TL;DR
კრიპტო პორტფოლიოს დაბალანსება არაფრით განსხვავდება ტრადიციული პორტფოლიოს დაბალანსებისგან. თქვენ მარტივად შეგიძლიათ შეამციროთ საერთო რისკი თქვენი პროფილის და საინვესტიციო სტრატეგიის გათვალისწინებით. ამისათვის საჭიროა უბრალოდ დაიწყოთ თქვენი ინვესტიციების დივერსიფიკაცია და სხვადასხვა კრიპტოვალუტაზე გადანაწილება.
დივერსიფიკაციის ხარისხი თავად უნდა განსაზღვროთ, რადგან ამ პროცესს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. თუმცა ზოგადად მიღებულია, რომ გარკვეული დონის დივერსიფიკაცია სასარგებლოა. თქვენს ინვესტიციებთან დაკავშირებული რისკის შემცირებისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის კრიპტო აქტივები (მათ შორის სტეიბლკოინები) და რეგულარულად განახორციელოთ თქვენი აქტივების გადანაწილების რებალანსირება.
თქვენი პორტფოლიოს მარტივად მართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მესამე მხარის პორტფოლიოს ტრეკერები ან ხელით აწარმოოთ თქვენი ტრანზაქციების ჩანაწერები. ზოგი ტრეკერი შესაძლებელია დაკავშირებულ იქნეს თქვენს პირად საფულეებთან და კრიპტოვალუტის ბირჟებთან, რაც ამ პროცესს უფრო კომფორტულს ხდის.
შესავალი
კრიპტოში ინვესტირების დაწყება მარტივად შეგიძლიათ, რისთვისაც საჭიროა უბრალოდ პირველი Bitcoin-ის (BTC), Ether-ის (ETH) ან ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტის შეძენა. ზოგი ინვესტორი უპირატესობას ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის შეძენას და შენახვას ანიჭებს, თუმცა სხვები ალტკოინებით ექსპერიმენტების ჩატარებას ამჯობინებენ. მაინც რომელია საუკეთესო მეთოდი? წარმატების უფრო მეტი შანსი იმ შემთხვევაში გექნებათ, თუ გაიაზრებთ და გაითვალისწინებთ თქვენი აქტივების განაწილების და თქვენი კრიპტო პორტფოლიოს რეგულარულად დაბალანსების მნიშვნელობას. ამის გაკეთების რამდენიმე მეთოდი არსებობს, რაც დამოკიდებულია თქვენს რისკის მისაღებობის დონეზე. პორტფოლიოს დაბალანსება რთული არ არის და ამის გაკეთება ნამდვილად ღირს.
რა არის კრიპტო პორტფოლიო?
კრიპტო პორტფოლიო წარმოადგენს ინვესტორის ან ტრეიდერის მფლობელობაში არსებული კრიპტოვალუტების ნაკრებს. ჩვეულებრივ პორტფოლიო შეიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივებს, მათ შორის ალტკოინებს და კრიპტოს ფინანსურ პროდუქტებს. ის ძალიან ჰგავს ტრადიციულ საინვესტიციო პორტფოლიოს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ამ შემთხვევაში თქვენ აქტივების მხოლოდ ერთ კლასს იყენებთ. კრიპტო პორტფოლიო შეგიძლიათ ხელით, უბრალო ცხრილების საშუალებით აკონტროლოთ ან გამოიყენოთ სპეციალიზებული ინსტრუმენტები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ჰოლდინგების და მოგების დაანგარიშებაში. კარგი პორტფოლიოს ტრეკერი შესაძლოა ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენდეს. ტრეკერები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეი-ტრეიდერებისთვის ან სხვა მაღალი სიხშირით მოვაჭრე ტრეიდერებისთვის, თუმცა ისინი ასევე სასარგებლოა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის და HODLer-ებისთვის.
რა არის აქტივების განაწილება და დივერსიფიკაცია?
საინვესტიციო პორტფოლიოს შექმნისთვის საჭიროა იცნობდეთ აქტივების განაწილების და დივერსიფიკაციის კონცეფციებს. აქტივების განაწილება ნიშნავს თქვენი ქონების სხვადასხვა აქტივების კლასებში (მაგალითად კრიპტოვალუტებში, აქციებში, ობლიგაციებში, ძვირფას ლითონებში ან ნაღდ ფულში) ინვესტირებას. დივერსიფიკაცია აღნიშნავს თქვენი საინვესტიციო თანხის განაწილებას სხვადასხვა აქტივებს ან სექტორებს შორის. მაგალითისთვის, თქვენი აქციების დივერსიფიკაციისთვის შეგიძლიათ ინვესტირება განახორციელოთ სხვადასხვა ინდუსტრიაში, მაგალითად სოფლის მეურნეობაში, ტექნოლოგიაში, ენერგორესურსებში და ჯანდაცვაში. ორივე სტრატეგია გაძლევთ თქვენი საერთო რისკის შემცირების შესაძლებლობას.
ტექნიკურად, კრიპტოვალუტები ერთ აქტივების კლასშია გაერთიანებული. თუმცა კრიპტოვალუტის პორტფოლიოს დივერსიფიკაციისთვის, შეგიძლიათ აქტივები გადაანაწილოთ სხვადასხვა დანიშნულების და ფუნქციის პროდუქტებს, მონეტებსა და ტოკენებს შორის. პორტფოლიოს განაწილების მაგალითი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: 40% Bitcoin-ები, 30% სტეიბლკოინები, 15% NFT-ები და 15% ალტკოინები. ამ თემასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას აქტივების განაწილების და დივერსიფიკაციის განმარტება.
კონცენტრირებული და დივერსიფიცირებული კრიპტო პორტფოლიოები
უმეტეს შემთხვევაში რეკომენდებულია კრიპტო პორტფოლიოს დივერსიფიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინვესტორების სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს, თქვენი კაპიტალის სხვადასხვა აქტივებს შორის განაწილებას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დივერსიფიცირებული პორტფოლიო ამცირებს საერთო რისკს და არასტაბილურობას. ზარალი კომპენსირდება მოგებით, რისი წყალობითაც თქვენ სტაბილურად ინარჩუნებთ თქვენს პოზიციას. ამ დროს ასევე იზრდება თქვენს პორტფიოლოში არსებული თითოეული მონეტით მოგების მიღების შანსი. ყველა ინვესტიცია მომგებიანი ვერ იქნება, თუმცა აქტივების სათანადოდ განაწილების და დივერსიფიკაციის წყალობით, გრძელვადიან პერსპექტივაში იზრდება მოგების მიღების ალბათობა.
თუმცა, რაც მეტადაა დივერსიფიცირებული თქვენი პორტფოლიო, მით მეტადაა დამოკიდებული მთლიანი ბაზრის ტენდენციაზე. ტრეიდერების და ინვესტორების უმეტესობა ბაზრებიდან მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობს. ძლიერ დივერსიფიცირებული პორტფოლიოს მეშვეობით უფრო ნაკლებ შემოსავალს მიიღებთ, ვიდრე სწორად კონცენტრირებული პორტფოლიოდან. წამგებიანი აქტივებით გამოწვეულ ზარალს აბალანსებს მაღალშემოსავლიანი აქტივებით მიღებული მოგება.
დივერსიფიცირებული პორტფოლიოს მართვას უფრო მეტი დრო და კვლევა სჭირდება. გონივრული ინვესტირებისთვის, საჭიროა იცოდეთ, თუ რას ყიდულობთ. რაც უფრო დიდია პორტფოლიო, მით ნაკლებია იმის შანსი, რომ ყველა მის შემადგენელ ნაწილს კარგად იცნობდეთ. თუ თქვენი პორტფოლიო რამდენიმე ბლოკჩეინზე არსებულ აქტივებს შეიცავს, ამ აქტივებზე წვდომისთვის თქვენ დაგჭირდებათ რამდენიმე საფულე და ბირჟა. დივერსიფიკაციის დონის არჩევა თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა ყოველთვის სასურველია განახორციელოთ გარკვეული ხარისხის დივერსიფიკაცია.
კრიპტოვალუტების სხვადასხვა ტიპი
Bitcoin ყველაზე ცნობილ კრიპტოვალუტას წარმოადგენს, ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაციით. თუმცა, საერთო რისკის შესამცირებლად, კარგად დაბალანსებული პორტფოლიო უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ტიპის მონეტებს. მოდით განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
გადახდის მონეტები
დღეისათვის რთულია ახალი მონეტების მოძებნა, რომლებიც ძირითადად გადახდებისთვის გამოიყენება. თუმცა კრიპტოვალუტების ეპოქის დასაწყისში პროექტების უმეტესობა სწორედ გადახდის სისტემებისთვის იქმნებოდა. მათ შორის ყველაზე ცნობილია Bitcoin, თუმცა ასევე არსებობს სხვა მონეტები, როგორიცაა Ripple (XRP), Bitcoin Cash (BCH), Litecoin (LTC) და სხვა მრავალი. ეს მონეტები წარმოადგენს პირველი თაობის კრიპტოვალუტებს, რომლებიც არსებობდა Ethereum-ის და სმარტ კონტრაქტების გამოჩენამდე.
სტეიბლკოინები
სტეიბლკოინი ცდილობს ფასის შენარჩუნებას მისი საბაზისო აქტივის ფიატ-ვალუტის ან ძვირფასი ლითონის ფასის დონეზე. მაგალითად USDT მიბმულია აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით. PAX Gold (PAXG) იყენებს იმავე სისტემას, თუმცა ეს მონეტა მიბმულია ოქროზე და მისი ფასი შეესაბამება ერთ ტროას უნცია სუფთა ოქროს ღირებულებას. მიუხედავად იმისა, რომ სტეიბლკოინები ყოველთვის არ გვაძლევს დიდი მოგების შესაძლებლობას, ის გვთავაზობს სტაბილურობას, როგორც ამაზე მათი სახელი მიანიშნებს.
კრიპტოვალუტის ბაზრის მერყევი ბუნების გათვალისწინებით, ყოველთვის სასარგებლოა პორტფოლიოში სტაბილური ღირებულების აქტივის ქონა. თუ სტეიბლკოინი მიბმულია ისეთ აქტივთან, რომელიც არ წარმოადგენს კრიპტოს ეკოსისტემის ნაწილს, კრიპტო ბაზრის ვარდნა მასზე გავლენას ვერ მოახდენს. თუ გსურთ ტოკენის პროექტიდან გადატანა, სასურველია გადაიტანოთ ის დოლარით უზრუნველყოფილ სტეიბლკოინში, მაგალითად USDT-ში, რაც გაზრდის მის უსაფრთხოებას. ფიატ-ვალუტაში კონვერტაცია უფრო ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე სტეიბლკოინზე გადაცვლა.
Security ტოკენები
ტრადიციული ფასიანი ქაღალდების მსგავსად, Security ტოკენი შეიძლება უამრავ რამეს წარმოადგენდეს. ის შეიძლება წარმოადგენდეს კომპანიის სააქციო კაპიტალს, პროექტის მიერ გამოშვებულ ობლიგაციას ან სულაც ხმის მიცემის უფლებას. ფასიანი ქაღალდების გაციფრულების და ბლოკჩეინზე განთავსების შემდეგ, მათზე მოქმედებს იგივე რეგულაციები, რომლებითაც იმართება სხვა ტოკენები. ამ მიზეზით, Security ტოკენები ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების იურისდიქციაში ხვდება და გამოშვებამდე საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი პროცესის გავლა.
Utility ტოკენები
Utility ტოკენი გამოიყენება, როგორც მომსახურების ან პროდუქტის მიღების საშუალება. მაგალითად, BNB და ETH წარმოადგენს Utility ტოკენებს. მათი ერთ-ერთი დანიშნულებაა ტრანზაქციის საკომისიოების გადახდა დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) გამოყენების დროს. ბევრი პროექტი საკუთარ Utility ტოკენს უშვებს მონეტის შეთავაზების დროს თანხების მოზიდვის მიზნით. თეორიულად ტოკენის ღირებულება პირდაპირ კავშირშია მის პრაქტიკულ დანიშნულებასთან.
Governance ტოკენები
Governance ტოკენის ფლობით, თქვენ იღებთ ხმის უფლებას პროექტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, ან სულაც წილს მოგებიდან. ეს ტოკენები ყველაზე ხშირად გვხვდება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმებზე, როგორიცაა PancakeSwap, Uniswap ან SushiSwap. Utility ტოკენების მსგავსად, Governance ტოკენის ღირებულება პირდაპირ კავშირშია საბაზისო პროექტის წარმატებასთან.
ფინანსური კრიპტო პროდუქტები
არ არის აუცილებელი, რომ პორტფოლიო მხოლოდ სხვადასხვა მონეტისგან შედგებოდეს. ფინანსური კრიპტო პროდუქტების საშუალებით შეგიძლიათ კიდევ უფრო გაზარდოთ თქვენი პორტფოლიოს დივერსიფიკაციის დონე. ეს იგივეა, რომ უბრალოდ აქციების გარდა თქვენ ფლობდეთ სახელმწიფო ობლიგაციებს, ETF-ებს ან ურთიერთდახმარების ფონდებს. არსებობს ბლოკჩეინებზე განთავსებული და DApp-ების სახით წარმოდგენილი უამრავი პროდუქტი, რომლებიც ინვესტიციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.
როგორ შევქმნათ კარგად ბალანსირებული კრიპტო პორტფოლიო
თითოეულ ინვესტორს ან ტრეიდერს საკუთარი აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის კარგად დაბალანსებული კრიპტო პორტფოლიო. თუმცა არსებობს ზოგადი წესები, რომლებიც სასურველია გაითვალისწინოთ:
1. დაყავით თქვენი პორტფოლიო მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის ინვესტიციებად და მიანიჭეთ მათ შესაბამისი წონა. პორტფოლიო, რომელიც შეიცავს მაღალი რისკის ინვესტიციების დიდ წილს, ნამდვილად ვერ ჩაითვლება დაბალანსებულად. ამ შემთხვევაში მოგება შეიძლება უფრო დიდი იყოს, თუმცა არსებობს დიდი ზარალის რისკიც. თქვენი რისკის პროფილი განსაზღვრავს თქვენთვის საუკეთესო არჩევანს, თუმცა საჭიროა აქტივების გარკვეული ნაკრების შექმნა.
2. თქვენი პორტფოლიოს ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვის რეკომენდებულია გარკვეული ოდენობის სტეიბლკოინის ქონა. სტეიბლკოინები მრავალი DeFi პლატფორმის გასაღებს წარმოადგენს, რომელთა საშუალებით მარტივად შეგიძლიათ მოგების დაფიქსირება ან პოზიციის დატოვება.
3. საჭიროებისამებრ მოახდინეთ თქვენი პორტფოლიოს რებალანსირება. კრიპტო ბაზარი ძალიან არასტაბილურია, ამიტომ საჭიროა თქვენი გადაწყვეტილებების კორექტირება არსებული სიტუაციის შესაბამისად.
4. ახალი კაპიტალი გაანაწილეთ სტრატეგიულად, რათა თავიდან აიცილოთ თქვენი პორტფოლიოს რომელიმე ნაწილის ზედმეტად დატვირთვა. თუ ადრე ერთი მონეტის მეშვეობით დიდი მოგება მიიღეთ, მასში მეტი თანხის დაბანდება შეიძლება მიმზიდველი ჩანდეს. ნუ გამოიჩენთ სიხარბეს და მოძებნეთ ფულის დაბანდების უკეთესი საშუალება.
5. ჩაატარეთ საკუთარი მოკვლევა. ყოველთვის გაითვალისწინეთ ეს კლასიკური რჩევა. თქვენ ახორციელებთ საკუთარი ფულის ინვესტირებას, ამიტომ ნუ დაეყრდნობით მხოლოდ სხვების რჩევებს. პოტენციური თაღლითობების ამოსაცნობი რჩევები იხილეთ სტატიაში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული 5 ყველაზე გავრცელებული თაღლითობა და როგორ ავიცილოთ თავიდან ისინი.
6. ინვესტიცია განახორციელეთ მხოლოდ იმ თანხით, რისი დაკარგვაც ძლიერ არ დაგაზარალებთ. თუ თქვენი პორტფოლიო სტრესის მიზეზია, ეს ნიშნავს, რომ სწორად არ არის დაბალანსებული. თქვენს პოზიციებს სერიოზული ზიანის გამოწვევა არ უნდა შეეძლოს მაშინაც კი, თუ ყველაფერი ძალიან ცუდად წარიმართა.
კრიპტო პორტფოლიოს ტრეკერები
პორტფოლიოს ტრეკერი არის პროგრამა ან სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი ჰოლდინგების მოძრაობა. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, რამდენად შეესაბამება აქტივების ამჟამინდელი განაწილება თქვენს გრძელვადიან მიზნებს და თვალყური ადევნოთ თქვენს პროგრესს. გირჩევთ გაეცნოთ რამდენიმე მათგანს:
CoinMarketCap
CoinMarketCap არის ძალიან პოპულარული ფასების ტრეკერი, რომელსაც აქვს საკუთარი პორტფოლიოს ფუნქცია. ხელმისაწვდომია ამ პორტფოლიოს უფასო ვერსიები დესკტოპ კომპიუტერებისთვის და მობილური მოწყობილობებისთვის. ამ პორტფოლიოს ტრეკერის გამოსაყენებლად, თქვენ ხელით უნდა შეიყვანოთ თქვენი ჰოლდინგები, რადგან ის არ არის დაკავშირებული საფულესთან ან სავაჭრო ბირჟასთან. ასევე შესაძლებელია შეძენილი აქტივების ფასების დამატება, რაც თქვენი მოგების უფრო ზუსტად კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.
CoinGecko
CoinGecko ძირითადად ცნობილია, როგორც კრიპტოვალუტის ფასების ტრეკერი, თუმცა მას ასევე აქვს პორტფოლიოს ტრეკერის ვარიანტი. ის არის უფასო და ხელმისაწვდომია როგორც ბრაუზერის, ასევე მობილური მოწყობილობის ვერსიის სახით. თუ უკვე ხართ CoinGecko-ს რეგულარული მომხმარებელი, გირჩევთ მისი ტრეკერიც გამოსცადოთ.
შეჯამება
კრიპტოვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული Bitcoin-ის დინამიკაზე. თუმცა ეს არ არის იმის მიზეზი, რომ უარი თქვათ თქვენი პორტფოლიოს დაბალანსებაზე. სხვადასხვა კრიპტოში ინვესტირების წყალობით შესაძლებელია ზარალის კომპენსაცია Bitcoin-ის ფასის ვარდნის შემთხვევაში, ამიტომ ყოველთვის აქვს აზრი გარკვეულ დონეზე დივერსიფიკაციას. გახსოვდეთ, რომ დივერსიფიკაციის დროს მხოლოდ რამდენიმე მონეტის ფლობით არ უნდა შემოიფარგლოთ. სასურველია გქონდეთ სტრატეგია, რაც დაგეხმარებათ შექმნათ თქვენი რისკის მისაღებობის დონის შესაბამისი პორტფოლიო.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.