი (სავარაუდოდ განხორციელდება 2026 წელს): მეორე ეტაპი მოცავს უფრო მეტად ტექნიკურ გაუმჯობესებებს, როგორიცაა EVM Object Format (EOF), რომლის მეშვეობითაც სმარტ კონტრაქტები გახდება უფრო ეფექტური, და PeerDAS, რომელიც ხელს შეუწყობს მე-2 დონის მასშტაბირებადობის დონის გაუმჯობესებას.

რა გავლენას მოახდენს Ethereum-ის Pectra განახლება თქვენზე?

  • რეგულარული მომხმარებლები: განახლების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მისი განხორციელების შემდეგ შესაძლებელი იქნება გაზის საკომისიოების ETH-ის გარდა სხვა ტოკენებით გადახდაც. ეს გაამარტივებს Ethereum-ზე გაშვებული DApp-ებითა და სერვისებით სარგებლობას. გარდა ამისა, ვალიდატორების მუშაობის პრინციპის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ქსელის უფრო სწრაფად მუშაობას და მისი უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფას.

  • ვალიდატორები და სტეიკინგში მონაწილე პირები: თუ თქვენ ახორციელებთ ETH-ის სტეიკინგს ან ფლობთ ვალიდატორ ნოდს, განახლების შემდგომ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ETH-ის უფრო დიდი რაოდენობის უფრო სწრაფად და ეფექტურად მართვის შესაძლებლობები. ნაცვლად ETH-ის ფიქსირებული ოდენობისა (32 ETH), ჯილდოების მიღებას ნებისმიერი რაოდენობის ETH-ის მეშვეობით შეძლებთ. გარდა ამისა, ვალიდატორების კონსოლიდაციის მეშვეობით გამარტივდება სტეიკინგის ოპერაციების მართვის პროცესები და შემცირდება Ethereum-ის ქსელის დატვირთვის დონე.

  • დეველოპერები: Pectra განახლების შედეგად გაუმჯობესდება Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერი (EVM), მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მუშაობს სმარტ კონტრაქტები. ზემოხსენებული ცვლილებების შედეგად გაიზრდება მისი მუშაობის სისწრაფე და შემცირდება კონტრაქტების შექმნასთან და გაშვებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც საკმაოდ სასარგებლოა იმ დეველოპერებისთვის, რომლებიც ქმნიან დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს.

Ethereum Pectra განახლების დადებითი მხარეები გრძელვადიან პერსპექტივაში

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სიახლის და გაუმჯობესების შემჩნევა მომენტალურად იქნება შესაძლებელი, Pectra განახლების ძირითად მიზანს წარმოადგენს Ethereum-ის განვითარების საფუძვლის შექმნა გრძელვადიან პერსპექტივაში. ქსელის ეფექტურობისა და მასშტაბირებადობის დონის გაუმჯობესებით, Pectra ხელს უწყობს Ethereum-ის სამომავლო განვითარებას და ქსელის მომხმარებელი ფიზიკური პირებისა და კომპანიების ბაზის გაფართოებას.

Verkle trees ფუნქციის და მე-2 დონის ტექნოლოგიების გაუმჯობესებების მეშვეობით შესაძლებელი გახდება Ethereum-ზე უფრო დიდი ოდენობით ტრანზაქციების უფრო ნაკლები ხარჯის სანაცვლოდ დამუშავება და განხორციელება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ქსელის განვითარებისთვის.

შეჯამება

Ethereum-ის Pectra განახლება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქსელის მუშაობის სისწრაფის გაუმჯობესების, ხარჯების შემცირების და გამოყენების გამარტივების თვალსაზრისით. განახლების ორ ეტაპად განხორციელებით დეველოპერები ცდილობენ იმის უზრუნველყოფას, რომ თითოეული ეტაპის ფარგლებში მოხდეს მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა ქსელის გადატვირთვის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა ყოველდღიური მომხმარებელი ხართ, ვალიდატორი, თუ დეველოპერი, Pectra განახლების შედეგად დანერგილი ახალი ფუნქციების მეშვეობით შეძლებთ ისიამოვნოთ Ethereum-ის ქსელის გამოყენების გაუმჯობესებული გამოცდილებით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.