რა არის NFT-ი?

რა არის NFT-ი?

გამოქვეყნებული Apr 5, 2023განახლებული Jan 11, 2024
7m

TL;DR

  • NFT-ები უნიკალური ციფრული აქტივებია, რომლებიც წარმოადგენს კონკრეტულ ნივთს, მაგალითად კონცერტის ვირტუალურ ბილეთებს, ან იშვიათ ხელოვნების ნიმუშს.

  • NFT-ები ინახება ბლოკჩეინზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რედაქტირება, კოპირება ან დუბლიკატის შექმნა მარტივი არ არის. ამგვარად, ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას, რაიმე ნივთის მტკიცებულებად, რომელიც განთავსებულია საჯაროდ ხელმისაწვდომ დეცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში.

  • NFT-ები ავტორებს თავიანთი ნამუშევრების მონეტიზაციის ახალ შესაძლებლობას აძლევს, ხელს უწყობს ინოვაციის წახალისებას და მხარს უჭერს კრეატიული ინდუსტრიების ზრდას.

რას ნიშნავს „არაჩანაცვლებადი“?

ტერმინი „არაჩანაცვლებადი“ გულისხმობს, რომ შეუძლებელია აღნიშნული ნივთის სხვა ნივთით ჩანაცვლება. არაჩანაცვლებადი ნივთი შეუძლებელია პირდაპირ ჩანაცვლდეს სხვა, იმავე ღირებულების მქონე ნივთით, რადგან ორივე მათგანს განსხვავებული მახასიათებლები გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ არაჩანაცვლებადი ნივთებით ვაჭრობისას სტანდარტიზებული სკალის გამოყენება შეუძლებელია, რადგან მათი ღირებულება გამომდინარეობს მათი უნიკალურობიდან და მყიდველის მიერ განსაზღვრული სუბიექტური შეფასებიდან.

ჩანაცვლებადი აქტივების, მაგალითად ვალუტის ერთეულების ერთგვაროვნების გამო, მათი გაცვლა მარტივად შეიძლება. ამის საპირისპიროდ, არაჩანაცვლებადი აქტივები ერთმანეთისგან განსხვავებულია, რაც მათ მიმზიდველს ხდის კოლექციონერებისთვის, რომლებსაც სურთ ფლობდნენ ჭეშმარიტად უნიკალურ ნივთებს.

რა არის არაჩანაცვლებადი ტოკენი (NFT)?

NFT არის კრიპტოგრაფიული ტოკენი, რომელიც განთავსებულია ბლოკჩეინზე და შეიძლება წარმოადგენდეს ციფრულ აქტივს. NFT-ების არაჩანაცვლებადობა მათ განსაზღვრავს ციფრულ აქტივებად, რომლებიც წარმოადგენს უნიკალური ნივთების მფლობელობის მტკიცებულებას, როგორიცაა ვიდეო თამაშებში გამოყენებული ნივთები, სავაჭრო ბარათები, ვირტუალური უძრავი ქონება და სხვა სახის ციფრული ქონება.

ბოლო წლებში NFT-ების პოპულარობა გაიზარდა ავტორებში, რომლებიც მათ იყენებენ თავიანთი ციფრული ნამუშევრების მონეტიზაციისთვის, და ასევე კოლექციონერებში, რომელთაც სურთ ფლობდნენ უნიკალურ ციფრულ აქტივებს.

როგორ მუშაობს NFT-ები?

NFT-ები ეფუძნება ბლოკჩეინის ტექნოლოგიას, რომელიც წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ლეჯერს, სადაც ჩაწერილია მონაცემები ტრანზაქციების და მფლობელობის შესახებ. მისი გამჭვირვალობა და უცვლელობა, NFT-ის მფლობელობის ისტორიაზე თვალის დევნების საშუალებას იძლევა. ეს მისი ავთენტურობის და ლეგიტიმურობის შემოწმების საშუალებას იძლევა, რადგან დროთა განმავლობაში NFT-ს მფლობელი შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს.

კიდევ ერთი საბაზისო ტექნოლოგია, რომელსაც ეფუძნება NFT, არის სმარტ კონტრაქტები, რომლებიც არსებითად თვითაღსრულებად პროგრამებს წარმოადგენს. სმარტ კონტრაქტები NFT-ების შექმნის, მართვის და გადაგზავნის საშუალებას იძლევა, რა დროსაც, შესაბამისი პირობების შესრულების ავტომატიზაციის წყალობით, შუამავლების საჭიროება არ არსებობს.

NFT-ებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს ტოკენის სტანდარტების დანერგვა. ამ სტანდარტების საშუალებით ხდება NFT-ების შექმნის, მართვის და გადაგზავნის წესების და ფუნქციების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს მათ ურთიერთთავსებადობას და საიმედოობას. მაგალითად, NFT-ებისთვის მომზადებულ ყველაზე გავრცელებულ ტოკენის სტანდარტებია ERC-721 Ethereum-ზე და BEP-721 BNB Chain-ზე.

NFT-ის შექმნის პროცესს, ჩვეულებრივ დამზადებას (minting) უწოდებენ. დამზადების პროცესში, სმარტ კონტრაქტების გამოყენებით, ციფრული ფაილები გარდაიქმნება ბლოკჩეინზე განთავსებულ ციფრულ აქტივებად. NFT-ის შეძენის დროს, თქვენ ფაქტობრივად ხდებით უნიკალური იდენტიფიკატორის (ანუ ტოკენის ID-ის) მფლობელი, რომელიც კონკრეტულ ციფრულ აქტივთანაა დაკავშირებული. შედეგად, კოდის მფლობელს ეძლევა საკუთარი აქტივის გამოყენების, გამოფენის და მასთან ურთიერთქმედების უფლება.

რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ NFT-ები?

NFT-ის წყალობით დაიწყო ციფრულ სამყაროში მფლობელობის და ფასეულობის კონცეფციის გადახედვა, რაც ავტორებს და მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ქვემოთ მოცემულია NFT გამოყენების ყველაზე პოპულარული სფეროები:

NFT ხელოვნება

NFT ხელოვნება ავტორებს თავიანთი ნამუშევრების მონეტიზაციის ახალ გზებს სთავაზობს. საკუთარი ნამუშევრების ტოკენიზაციის მეშვეობით, ავტორებს შეუძლიათ გაყიდონ ამ ნამუშევრების უნიკალური ციფრული ასლები, თითოეული მათგანის ორიგინალობის და იშვიათობის შენარჩუნებით. ასევე, NFT ხელოვნება კოლექციონერებს საშუალებას აძლევს გამოფინონ თავიანთი ხელოვნების ნიმუშები ვირტუალურ გალერეებში, გაყიდონ ან მიაქირაონ სხვებს.

NFT თამაშები

NFT თამაშებში NFT-ები წარმოდგენილია ციფრული საკოლექციო ობიექტების, მაგალითად თამაშში გამოყენებული ნივთების ან პერსონაჟების სახით. NFT-ები ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ვირტუალურ უძრავ ქონებას, რომლითაც მომხმარებლებს ვაჭრობა შეუძლიათ. ეს გვთავაზობს ისეთი სათამაშო ეკოსისტემის შექმნის პოტენციალს, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ თამაშის დროს მოპოვებული ნივთების მონეტიზაცია და მეორადი ბაზრის შექმნა.

NFT სტეიკინგი

NFT სტეიკინგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ სტეიკინგის ჯილდოები საკუთარი NFT-ების უზრუნველყოფის სახით გამოყენების მეშვეობით. ამის შესაძლებლობას უკვე იძლევა ზოგიერთი დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმა, რომლებიც NFT-ების მფლობელებს საშუალებას აძლევენ მიიღონ საპროცენტო სარგებელი და ამავდროულად შეინარჩუნონ NFT-ების მფლობელობა.

NFT ბილეთები

NFT-ები შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული ბილეთების მართვისთვის. მაგალითად, ღონისძიების ორგანიზატორებმა შეიძლება გამოუშვან NFT-ები ბილეთების სახით, რომლებიც ბილეთების მფლობელობის და ღონისძიებაზე დასწრების უფლების საიმედო მტკიცებულებად შეიძლება იქნას გამოყენებული. გარდა ამისა, შესაძლებელია NFT ბილეთების გადაგზავნა ან გადაყიდვა მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე. NFT ბილეთებში ასევე შეიძლება დამატებული იქნას ექსკლუზიური პრივილეგიები, მაგალითად VIP ზონაში შესვლის უფლება, ექსკლუზიური საქონლის ან სპეციალური ციფრული კონტენტის შეთავაზება.

პოპულარული NFT-ების მაგალითები

CryptoPunks

CryptoPunks ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ყველაზე საკულტო NFT პროექტია. ის გაშვებული იქნა 2017 წელს და შედგება 10,000 უნიკალური, ალგორითმით გენერირებული 8-ბიტიანი pixel art პერსონაჟისგან. თითოეულ CryptoPunk პერსონაჟს გააჩნია განსხვავებული მახასიათებლები და ატრიბუტები, რაც მათ კოლექციონერებისთვის მიმზიდველს ხდის.

ზოგიერთი ცნობილი პირი მათ სოციალურ მედიაში ავატარების სახითაც კი იყენებს. ამ პროექტის წარმატებამ ციფრული ხელოვნების და საკოლექციო ნივთების ახალ ეპოქას დაუდო საფუძველი.

Bored Ape Yacht Club

The Bored Ape Yacht Club (BAYC) წარმოადგენს 10,000 უნიკალური, ხელით ნახატი ანიმაციური მაიმუნისგან შემდგარ კოლექციას, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული მახასიათებლები გააჩნია. ეს ციფრული ხელოვნების ნიმუშები საკოლექციო ნივთების სახით არის წარმოდგენილი და მათ მფლობელებს ექსკლუზიურ ღონისძიებებზე დასწრების და ვირტუალურ სივრცეებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ამ NFT-ების წყალობით იშლება ზღვარი ციფრულ ხელოვნებასა და ექსპერიმენტულ შემოთავაზებებს შორის.

Decentraland

Decentraland არის ვირტუალური რეალობის (VR) პლატფორმა, რომელიც გაშვებულია Ethereum ბლოკჩეინზე. ის წარმოადგენს NFT-ებით ვაჭრობის დეცენტრალიზებულ ბირჟას, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ივაჭრონ ვირტუალური მიწის ნაკვეთებით და თამაშში გამოსაყენებელი სხვადასხვა ნივთებით. Decentraland ვირტუალური უძრავი ქონების და მეტასამყაროს ავანგარდს წარმოადგენს.

გავრცელებული მცდარი შეხედულებები NFT-ების შესახებ

NFT-ები სრულიად დაცულია

როგორც ვიცით, NFT-ების უსაფრთხოებას განსაზღვრავს იმ ბლოკჩეინის მახასიათებლები, რომელზეც ისინია განთავსებული. თუმცა მაინც არსებობს რისკი, რომ თაღლითები მათთან წვდომას შეძლებენ. ეს მოიცავს ფიშინგის მცდელობებს და ჰაკერების მიერ სმარტ კონტრაქტებში არსებული სისუსტეების გამოყენებას. ასევე არსებობს ყალბი NFT-ების დამზადების და საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრების არასანქცირებული რეპროდუქციების შექმნის ალბათობა. 

კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული, დაკავშირებულია NFT-ების ღირებულების გრძელვადიან შენარჩუნებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი NFT-ის ღირებულებამ ასტრონომიულ ფასებს მიაღწია, მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაზარი არასტაბილური და სპეკულაციურია. როგორც ნებისმიერი სახის ინვესტიციის შემთხვევაში, გრძელვადიანი სტაბილურობა აქაც არ არის გარანტირებული.

ამავდროულად, NFT-ების უსაფრთხოება დამოკიდებულია ბლოკჩეინზე, რომელზეც ის არის დამზადებული. ზოგიერთ ბლოკჩეინს უფრო უკეთ განვითარებული ეკოსისტემები და ძლიერი უსაფრთხოების მახასიათებლები გააჩნია, რაც NFT-ის უსაფრთხოების დონეზე ახდენს გავლენას.

NFT და კრიპტოვალუტა ერთი და იგივეა

მიუხედავად იმისა, რომ როგორც NFT-ები, ასევე კრიპტოვალუტები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი ციფრული აქტივებია, მათ განსხვავებული ფუნქციები და მახასიათებლები გააჩნია. კრიპტოვალუტების შექმნის მიზანი ხშირად ტრანზაქციების გამარტივებას წარმოადგენს. ისინი ასევე წარმოადგენს ჩანაცვლებად აქტივებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტივად არის შესაძლებელი ნებისმიერი მათგანის იგივე ღირებულების ერთეულით ჩანაცვლება. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ერთი Bitcoin მონეტა გადაცვალოთ მეორეზე, რომლის ფასეულობა არაფრით არ იქნება განსხვავებული პირველისგან.

რაც შეეხება NFT-ებს, ისინი უნიკალურ ციფრულ აქტივებს წარმოადგენს. ისინი არაჩანაცვლებადი აქტივებია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს უნიკალური მახასიათებლები გააჩნია და არ შეიძლება მისი სხვა NFT-ით პირდაპირ ჩანაცვლება. მოკლედ რომ ვთქვათ, NFT-ების ფასეულობას განსაზღვრავს მათი უნიკალურობა და იშვიათობა.

შეჯამება

NFT-ები უნიკალური, ბლოკჩეინზე განთავსებული ციფრული აქტივებია, რომლებიც განსაზღვრავენ კუთვნილების მტკიცებულებას და უზრუნველყოფენ იმ ნივთების ავთენტურობის დადასტურებას, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. მათ პოპულარობა მრავალ სფეროში მოიპოვეს, მაგალითად ისინი ავტორებს საკუთარი ნამუშევრების მონეტიზაციის ახალ საშუალებებს სთავაზობს, ხოლო კოლექციონერებს უნიკალური აქტივების ფლობის და გამოფენის შესაძლებლობას აძლევს.

თუმცა NFT-ებთან ასევე დაკავშირებულია პოტენციური რისკები, მაგალითად თაღლითობა და ბაზრის არასტაბილურობა. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტებთან მათი მსგავსება დიდია, NFT-ებისთვის დამახასიათებელია არაჩანაცვლებადობა, რაც მათ უნიკალური ციფრული შესაძლებლობების შეთავაზების საშუალებას აძლევს.

დამატებითი საკითხავი


უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..