რა არის CoW DAO (COW)?
მთავარი
სტატიები
რა არის CoW DAO (COW)?

რა არის CoW DAO (COW)?

განახლებული Nov 11, 2024
7m

მთავარი დეტალები

  • CoW DAO გახლავთ DeFi პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა გამოცდილების და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას. მისი სამი მთავარი ინსტრუმენტია: CoW პროტოკოლი, MEV ბლოკერი და CoW AMM.

  • CoW პროტოკოლი არის სავაჭრო ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ფასების ეფექტურ მექანიზმებს და დაცვას არასასურველი სავაჭრო პირობებისგან.

  • MEV ბლოკერები არის ტრანზაქციების უსაფრთხოების ინსტრუმენტები, რომლებიც ეხმარება მომხმარებლებს თავიდან აიცილონ წინმსწრები ტრანზაქციები და სენდვიჩ-შეტევები.

  • CoW AMM არის ავტომატიზებული მარკეტ-მეიკერი (AMM), რომელიც იყენებს ლიკვიდურობის პროვაიდერების ფასების ექსპლუატაციისგან დაცვის ინოვაციურ მოდელს.

რა არის CoW DAO?

CoW DAO-ს მიზანს წარმოადგენს Ethereum-ზე ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების დონის და ვაჭრობის გამოცდილების გაუმჯობესება Web3-ის მომხმარებლებისთვის. პროექტი მოიცავს სამ ძირითად ინსტრუმენტს: CoW პროტოკოლი, MEV ბლოკერი და CoW AMM. გარდა ამისა, ხდება განვითარების ხელშეწყობის, გრანტების და სხვა რესურსების შემოთავაზება ამ პროექტებისთვის.

  1. CoW პროტოკოლი: სავაჭრო ინსტრუმენტი, რომელიც იყენებს ჯგუფური ვაჭრობების მეთოდს საუკეთესო ფასების მოძიების და ლიკვიდურობის გაუმჯობესების მიზნით.

  2. MEV ბლოკერი: ტრანზაქციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ვაჭრობების დაცვა თავდასხმებისგან და მომხმარებელთათვის ფასდაკლებების შეთავაზება.

  3. CoW AMM: ავტომატიზებული მარკეტ-მეიკერი (AMM), რომელიც იცავს ლიკვიდურობის პროვაიდერებს ფასების ექსპლუატაციისგან.

CoW DAO იყენებს მართვის დეცენტრალიზებულ მოდელს, რომელიც საზოგადოების წევრებს პროტოკოლის განვითარების პროცესების კონტროლის საშუალებას აძლევს.

CoW პროტოკოლი

ვაჭრობის ინიციატივა

CoW პროტოკოლის მეშვეობით ვაჭრობისას, პირდაპირ ვაჭრობის განთავსების ნაცვლად, მომხმარებელმა უნდა შექმნას „ვაჭრობის ინიციატივა“. ეს ინიციატივა მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი და რა რაოდენობის ერთეულებით სურს მომხმარებელს ვაჭრობა. ხოლო solver-ები ცდილობენ ამ პირობების დაკმაყოფილების და ინიციატივის აღსრულების ყველაზე ეფექტური გზების პოვნას.

ფინანსური უპირატესობები

Solver-ები ცდილობენ მომხმარებელთათვის საუკეთესო ფასების შეთავაზებას თანმხვედრი peer-to-peer ვაჭრობების (რასაც ინიციატივების თანხვედრა ეწოდება) ან off-chain შეთავაზებების მოძიებით. ამ მეთოდის მეშვეობით ხდება ფასების მანიპულაციის და MEV (Maximal Extractable Value) თავდასხმების თავიდან აცილება.

ტექნიკური უპირატესობები

პროტოკოლს აქვს ჯგუფური აუქციონების მხარდაჭერა, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას წარადგინონ რამდენიმე ვაჭრობა და გადაიხადონ გაზის საკომისიოები ტოკენების მეშვეობით, ნაცვლად ETH-ისა. გარდა ამისა, ეს გამორიცხავს წარუმატებელი ტრანზაქციების საკომისიოების გადახდის საჭიროებას.

Solver-ები და ჯგუფური აუქციონები

Solver-ები ცდილობენ თქვენი ვაჭრობის ინიციატივების ჯგუფურად დამუშავებას და თქვენთვის საუკეთესო შეთავაზების მოძიებას. ჯგუფური აუქციონების მეშვეობით შესაძლებელია მანიპულაციების წინააღმდეგ უსაფრთხოების და თანაბარი ფასების უზრუნველყოფა ვაჭრობებში. ეს სისტემა არ აძლევს ბოტებს ტრანზაქციების განხორციელების თანმიმდევრობაზე ზემოქმედების საშუალებას და მხარს უჭერს peer-to-peer თანმხვედრი ვაჭრობების მოძიებას და განხორციელებას, რაც ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს ვაჭრობის ეფექტურობის დონეს.

შეკვეთების დამუშავება

CoW პროტოკოლის ფარგლებში შეკვეთების დამუშავების პროცესი მოიცავს ოთხ ძირითად საფეხურს:

  1. ინიციატივის წარდგენა: პირდაპირ შეკვეთის განთავსების ნაცვლად, მომხმარებლები წარადგენენ „ვაჭრობის ინიციატივას“, რომელიც მოიცავს ინფორმაციას აქტივების და რაოდენობის შესახებ.

  2. დაჯგუფება: CoW პროტოკოლი ვაჭრობის რამდენიმე ინიციატივას ერთ ჯგუფში აერთიანებს.

  3. კონკურენცია Solver-ებს შორის: Solver-ებს აქვთ ძალიან მცირე დრო აღსრულების საშუალებების მოსაძიებლად, მათ მიზანს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ფასების შეთავაზება წარმოადგენს. გამარჯვებულად ითვლება Solver, რომელიც წარადგენს საუკეთესო შეთავაზებას.

  4. აღსრულება: გამარჯვებული Solver აღასრულებს ვაჭრობებს, ხოლო მომხმარებლები მიიღებენ საკუთარ ტოკენებს.

ეს მეთოდი შექმნილია საკომისიოების შემცირების, ფასების გაუმჯობესების და MEV უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

შეკვეთის ტიპები

2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, CoW-ზე ხელმისაწვდომია ექვსი სხვადასხვა ტიპის შეკვეთა: საბაზრო შეკვეთები, ლიმიტ- შეკვეთები, TWAP შეკვეთები, პროგრამული შეკვეთები, Milkman შეკვეთები და CoW Hook-ები.

1. საბაზრო შეკვეთები

  • ამ შეკვეთების ფარგლებში ყიდვა ან გაყიდვა ხდება მყისიერად, მიმდინარე ფასით.

  • Solver-ებმა უნდა შეავსონ მთლიანი შეკვეთა, ან დაელოდონ ლიკვიდურობის უზრუნველყოფას.

  • მომხმარებლების მიერ ხდება ცურვის მათთვის მისაღები დონის განსაზღვრა, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს შეკვეთის აღსრულებისას ფასის ცვლილების დაფიქსირების შემთხვევაში.

2. ლიმიტ-შეკვეთები

  • ამ ტიპის შეკვეთების ფარგლებში გაყიდვა ან ყიდვა ხდება კონკრეტულ ფასად, ვადის გასვლის თარიღის დადგომამდე.

  • შეკვეთის აღსრულება ხდება სამიზნე ფასის მიღწევის შემთხვევაში; სხვა შემთხვევაში, ის გაუქმდება.

  • CoW პროტოკოლი ამ პროცესებს ახორციელებს გაზის საკომისიოების გარეშე და ცდილობს საუკეთესო შესაძლო ფასის უზრუნველყოფას.

3. TWAP შეკვეთები

  • ამ ტიპის შეკვეთების ფარგლებში ხდება დიდი მოცულობის შეკვეთების შედარებით მცირე შეკვეთებად დაყოფა და დროის გარკვეულ მონაკვეთზე განაწილება, ფასებზე ზემოქმედების დონის მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

  • შეკვეთების აღსრულების პროცესის კონტროლის მიზნით მომხმარებლების მიერ ხდება აქტივების ტიპის, ფასის ლიმიტის, ხანგრძლივობის და შედარებით მცირე შეკვეთების რაოდენობის განსაზღვრა.

4. პროგრამული შეკვეთები

  • კონკრეტული პირობების (მაგ., ფასის ტრიგერები) საფუძველზე განხორციელებული ავტომატური ვაჭრობები.

  • ეფექტურია კომპლექსური სტრატეგიებისთვის, DAO-ებისთვის და პროტოკოლის დონის ტრანზაქციებისთვის.

5. Milkman შეკვეთები

  • Yearn Finance-ის და CoW პროტოკოლის თანამშრომლობით შექმნილი Milkman შეკვეთები დაფუძნებულია ფასების რეალური დროის მონაცემებზე, ნაცვლად ფიქსირებული ფასებისა.

  • Milkman შეკვეთების აღსრულება ხდება სამართლიანი საბაზრო ფასით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილი აქვს სხვა შეკვეთების მნიშვნელოვნად შეფერხებას.

  • წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას DAO-ებისთვის და მმართველობის მოდელზე დაფუძნებული ვაჭრობებისთვის.

6. CoW Hook-ები

  • CoW Hook-ების მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა ქმედების განხორციელება ვაჭრობების აღსრულებამდე ან აღსრულების შემდეგ, ასეთი ქმედებებია მაგალითად ფინანსების გაერთიანება, სტეიკინგი ან ჯილდოების მოთხოვნა. 

  • CoW Hook-ების მეშვეობით ხდება რამდენიმე სხვადასხვა მოქმედების ერთი ტრანზაქციის სახით აღსრულება, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაუკავშირონ Ethereum-თან ასოცირებული ნებისმიერი მოქმედება საკუთარ CoW შეკვეთებს.

  • მისი მეშვეობით დეველოპერები და ტრეიდერები გამოხატავენ საკუთარ ინიციატივას.

MEV ბლოკერი

CoW DAO-ს, Beaver Builder-ის და Gnosis DAO-ს მიერ შემუშავებული MEV ბლოკერი გახლავთ ინსტრუმენტი, რომელიც იცავს მომხმარებლებს წინსმწრები შეკვეთებისგან და სენდვიჩ-შეტევებისგან. მისი მეშვეობით ხდება ტრანზაქციების გადატანა უსაფრთხო ქსელზე, საჯარო პულების გვერდის ავლით, რომლებიც გამოირჩევა ბოტების სიმრავლით.

  • წინმსწრები შეკვეთების განთავსება ხდება, როდესაც ბოტები აფიქსირებენ დიდი მოცულობის მომლოდინე ტრანზაქციას და განათავსებენ საკუთარ ტრანზაქციას მის წინ, რათა შეძლონ ფასის მოსალოდნელი ცვლილებით სარგებლის მიღება. ხშირ შემთხვევაში, ამის გამო, საწყის ტრეიდერს უწევს მისთვის არასასურველი ფასის გამოყენება.

  • მომყოლი ვაჭრობების განხორციელება ხდება ბოტების მიერ დიდი მოცულობის ტრანზაქციის შემდეგ, საწყისი ვაჭრობის აღსრულების შემდეგ მოსალოდნელი ფასის ცვლილებებით სარგებლის მიღების მიზნით. ეს შემთხვევა შედარებით ნაკლები ზიანის მომტანია, რადგან ეს პროცესები არ მოქმედებს საწყისი ტრეიდერისთვის ხელმისაწვდომ ფასზე.

  • სენდვიჩ-შეტევები გახლავთ ორივე შემთხვევის კომბინაცია, სადაც ბოტის მიერ ხდება მომხმარებლის ტრანზაქციის როგორც წინმსწრები, ისე მომყოლი ვაჭრობის განთავსება, რაც ზეგავლენას ახდენს ფასზე და ზრდის მომხმარებლის ხარჯებს.

ამ ტაქტიკით მოქმედი სუბიექტები სარგებლობენ ბლოკჩეინ ქსელების გამჭვირვალობით, თუმცა მსგავსი პროცესების და ამ პროცესებით გამოწვეული შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელია ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა CoW MEV ბლოკერი.

სხვა ყველაფერთან ერთად, MEV ბლოკერის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 90%-მდე ფასდაკლებით, რაც უზრუნველყოფილია მათი ტრანზაქციების მეშვეობით შექმნილი მომყოლი ვაჭრობებით. ეს ინსტრუმენტი ტრანზაქციის სტანდარტულ პროცესებთან შედარებით მაღალი სისწრაფით გამოირჩევა და უზრუნველყოფს პროცესებისთვის თვალის რეალურ დროში დევნების შესაძლებლობას და გამჭვირვალობის საჭირო დონეს მომხმარებლებისთვის. ბევრი Web3 საფულე, როგორიცაა Uniswap და Trust საფულე, იყენებს MEV ბლოკერს ვაჭრობის უსაფრთხოების და ეფექტურობის დონის გაუმჯობესების მიზნით.

CoW AMM

LVR-ის პრობლემა

ლიკვიდურობის პროვაიდერები (LP-ები) ხშირ შემთხვევაში ვერ აღწევენ სასურველ შედეგებს, რადგან AMM-ების უმეტესობა საკმარისად სწრაფად არ რეაგირებს ძირითად ბირჟებზე მიმდინარე ფასების ცვლილებებზე, რის გამოც მათ უწევთ არბიტრაჟით მოვაჭრეების მიერ შემოთავაზებული ძველი ფასებით სარგებლობა. ეს შემთხვევა ცნობილია, როგორც „ზარალისა და რებალანსირების“ (LVR) პრობლემა, რაც ამცირებს LP-ების მიერ მიღებულ მოგებას.

LVR-ის პრობლემის გადასაჭრელად, CoW AMM იყენებს ახალ მექანიზმს, რომელსაც ეწოდება Function-Maximizing AMM (FM-AMM). ამ მექანიზმის მეშვეობით ხდება ვაჭრობების ჯგუფებად გაერთიანება და თითოეული ჯგუფისთვის კონკრეტული კლირინგული ფასის დაწესებa იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვაჭრობების განხორციელება მოხდება სამართლიანი, უახლესი ფასით.

COW ტოკენი

COW ტოკენი წარმოადგენს CoW პროტოკოლის ცენტრალურ კომპონენტს. ეს გახლავთ governance ტოკენი, რომელიც დაინტერესებულ პირებს პროტოკოლის განვითარებასთან და ცვლილებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ჩართვის საშუალებას აძლევს. მმართველობის ეს სისტემა შექმნილია მომხმარებლების, დეველოპერების და მხარდამჭერების ინტერესთა თანხვედრის უზრუნველყოფის მიზნით, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაზე მორგებული მიდგომის დანერგვას.

შეჯამება

CoW DAO გვთავაზობს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია Ethereum-ის მომხმარებლების დაცვა მანიპულაციისგან, ვაჭრობის ეფექტურობის დონის გაუმჯობესება, ლიკვიდურობის შენარჩუნება და მმართველობის დეცენტრალიზებული მოდელის დანერგვა. CoW პროტოკოლის, MEV ბლოკერის და CoW AMM-ის მეშვეობით ხდება მომხმარებლებისთვის ისეთი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, როგორიცაა შემცირებული საკომისიოები, ნაკლები რისკი და ტრანზაქციების მართვის მეტი შესაძლებლობა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.