მთავარი დეტალები
Ethereum-ის Cancun განახლების მიზანია Ethereum-ის ქსელის მასშტაბირებადობის, უსაფრთხოების და ეფექტურობის გაზრდა და proto-danksharding კონცეფციის დანერგვა.
Danksharding წარმოადგენს Ethereum 2.0 (Serenity) განახლების საბოლოო ფაზას, რაც აუმჯობესებს მონაცემთა მართვის და ტრანზაქციის დამუშავების პროცესს.
Ethereum-ის Cancun განახლება შემუშავებულია ტრანზაქციის დამუშავების დროის და ტრანზაქციის საკომისიოს შემცირებისთვის და მონაცემთა მართვის ოპტიმიზაციისთვის. პოტენციური რისკები მოიცავს არსებულ სმარტ კონტრაქტებზე ზეგავლენას და მონაცემთა შენახვის ახალი მეთოდების ინტეგრაციას.
თავდაპირველად Ethereum-ის Cancun განახლების გაშვება დაგეგმილი იყო 2023 წლის ოქტომბერში, თუმცა მოგვიანებით გადაიდო 2024 წლის პირველ ნახევრამდე. ის live რეჟიმში გავიდა Ethereum-ის mainnet-ზე, 2024 წლის 13 მარტს.
შესავალი
Ethereum-ის გადასვლა Proof of Stake (PoS) მექანიზმზე და შარდინგის დანერგვა Ethereum 2.0 განახლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. PoS ამცირებს ენერგიის მოხმარებას, რადგან ახალი ბლოკების შექმნას ახორციელებენ არა მაინერები, არამედ ვალიდატორები და მათი შერჩევა ხდება მათ მიერ სტეიკინგზე განთავსებული ETH-ის რაოდენობის გათვალისწინებით.
ამასთანავე, შარდინგი ზრდის ტრანზაქციის სიჩქარეს Ethereum-ის ქსელის მცირე ზომის ნაწილებად (შარდებად) დაყოფის მეშვეობით, რის შემდეგაც თითოეულ მათგანს დამოუკიდებლად შეუძლია ტრანზაქციების და სმარტ კონტრაქტების დამუშავება. PoW-დან PoS მექანიზმზე გადასვლა უზრუნველყოფს შარდინგის უსაფრთხოდ და ეფექტურად განხორციელებას, რა დროსაც თითოეული შარდისთვის შემთხვევითობის პრინციპით ირჩევა ვალიდატორები, რაც გამორიცხავს მანიპულაციის შესაძლებლობას და ზრდის ქსელის სიჩქარეს.
Ethereum-ის Cancun განახლება Ethereum-ის ბლოკჩეინის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს და მისი მიზანია ქსელის მასშტაბირებადობის, უსაფრთხოების და ზოგადად ეფექტურობის გაუმჯობესება. ეს განახლება წარმოგვიდგენს proto-danksharding-ის კონცეფციას, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია Ethereum-ის ეკოსისტემაში მონაცემთა მართვის ოპტიმიზაციის და ტრანზაქციების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
მონაცემთა შენახვის ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, Ethereum-ის Cancun განახლება წარმოგვიდგენს ქსელის მიერ ტრანზაქციების დამუშავების რევოლუციურ მეთოდს, რისი წყალობითაც მომხმარებლის გამოცდილება უფრო მარტივი და უხარვეზო ხდება.
Ethereum-ის Cancun განახლების განმარტება
Ethereum-ის Cancun განახლება (რომელიც ასევე ცნობილია „Cancun-Deneb“ განახლების სახელწოდებით) წარმოადგენს Ethereum-ის გუნდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღებულ პროდუქტს, რომლის მიზანია ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და Shanghai განახლების გაშვების შემდეგ დარჩენილი გადაუჭრელი პრობლემების აღმოფხვრა.
Cancun განახლება ეფუძნება ოთხ EIP-ს (Ethereum-ის გაუმჯობესების შემოთავაზებას): EIP-4844, EIP-1153, EIP-4788 და EIP-6780. ამ EIP-ების დანერგვა ქსელს მრავალ სარგებელს მოუტანს, რომელთა შორისაა გაუმჯობესებული მასშტაბირებადობა, მონაცემთა შენახვა და ხელმისაწვდომობა, ასევე ტრანზაქციის საკომისიოების შემცირება.
Cancun განახლება, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია აღსრულების დონის ბლოკჩეინზე (დონე 1), ქსელს ამზადებს მონაცემთა სრული შარდინგისთვის, რაც Ethereum-ის გრძელვადიანი განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.
შარდინგი გულისხმობს ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზის მცირე ზომის ნაწილებად, ეგრეთწოდებულ „შარდებად“ დაყოფას, რისი მიზანიც ქსელის ეფექტურობის გაზრდაა. Cancun განახლება გვთავაზობს შარდინგის კონკრეტულ ტიპს, რომელიც ცნობილია სახელწოდებით proto-danksharding (რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ).
Cancun განახლების მიზანია ქსელის მიერ წამში განხორციელებული ტრანზაქციების (TPS) რაოდენობის გაზრდა, რის შემდეგაც ეს მაჩვენებელი მიაღწევს Ethereum-ის განვითარების გეგმის „Surge“ ფაზის სიჩქარეს - 100 000+ TPS-ს.
Cancun განახლება – მომდევნო Deneb განახლებასთან ერთად – წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს Ethereum-ის დეცენტრალიზებული ფინანსების წამყვან პლატფორმად გარდაქმნის პროცესში.
Danksharding და Proto-Danksharding
Danksharding და proto-danksharding წარმოადგენს Ethereum-ისთვის შემუშავებული შარდინგის ტექნოლოგიის სხვადასხვა ვარიანტებს. Danksharding-ს სახელი ეწოდა Ethereum-ის მკვლევარის, დანკრად ფეისტის პატივსაცემად და ის არის შარდინგის ტიპი, რომელიც Ethereum 2.0 (Serenity) განახლების საბოლოო ფაზას წარმოადგენს. ის ორიენტირებულია Ethereum-ის ქსელში როლაფებისთვის მონაცემთა მიწოდების პროცესის ოპტიმიზაციაზე.
ტექნიკური განმარტებით, Danksharding არის დიზაინი, რომელიც წარმოგვიდგენს ერთიანი საბაზრო საკომისიოს კონცეფციას. ტრადიციული შარდინგის დროს, სხვადასხვა ბლოკისთვის სხვადასხვა შემომთავაზებელია, Danksharding-ის დროს კი ბლოკის შემომთავაზებელი მხოლოდ ერთია. მარტივად რომ ვთქვათ, Danksharding-ს შეუძლია ტრანზაქციის დამუშავების დაჩქარება და მონაცემთა შენახვის პროცესის გამარტივება, რაც მიიღწევა შარდინგის არქიტექტურის გამარტივებით და მონაცემთა მართვისთვის პრიორიტეტის მინიჭებით.
განახლების კონტექსტში, proto-danksharding (EIP-4844 შემოთავაზება) წარმოადგენს danksharding-ის პროტოტიპს. ეს არის დროებითი ტექნოლოგია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს როლაფებთან დაკავშირებულ გაზის საკომისიოებს, სანამ არ მოხდება danksharding არქიტექტურის სრული რეალიზაცია.
Blob-ის შემცველი ტრანზაქციები
Blob-ის შემცველი ტრანზაქციების დანერგვა მოხდა proto-danksharding-თან (EIP-4844) ერთად და მისი მიზანია გაზის საკომისიოების შემცირება. Blob-ის შემცველი ტრანზაქციები იძლევა ბლოკჩეინის გარეთ არსებული მონაცემების დროებით შენახვის და მოძიების საშუალებას, რაც Ethereum-ის ტრანზაქციებზე მონაცემების უფრო ეკონომიური გზით დამატების შესაძლებლობას გვთავაზობს.
Ethereum-ის Cancun განახლების დადებითი მხარეები
როგორც აღვნიშნეთ, Ethereum-ის Cancun განახლებას უამრავი სარგებელი მოაქვს, რომელთა შორისაა ტრანზაქციების დამუშავების დროის და ტრანზაქციის ღირებულების შემცირება, მონაცემთა მართვის ოპტიმიზაცია და კროსს-ჩეინ კომუნიკაციის გაუმჯობესება. Blob-ის შემცველი ტრანზაქციების კონცეფციის წარმოდგენით, განახლება გვთავაზობს მონაცემთა დამუშავების გამარტივებას და ზოგადად ქსელის ეფექტურობის გაზრდას.
1. უკეთესი მასშტაბირებადობა: Proto-danksharding წარმოადგენს მონაცემთა დროებით შენახვის შესაძლებლობას, რაც მე-2 დონის როლაფებს (და მთლიანად ქსელს) წამში უფრო მეტი ტრანზაქციის დამუშავების საშუალებას აძლევს.
2. შემცირებული ტრანზაქციის საკომისიოები: Blob-ის შემცველი ტრანზაქციები Ethereum-ის ტრანზაქციებზე მონაცემების უფრო ეკონომიური გზით დამატების შესაძლებლობას გვთავაზობს.
3. ოპტიმიზებული მონაცემთა მართვა: EIP-1153-ის მეშვეობით ხდება ბლოკის სივრცის ოპტიმიზაცია და შემცირდება ბლოკჩეინზე არსებული მონაცემების შენახვის ხარჯები.
4. გაუმჯობესებული კომუნიკაცია ბლოკჩეინებს შორის: EIP-4788-ის მიზანია სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელებს შორის თავსებადობის გაუმჯობესება Beacon chain-ის აღსრულების დონეებზე გადატანის მეშვეობით.
5. გაუმჯობესებული უსაფრთხოება: EIP-6780 ამცირებს სმარტ კონტრაქტების შეწყვეტის რისკს SELFDESTRUCT (თვითგანადგურების) კოდის დეაქტივაციის მეშვეობით, რაც გაზრდის მომხმარებლის მონაცემების და აქტივების უსაფრთხოებას.
Ethereum-ის Cancun განახლებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები
არსებობს პოტენციური რისკები, რომ განახლება გავლენას მოახდენს არსებულ სმარტ კონტრაქტებზე გაართულებს მონაცემთა შენახვის ახალი მეთოდების ინტეგრაციას. საჭირო იქნება საკითხის ყურადღებით შესწავლა და ინტენსიური ტესტირებების ჩატარება რეალიზაციის ფაზის დროს, რათა ახალ ვერსიაზე გადასვლა მოხდეს ქსელის მონაწილეებისთვის პრობლემების შექმნის გარეშე.
Ethereum-ის Cancun განახლების გაშვების თარიღი
თავდაპირველად Ethereum-ის Cancun-Deneb განახლების გაშვება დაგეგმილი იყო 2023 წლის ოქტომბერში, თუმცა მოგვიანებით გადაიდო 2024 წლის პირველ ნახევრამდე. ის live რეჟიმში გავიდა Ethereum-ის mainnet-ზე, 2024 წლის 13 მარტს (269,568 ეპოქის დროს). ნოდების ოპერატორებმა და სტეიკერებმა უნდა განაახლონ მათი პროგრამა ოფიციალური განაცხადის სიაში მოცემულ რელიზებზე.
შეჯამება
Ethereum-ის Cancun-Deneb (Dencun) განახლება მნიშვნელოვანი ნაბიჯს წარმოადგენს Ethereum-ის მასშტაბირებადობის, ეფექტურობის და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების გზაზე. Proto-danksharding-ის დანერგვით და მომავალი გაუმჯობესებისთვის ნიადაგის მომზადებით, Ethereum-ის Cancun განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დეცენტრალიზებული ფინანსების და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სამყაროს განვითარებას.
დამატებითი საკითხავი
ბლოკჩეინის 1-ელი დონისა და მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიები
ბლოკჩეინის მასშტაბირებადობა - საიდჩეინები და გადახდის არხები
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ კონსულტანტს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.