Mainnet
საზოგადოების მიერ წარდგენილი - ავტორი: ობასი იფეგვუ
Mainnet გახლავთ ტერმინი, რომელიც აღწერს სრულად შემუშავებულ და ინტეგრირებულ ბლოკჩეინ-პროტოკოლს, რაც იმას ნიშნავს, რომ
კრიპტოვალუტების ტრანზაქციების გაშვება, ვერიფიკაცია და ჩაწერა ხდება განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიის (ბლოკჩეინის) ფარგლებში.
Mainnet ქსელებისგან განსხვავებით, ტერმინი testnet აღნიშნავს ბლოკჩეინ-პროტოკოლს ან ქსელს, რომელიც ჯერ არ არის გაშვებული და სრულად გამართული. Testnet გამოიყენება პროგრამისტების და დეველოპერების მიერ ბლოკჩეინ-ქსელის ყველა ასპექტის და ფუნქციის შემოწმების მიზნით იმაში დასარწმუნებლად, რომ სისტემა უსაფრთხოა და მზად არის mainnet-ზე გასაშვებად.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, testnet არსებობს მხოლოდ ბლოკჩეინ-პროექტის სამუშაო პროტოტიპის სახით, ხოლო mainnet გახლავთ სრულყოფილი
ბლოკჩეინის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ კრიპტოვალუტების (ან განაწილებულ ლეჯერზე ჩაწერილი ნებისმიერი ტიპის მონაცემის) ტრანზაქციების გაგზავნა და მიღება.
როგორც წესი, ბლოკჩეინ-პროექტის mainnet-ის გაშვებამდე გუნდი ქმნის
მონეტის პირველად შეთავაზებებს (ICO),
პირველად საბირჟო შეთავაზებებს (IEO) ან ნებისმიერ სხვა შეთავაზებას, რომელიც პროექტს დაეხმარება ფინანსების მოზიდვაში და მისი საზოგადოების გაფართოებაში. ჩვეულებრივ, შეგროვებული თანხები გამოიყენება ბლოკჩეინ-ქსელის პროტოტიპების შემუშავების მიზნით. სწორედ მათი შემოწმება ხდება testnet ფაზის დროს. ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, testnet-ის მუშაობის ეფექტურობიდან გამომდინარე, გუნდი გაუშვებს მის mainnet ვერსიას ბლოკჩეინზე, რომელიც (იდეალურ შემთხვევაში) წარმოადგენს მის სრულყოფილ და გამართულ ვერსიას.
2017 წელს მრავალმა ბლოკჩეინ-სტარტაპმა გადაწყვიტა ICO-ს ქრაუდფანდინგის ღონისძიებების განხორციელება. სწორედ ამ მიზნით, უმრავლესობამ გადაწყვიტა საკუთარი
ERC-20 ტოკენის გაშვება
Ethereum-ის ქსელზე. ამის შემდეგ მოხდა ამ ტოკენების განაწილება ინვესტორების საფულეებში, ICO-ს ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში მათ მიერ შეტანილი წვლილის შესაბამისად.
ICO ქრაუდფანდინგის დასრულების და ბლოკჩეინის სრულად შემუშავების შემდეგ, გუნდს შეუძლია გაუშვას საკუთარი mainnet, რომელსაც ექნება საკუთარი ადგილობრივი მონეტა (კერძო ბლოკჩეინზე), ნაცვლად ადრე გამოშვებული ERC-20 ტოკენისა. ამ ეტაპზე ხორციელდება პროცესი, რომელსაც mainnet სვოპი ეწოდება. ამ პროცესის დროს ხდება ERC-20 ტოკენების გადაცვლა ახალი ბლოკჩეინის მონეტებზე. Mainnet სვოპის განხორციელების შემდეგ, როგორც წესი, ხდება ტოკენების დარჩენილი რაოდენობის განადგურება, რათა მოხდეს მხოლოდ ახალი ტოკენების გამოყენება.
მიუხედავად Ethereum-ის და ERC-20 სტანდარტის პოპულარობისა, არსებობს მრავალი სხვა ბლოკჩეინ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ტოკენების გამოშვების შესაძლებლობებს (მაგ., Stellar, NEM, NEO, TRON და Waves).