მთავარი დეტალები
Ripple არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც გვთავაზობს გადახდის ტექნოლოგიებს, რომლებიც დაფუძნებულია XRP Ledger-ზე (XRPL) - დეცენტრალიზებულ, ღია პროგრამული კოდით შექმნილ ბლოკჩეინზე.
XRP წარმოადგენს XRP Ledger-ის ადგილობრივ ტოკენს, რომელიც გამოიყენება კრიპტოვალუტების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ტრანზაქციების განხორციელებისთვის და სხვადასხვა გლობალური ქსელებისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვის.
Ripple ფინანსური ინსტიტუტებს სთავაზობს საერთაშორისო გადახდების სისტემების გაუმჯობესების ინსტრუმენტებს.
XRP-ის გამოყენების სფეროებს მოიცავს ტოკენიზაცია, DeFi აპლიკაციები, კროს-ჩეინ ლიკვიდურობა და on-chain შესაბამისობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტები.
რა არის Ripple?
Ripple არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც გვთავაზობს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურას გლობალური გადახდებისთვის. მისი პროდუქტები გაშვებულია XRP Ledger-ზე (XRPL) - ღია პროგრამული კოდით შექმნილ ბლოკჩეინზე და იყენებს XRP-ს - ქსელის ადგილობრივ ტოკენს, რომელიც გვთავაზობს სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს.
Ripple-ის პროდუქტები ბანკებს, ფინანსური ტექნოლოგიების ორგანიზაციებს და კრიპტო კომპანიებს ეხმარება XRP-ის მეშვეობით თანხის მომენტალურად გაგზავნასა და მიღებაში, ასევე ციფრული აქტივების გამოშვებასა და მართვაში. Ripple-ის შემოთავაზებები მოიცავს საერთაშორისო გადახდების სისტემებს, სტეიბლკოინის ინფრასტრუქტურას და ორგანიზაციული დონის კასტოდიალურ ტექნოლოგიებს.
XRP-ით ვაჭრობა საჯაროდ ხელმისაწვდომია და მისი გამოყენების სფერო სცდება Ripple-ის პროდუქტებს. Ripple წარმოადგენს XRPL-ის მხოლოდ ერთ-ერთ კონტრიბუტორს. მას XRP-ის ნაწილი განთავსებული აქვს ესქრო-სერვისზე, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და ეტაპობრივ გამოშვებას.
ისტორია
Ripple-ის იდეა პირველად 2004 წელს გაჩნდა და ის ეკუთვნის რაიან ფუგერს, რომელმაც წელს შეიმუშავა მისი პირველი პროტოტიპი დეცენტრალიზებული ციფრული მონეტარული სისტემის (RipplePay) სახით. ეს სისტემა გაეშვა 2005 წელს, რომლის დანიშნულება იყო გლობალურ ქსელში უსაფრთხო გადახდების მხარდაჭერა.
2012 წელს, ფუგერმა პროექტის მართვა გადააბარა ჯედ მაკალებს და კრის ლარსენს. ერთად მათ დააფუძნეს აშშ-ში ბაზირებული ტექნოლოგიური კომპანია OpenCoin. ამ მომენტიდან, Ripple-მა დაიწყო პროტოკოლის შექმნაზე მუშაობა, რომელიც ფოკუსირებული იყო ბანკებისა და ფინანსური ორგანიზაციებისთვის გადახდების სისტემების შეთავაზებაზე. 2013 წელს OpenCoin-მა განახორციელა რებრენდინგი და გარდაიქმნა Ripple Labs-ად, ხოლო 2015 წელს მას დაერქვა Ripple.
როგორ მუშაობს Ripple
XRP Ledger (XRPL)
Ripple-ის პროდუქტები გაშვებულია XRPL-ზე, რომელიც წარმოადგენს საჯარო, ღია პროგრამული კოდით შექმნილი ბლოკჩეინი და გვთავაზობს ტრანზაქციების სწრაფად და იაფად განხორციელების შესაძლებლობას. Bitcoin-ისგან ან Ethereum-ისგან განსხვავებით, XRPL-ს არ ესაჭიროება მაინინგი ან სტეიკინგი. ეს ქსელი იყენებს უნიკალურ კონსენსუსის მექანიზმს, სახელწოდებით Ripple Protocol Consensus Algorithm (RCPA).
ტრანზაქციების ვალიდაცია ხორციელდება დამოუკიდებელი ნოდების ქსელის მეშვეობით. ტრანზაქციის დადასტურება ხდება სანდო ვალიდატორების 80%-ის თანხმობის შემთხვევაში (ჩვეულებრივ ამას 3-დან 5 წამამდე ესაჭიროება), ამასთანავე, ქსელი გვთავაზობს ტრანზაქციის დაბალ საკომისიოებს. ვალიდატორის ნოდის გაშვება ნებისმიერს შეუძლია, თუმცა ორგანიზაციული ტრანზაქციების ვალიდაციისთვის Ripple-ს მომზადებული აქვს სანდო ვალიდატორების, ეგრეთწოდებული „უნიკალური ნოდების სია“ (UNL).
Ripple-ის გადახდების პროდუქტები
Ripple საერთაშორისო გადახდებისთვის, Ripple გვთავაზობს ორ ძირითად პროდუქტს: RippleNet-ს და On-Demand Liquidity-ს (ODL). მათი დანიშნულებაა ტრადიციული საგადახდო სისტემების, მაგალითად SWIFT-ის მუშაობის ეფექტურობის გაზრდა, რისთვისაც მათ სთავაზობს უფრო სწრაფ ანგარიშსწორებას, დაბალ ფასებს და გაუმჯობესებულ გამჭვირვალობას.
RippleNet
RippleNet წარმოადგენს Ripple-ის გადახდების გლობალურ ქსელს. ის გვთავაზობს ტრადიციულ საბანკო სისტემაში გამოყენებული nostro/vostro ანგარიშების მოდელის თანამედროვე ალტერნატივას, რაც ფინანსურ ორგანიზაციებს აძლევს საერთაშორის გადახდების რეალურ დროში ტრეკინგის და ანგარიშსწორების შესაძლებლობას.
RippleNet საკუთარ პარტნიორებთან დასაკავშირებლად იყენებს მარტივ API-ებს, რომლებიც განთავსებულია ქლაუდზე, რაც ამცირებს ტექნიკურ სირთულეებს. Ripple საკუთარი ძალებით უზრუნველყოფს სისტემის მომსახურებას, განახლებებს და უსაფრთხოებას, რაც ორგანიზაციებს უმარტივებს სისტემების ინტეგრაციას და გამოყენებას.
On-Demand Liquidity (ODL)
ODL წარმოადგენს Ripple-ის ლიკვიდურობის სისტემას, რომელიც იყენებს XRP-ს, რაც გამორიცხავს ანგარიშებზე სხვადასხვა ვალუტების წინასწარ განთავსების საჭიროებას. დანიშნულების ქვეყნის ვალუტის შეძენის ნაცვლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ XRP და განახორციელონ ანგარიშსწორება მოთხოვნის საფუძველზე.
მაგალითად, თანხის იაპონიიდან ინდოეთში გადარიცხვის შემთხვევაში, იაპონური იენი შეიძლება დაკონვერტირდეს XRP-ში, გაიგზავნოს XRPL ქსელით და მიმღების ანგარიშზე დარიცხვისას დაკონვერტირდეს ინდურ რუპიაში. ჩვეულებრივ, ეს პროცესი რამდენიმე წამში სრულდება და გამგზავნს და მიმღებს არ ესაჭიროებათ უშუალოდ XRP-ის ფლობა. ეს ამცირებს კაპიტალის ხარჯებს, აუმჯობესებს ეფექტურობას და გვთავაზობს გადახდების ნებისმიერ დროს განხორციელების შესაძლებლობას.
XRP ტოკენი
XRP წარმოადგენს XRP Ledger-ის ადგილობრივ ტოკენს. ეს ტოკენი Ripple-ის ინფრასტრუქტურაში და მთელს XRPL ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
ვალუტა-ხიდი: XRP შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ვალუტების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, რაც გვთავაზობს სწრაფ და იაფ საერთაშორისო ტრანზაქციებს ანგარიშებზე ტოკენების წინასწარ განთავსების საჭიროების გარეშე.
ტრანზაქციის საკომისიოები: თითოეული ტრანზაქციის განხორციელებისთვის საჭიროა მცირე რაოდენობის XRP-ის გადახდა, რაც გვეხმარება სპამების თავიდან აცილებასა და ქსელის ეფექტურობის შენარჩუნებაში.
ლიკვიდურობის მიწოდება: XRP-ს იყენებს XRPL-ის ინტეგრირებული დეცენტრალიზებულ ბირჟა (DEX), ავტომატური მარკეტ-მეიკერები (AMM-ები), და კროს-ჩეინ ვაჭრობის სისტემები.
უზრუნველყოფა და ესქრო: თანხის გამგზავნებს შეუძლიათ დაბლოკონ საკუთარი აქტივები XRPL-ის ადგილობრივი ესქრო ფუნქციის მეშვეობით და შექმნან უსაფრთხო, დროზე დაფუძნებული ან პირობითი გადარიცხვების შეკვეთები ბლოკჩეინზე ფინანსური ოპერაციების განხორციელების დროს.
გაშვება და განაწილება
XRP ტოკენის გაშვება მოხდა 2012 წელს, მისი მთლიანი მარაგია 100 მილიარდი ტოკენი, რაც სრულად შეიქმნა გენეზის-ბლოკში. ეს მთლიანი მარაგი ფიქსირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაინინგით ან სტეიკინგით ახალი ტოკენების შექმნა არ ხდება.
გაშვების დროს, 80 მილიარდი XRP ტოკენი გადაეცა Ripple Labs-ს ქსელის განვითარების და პოპულარიზაციის მხარდაჭერისთვის, დანარჩენი 20 მილიარდი ტოკენი კი განაწილდა პროექტის დამფუძნებლებსა და ადრეულ კონტრიბუტორებს შორის.
2017-წელს, Ripple-მა on-chain-ესქრო-სერვისებში დაბლოკა 55 მილიარდი XRP, რომლის მიზანი იყო მარაგის პროგნოზირებადი და გამჭვირვალე მართვის უზრუნველყოფა. ყოველთვიურად ეს ესქრო-სერვისები მიმოქცევაში უშვებენ 1 მილიარდამდე XRP ტოკენს, გამოუყენებელი თანხები გადაიტანება გრაფიკის ბოლოში.
2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, ესქრო-სერვისებში რჩება დაახლოებით 35,6 მილიარდი XRP. ტოკენების გამოშვების პროცესი კონტროლდება XRP Ledger’-ის ინტეგრირებული პროტოკოლის წესების შესაბამისად, რისი წყალობითაც პროცესი სრულად ავტომატიზებული და გამჭვირვალეა.
რეგულაციებთან დაკავშირებული გამოწვევები
2020 წლიდან Ripple სამართლებრივ დავას აწარმოებს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიასთან (SEC) - SEC აცხადებს, რომ Ripple-მა XRP ტოკენების გაყიდვა დაიწყო მათი ფასიან ქაღალდებად რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნულმა სასამართლო პროცესმა XRP გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააგდო, ზოგიერთმა სავაჭრო ბირჟამ ამ ტოკენის დელისტინგიც კი განახორციელა. 2023 წელს, აშშ-ს სასამართლომ დაადგინა, რომ, XRP არ ითვლება ფასიან ქაღალდად, თუ ამ ტოკენით ვაჭრობა ხდება საჯარო სავაჭრო ბირჟებზე, თუმცა ინსტიტუციური ინვესტორებისთვის მიყიდვით, Ripple-მა დაარღვია ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კანონები.
მოგვიანებით SEC-მა წააგო აპელაცია, რის შედეგადაც Ripple-ის ხელმძღვანელობას მოეხსნა ბრალდება. Ripple-ს დაეკისრა ჯარიმის სახით 125 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, რაც გაცილებით ნაკლებია SEC-ის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილ ოდენობასთან შედარებით, რაც 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღარ გაასაჩივრებდნენ ამ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც საქმე დაიხურა. ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კრიპტო რეგულაციების სფეროზე, რადგან მან შეცვალა აშშ-ის კანონმდებლობის დამოკიდებულება XRP-ის მსგავსი ციფრული აქტივების მიმართ.
შეჯამება
Ripple და XRP წარმოადგენს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პრაქტიკულად გამოყენების მაგალითებს, რომლებიც ფოკუსირებულია საერთაშორისო გადახდების და ლიკვიდურობის მართვის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე. Ripple-ის პროდუქტები გაშვებულია XRP Ledger-ზე და მათი მიზანია მომხმარებლებისთვის ტრადიციულ სისტემებთან შედარებით სწრაფი, იაფი და ეფექტური ტრანზაქციების შეთავაზება.
XRP წარმოადგენს XRP Ledger-ის ადგილობრივ აქტივს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანზაქციების მხარდაჭერის პროცესში, რადგან ის მოქმედებს, როგორც ვალუტა-ხიდი, საკომისიოს ტოკენი და on-chain ლიკვიდურობის წყარო. პროექტს მოუხდა რეგულაციებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავება, რომელთა შორის აღსანიშნავია SEC-ის მიერ ინიცირებული სასამართლო დავა, თუმცა ის კვლავ რჩება გლობალურ მოთამაშედ და აგრძელებს XRPL ეკოსისტემის განვითარებას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.