რა არის სტეიბლკოინის ტრილემა?
მთავარი
სტატიები
რა არის სტეიბლკოინის ტრილემა?

რა არის სტეიბლკოინის ტრილემა?

გამოქვეყნებული Jun 11, 2024განახლებული Jul 23, 2024
7m

მთავარი დეტალები

  • სტეიბლკოინის ტრილემა აღნიშნავს გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია სტეიბლკოინის გამოშვებისას დეცენტრალიზაციას, ფასის სტაბილურობასა და კაპიტალის ეფექტურობას შორის ბალანსის შენარჩუნებასთან.

  • სხვადასხვა ტიპის სტეიბლკოინებში, როგორებიცაა ფიატით მხარდაჭერილი, კრიპტოთი მხარდაჭერილი და ალგორითმული სტეიბლკოინები, პრიორიტეტი მინიჭებული აქვს ამ ტრილემის რომელიმე კონკრეტულ ასპექტს.

  • სტეიბლკოინის ტრილემის გადაჭრის პოტენციური გზებია ჰიბრიდული მოდელები, რისკის მართვის სტრატეგიები და გაუმჯობესებული ალგორითმები.

შესავალი

სტეიბლკოინები არის კრიპტოვალუტები, რომელთა ღირებულება მიბმულია რომელიმე საბაზისო აქტივთან, მაგალითად ფიატ-ვალუტასთან. თუმცა ისეთი სტეიბლკოინის შექმნა, რომელშიც დაბალანსებულია დეცენტრალიზაცია, ფასის სტაბილურობა და კაპიტალის ეფექტურობა, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ სტეიბლკოინის ტრილემას, მის ძირითად კომპონენტებს, სხვადასხვა ტიპის სტეიბლკოინებს, მათ ნაკლოვანებებს და ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის პოტენციურ გზებს.

რა არის სტეიბლკოინის ტრილემა და რატომ არსებობს ის?

სტეიბლკოინის ტრილემა აღნიშნავს გამოწვევას, რომელიც დაკავშირებულია ისეთი სტეიბლკოინების შექმნასთან, რომლებშიც გათვალისწინებულია ერთდროულად სამი ძირითადი ასპექტი: დეცენტრალიზაცია, ფასის სტაბილურობა და კაპიტალის ეფექტურობა. თითოეული მათგანი უმნიშვნელოვანესია სტეიბლკოინების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, თუმცა ერთდროულად სამივე ასპექტის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს.

სტეიბლკოინის ტრილემის არსებობის მიზეზია არსებითი შეუთავსებლობა ამ სამ ასპექტს შორის. მაგალითად, ფასის სტაბილურობა მოითხოვს ძლიერი უზრუნველყოფის აქტივებით მხარდაჭერას, გადაჭარბებულმა უზრუნველყოფამ კი შესაძლოა შეამციროს კაპიტალის ეფექტურობის დონე. კაპიტალის ეფექტურობის მიზანია უზრუნველყოფის საჭიროების მინიმუმამდე შემცირება, რაც ზრდის ფასის სტაბილურობასთან დაკავშირებულ რისკებს. 

სტეიბლკოინის ტრილემის კომპონენტები

დეცენტრალიზაცია

დეცენტრალიზაცია ნიშნავს კონტროლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესის განაწილებას და ცენტრალური მართვის რგოლის საჭიროების გამორიცხვას. სტეიბლკოინების კონტექსტში, დეცენტრალიზაცია გულისხმობს მართვის პროცესის რამდენიმე მონაწილეზე გადანაწილებას, ცენტრალური მართვის რგოლის არარსებობას და საბაზისო აქტივთან მიბმის უზრუნველყოფას პროტოკოლების და ალგორითმების მეშვეობით. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს სტეიბლკოინის დეცენტრალიზაციის იდეალური შემთხვევის აღწერას, რეალობაში კი სტეიბლკოინების უმეტესობა ნაწილობრივ ან სრულად დეცენტრალიზებულია.

ფასის სტაბილურობა

სტეიბლკოინების კონტექსტში, ფასის სტაბილურობა ნიშნავს სტეიბლკოინის ღირებულების შენარჩუნებას იმ საბაზისო აქტივის, მაგალითად ფიატ ვალუტის ფასის დონეზე, რომელზეც არის მიბმული ეს სტეიბლკოინი. ეს ასპექტი უმნიშვნელოვანესია, როდესაც სტეიბლკოინს ვიყენებთ ბირჟაზე ვაჭრობისთვის ან დანაზოგის საშუალების სახით, განსაკუთრებით ბაზრის მერყეობის პერიოდებში. პრაქტიკაში, ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს სტეიბლკოინები ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის, ტრადიციული ფულის ანალოგიურად.

მაგალითად, თუ სტეიბლკოინი მიბმულია აშშ დოლართან, ერთი სტეიბლკოინის ფასი ყოველთვის უნდა იყოს 1 აშშ დოლარის ეკვივალენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ფინჯან ყავას, რომელიც დღეს შეიძინეთ, იგივე ფასი ექნება ხვალაც, მომავალ კვირაშიც და მომავალ თვეშიც. 

უფრო მეტიც: ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც ინფლაციის დონე მაღალია, სტეიბლკოინების გამოყენებით შეუძლია დაიცვას საკუთარი დანაზოგი. მაგალითად არგენტინაში ადგილობრივი ვალუტა მნიშვნელოვანი დონის ინფლაციას განიცდის, რაც ამცირებს მის მსყიდველობით უნარს. უამრავმა პირმა დაიწყო სტეიბლკოინების გამოყენება საკუთარი დანაზოგის სწრაფი დევალვაციისგან დასაცავად.

კაპიტალის ეფექტურობა

კაპიტალის ეფექტურობა აღნიშნავს, თუ რამდენად კარგად იყენებს სტეიბლკოინი უზრუნველყოფის აქტივებს საკუთარი ღირებულების შენარჩუნების მიზნით. ეს ასპექტი განსაზღვრავს, თუ რა ღირებულების აქტივები უნდა იყოს განთავსებული რეზერვში იმისათვის, რომ თითოეული სტეიბლკოინის ფასი შენარჩუნდეს სათანადო დონეზე. რაც მეტი უზრუნველყოფის აქტივია საჭირო სტეიბლკოინის ფასის შესანარჩუნებლად, მით ნაკლებია მისი კაპიტალ-ეფექტურობა. 

მაგალითად, სტეიბლკოინი, რომლის ღირებულების 1 აშშ დოლარამდე შესანარჩუნებლად საჭიროა 1,50 აშშ დოლარის ღირებულების უზრუნველყოფის აქტივი, ნაკლებად კაპიტალ-ეფექტურია, ვიდრე ის სტეიბლკოინი, რომლის ღირებულების 1 აშშ დოლარამდე შესანარჩუნებლად საჭიროა 1,10 აშშ დოლარის ღირებულების უზრუნველყოფის აქტივი.

კაპიტალ-ეფექტური სტეიბლკოინის პრაქტიკული მაგალითია DAI. მაგალითად, 1 აშშ დოლარის ღირებულების DAI-ს გამოშვებისთვის, მომხმარებელმა ბლოკჩეინზე უნდა დაბლოკოს 1,50 აშშ დოლარის ღირებულების ether (ETH). ეს უზრუნველყოფს DAI-ს ფასის სტაბილურობას, თუმცა მისი კაპიტალის ეფექტურობის დონე დაბალია, რადგან მისი უზრუნველყოფისთვის გამოყენებული თანხა ამ სტეიბლკოინის ღირებულებაზე მეტია.

სტეიბლკოინების ტიპები და მათი ნაკლოვანებები

ფიატით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები

ფიატზე მიბმული სტეიბლკოინები წარმოადგენს კრიპტოვალუტებს, რომლებიც უზრუნველყოფილია ფიატ-ვალუტის რეზერვებით და რომლებიც იმართება ცენტრალიზებულად. ფიატ-ვალუტით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინების მაგალითებია Tether (USDT) და USD Coin (USDC). 

ფიატზე მიბმული სტეიბლკოინები სტაბილური ფასის მქონე და კაპიტალ-ეფექტური ვალუტებია (რაც იმას ნიშნავს, რომ რეზერვის აქტივებს ეფექტურად იყენებენ), თუმცა მათი მართვა ცენტრალიზებული სტრუქტურის მეშვეობით ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასის სტაბილურობა და კაპიტალის ეფექტურობა დეცენტრალიზაციის ხარჯზე მიიღწევა.

ალგორითმული სტეიბლკოინები

ალგორითმული სტეიბლკოინები წარმოადგენს ისეთ სტეიბლკოინებს, რომელთა მიბმისთვის (ღირებულების სტაბილურად შენარჩუნებისთვის) გამოიყენება ალგორითმები. მაგალითად, ალგორითმებს შეუძლია ავტომატურად დაარეგულიროს ალგორითმული სტეიბლკოინის მარაგი მისი ღირებულების ფიქსირებულ მაჩვენებელზე შენარჩუნების მიზნით. თუ ფასი ზრდას დაიწყებს, ალგორითმების მეშვეობით შეიქმნება მეტი მონეტა, რაც სტეიბლკოინის ფასს საწყის ნიშნულზე დააბრუნებს. თუ ფასი დაეცემა, ეს ალგორითმები შეამცირებენ მონეტების რაოდენობას, რის შემდეგაც ფასი ისევ ზევით აიწევს.

ალგორითმების სტეიბლკოინები დეცენტრალიზებული და კაპიტალ-ეფექტურია, თუმცა ამ შემთხვევაში ხშირად თავს იჩენს ფასის სტაბილურობის პრობლემა. ამის მიზეზი ისაა, რომ მათი სტაბილურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბაზრის მოთხოვნაზე და ალგორითმებზე, რომელთა გაუმართავად მუშაობის გამო შეიძლება გაუქმდეს სტეიბლკოინების მიბმა უზრუნველყოფის აქტივებზე.

კრიპტოთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები

კრიპტოზე მიბმული სტეიბლკოინები უზრუნველყოფილია სხვა კრიპტოვალუტით. წარმოვიდგინოთ სტეიბლკოინი, რომლის შემქმნელი გვპირდება, რომ მისი ღირებულება მუდმივად 1 აშშ-დოლარზე შენარჩუნდება. ამისათვის საჭიროა, რომ მან ბლოკჩეინზე დაბლოკოს სხვა კრიპტოვალუტა 1 აშშ დოლარზე მეტი ღირებულებით. მაგალითად იმისათვის, რომ ამ სტეიბლკოინის ღირებულება იყოს 1 აშშ დოლარი, მას შეიძლება დასჭირდეს ბლოკჩეინზე 1,50 ღირებულების ETH-ის განთავსება. 0,50 აშშ დოლარი ასრულებს „უსაფრთხოების ბადის“ როლს, რაც დააბალანსებს ETH-ის ფასის ცვლილებებს და უზრუნველყოფს სტეიბლკოინის ღირებულების 1 აშშ დოლარიან ნიშნულზე დაფიქსირებას. 

ჩვეულებრივ, კრიპტოზე მიბმულ სტეიბლკოინებს ესაჭიროება გადაჭარბებული უზრუნველყოფა, კრიპტოვალუტის ფასის არასტაბილურობის ზეგავლენის შემცირების მიზნით. ამ ტიპის სტეიბლკოინების დეცენტრალიზაციის და ფასის სტაბილურობის დონე საკმაოდ მაღალია, თუმცა ხშირად მათი კაპიტალ-ეფექტურობა დაბალია, რადგან ფასის სტაბილურობისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით უზრუნველყოფის აქტივები.

კრიპტოზე მიბმული სტეიბლკოინების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაგალითია DAI. უზრუნველყოფის სახით და ღირებულების 1 აშშ დოლარის ფარგლებში შესანარჩუნებლად ის იყენებს ether-ს.

სტეიბლკოინის ტრილემის გადაჭრის გზები

სტეიბლკოინის ტრილემის გადაჭრის უნივერსალური გზა არ არსებობს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებისთვის შემოთავაზებულია რამდენიმე იდეა.

ჰიბრიდული მოდელები

სტეიბლკოინის ტრილემის გადასაჭრელად გამოყენებულ ჰიბრიდულ მოდელებში გაერთიანებულია სტეიბლკოინის სხვადასხვა ტიპების ელემენტები. მაგალითად, სტეიბლკოინის უზრუნველყოფისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფიატ, ასევე კრიპტო აქტივები. ამ მეთოდის მეშვეობით შეიძლება გაიზარდოს კაპიტალის ეფექტურობა და ამავდროულად სათანადო დონეზე შენარჩუნდეს დეცენტრალიზაცია და სტაბილურობა.

მაღალი დონის ალგორითმები

მაღალი დონის ალგორითმების დანიშნულებაა სტეიბლკოინების სტაბილურობის და მდგრადობის გაუმჯობესება. მათი მიზანია ალგორითმული სტეიბლკოინების ბაზრის განწყობაზე დამოკიდებულების შემცირება, მათი დაცვა ბაზრის რყევებისგან და ფასის სტაბილურობის უზრუნველყოფა. 

ალგორითმულ სტეიბლკოინებს შეუძლია კაპიტალის ეფექტურობის და დეცენტრალიზაციის მაღალ დონეზე შენარჩუნება. თუ მოხერხდა ფასის სტაბილურობის სათანადო დონემდე გაზრდა, პოტენციურად ამან შესაძლოა გადაჭრას ტრილემა. თუმცა რეალურად, ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება.

დაზღვევა და რისკის მართვა

დაზღვევის მექანიზმების და რისკის მართვის სტრატეგიების ინტეგრირებამ შეიძლება გაზარდოს სტეიბლკოინების უსაფრთხოების დონე. ეს პროცესი მოიცავს თანხის გამოყოფას უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების დაზღვევის მიზნით და პროტოკოლების დანერგვას ლიკვიდურობის და მერყეობის რისკების შესამცირებლად.

შეჯამება

სტეიბლკოინის ტრილემა იმის დემონსტრირებაა, თუ რამდენად რთულია სტეიბლკოინის დეცენტრალიზაციას, ფასის სტაბილურობასა და კაპიტალის ეფექტურობას შორის ბალანსის დაცვა. სხვადასხვა ტიპის სტეიბლკოინებში პრიორიტეტი მინიჭებული აქვს ამ ტრილემის რომელიმე კონკრეტულ ასპექტს. პოტენციურად, ამ ტრილემის გადაჭრა შესაძლებელია ჰიბრიდული მოდელების, მაღალი დონის ალგორითმების და რისკის მართვის სტრატეგიების გამოყენებით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: MiCA-ს მოთხოვნების თანახმად, ევროპის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლებისთვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები არასანქცირებული სტეიბლკოინების გამოყენებასთან დაკავშირებით. მეტი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.

უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.