რა არის ჰეშრეიტი?
მთავარი
სტატიები
რა არის ჰეშრეიტი?

რა არის ჰეშრეიტი?

გამოქვეყნებული Nov 16, 2023განახლებული Jan 11, 2024
5m

TL;DR

  • ჰეშრეიტი წარმოადგენს კრიპტოვალუტის მაინინგის დროს გამოყენებულ მნიშვნელოვან მაჩვენებელს, რაც აღნიშნავს სიჩქარეს, რომლითაც კომპიუტერი ახორციელებს ჰეშირებასთან დაკავშირებულ გამოთვლებს.

  • რაც უფრო მაღალია ჰეშრეიტი, მით მეტი შანსი აქვს მაინერს წარმატებით განახორციელოს ტრანზაქციების ბლოკის მაინინგი და მიიღოს ბლოკის ჯილდო.

  • ჰეშრეიტის საზომი ერთეულია ჰეში წამში (ჰ/წმ), რომელსაც თან ერთვის პრეფიქსები, მაგალითად მეგა, გიგა ან ტერა.

  • Bitcoin-ის გაშვების დღიდან, მისი ჰეშრეიტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და შთამბეჭდავ მაჩვენებელს მიაღწია. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ის შეადგენს 470 000 000 ტჰ/წმ-ს.

რა არის ჰეშრეიტი და როგორ მუშაობს ის?

კრიპტოვალუტების სამყაროში, ტერმინ „ჰეშრეიტს“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ბლოკჩეინის ოპერაციების ეფექტურობის და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. ფაქტიურად, ჰეშრეიტი აღნიშნავს სიჩქარეს, რომლითაც კომპიუტერს შეუძლია ჰეშირების ოპერაციების განხორციელება ტრანზაქციის ვალიდაციის პროცესის (ანუ კრიპტოვალუტის მაინინგის) დროს.

ეს გამოთვლები წარმოადგენს რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნის მცდელობების სერიას. ეს ოპერაციები სრულდება სპეციალიზებული კრიპტო-მაინინგის მოწყობილობების გამოყენებით, რომლებიც მონაცემებს ამუშავებენ ალგორითმების გამოყენებით, რომლებიც ცნობილია ჰეშ-ფუნქციების სახელწოდებით.

რა არის ჰეშრეიტი და კრიპტო მაინინგი

როდესაც საქმე გვაქვს Bitcoin-თან და სხვა კრიპტოვალუტებთან, ჰეშრეიტი წარმოადგენს სპეციალიზებული მაინინგის მოწყობილობების ეფექტურობის ინდიკატორს. ის გამოსახავს სიჩქარეს, რომლითაც მაინინგის მოწყობილობა ამუშავებს მონაცემებს ბლოკის ვალიდური ჰეშის გამოთვლის მიზნით. კრიპტოვალუტის მაინერების მიზანია მოახდინონ ჰეშის გენერირება, რომელიც აკმაყოფილებს კონკრეტულ კრიტერიუმებს და ჩვეულებრივ წარმოადგენს რიცხვს, რომელიც იწყება გარკვეული რაოდენობის ნულით.

ამგვარად, მაინერის ან მაინინგ პულის შემოსავალი პირდაპირ კავშირშია ჰეშრეიტთან. რაც უფრო მაღალია ჰეშრეიტი, მით მეტია ბლოკის მაინინგის პროცესის წარმატების ალბათობა და შესაბამისად, იზრდება მაინერის მიერ ბლოკის ჯილდოს გამომუშავების შანსი. ეს კორელაცია ხაზს უსვამს ჰეშრეიტის ფუნდამენტურ როლს კრიპტოვალუტის მაინინგის ეკონომიკაში.

Bitcoin-ის მაინინგის კონტექსტში, ყოველ ჯერზე, როდესაც მაინერი წარმატებით ახორციელებს ტრანზაქციების ახალი ბლოკის ვალიდაციას, ის ჯილდოს სახით იღებს გარკვეული ოდენობის BTC-ს (მომხმარებლების მიერ გადახდილ ტრანზაქციის საკომისიოებთან ერთად). დღეისათვის, Bitcoin-ის მაინერისთვის გაცემული ბლოკის ჯილდო შეადგენს 6,25 BTC-ს თუმცა 2024 წელს დაგეგმილი Bitcoin-ის ჰალვინგის შემდეგ, ბლოკის ჯილდო შემცირდება 3,125 BTC-მდე.

ჰეშრეიტის საზომი ერთეულები და ზრდის მასშტაბები

პრაქტიკაში გამოყენებული ჰეშრეიტის საზომი ერთეულია ჰეში წამში (ჰ/წმ), რომელსაც ხშირად თან ერთვის SI ერთეულთა სისტემის პრეფიქსები, მაგალითად მეგა, გიგა ან ტერა. მაგალითად, თუ ქსელი წამში ერთ ტრილიონ ჰეშს ამუშავებს, მისი ჰეშრეიტია 1ტჰ/წმ. ეს საზომი ერთეულების შკალა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ინფორმაცია მაინინგის ოპერაციების მასშტაბის და ამ დროს გამოყენებული გამომთვლელი სიმძლავრის შესახებ.

Bitcoin-ის ჰეშრეიტის ევოლუცია

Bitcoin-ის ჰეშრეიტის ზრდის ისტორია ნათლად ასახავს მაინინგის ტექნოლოგიის განვითარების გზას. Bitcoin-ის ქსელის გაშვების დღიდან, მისი ჰეშრეიტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო მაინინგის სპეციალიზებული მოწყობილობების გამოჩენამ, რომელთაც ASIC მაინერებს უწოდებენ. 

Bitcoin-ის განვითარების საწყის ეტაპზე, მაინერებს BTC-ის მაინინგი ჩვეულებრივი კომპიუტერის გამოყენებით შეეძლოთ, თუმცა ჰეშრეიტის სწრაფი ზრდის პარალელურად, პერსონალური კომპიუტერები და გრაფიკული ბარათები ამ ფუნქციას ვეღარ ასრულებდა, შედეგად საჭირო გახდა Bitcoin-ის მაინინგისთვის უფრო მძლავრი და ეფექტური მოწყობილობების გამოყენება.

Bitcoin-ის ჰეშრეიტის ცვლილებების ტენდენცია ნათლად ასახავს ქსელის გამომთვლელი სიჩქარის ზრდის მასშტაბებს. ქვემოთ მოცემულია თარიღები, როდესაც ჰეშრეიტი კონკრეტულ ზღვარს გასცდა:

  • 1 ტჰ/წმ 2011 წელს;

  • 1 000 ტჰ/წმ 2013 წელს;

  • 1 000 000 ტჰ/წმ 2016 წელს;

  • 10 000 000 ტჰ/წმ 2017 წელს;

  • 60 000 000 ტჰ/წმ 2019 წელს;

  • 100 000 000 ტჰ/წმ 2020 წელს;

  • 400 000 000 ტჰ/წმ 2023 წელს.

2023 წლის ნოემბრისთვის, Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეიტი დაახლოებით 460 000 000 ტჰ/წმ იყო, რაც წარმოადგენს იმის დემონსტრირებას, რომ ქსელის უსაფრთხოების და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად კოლოსალური მოცულობის გამომთვლელი სიმძლავრეა საჭირო.

ჰეშრეიტი კრიპტოვალუტის ეკოსისტემებში

ჰეშრეიტის არსის ცოდნა აუცილებელია იმის გასაგებად, თუ რა საბაზისო მექანიზმები და უსაფრთხოების სისტემები უდევს საფუძვლად კრიპტოვალუტის ქსელებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც დაფუძნებულია Proof of Work (PoW) პროტოკოლებზე. ჰეშრეიტს, მაინინგის სირთულეს და ქსელის უსაფრთხოებას შორის დინამიური ურთიერთკავშირი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბლოკჩეინის ეკოსისტემის საიმედოობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გამომთვლელ სიმძლავრეზე.

შეჯამება

ბოლოს, ჰეშრეიტი კრიპტოვალუტის მაინინგის არქიტექტურის ფუნდამენტური ელემენტია, რაც წარმოადგენს ქსელში გამოყენებული მაინინგის აპარატურის სიჩქარის და ეფექტურობის საზომს. მისი გადამწყვეტი როლი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მაინინგის აქტივობების კონკურენტული ბუნება ხაზს უსვამს ჰეშრეიტის მნიშვნელობას და ადასტურებს, რომ ის წარმოადგენს მთავარ მახასიათებელს კრიპტოვალუტების სამყაროში. 

ჰეშრეიტის უწყვეტი ზრდა და ევოლუცია ასახავს ტექნოლოგიურ მიღწევებს მაინინგის აპარატურის შემუშავების სფეროში და ამავე დროს მიანიშნებს შესაბამისი ბლოკჩეინის ქსელის საიმედოობაზე. კრიპტოვალუტის ეკოსისტემის განვითარებასთან ერთად, იზრდება ჰეშრეიტის შესახებ ინფორმაციის ფლობის და მასზე მონიტორინგის საჭიროება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც მაინერებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის, ტრეიდერებისთვის და ენთუზიასტებისთვის.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.