მთავარი დეტალები
არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT-ები) წარმოადგენს ბლოკჩეინზე განთავსებულ უნიკალურ ციფრულ აქტივებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ორი იდენტური NFT და თითოეული მათგანი დამოუკიდებლად ვერიფიცირებადი აქტივია.
NFT-ები შეიძლება წარმოადგენდეს ციფრულ ხელოვნების ნიმუშს, საკოლექციო ნივთებს, თამაშში გამოყენებულ საგნებს, ღონისძიებების ბილეთებს და რეალური სამყაროს აქტივებზე საკუთრების უფლებასაც კი.
NFT-ის ღირებულება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა იშვიათობის დონე, ავტორის რეპუტაცია, გამოყენებადობა და ბაზრის მოთხოვნა, თუმცა არც ერთი ეს ფაქტორი არ იძლევა კონკრეტული ფასის გარანტიას.
NFT-ის შეძენამდე აუცილებლად გადაამოწმეთ მისი ავთენტურობა ბლოკჩეინ-ექსპლორერის გამოყენებით და გაეცანით მასთან დაკავშირებულ რისკებს.
შესავალი
დაახლოებით 2021 წლიდან არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT-ები) კრიპტოვალუტების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. თავისი არსით, NFT-ები წარმოადგენს ბლოკჩეინზე შენახულ ციფრულ აქტივებს. ჩვეულებრივი კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, თითოეული NFT უნიკალურია და მისი სხვა NFT-ით ჩანაცვლება შეუძლებელია.
პირველი აჟიოტაჟის შემდეგ NFT-ის ბაზარი მნიშვნელოვნად განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ხელოვნების ნიმუშების გაყიდვებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ტექნოლოგია გასცდა ამ სფეროს და გავრცელდა გეიმინგის, ბილეთების გაყიდვების, ციფრული იდენტიფიკაციისა და რეალური აქტივების საკუთრების მართვის სისტემებში. ამ სტატიაში განხილულია შვიდი ფაქტი, რომლებიც დაგეხმარებათ NFT-ების მუშაობის პრინციპის უკეთ გაგებასა და ამ სივრცეში უფრო თავდაჯერებულად ნავიგაციაში.
1. NFT-ების დიზაინი უნიკალურია
სიტყვა „არაჩანაცვლებადი“ ნიშნავს, რომ ობიექტი არ შეიძლება ჩანაცვლდეს იდენტური ასლით. დოლარის კუპიურა ჩასანაცვლებადია, რადგან ერთი დოლარი ნებისმიერი სხვა დოლარის იდენტურია. NFT-ის შემთხვევაში კი თითოეულ ტოკენს აქვს უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც უცვლელად ინახება ბლოკჩეინზე.
ეს უნიკალურობა უზრუნველყოფილია ტოკენის საბაზისო სმარტ კონტრაქტის მიერ. თუ ვინმე დააკოპირებს NFT-ის სურათს ან ფაილს, ორიგინალი ტოკენის მფლობელობის მტკიცებულების ჩანაწერი ბლოკჩეინზე უცვლელი დარჩება. სწორედ ეს ჩანაწერი უზრუნველყოფს NFT-ის ავთენტურობას.
2. იშვიათობის დონე და ღირებულება ერთმანეთთან კავშირშია
რატომ არის ერთი NFT მეორეზე უფრო ძვირადღირებული? ამაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტორის რეპუტაცია, რადგან ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ან უკვე პოპულარული კოლექციის ნიმუშების მიმართ საზოგადოების ინტერესი უფრო მაღალია. ასევე მნიშვნელოვანია იშვიათობის დონე: 10 ეგზემპლარად გამოშვებული ტოკენი ხშირად უფრო მაღალ ფასად იყიდება, ვიდრე 10 000-ტირაჟიანი.
საკოლექციო ნივთების სახით გამოშვებული NFT-ების შემთხვევაში, კოლექციის კონკრეტული მახასიათებლები შეიძლება გავლენას ახდენდეს მათ ღირებულებაზე. ისეთ პროექტებში, როგორიცაა NBA Top Shot, გარკვეული ტოკენები მცირე რაოდენობით მზადდება, რაც მათ სტატისტიკურ იშვიათობას განაპირობებს. ხელოვნების ნიმუშების NFT-ებში კი, მახასიათებლების უჩვეულო კომბინაციის გამო, კონკრეტული ნამუშევარი შეიძლება კოლექციის საშუალო ფასზე უფრო მაღალ ფასად გაიყიდოს.
თუმცა აღნიშნული ფაქტორები არ იძლევა ტოკენის მაღალ ფასად გაყიდვის გარანტიას. NFT-ის ფასები შეიძლება სწრაფად გაიზარდოს ან დაეცეს. 2022 წლის პიკის შემდეგ ამ ბაზარმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა.
3. NFT-ები სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება
NFT ყველაზე ხშირად ციფრული ხელოვნების და საკოლექციო ნივთების სფეროში გამოიყენება, თუმცა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა NFT თამაშების პოპულარობა. ბლოკჩეინ-თამაშებში მოთამაშეებს შეუძლიათ ფლობდნენ თამაშში გამოსაყენებელ ნივთებს NFT-ის სახით, გაყიდონ ისინი ღია ბაზრებზე ან გამოიყენონ სხვა თავსებად თამაშებში. ზოგიერთი NFT ასევე იძლევა სარგებლის გამომუშავების შესაძლებლობას პროტოკოლებში ჩაშენებული NFT სტეიკინგის მექანიზმების მეშვეობით.
თამაშების გარდა, NFT-ები გამოიყენება ღონისძიებების ბილეთების, წევრობის ბარათების, მუსიკალური კონტენტის როიალტების, დომენური სახელების, ასევე რეალური აქტივების, მათ შორის ქონების დოკუმენტების და ძვირადღირებული ნივთების სფეროში. რეალური აქტივების NFT-ებით ტოკენიზაციის კონცეფციამ 2024 და 2025 წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა, რისი მიზეზიც ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
2023 წელს Bitcoin-ის ორდინალებმა შემოგვთავაზა Bitcoin-ის ბლოკჩეინზე არსებულ ცალკეულ satoshi-ებზე NFT-ის მსგავსი მონაცემების დატანის შესაძლებლობა. ტექნოლოგიის ინტეგრაციის ეს მაგალითი იმის დემონსტრირებაა, რომ NFT-ების გამოყენება არ შემოიფარგლება ციფრული ხელოვნების ნიმუშების სფეროთი და წარმოადგენს მოქნილ ინსტრუმენტს.
4. როგორ მოვძებნოთ NFT-ები
NFT-ების ყიდვა და გაყიდვა შესაძლებელია სპეციალურ სავაჭრო პლატფორმებზე, როგორებიცაა OpenSea, Blur და Magic Eden. ზოგიერთი NFT-ების განაწილება ხდება ბლოკჩეინ-თამაშების ან DeFi პროტოკოლების მეშვეობით. მათი შეძენა ასევე შესაძლებელია უშუალოდ ავტორებისგან, დამზადების ფიქსირებულ ფასად. თითოეულ პლატფორმას და პროექტს აქვს NFT-ების ლისტინგის, გადაწილების ან ფასების განსაზღვრის საკუთარი წესები.
NFT-ების შეძენამდე რეკომენდებულია სავაჭრო პლატფორმის რეპუტაციის შემოწმება. ივაჭრეთ მხოლოდ იმ პლატფორმაზე, რომელსაც აქვს სანდო ისტორია, აწარმოებს ვერიფიცირებად on-chain ჩანაწერებს და ჰყავს აქტიური საზოგადოება.
5. როგორ ვიყიდოთ NFT
NFT-ის შესაძენად დაგჭირდებათ თავსებადი კრიპტო საფულე და იმ ბლოკჩეინის შესაბამისი კრიპტოვალუტა, რომელზეც ინახება ეს NFT. Ethereum-ზე გაშვებული NFT-ების შესაძენად თქვენ დაგჭირდებათ ETH, ხოლო BNB Chain-ის NFT-ის შესაძენად - BNB. ტოკენის ღირებულების გარდა თქვენ მოგიწევთ ტრანზაქციის საკომისიოების (გაზის საკომისიოების) გადახდა, რომელთა ოდენობაც დამოკიდებულია ქსელის დატვირთვის დონეზე.
საფულის პარამეტრების დაყენების და მასზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ დაუკავშირეთ ის სავაჭრო პლატფორმას, დაათვალიერეთ ხელმისაწვდომი NFT-ები და განათავსეთ შეძენის შეკვეთა ან ფსონი. ბლოკჩეინზე ტრანზაქციის დადასტურების შემდეგ NFT გადაირიცხება თქვენს საფულის მისამართზე. თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი თქვენი საფულის უსაფრთხოებაზე, რადგან ბლოკჩეინზე განხორციელებული ტრანზაქციები შეუქცევადია.
6. როგორ გადაამოწმოთ NFT-ის ავთენტურობა
NFT-ის ავთენტურობის ვერიფიკაციისთვის საჭიროა არა მისი გამოსახულების ან ფაილის შემოწმება, არამედ შესაბამისი on-chain ჩანაწერის გადამოწმება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ატვირთოს ციფრული გამოსახულების ასლი და მისგან დაამზადოს ახალი NFT. თუმცა ორიგინალ ტოკენს უნდა ჰქონდეს კონკრეტული კონტრაქტის მისამართი, ტოკენის ID და დამზადების საფულე, რომელთა გადამოწმებაც შესაძლებელია.
Ethereum-ზე გაშვებული NFT-ების გადამოწმებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Etherscan, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ ტოკენი სმარტ კონტრაქტის მისამართით და ნახოთ მისი სრული ისტორია: როდის არის დამზადებული, ვინ იყვნენ მისი წინა მფლობელები და რომელი ტრანზაქციების მეშვეობით მოხდა მისი გადაგზავნა. BNB Chain-ის NFT-ების ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ გამოიყენოთ BscScan. კოლექციის და ავტორის მონაცემების გადამოწმება დაგეხმარებათ დარწმუნდეთ NFT-ის ავთენტურობაში.
თუ გამყიდველი ამტკიცებს, რომ NFT შექმნილია კონკრეტული ხელოვანის მიერ, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად უმჯობესია უშუალოდ დაუკავშირდეთ ამ ხელოვანს მისი ოფიციალური არხების მეშვეობით. ბლოკჩეინზე არსებული ჩანაწერის შემოწმება აუცილებელია, თუმცა ზოგჯერ საკმარისი არ არის, რადგან არსებობს ალბათობა, რომ თაღლითმა შექმნა ნამდვილს მიმსგავსებული ყალბი სმარტ კონტრაქტი.
7. NFT-ები არ არის იგივე, რაც ICO-ები
2021 და 2022 წლებში დაფიქსირებული NFT-ის ფასების სწრაფად ზრდის დროს, ზოგიერთი დამკვირვებელი ამას 2017 წლის მონეტების პირველადი შეთავაზების (ICO) ბუმს ადარებდა. ორივე შემთხვევამ საზოგადოების და მედიის დიდი ყურადღება მიიქცია. თუმცა ამ ორს შორის მნიშვნელოვანი სტრუქტურული განსხვავებები არსებობს.
ICO არის ფინანსების მოზიდვის მეთოდი, რომლის დროსაც პროექტი ყიდის საკუთარ ტოკენებს. 2017 წლის ბევრი ICO პროექტი ძირითადად მხოლოდ დაფინანსებაზე იყო ორიენტირებული და არა რეალური პროდუქტის შექმნაზე. NFT კი წარმოადგენს ტოკენის ფორმატს, რომელიც გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე მფლობელობის დასადასტურებლად. ისინი პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენება ხელოვნებაში, თამაშებში და აქტივების მართვაში და მათი ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ დაფინანსების მოზიდვით.
თუმცა ყველა NFT პროექტი არ ქმნის გრძელვადიანი ღირებულების მქონე პროდუქტს. როგორც ნებისმიერი ციფრული აქტივის შემთხვევაში, ინვესტირებამდე აუცილებელია კვლევის ჩატარება. კონკრეტული NFT-თან დაკავშირებული აქტივის, მისი ავტორის და დანიშნულების ცოდნა დაგეხმარებათ იმის შეფასებაში, შეესაბამება თუ არა ის თქვენს მიზნებს.
ხშირად დასმული კითხვები
რით განსხვავდება NFT ჩვეულებრივი კრიპტოვალუტისგან?
ჩვეულებრივი კრიპტოვალუტა, როგორიცაა BTC ან ETH, არის ჩასანაცვლებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ერთეული იდენტურია და შესაძლებელია სხვა ერთეულზე გადაცვლა. NFT კი არაჩანაცვლებადი ტოკენია: თითოეულ ტოკენს აქვს უნიკალური იდენტიფიკატორი და ის ვერ ჩანაცვლდება სხვა ტოკენით. თქვენ შეგიძლიათ ერთი ETH გადაცვალოთ სხვა ETH-ზე და მიიღოთ იგივე ღირებულება. ხოლო ორი NFT-ის შემთხვევაში, თუნდაც ისინი ერთი და იმავე კოლექციიდან იყოს, ამას ვერ შეძლებთ, რადგან თითოეული მათგანი უნიკალურია.
შემიძლია NFT-ის კოპირება მისი გამოსახულების შენახვის მეშვეობით?
თქვენ შეგიძლიათ დააკოპიროთ NFT-ის გამოსახულების შემცველი ფაილი, თუმცა ვერ დააკოპირებთ მისი მფლობელობის დამადასტურებელ ჩანაწერს, რომელიც ბლოკჩეინზე ინახება. თავად NFT არის on-chain ტოკენი და არა გამოსახულება. როდესაც ვინმე ფლობს NFT-ს, ის ფლობს ბლოკჩეინზე დადასტურებულ ტოკენს და არა უბრალოდ ორიგინალი ფაილის ასლს.
როგორ გავიგო, ღირს თუ არა NFT-ის ყიდვა?
არ არსებობს გარანტირებული გზა იმის პროგნოზირებისთვის, შეინარჩუნებს თუ არა NFT ღირებულებას ან გაიზრდება თუ არა მისი ფასი. მისი შეფასებისთვის აუცილებელია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა ავტორის რეპუტაცია, კოლექციასთან დაკავშირებული საზოგადოების ზომა და აქტიურობა, NFT-ის გამოყენებადობა თამაშებში ან პლატფორმებზე და მისი მთლიანი მარაგი. NFT-ების ბაზრისთვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი რყევები, ამიტომ ნებისმიერი შენაძენი რისკთანაა დაკავშირებული.
ბევრი ფული მჭირდება NFT-ების შესაძენად?
NFT-ების ფასები მნიშვნელოვან დიაპაზონში მერყეობს. ზოგი მათგანის შეძენისთვის მცირე ოდენობის კრიპტოვალუტა დაგჭირდებათ, ზოგის ღირებულება კი საკმაოდ მაღალია. ტოკენის ღირებულებას ემატება ტრანზაქციის (გაზის) საკომისიოები, რომელთა ოდენობა ქსელის მაღალი დატვირთვის პერიოდებში შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს. NFT-ების ბაზარზე ვაჭრობა მცირე თანხითაც შეგიძლიათ, თუმცა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ დამატებითი ხარჯები.
შეჯამება
NFT-ები ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის უნივერსალურ ინსტრუმენტებს წარმოადგენს. თავდაპირველად ისინი ციფრული ხელოვნების ნიმუშებისა და საკოლექციო ნივთების ფორმატს წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა გეიმინგში, რეალური აქტივების მფლობელობის მტკიცებულების სისტემებში, ბილეთების გაყიდვების სისტემებში და სხვა სფეროებში. 2021–2022 წლების პიკის შემდეგ ამ ბაზრის ზომა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მისი განვითარება კვლავ გრძელდება.
თუ NFT-ის შეძენას აპირებთ, დაუთმეთ დრო მისი ავთენტურობის გადამოწმებას, გამოიყენეთ ბლოკჩეინ-ექსპლორერი და შეისწავლეთ მის უკან მდგომი პროექტი. როგორც ნებისმიერი ციფრული აქტივის შემთხვევაში, ფასები შეიძლება იყოს მერყევი და არ არსებობს მისი ღირებულების შენარჩუნების გარანტია.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.