TL;DR
კრიპტოვალუტებმა, როგორიცაა Bitcoin და Ether მოახდინეს შთამბეჭდავი ისტორიული შედეგების დემონსტრირება, აჯობეს რა ოქროს, აქციებს და უძრავ ქონებას გასული ათწლეულის განმავლობაში.
წარსულის შედეგები სამომავლო მოგების გარანტი არ არის, თუმცა ინვესტორებს სჯერათ, რომ კრიპტოვალუტები შესაძლოა დივერსიფიცირებული საპენსიო პორტფოლიოს ნაწილი გახდეს, რადგან მათ აქვთ დიდი სარგებლის მოტანისა და ინფლაციის წინააღმდეგ ჰეჯირების პოტენციალი.
პენსიაზე გასვლის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ Bitcoin-ის ფიქსირებული მარაგი, Ether-ის კლებადი მარაგი მაღალი ინფლაციის გარემოში, ექსპანსიონისტური მონეტარული მარაგები და თქვენი ადგილობრივი ვალუტის გრძელვადიანი სტაბილურობა.
საპენსიო მიზნების დასახვა
საპენსიო მიზნის განსაზღვრა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ თქვენი მიზანი შესაძლოა სხვებისგან საგრძნობლად განსხვავდებოდეს. თუმცა ზოგადად, სავარაუდო მაჩვენებლის მისაღებად მარტივი გამოთვლების წარმოება დაგჭირდებათ.
პირველ რიგში, გამოთვალეთ ყოველწლიური ხარჯები პენსიაზე გასვლის შემდგომ. ცხოვრების არსებული სტილის შესანარჩუნებლად პენსიამდელი შემოსავლის დაახლოებით 70-80%-ის შენარჩუნება დაგჭირდებათ. თუ თქვენი ამჟამინდელი წლიური შემოსავალი არის $100 000, პენსიაზე გასვლის შემდეგ წელიწადში $80 000 უნდა ივარაუდოთ.
შემდეგ გამოთვალეთ პოტენციური საპენსიო შემოსავალი, მათ შორის პენსია, გაქირავებით მიღებული შემოსავალი, პროცენტი და დივიდენდები. ჩვენ ამას პენსიის შემდგომ ყოველწლიურ შემოსავალს ვუწოდებთ.
ბოლოს განსაზღვრეთ, რამდენი წლის განმავლობაში აპირებთ პენსიაზე ყოფნას. ხშირად ამისთვის ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას იყენებენ, მაგრამ რეკომენდებულია ამ მონაცემზე რამდენიმე წლის დამატება. თუ აპირებთ პენსიაზე 65 წლის ასაკში გახვიდეთ, თქვენს ქვეყანაში კი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელია, პენსიაზე ყოფნა 15 წლის განმავლობაში იქნებით.
მთლიანი სამიზნე საპენსიო თანხის გამოსათვლელად გამოიყენეთ ეს ფორმულა:
(წლიური საპენსიო ხარჯები - პენსიაზე გასვლის შემდგომი წლიური შემოსავალი) * პენსიაზე გატარებული წლები
მაგალითად, თუ თვეში $80 000 გჭირდებათ, პენსიის შემდგომი შემოსავლით $30 000-ს ელით და პენსიაზე 30 წლის გატარებას აპირებთ, საპენსიო დანაზოგის სახით $1,5 მილიონი დაგჭირდებათ:
($80 000-$30 000) X 30 = $1 500 000
რასაკვირველია ეს მხოლოდ უხეში გამოთვლებია. შეგიძლიათ შექმნათ უფრო დეტალური სქემა, რომელსაც თქვენს საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს მოარგებთ.
როგორია კრიპტოს გასული წლების დინამიკა?
კრიპტოვალუტებმა, განსაკუთრებით წამყვანმა მონეტებმა Bitcoin (BTC) და Ethereum (ETH) უკვე დააფიქსირეს შთამბეჭდავი ისტორიული შედეგები.
Bitcoin, რომელიც 2009 წელს გაეშვა, პირველი და ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტაა. 2010 წლის ივლისში, როდესაც Bitcoin დაახლოებით $0,06 ღირდა, $100-იანი ინვესტიცია რომ განგეხორციელებინათ 2023 წლის შუაში $50 მილიონი გექნებოდათ. ეს ნიშნავს, რომ 13-წლიან პერიოდში მოგებამ 49 9999 900% შეადგინა!
Ethereum-მა, რომელიც 2015 წელს გაეშვა, მსოფლიოს სმარტ კონტრაქტები და დეცენტრალიზებული აპლიკაციები გააცნო. 2014 წელს $100-ის ინვესტირების შემთხვევაში, როდესაც მონეტის პირველად შეთავაზებისას (ICO) თითო მონეტა $0,31 ღირდა, 2023 წლის შუა პერიოდისთვის თქვენი პორტფოლიოს ღირებულება $580 644 იქნებოდა, რადგან ამ დროისთვის ether დაახლოებით $1 800 ღირს.
თუმცა ამ გასაოცარ გრძელვადიან შედეგებს განსაკუთრებული მერყეობაც ახლავს. Bitcoin-ის წლიურ მოგებაზე დაკვირვების შემთხვევაში დაინახავთ, რომ ზოგიერთ წელს ფასები 5 500%-ით იზრდება, მომდევნო წლის განმავლობაში კი 80%-ით მცირდება.
თუმცა ორი წამყვანი კრიპტოვალუტის წარსული შედეგებიდან გამომდინარე რამდენიმე დასკვნის გაკეთება მაინც შეიძლება. მაგალითად, რაც უფრო ხანგრძლივი იქნებოდა ინვესტიციის პერიოდი, უფრო მაღალ მოგებას მიიღებდით. 2021 წლის მონაცემებით, თუ Bitcoin-ში ინვესტიციას ერთი წლის განმავლობაში დატოვებდით, მოგება 59% იქნებოდა, სამწლიანი ინვესტიციის შემთხვევაში - 1133%, ხუთწლიანის შემთხვევაში 4686%, ათწლიანის კი - 876 509%.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ კრიპტო, განსაკუთრებით კი Bitcoin სხვა აქტივებს დიდი უპირატესობით აღემატება. მაგალითად, Bitcoin-მა ოქროს აჯობა. Bitcoin-ის საშუალო წლიური მოგება არის 1576%, 2010-2021 წლებში ჯამური მოგება კი იყო 18912% (გაშვებიდან პირველი წლის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი განსაკუთრებული მერყეობით გამოირჩეოდა, რის გამოც გრძელვადიანი შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ 2010 წელს დაფიქსირებულ რომელ ფასს ავიღებთ მაჩვენებლად), SPDR Gold Shares-ის საშუალო მოგება 5% იყო, ჯამური კი - 62%.
Bitcoin ასევე სჯობნის აქციებს. S&P 500 ინდექსის მიხედვით, 2010 წელს $100-ინვესტირების შემთხვევაში საშუალო წლიური მოგება 15% იქნებოდა, 2021 წლამდე ჯამური კი - 412%. Bitcoin საგრძნობლად სჯობნის საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიის აქციებსაც, მაგალითად Apple-ს და Amazon-ს. Apple და Amazon იმავე პერიოდში 399%-იან და 427%-იან მოგებას მოგცემდათ. Bitcoin სჯობნის უძრავ ქონებასაც, რადგან Vanguard Real Estate ETF-ის საშუალო წლიური მოგება 14% იყო, ჯამური კი - 162%.
წარსული შედეგები სამომავლო მოგების გარანტი არ არის, თუმცა კრიპტოვალუტებმა, განსაკუთრებით კი ცნობილი და პოპულარული მონეტებმა, როგორებიცაა Bitcoin და Ether, ფასების მერყეობის მიუხედავად შესანიშნავი გრძელვადიანი მოგება დააფიქსირეს.
მონეტარული პოლიტიკის და ინფლაციის გაცნობა
კრიპტოს, ოქროს, აქციებისა და უძრავი ქონების წარსული შედეგების განხილვისას, ინფლაციის ფაქტორი არ გაგვითვალისწინებია. ინფლაცია არის ეკონომიკაში პროდუქტის ფასების დონის მდგრადი ცვლილება დროის კონკრეტულ მონაკვეთში. ინფლაცია ფულის მსყიდველობით უნარს ამცირებს, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ფული დროთა განმავლობაში ფასს დაკარგავს. სწორედ ამიტომ, საპენსიო გეგმის შედგენისას ინფლაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ინფლაციას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი ხელისუფლების მიერ ფულის სურვილისამებრ ბეჭდვაა. ამგვარად ფულის მარაგი იზრდება. პროდუქტების რაოდენობა უცვლელია, თუმცა ფულის რაოდენობა იზრდება, ამიტომ პროდუქტის ფასიც მაღლა იწევს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ მსხვილმა ცენტრალურმა ბანკებმა უპრეცედენტო ოდენობის თანხა, ათობით ტრილიონი დოლარი დაბეჭდეს. 2020-2023 წლებში აშშ-ში საბაზო ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი იყო 4,48%, ჯამური ინფლაცია კი 14,04%. ეს ნიშნავს, რომ S&P 500 ინდექსის 15%-იანი მოგება ინფლაციის გათვალისწინების შემდეგ 10%-ს შეადგენს.
რასაკვირველია ბევრ სხვა ქვეყანაში ინფლაცია გაცილებით მაღალია. შესაბამისად თქვენი მოგება ინფლაციის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად შემცირდება. განსაკუთრებულ შემთხვევაში თვიური ინფლაცია შესაძლოა 50% ან მეტი იყოს, როგორც ეს არგენტინაში ან ზიმბაბვეში მოხდა. ასეთ შემთხვევებს ჰიპერინფლაცია ეწოდება და ის ეკონომიკას ანადგურებს.
კრიპტოვალუტები, მაგალითად Bitcoin და Ether განსხვავებული დინამიკით გამოირჩევა. სატოში ნაკამოტომ, Bitcoin-ის მისტიკურმა შემქმნელმა Bitcoin-ის ჯამური მარაგი 21 მილიონი მონეტით განსაზღვრა. ახალი Bitcoin-ები კლებადი რაოდენობით იქმნება და დაახლოებით ყოველ ოთხ წელიწადში „ჰალვინგის“ პროცესს გადის. ზღვრული და დეფლაციური მარაგის გამო, Bitcoin-ს ხშირად „ციფრულ ოქროს“ უწოდებენ. ოქროს მსგავსად, Bitcoin-იც გამოიყენება ღირებულების შენახვის, ინფლაციასთან გასამკლავებელ ჰეჯირების საშუალებად და ტრადიციული ფინანსური ბაზრებისგან განსხვავებულ აქტივად მიიჩნევა.
Ether-იც დეფლაციურ კრიპტოვალუტად მიიჩნევა, რადგან ის 2022 წელს Proof of Work-იდან (PoW), Proof of Stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ether ინფლაციურ კრიპტოდ შეიქმნა, 2023 წლის განმავლობაში Ethereum-ის ადგილობრივი მონეტა უფრო მეტი რაოდენობით დაიწვა, ვიდრე ცირკულაციაში შევიდა. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია 2021 წელს განხორციელებული EIP-1559 განახლება, რომლის გაშვების შემდეგაც ტრანზაქციის საკომისიოები იწვება და აღარ ხდება მათი გადაცემა ქსელის მაინერებისთვის.
პენსიის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გახსოვდეთ Bitcoin-ის ფიქსირებული მარაგი და Ether-ის კლებადი მარაგი. არსებობს მსგავსი მახასიათებლების მქონე სხვა კრიპტოვალუტებიც. საჭიროა გაითვალისწინოთ ინფლაცია, თქვენი ქვეყნის მონეტარული მარაგი და ადგილობრივი ვალუტის გრძელვადიანი სტაბილურობა.
კრიპტოს სამომავლო დინამიკის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია, წინამდებარე საფუძვლები ამ სფეროში გზის გაკვლევაში დაგეხმარებათ. კრიპტოს სამომავლო დინამიკის პროგნოზირებისთვის საჭირო სხვა ფაქტორებს შორის არის კრიპტოვალუტების მიღების ტემპი, რეგულაციები და გადასახადები.
საპენსიო თანხის რა ნაწილი უნდა გადაიტანოთ კრიპტოში?
საპენსიო გეგმაში კრიპტოს დამატებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, გაითვალისწინოთ რისკ-ფაქტორები და თქვენთვის რისკის დასაშვები დონე. მერყეობისა და რისკების გამო, კრიპტოვალუტები დივერსიფიცირებული პორტფოლიოს მხოლოდ მცირე წილს უნდა შეადგენდეს.
პირველ რიგში გირჩევთ, რომ კრიპტო შეადგენდეს თქვენი პორტფოლიოს თქვენი საპენსიო პორტფოლიოს დაახლოებით 5%-10%-ს. თუმცა სწორი გადანაწილება დამოკიდებულია თქვენთვის რისკის დასაშვებ დონეზე, საინვესტიციო ჰორიზონტზე, ფინანსურ სიტუაციასა და საინვესტიციო მიზნებზე.
აუცილებელია ყოველთვის გაითვალისწინოთ ინვესტირების მთავარი პრინციპი: დივერსიფიკაცია. ინვესტირება უნდა განახორციელოთ აქტივთა სხვადასხვა კლასებში, როგორიცაა აქციები, ობლიგაციები, ნაღდი ფული, უძრავი ქონება და ოქრო. რეკომენდებულია თქვენი კრიპტო ინვესტიციის დივერსიფიკაციაც. კრიპტო ჰოლდინგებს მხოლოდ ერთ მონეტაში ნუ ჩადებთ.
როგორ უნდა აირჩიოთ თქვენთვის საჭირო კრიპტო ათობით ათასი ვარიანტიდან? გახსოვდეთ, რომ გრძელვადიანი ინვესტირებისთვის ყველა მათგანი არ გამოდგება. საპენსიო მიზნებისთვის სჯობს აირჩიოთ პოპულარული, დიდი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტები, მაგალითად Bitcoin და Ether. თუ უფრო მაღალი რისკის მქონე, პოტენციურად უფრო მომგებიანი აქტივები გაინტერესებთ, გამოიყენეთ შედარებით პატარა, პერსპექტიული კრიპტოვალუტები და ჩადეთ მხოლოდ იმდენი ფული, რამდენის დაკარგვაც ძლიერ არ დაგაზარალებთ.
როგორ შევქმნათ კრიპტო საპენსიო პორტფოლიო
საპენსიო პორტფოლიოს შედგენისას მთავარია სტაბილურობა, განსაკუთრებით თუ ინვესტიციას ათწლეულების მანძილზე ახორციელებთ. გავრცელებული სტრატეგიაა დოლარის ღირებულების გაშუალედება, რომელსაც ხშირად DCA-ს უწოდებენ.
DCA საშუალებას გაძლევთ რეგულარულად განახორციელოთ ფიქსირებული თანხის ინვესტირება, მიუხედავად აქტივის ფასისა. მაგალითად, შეგიძლიათ მომდევნო 10 წლის მანძილზე Bitcoin-ში ყოველთვიურად $500-ის ინვესტირება განახორციელოთ. ამით პოტენციურად დააზღვევთ მოკლევადიანი მერყეობის ეფექტებს და შეამცირებთ შეუსაბამო დროს დიდი ინვესტირების განხორციელების რისკს.
DCA სტრატეგიის გამოყენებისას თავი შეიკავეთ პანიკური ყიდვის ან გაყიდვისგან ბაზრის ზრდის ან ვარდნის დროს. საკუთარ გრძელვადიან გეგმას არ უნდა გადაუხვიოთ და დარჩეთ მიზანზე ორიენტირებული. ამ სტრატეგიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოთმინება და დისციპლინა.
ბაზრისთვის დროის წინასწარ შერჩევა კარგი აზრი არ არის, მაგრამ გონივრულია, თუ ყურადღებას გამოიჩენთ, როცა ფასები რეკორდულად იზრდება და სიხარბეს გამოიჩენთ, როცა ფასები უდაბლეს წერტილს უახლოვდება. როგორც ძველი გამოთქმა ამბობს: გეშინოდეს როცა სხვები სიხარბეს იჩენენ და გამოიჩინე სიხარბე, როცა სხვებს ეშინიათ.
საპენსიო გეგმაში კრიპტოს ჩართვის დადებითი და უარყოფითი მხარეები
საპენსიო გეგმაში კრიპტოს ჩართვას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. უპირატესობებს შორისაა:
მაღალი მოგების პოტენციალი
წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ ტრადიციულ აქტივებთან შედარებით, კრიპტოვალუტებს მაღალი მოგების პოტენციალი აქვს. გახსოვდეთ, რომ წარსული შედეგები სამომავლო მოგების გარანტია არ არის.
დივერსიფიკაცია
კრიპტოვალუტები წარმოადგენს აქტივების ახალ კლასს, რომელიც ტრადიციული ბაზრების ფეხდაფეხ არ ვითარდება. კრიპტო ჯერაც სიახლეა, ამიტომ მის შესახებ შეზღუდული ინფორმაცია გვაქვს და კრიპტოსა და ტრადიციულ აქტივებს შორის ურთიერთობა ისევ საკამათოა.
ჰეჯირება ინფლაციასთან გასამკლავებლად
კრიპტოვალუტები, მაგალითად Bitcoin, ინფლაციის წინააღმდეგ ჰეჯირებისთვის გამოგადგებათ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ Bitcoin-ის, როგორც აქტივის ისტორია ცოტა ხნის წინ, 2009 წელს დაიწყო. ზოგიერთები აღნიშნავენ, რომ კრიპტოს არსებობის განმავლობაში გლობალური მონეტარული პირობები თავის ნებაზეა მიშვებული. ამიტომაც, ამ მტკიცების რეალურობა დამტკიცებული არ არის.
საპენსიო გეგმაში კრიპტოს ჩართვის ნაკლოვანებებს შორისაა:
მერყეობა
კრიპტოვალუტები ფასების მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხასიათდება. თუ მსგავსი მერყეობა თქვენთვის მისაღები არ არის, შესაძლოა კრიპტო სათქვენო არ აღმოჩნდეს.
რეგულაციებთან დაკავშირებული რისკები
კრიპტოვალუტები მთელ მსოფლიოში გაურკვეველი მარეგულირებელი მოცემულობის წინაშე დგანან. კარგად უნდა იცნობდეთ ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებსა და კანონებს, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა რეგულაციასთან შესაბამისობას იცავთ.
მომხმარებელთა დაცვის მექანიზმის არარსებობა
ტრადიციული საპენსიო ანგარიშებისგან განსხვავებით, მოპარვის შემთხვევაში კრიპტოს იშვიათად თუ დაიბრუნებთ. კრიპტო ბაზრის რეგულაციები ბევრ სახელმწიფოში ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია და კრიპტო-ინვესტორები შესაძლოა არ იყონ ისე დაცულები, როგორც ტრადიციულ ბაზრებზე.
გადასახადების სირთულე
კრიპტოვალუტები ყველა ქვეყანაში განსხვავებულად იბეგრება, თუმცა ყველგან რთულია გაერკვეთ, თუ როგორ უნდა გაითვალისწინოთ გადასახადების ფაქტორი საპენსიო გეგმის შედგენისას. ხანდახან მსგავსი რეგულაციები არ არსებობს, რაც გაურკვევლობას წარმოშობს.
შეჯამება
შესაძლოა პენსიაზე გასვლამდე 30-40 წელი გაშორებდეთ, ან რამდენიმე წელიწადში ელოდებოდეთ. ეს ორი ემთხვევა დროის თვალსაზრისით ძალიან განსხვავდება, თუმცა კრიპტოს გამოყენება ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ. როდესაც ინფლაცია იზრდება და თქვენი ფულის მსყიდველობითი უნარი მოსალოდნელზე სწრაფად იკლებს, იშვიათი აქტივები უნიკალურ ღირებულებას იძენს.
საპენსიო გეგმაში კრიპტოს ჩართვა შესაძლოა კარგი აზრი იყოს, მაგრამ სიფრთხილე მაინც უნდა გამოიჩინოთ. გამოიყენეთ დივერსიფიცირებული და სტაბილური მიდგომა. დეტალურად შეაფასეთ რისკის დასაშვები დონე და საპენსიო მიზანი, შემდეგ კი კარგად გამოიკვლიეთ კრიპტო, რომელშიც ფულის ჩადებას აპირებთ. რისკის მართვის სწორად განხორციელების შემდეგ, საპენსიო გეგმა, რომელშიც კრიპტოც შედის, უზრუნველყოფს თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას თქვენი „ოქროს წლების“ განმავლობაში.
დამატებითი საკითხავი:
Bitcoin-ის ფასის ისტორიის მიმოხილვა
როგორ განვახორციელოთ ინვესტირება Bitcoin-ში და სხვა კრიპტოვალუტებში
როგორ შევქმნათ კარგად ბალანსირებული კრიპტო პორტფოლიო
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ კონსულტანტს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ჩვენი გამოყენების პირობები და რისკის შესახებ გაფრთხილება.