მთავარი დეტალები
Solana-ს ვირტუალუტი კომპიუტერი (SVM) გახლავთ საბაზისო პროგრამული ინფრასტრუქტურა, რომელიც Solana-ს ბლოკჩეინს აძლევს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ტრანზაქციების მაღალი გამტარუნარიანობა და აკონტროლოს სმარტ კონტრაქტების აღსრულების პროცესი.
Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერისგან (EVM) განსხვავებით, რომელიც ეფუძნება თანმიმდევრული დამუშავების მოდელს და იყენებს Solidity-ს, SVM ტრანზაქციების პარალელურად დამუშავების მოდელს და Rust პროგრამირების ენას.
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ, თუ რა არის Solana-ს ვირტუალური კომპიუტერი, როგორ მუშაობს და რით განსხვავდება ის Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერისგან.
შესავალი
საწყის ეტაპზე, ბლოკჩეინები ძირითადად გამოიყენებოდა ქსელების სახით, ტრანზაქციების დასამუშავებლად. თუმცა ვირტუალური კომპიუტერების მეშვეობით შესაძლებელი გახდა სმარტ კონტრაქტების ბლოკჩეინებზე შექმნა, რამაც ისინი გარდაქმნა მრავალი სხვადასხვა გზით გამოყენებად ფუნდამენტურ ერთეულებად. Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერი (EVM) და Solana-ს ვირტუალური კომპიუტერი (SVM) ამის ძირითადი მაგალითებია. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ, თუ რა არის SVM, როგორ მუშაობს და რით განსხვავდება ის EVM-სგან.
რა არის Solana-ს ვირტუალური კომპიუტერი (SVM)?
SVM გახლავთ სმარტ კონტრაქტების აღსრულების სისტემა Solana-ს ბლოკჩეინზე. მას შეუძლია ათასობით ტრანზაქციის დამუშავება წამში (TPS), რაც აუმჯობესებს ქსელის მასშტაბირებადობის დონეს.
Ethereum გახლდათ პირველი პლატფორმა, რომელმაც შექმნა ბლოკჩეინის ვირტუალური კომპიუტერი, EVM, რომელიც დროთა განმავლობაში მსგავსი მექანიზმების სტანდარტად იქცა. EVM-ის არქიტექტურა არაერთი ბლოკჩეინის, მაგალითად BNB Smart Chain-ის, Avalanche-ის და Tron-ის შთაგონების წყაროდ იქცა, რომლებმაც შეიმუშავეს forked ან EVM-სთან თავსებადი სისტემები. Solana-ს ვირტუალური კომპიუტერი შეიქმნა, როგორც მისი წინამორბედის, EVM-ის მძლავრი კონკურენტი.
როგორ მუშაობს Solana-ს ვირტუალური კომპიუტერი?
Solana-ს ვირტუალური კომპიუტერი (SVM) გახლავთ მძლავრი კომპიუტერი, რომელიც მუშაობს Solana-ს ბლოკჩეინზე და ამუშავებს მომხმარებლების მიერ შექმნილ სმარტ კონტრაქტებს. SVM-ის მუშაობის მექანიზმი რამდენიმე საფეხურად შეგვიძლია დავყოთ.
ვალიდატორი ნოდები. Solana-ს გააჩნია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი უამრავი ვალიდატორი ნოდი. თითოეული მათგანი მუშაობს SVM-ის საკუთარ ვერსიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ სხვადასხვა დავალებაზე განსხვავებულად იმუშაონ.
სმარტ კონტრაქტების მომზადება. სმარტ კონტრაქტის გასაშვებად, პირველ რიგში SVM თარგმნის მას ნოდისთვის გასაგებ ენაზე. ამით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ სმარტ კონტრაქტი სწორად აღსრულდება.
სმარტ კონტრაქტების გაშვება. სმარტ კონტრაქტის სწორ ფორმატში გადაყვანის შემდეგ, ხდება მისი აღსრულება. სმარტ კონტრაქტი განაახლებს ბლოკჩეინის ზოგიერთ მონაცემს კონკრეტული ნოდის SVM-ში, რომელიც ახორციელებს მის აღსრულებას.
კონსენსუსის მიღწევა. ამის შემდეგ, კონსენსუსის მისაღწევად ხდება ბლოკჩეინის ამ განახლებული ვერსიის გაზიარება ქსელის სხვა ნოდებთან.
წარმოვიდგინოთ, რომ მომხმარებელი იყენებს Solana-ზე გაშვებულ დეცენტრალიზებულ აპლიკაციას (DApp) ციფრული ხელოვნების ნიმუშების ყიდვა-გაყიდვისთვის. მის მიერ ხელოვნების ნიმუშის შეძენისას ხდება სმარტ კონტრაქტის აღსრულება ბლოკჩეინზე არსებული მფლობელობასთან დაკავშირებული ჩანაწერის განახლებისთვის. ეს სმარტ კონტრაქტი გაეშვება ერთ-ერთი ნოდის SVM-ის მეშვეობით, რომელიც შეამოწმებს წესებს, გადახდის ლეგიტიმურობას და განაახლებს ბლოკჩეინის მონაცემებს.
პარალელური აღსრულება SeaLevel-ის მეშვეობით
SVM-ის მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი უნარი ერთდროულად დაამუშავოს დიდი რაოდენობით სმარტ კონტრაქტები. ამის მიღწევა ხდება ტრანზაქციების პარალელური დამუშავების მექანიზმის მეშვეობით. SVM პარალელურად აღასრულებს რამდენიმე სმარტ კონტრაქტს, რაც აუმჯობესებს ტრანზაქციების გამტარუნარიანობის და ეფექტურობის დონეს.
SeaLevel გახლავთ SVM-ის კომპონენტი, რომლის მეშვეობითაც ხდება პარალელური აღსრულებისას დაფიქსირებული შესაძლო კონფლიქტების აღმოფხვრა ისეთ სიტუაციებში, სადაც რამდენიმე ტრანზაქცია ერთდროულად მოქმედებს ერთი და იმავე ანგარიშის მდგომარეობაზე. მაგალითად, თუ ერთდროულად ხდება ორი ტრანზაქციის აღსრულება—ფინანსების საფულეში დამატების და საფულიდან გატანის—, პროცესების არასწორად მართვის შემთხვევაში ეს შესაძლოა გახდეს გამოთვლასთან დაკავშირებული შეცდომების გამომწვევი მიზეზი.
SeaLevel შექმნილია ტრანზაქციებს შორის დამოკიდებულების სამართავად. Solana-ზე სმარტ კონტრაქტები განსაზღვრავენ, ბლოკჩეინის რომელ მდგომარეობას შეცვლის თითოეული ტრანზაქცია. ეს სისტემას საშუალებას აძლევს ამოიცნოს ტრანზაქციები, რომელთაც შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა (და მოქმედებენ ქსელის მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტზე) და რომლებიც ერთმანეთზე არიან დამოკიდებული (მოქმედებენ ქსელის მდგომარეობის ერთი და იმავე ასპექტზე). ერთმანეთზე დამოკიდებული ტრანზაქციების დამუშავება ხდება თანმიმდევრობით, ნებისმიერი სახის კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ თითოეული ტრანზაქციის აღსრულება ხდება სწორად, მონაცემებზე და ბლოკჩეინის მუშაობის ეფექტურობის ზოგად მაჩვენებელზე ზემოქმედების გარეშე.
SVM და EVM
ტრანზაქციების დამუშავების მოდელი
SVM იყენებს პარალელური დამუშავების მოდელს, რაც ერთდროულად რამდენიმე ტრანზაქციის აღსრულების შესაძლებლობას იძლევა. ეს თავის მხრივ აუმჯობესებს გამტარუნარიანობას და ამცირებს დაყოვნებას. ამის საპირისპიროდ, EVM ტრანზაქციებს თანმიმდევრობით ამუშავებს, რაც ხდება ქსელის გადატვირთვის მიზეზი მაღალი მოხმარების პირობებში.
პროგრამირების ენა
SVM იყენებს RUST-ს - პროგრამირების ენას, რომელიც ცნობილია მაღალი ეფექტურობით, განსაკუთრებით იმ აპლიკაციებში გამოყენებისას, რომლებიც საჭიროებს მაღალი დონის ეფექტურობას და უსაფრთხოებას. ამის საპირისპიროდ, EVM იყენებს Solidity-ს, სპეციალურად სმარტ კონტრაქტებისთვის შექმნილ პროგრამირების ენას.
სმარტ კონტრაქტების განთავსება და აღსრულება
SVM-ზე სმარტ კონტრაქტების აღსრულება თითოეული ვალიდატორის მიერ ხდება დამოუკიდებლად, რაც ქსელზე უფრო ეფექტური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ამის საპირისპიროდ, EVM-ზე საჭიროა, რომ თითოეულმა ნოდმა მიაღწიოს კონსენსუსს სმარტ კონტრაქტების აღსრულების შედეგებთან დაკავშირებით, რაც ზრდის დამუშავების დროს.
SVM-სთან დაკავშირებული გამოწვევები
SVM-სთან არაერთი გამოწვევაა დაკავშირებული. ერთ-ერთ ასეთ გამოწვევას წარმოადგენს სისტემის სტაბილურობის და უსაფრთხოების შენარჩუნება ისეთ გარემოში, სადაც ხდება ტრანზაქციების პარალელურად დამუშავება. მიუხედავად მისი ეფექტურობისა, ეს არქიტექტურა საჭიროებს დამატებით კოორდინაციას კონფლიქტების თავიდან აცილების და ერთიანობის უზრუნველყოფის მიზნით, რათა მოხდეს იმ ტრანზაქციების ერთდროულად დამუშავება, რომლებიც ერთი და იმავე მონაცემებზე ახდენენ ზემოქმედებას.
გარდა ამისა, Rust პროგრამირების ენა Solidity-სთან და ბლოკჩეინ ეკოსისტემაში გამოყენებულ პროგრამირების სხვა ენებთან შედარებით რთულად შესასწავლია ბლოკჩეინის ახალბედა დეველოპერებისთვის.
შეჯამება
SVM გახლავთ აღსრულების სისტემა Solana-ს ბლოკჩეინზე, რომლის ფარგლებშიც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ტრანზაქციების დამუშავების და სმარტ კონტრაქტების აღსრულების ეფექტურობას. ის იყენებს ტრანზაქციების პარალელურად დამუშავების მექანიზმს და Rust პროგრამირების ენას, რისი მეშვეობითაც ის აუმჯობესებს ტრანზაქციების გამტარუნარიანობის და მასშტაბირებადობის დონეს. SVM-ს არაერთი დაბრკოლების დაძლევა უწევს, რომელთა შორისაა Rust პროგრამირების ენის შესწავლის სირთულე და პარალელური აღსრულების მოდელთან დაკავშირებული ხარვეზები. მიუხედავად ამისა, SVM-ის ინტეგრაცია სწრაფად განვითარებად AI ტექნოლოგიებთან ქმნის იმის პერსპექტივას, რომ მომავალში მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.