რა არის Web3 საფულეები?
მთავარი
სტატიები
რა არის Web3 საფულეები?

რა არის Web3 საფულეები?

გამოქვეყნებული Jan 16, 2024განახლებული Mar 19, 2024
8m

TL;DR

  • Web3 საფულეები უმნიშვნელოვანესი ფენომენია დეცენტრალიზებული ფინანსების სამყაროში, სადაც ის ბლოკჩეინ ქსელებზე ინტერაქციის და ციფრული აქტივების მართვის საშუალების ფუნქციას ითავსებს.

  • არსებობს სხვადასხვა ტიპის Web3 საფულე. არაკასტოდიალური საფულეები მომხმარებელს ანიჭებს ავტონომიას, ხოლო კასტოდიალური საფულეები მესამე მხარის მიერ მართვის შესაძლებლობას. სმარტ-კონტრაქტების საფულეები მოიცავს პროგრამირებად მახასიათებლებს მაღალი დონის ფუნქციებითა და უსაფრთხოების დონით სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის.

  • Web3 საფულეების პოპულარული მაგალითებია MetaMask, Binance-ის Web3 საფულე და Trust საფულე.

შესავალი

Web3 საფულეები შეიქმნა, როგორც აუცილებელი ინსტრუმენტები იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ კრიპტოვალუტების და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სივრცის შესწავლა. წინამდებარე სახელმძღვანელოში განვიხილავთ Web3 საფულეების ფუნდამენტურ კონცეფციებს და მათ პოპულარულ ტიპებს, ზოგიერთ პოპულარულ მაგალითთან ერთად.

რა არის Web3 საფულე?

Web3 საფულეები გახლავთ ციფრული საფულეები, რომლებიც შექმნილია დეცენტრალიზებული ფინანსების სივრცეში გამოსაყენებლად. ისინი ბლოკჩეინის ქსელების და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) გამოყენების სურვილის მქონე მომხმარებლებს სთავაზობს კრიპტოვალუტების, NFT-ების და სხვა ციფრული ტოკენების მართვის უსაფრთხო გზას.

Web3 საფულეები და კრიპტო საფულეები

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ტერმინი ხშირად სინონიმების სახით გამოიყენება, უნდა აღინიშნოს რომ ყველა კრიპტო საფულე არ არის თავსებადი DApp-ებთან და DeFi პლატფორმებთან. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ როგორც Web3, ისე კრიპტო საფულეები გამოიყენება კრიპტოვალუტების სამართავად, Web3 საფულეებს გააჩნია უფრო მეტი ტიპის ციფრული აქტივის მხარდაჭერა.

როგორ მუშაობს Web3 საფულეები

Web3 საფულეების უმეტესობა შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს მიანიჭოს საკუთარი ციფრული აქტივების სრული კონტროლის შესაძლებლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები პასუხისმგებელნი არიან საკუთარი seed ფრაზების და პირადი გასაღებების მართვაზე.

როგორც წესი, Web3 საფულის შექმნისას, ხდება 12-24 სიტყვისგან შემდგარი უნიკალური seed ფრაზის შექმნაც. სწორედ ეს ანიჭებს მომხმარებელს სრულ წვდომას საკუთარ კრიპტო საფულეზე და პირად გასაღებებზე (რომლებიც გამოიყენება ტრანზაქციების ხელმოწერისთვის და ვერიფიკაციისთვის). დაუშვებელია seed ფრაზის და პირადი გასაღებების სხვისთვის გაზიარება.

Web3 საფულეების ძირითადი ფუნქციები

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფუნქცია მხოლოდ კონკრეტული საფულისთვისაა დამახასიათებელი, Web3 საფულეების უმეტესობა მოიცავს რამდენიმე ძირითად ფუნქციას:

  • მრავალი აქტივის და მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერა: მრავალი ბლოკჩეინ ქსელისა და ციფრული აქტივის, მათ შორის კრიპტოვალუტებისა და NFT-ების მხარდაჭერა.

  • სმარტ-კონტრაქტებთან და DeFi-სთან ურთიერთთავსებადობა: სმარტ-კონტრაქტებთან მარტივი ინტერაქციის ხელშეწყობა, მომხმარებლებისთვის DApp-ებზე, დეცენტრალიზებულ ბირჟებზე, სავაჭრო ბირჟებზე და ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სხვა აპლიკაციებზე წვდომის მინიჭება.

  • Peer-to-peer ტრანზაქციები: მომხმარებლებისთვის ციფრული აქტივების ცენტრალიზებული სერვისების ან შუამავლების საჭიროების გარეშე გაგზავნის და მიღების შესაძლებლობის მინიჭება.

  • უსაფრთხოება: ეფექტური Web3 საფულე მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხოების ეფექტურ ზომებს და იყენებს დაშიფვრის ტექნოლოგიას seed ფრაზების და პირადი გასაღებების პოტენციური საფრთხეებისგან დასაცავად. ზოგიერთი მათგანი ასევე მოიცავს შეტყობინებებსა და გაფრთხილებებს პოტენციურად მავნე ვებ-გვერდებისა და სმარტ-კონტრაქტების შესახებ.

  • ფსევდოანონიმურობა: მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინზე განხორციელებული ტრანზაქციების უმეტესობა საჯაროდ ხელმისაწვდომია, მომხმარებლებს შეუძლიათ Web3 საფულეების შექმნა სენსიტიური მონაცემების, ან პერსონალური ინფორმაციის გაზიარების გარეშე.

კასტოდიალური და არაკასტოდიალური Web3 საფულეები

1. არაკასტოდიალური საფულეები

არაკასტოდიალური საფულეები მომხმარებლებს ანიჭებს სრულ კონტროლს საკუთარ აქტივებზე. ამ ტიპის საფულეების პოპულარული მაგალითებია MetaMask და Trust საფულე. არაკასტოდიალური Web3 საფულეები მიჩნეულია ყველაზე უსაფრთხო ვარიანტად ტრეიდერების და ინვესტორების უმეტესობის მიერ, რამდენადაც, უზრუნველყოფილია მათი პირადი გასაღებების და seed ფრაზების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა.

2. კასტოდიალური საფულეები

კასტოდიალური საფულეების გამოყენების შემთხვევაში, ხდება პირადი გასაღებების მართვა მესამე მხარის მიერ, მომხმარებლების სახელით. თქვენს Binance ანგარიშზე რეგისტრირებული საფულეები კასტოდიალური საფულეების მაგალითია. მოხერხებულობასთან ერთად, მომხმარებლებს ენიჭებათ თავისუფლება, მიანდონ საკუთარი აქტივები ფინანსების განმკარგავს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სანდო და საიმედო ბირჟების არჩევა.

Web3 საფულეების ტიპები

არსებობს Web3 და კრიპტო საფულეების კატეგორიებად დაყოფის რამდენიმე გზა. ამ თავში, ჩვენ განვიხილავთ საფულეების ყველაზე პოპულარულ ტიპებს: აპარატურულ, ვებ, დესკტოპ, მობილურ, ქაღალდის და სმარტ-კონტრაქტების საფულეებს. თუმცა, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ არსებობს გარკვეული დამთხვევები სხვადასხვა კატეგორიის საფულეების მახასიათებლებს შორის. მაგალითად, ზოგიერთი Web3 საფულე, როგორიცაა MetaMask, ხელმისაწვდომია როგორც ვებ, ისე მობილური საფულის სახით და მომხმარებლებს სთავაზობს ისეთი აპარატურული საფულეების მხარდაჭერას, როგორიცაა მაგალითად Trezor და Ledger.

აპარატურის საფულეები

აპარატურული საფულეები წარმოადგენს ფიზიკურ მოწყობილობებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება კრიპტოვალუტების გასაღებების ოფლაინ (ცივ საცავში) შენახვა, რაც უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უფრო მეტად დაცულია ონლაინ სივრცეში არსებული სხვადასხვა საფრთხეებისაგან, რთულდება მათი გამოყენება და მათზე წვდომა, სხვა საფულეებთან შედარებით. თუმცა, თუ კრიპტოვალუტების შენახვას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გეგმავთ, ან თუ თქვენს მფლობელობაში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტებია, აპარატურული საფულე შესაძლოა საუკეთესო ვარიანტი იყოს თქვენთვის. 

დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეგიძლიათ დააყენოთ PIN კოდი. გარდა ამისა, საფულეების უმეტესობა გაძლევთ აღდგენის ფრაზის სარეზერვო ასლის შექმნის შესაძლებლობას, რომლის გამოყენებასაც საფულის დაკარგვის შემთხვევაში შეძლებთ. Trezor და Ledger აპარატურული კრიპტო საფულეების პოპულარული მაგალითებია.

ვებ-საფულეები

ვებ საფულეები, როგორც წესი, ფუნქციონირებენ ბრაუზერის ინტერფეისის მეშვეობით, რაც მომხმარებლებს ანიჭებს ონლაინ წვდომას მათ კრიპტოვალუტების ჰოლდინგებზე. დღესდღეობით, ვებ საფულეების უმეტესობა ასევე ხელმისაწვდომია მობილური საფულეების სახით. მოხერხებულობის მიუხედავად, მომხმარებლებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე საკუთარი საფულეების DeFi პლატფორმებთან და DApp-ებთან დაკავშირებისას. მავნე ვებ-გვერდებთან ან სმარტ-კონტრაქტებთან ინტერაქციამ შესაძლოა თქვენი აქტივები გარკვეული საფრთხის ქვეშ დააყენოს.

მობილური საფულეები

მობილური საფულეები ფუნქციონირებენ ვებ-საფულეების მსგავსად, თუმცა ამ ტიპის საფულეები შექმნილია კონკრეტულად სმარტფონებისთვის. ისინი მომხმარებლებს კრიპტოვალუტების მარტივად, QR კოდების გამოყენებით მიღების და გაგზავნის შესაძლებლობას ანიჭებენ. გარდა ამისა, ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ DeFi და DApp-ებზე მარტივ წვდომას, მობილური ტელეფონის გამოყენებით.

თუმცა, კომპიუტერების მსგავსად, მობილური მოწყობილობებიც არ არის დაცული მავნე აპლიკაციებისგან და პროგრამებისგან. მომხმარებლებს ვურჩევთ, დაიცვან მობილური საფულე მისი პაროლის გამოყენებით დაშიფვრით და შექმნან seed ფრაზის (ან პირადი გასაღებების) სარეზერვო ასლი, რომელსაც გამოიყენებენ მობილური ტელეფონის დაკარგვის, ან მდგომარეობიდან გამოსვლის შემთხვევაში.

MetaMask, Binance Web3 საფულე და Trust საფულე მობილური კრიპტო საფულეების პოპულარული მაგალითებია. შემდეგ თავში დეტალურად განვიხილავთ თითოეულ მათგანს.

სმარტ-კონტრაქტების საფულეები

სმარტ-კონტრაქტების საფულეები იმართება ბლოკჩეინზე არსებული სმარტ-კონტრაქტებით. ეს საფულეები მოიცავს პროგრამირებად, არაკასტოდიალურ ანგარიშებს და მაღალი დონის ფუნქციებს. ტრადიციული საფულეებისგან განსხვავებით, სმარტ-კონტრაქტების საფულეები მომხმარებლებს ტრანზაქციების წესების და პირობების დადგენის, ფინანსური აქტივობების ავტომატიზაციის და პროგრამირებადი ლოგიკით უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების შესაძლებლობას ანიჭებს. 

სმარტ-კონტრაქტების საფულეები ხშირ შემთხვევაში იყენებენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას, რაც მომხმარებლებს ანიჭებს დეცენტრალიზებულ კონტროლს საკუთარ ფინანსებზე და ხელს უწყობს DeFi აპლიკაციებთან ინტეგრაციას. უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისეთი ფუნქციები, როგორიცაა რამდენიმე ხელმოწერის საჭიროება, ტრანზაქციების დაგეგმვა, განახლების შესაძლებლობა, სმარტ-კონტრაქტების საფულეების საერთო ასპექტებია, რაც მათ უნივერსალურ ინსტრუმენტად აქცევს კრიპტოვალუტების მართვის და გამოყენების საკითხში.

დესკტოპ საფულეები

დესკტოპ საფულეები უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდა Bitcoin-ის და კრიპტოვალუტების განვითარების საწყის ეტაპზე. ისინი წარმოადგენენ თქვენს კომპიუტერზე დაინსტალებულ პროგრამულ აპლიკაციებს, რომელიც განიჭებთ თქვენი კრიპტოვალუტების გასაღებების სრული კონტროლის შესაძლებლობას. უსაფრთხოებას საფუძვლად უდევს მომხმარებლის კომპიუტერის გამართულობა და საფულის მონაცემების სარეზერვო ასლების რეგულარული ინტერვალებით შექმნა უმნიშვნელოვანესია ზარალის თავიდან არიდების მიზნით.

ქაღალდის საფულეები

ქაღალდის საფულეები ხშირ შემთხვევაში მიიჩნევა მოძველებულად და ნაკლებ ეფექტურად. ამ ტიპის საფულეების გამოყენებისას საჭიროა კრიპტოვალუტის მისამართების და პირადი გასაღებების ამობეჭდვა ან ჩაწერა ქაღალდზე. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის საფულეები უზრუნველყოფენ ოფლაინ შენახვის უზრუნველყოფას, ისინი უფრო მეტად არიან დაცულნი ჰაკერული თავდასხმებისგან. თუმცა, ფიზიკური დაზიანების, ან ზარალის თავიდან არიდების მიზნით, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა გამოყენებისას და უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების მიღება შენახვისას.

Web3 საფულეების მაგალითები

MetaMask

MetaMask წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არაკასტოდიალურ Web3 საფულეს, რომელიც ცნობილია მისი თავსებადობით Etehereum-თან და EVM-სთან თავსებად სხვადასხვა ბლოკჩეინთან, როგორიცაა მაგალითად BNB Chain, Polygon, Arbitrum და ა.შ.

მომხმარებლებს MetaMask-ის გამოყენება შეუძლიათ DApp-ებთან ინტერაქციის, ციფრული აქტივების მართვის და ტოკენების სვოპის განხორციელების მიზნით. MetaMask უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელთა ავტონომიას, რადგან ის არ აკონტროლებს პირად გასაღებებს და სთავაზობს უსაფრთხო და ინტუიციურ გამოცდილებას როგორც ახალბედა, ისე გამოცდილ მომხმარებლებს.

Binance Web3 საფულე

Binance Web3 საფულე, რომელიც ინტეგრირებულია Binance-ის აპლიკაციაში, განკუთვნილია როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი DeFi მომხმარებლებისთვის. Multi-party computation (MPC) ტექნოლოგიის გამოყენებით, ის აუმჯობესებს კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების დონეს, პირადი გასაღებების ერთ ადგილას შენახვის საჭიროების აღმოფხვრით. საფულის სამი „გასაღების ნაწილი“ ნაწილდება Web3 საფულეზე, ქლაუდ საცავზე და მომხმარებლის მოწყობილობაზე და ხდება მათი დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ მომხმარებლისთვის ცნობილი აღდგენის პაროლის მეშვეობით. ამ მიდგომით ხდება უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის და სუსტი წერტილებით გამოწვეული რისკის ალბათობის აღმოფხვრის უზრუნველყოფა.

Binance Web3 საფულის მახასიათებლები

  • მარტივი დაყენება: მარტივი შექმნა Binance-ის აპლიკაციის მეშვეობით, seed ფრაზების ან პირადი გასაღებების გამოყენების საჭიროების გარეშე.

  • მოხერხებულობა: მარტივი დაკავშირება Binance Bridge-თან და სხვა სერვის-პროვაიდერებთან, ტოკენების სვოპის განხორციელების და DApp-ების შესწავლის სიმარტივის უზრუნველყოფის მიზნით.

  • უსაფრთხოების ზომები: არასწორი მისამართის შეყვანისგან დაცვა და პოტენციურად მავნე სმარტ-კონტრაქტების ამოცნობა, სადაც ტრანზაქციები კონტროლდება multi-party computation (MPC) ტექნოლოგიის მეშვეობით.

  • არაკასტოდიალური: სამი „გასაღების ნაწილის“ და აღდგენის პაროლის მეშვეობით დაცული საფულე, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს აქტივების სრული კონტროლის შესაძლებლობას.

  • მომხმარებელთა მხარდაჭერა: 24/7 ხელმისაწვდომი მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი უზრუნველყოფს უსაფრთხო და უხარვეზო გამოცდილებას მომხმარებლებისთვის.

Trust საფულე

Trust საფულე, კიდევ ერთი გავრცელებული არაკასტოდიალური საფულე, მომხმარებლებს სთავაზობს მობილური ტელეფონის მეშვეობით კრიპტოვალუტების მართვის უხარვეზო გამოცდილებას. Trust საფულე, რომელსაც გააჩნია მრავალი სხვადასხვა ბლოკჩეინის მხარდაჭერა, მომხმარებლებს აქტივების შენახვის, DApp-ების შესწავლის და DeFi აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. მისი მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისი და უსაფრთხოების ეფექტური ზომები იდეალური ვარიანტია მობილური მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ როგორც მაქსიმალური კომფორტის, ისე უსაფრთხოების მიღება.

შეჯამება

Web3 საფულეები გახდა შეუცვლელი ინსტრუმენტები მათთვის, ვისაც სურს კრიპტოვალუტებისა და DeFi სივრცეში მოღვაწეობა. ისინი მომხმარებლებს ბლოკჩეინ ქსელებზე და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში (DApp-ებში) მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. არ აქვს მნიშვნელობა, MetaMask-ს აირჩევენ, Binance Web3 საფულეს, თუ Trust საფულეს, მომხმარებლებმა ყოველთვის უნდა უზრუნველყონ მათი seed ფრაზებისა და პირადი გასაღებების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქწარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.