რა არის Multi-Party Computation (MPC) საფულეები?
მთავარი
სტატიები
რა არის Multi-Party Computation (MPC) საფულეები?

რა არის Multi-Party Computation (MPC) საფულეები?

გამოქვეყნებული Oct 27, 2023განახლებული Jan 11, 2024
5m

TL;DR

  • Multi-party computation (MPC) საფულეები გთავაზობთ კრიპტოს უსაფრთხოდ შენახვის უნიკალურ გზას. მათი საშუალებით საიდუმლო გასაღებები ნაწილდება რამდენიმე მხარეს შორის, რომლებიც იყენებენ საიდუმლო კოდებს, რისი წყალობითაც სხვებს არ აქვთ მათზე წვდომის შესაძლებლობა.

  • MPC იყენებს კრიპტოგრაფიულ მეთოდებს, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა კონფიდენციალურობას, სიზუსტეს და მათზე არასანქცირებული წვდომის პრევენციას მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი მხარე არ მოქმედებს პროტოკოლით განსაზღვრული წესების მიხედვით.

  • კრიპტოვალუტის სივრცეში MPC საფულეების პოპულარობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც განპირობებულია იმით, რომ ისინი გვთავაზობს უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს, ვიდრე სხვა მეთოდები, როგორებიცაა „ცივი“ შენახვა, „ცხელი“ შენახვა და აპარატურული საფულეები.

  • უსაფრთხოების გაზრდილი დონის მიუხედავად, MPC საფულეებმა შეიძლება პროცესების შენელება გამოიწვიოს და მოითხოვს კომუნიკაციის უფრო მაღალ დონეს, ვიდრე შედარებით მარტივი მეთოდები.

მოკლედ რომ ვთქვათ, Multi-party computation (MPC) უზრუნველყოფს ციფრული მონაცემების, მაგალითად MPC საფულეებში განთავსებული ციფრული აქტივების უსაფრთხოებას. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ, თუ რა არის MPC საფულე, გავეცნობით მისი მუშაობის პრინციპს და მის დადებით და უარყოფით მხარეებს.

რა არის Multi-Party Computation?

Multi-party computation (MPC) ან დაცული MPC (SMPC) წარმოადგენს რამდენიმე პირის მიერ საიდუმლოს ერთობლივად დაცვის მეთოდს. ის უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას, განსაკუთრებით ინტერნეტში, სადაც საიდუმლოს შენახვა მარტივი არ არის. იმისათვის რომ გავიგოთ, თუ რა არის MPC, განვიხილოთ მარტივი მაგალითი.

წარმოიდგინეთ სამი ბლოკჩეინის სპეციალისტი, რომლებიც მუშაობენ Web3 სტარტაპში. მათ სურთ გამოთვალონ, თუ რამდენს გამოიმუშავებენ საშუალოდ, თუმცა არ უნდათ, რომ ერთმანეთს გააგებინონ საკუთარი ინდივიდუალური შემოსავალი. საიდუმლოს გამჟღავნების გარეშე საშუალო შემოსავლის გამოსათვლელად, ისინი იყენებენ MPC პროტოკოლს. MPC იყენებს ხრიკს, რომელსაც კრებითი საიდუმლოს გადანაწილება ეწოდება, რომლის მეშვეობითაც საიდუმლო თანამშრომლებს შორის ნაწილდება. ეს თანამშრომელს შესაძლებლობას აძლევს გამოთვალოს საშუალო შემოსავალი სხვა თანამშრომლებთან უშუალო საუბრის გარეშე.

MPC დამოკიდებულია ორ მნიშვნელოვან ფაქტორზე: ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე და სწორი პასუხის მიღებაზე. მაშინაც კი, თუ ზოგიერთი თანამშრომელი წესებს არ იცავს, MPC არ აძლევს მას საშუალებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს სხვებს ან გააზიაროს საიდუმლო, რომლის გამჟღავნების უფლება არ აქვს.

Multi-Party Computation-ის ისტორია

MPC წარმოადგენს კრიპტოგრაფიის ქვედარგს, რომელიც სათავეს 1970-იან წლებიდან იღებს, თუმცა მისი რეალური გამოყენება 1980-იან წლებში დაიწყო. ტრადიციული კრიპტოგრაფიული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად ინფორმაციის გარეშე პირებისგან დასაცავად გამოიყენება, MPC იყენებს კრიპტოგრაფიას, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა კონფიდენციალურობის შენარჩუნებას იმავე სისტემის მონაწილეებს შორის. 

MPC ტექნოლოგია ამჟამად მრავალ სფეროში გამოიყენება, როგორიცაა ციფრული საფულეების უსაფრთხოება MPC საფულეებში ან გარკვეული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა ციფრული აუქციონების დროს.

რა არის MPC საფულე?

როგორც სახელწოდებიდან გამომდინარეობს, MPC საფულე იყენებს multi-party computation ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს კრიპტოვალუტების და სხვა ციფრული აქტივების გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას. ფაქტიურად ის ანაწილებს საფულის პირად გასაღებს რამდენიმე მხარეს შორის, რაც უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის გაზრდას და ჰაკერული თავდასხმების, ინფორმაციის გაჟონვის და დაკარგვის რისკის შემცირებას.

ეს ხომ იგივეა, რასაც multisig საფულე აკეთებს? სინამდვილეში არა. როგორც Multisig, ასევე MPC საფულის დანიშნულებაა კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების გაზრდა, თუმცა მათი მუშაობის მექანიზმები ერთმანეთისგან განსხვავებულია.

MPC საფულეების და Multisig საფულეების შედარება

Multisig საფულე ბლოკჩეინის ტრანზაქციების გაგზავნისას იყენებს უნიკალურ ხელმოწერას, რაც საჭიროებს ავთენტიფიკაციას ორი ან მეტი პირადი გასაღების გამოყენებით (თითოეული მხარე იყენებს ერთ პირად გასაღებს). MPC საფულეების შემთხვევაში კი ერთი პირადი გასაღები იყოფა და ნაწილდება რამდენიმე მხარეს შორის. ერთი შეხედვით ეს მექანიზმები ერთმანეთის მსგავსია, თუმცა არსებობს ტექნიკური ნიუანსები, რისი წყალობითაც MPC საფულეები უფრო მოქნილი და მარტივად გამოსაყენებელია.

MPC საფულეების უპირატესობები სხვა კრიპტოსაფულეებთან შედარებით

კრიპტო საფულეების ერთ-ერთი სახეობაა კასტოდიალური საფულე, რომელიც ინახავს და მართავს თქვენს აქტივებს და პირად გასაღებებს. არაკასტოდიალური საფულე კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავად შეინახოს და აკონტროლოს პირადი გასაღებები. 

არაკასტოდიალური საფულეები ხშირად უფრო უსაფრთხო ვარიანტად მოიაზრება, რადგან მომხმარებელს არ სჭირდება, რომ თავისი გასაღებები ანდოს სერვისის პროვაიდერს ან მესამე მხარეს. თუმცა საკუთარ საფულეებზე და გასაღებებზე სრული კონტროლის შესაძლებლობას გარკვეული უარყოფითი მხარეები გააჩნია (განსაკუთრებით ახალბედებისთვის). ამ საფულეების გამოყენებისთვის საჭიროა მომხმარებელი ფლობდეს გარკვეული დონის ტექნიკურ ცოდნას და უნდა უზრუნველყოს საკუთარი გასაღებების დაცვა დაკარგვისგან ან მოპარვისგან.

MPC საფულე აერთიანებს ორივე ტიპის საუკეთესო მახასიათებლებს. მათი პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ ისინი გვთავაზობს როგორც გაზრდილ უსაფრთხოებას, ასევე გამოყენების მოხერხებულობას, რაც გამორიცხავს ან ამცირებს პრობლემებს, რომლებთან გამკლავებაც სხვა ტიპის საფულეების მომხმარებლებს უწევთ.

MPC საფულეების დადებითი მხარეებია:

  • გაზრდილი კონფიდენციალურობა: მონაცემები გადანაწილებულია პროცესში მონაწილე მხარეებს შორის და არ არის საჭირო მესამე მხარის ნდობა.

  • გაზრდილი უსაფრთხოება: ერთი სუსტი წერტილი ვერ გამოიწვევს სისტემის გაუმართაობას. საიდუმლო გასაღები გადანაწილებულია რამდენიმე მხარეს შორის და ინახება რამდენიმე ადგილმდებარეობაზე.

  • უფრო მოხერხებული: თქვენი აქტივები შეგიძლიათ ონლაინ შეინახოთ. საჭირო აღარაა „ცივი“ შენახვის მეთოდის გამოყენება.

რა უარყოფითი მხარეები გააჩნია MPC საფულეებს?

  • უფრო ნელია: უსაფრთხოების გაზრდა ხშირად დაკავშირებულია წარმადობის შემცირებაზე, რადგან ეს საჭიროებს მეტ გამომთვლელ სიმძლავრეს, განსაკუთრებით პირადი გასაღებების და გასაზიარებელი საიდუმლო ნაწილების გენერირებისას.

  • ხარჯები უფრო მაღალია: რამდენიმე მხარეს შორის (ზოგჯერ რამდენიმე ქსელს შორის) მონაცემების და გამომთვლელი სიმძლავრეების გაზიარება დაკავშირებულია ხარჯების მნიშვნელოვან ზრდასთან.

MPC საფულის გამოყენების გზები

MPC ტექნოლოგიაზე არჩევანი ბევრმა მსხვილმა ორგანიზაციამ შეაჩერა, რადგან ძლიერ უსაფრთხოებასთან ერთად, მას მრავალი სხვა უპირატესობა გააჩნია. საკუთარი აქტივების შიდა და გარე საფრთხეებისგან დაცვის მიზნით, ბევრმა ცნობილმა ფინანსურმა კომპანიამ დაიწყო MPC-ის გამოყენება.

შეჯამება

ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ Multi-Party Computation (MPC) საფულეები უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის დახვეწილ ტექნოლოგიად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ გარკვეული შეზღუდვები გააჩნია, მათი უპირატესობების წყალობით, რაც დაკავშირებულია გაზრდილ უსაფრთხოებასთან და კონფიდენციალურობასთან და მონაცემთა შენახვის ტრადიციულ მეთოდებზე დამოკიდებულების შემცირებასთან, ამ საფულეების პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ციფრული აქტივების ეკოსისტემის განვითარების პარალელურად ვითარდება MPC საფულეების ტექნოლოგიაც, რამაც შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს ციფრულ სამყაროში აქტივების და ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.