რა არის და როგორ მუშაობს შეკვეთების წიგნი?
მთავარი
სტატიები
რა არის და როგორ მუშაობს შეკვეთების წიგნი?

რა არის და როგორ მუშაობს შეკვეთების წიგნი?

განახლებული Oct 24, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • შეკვეთების წიგნში ასახულია მიმდინარე გაყიდვის და ყიდვის შეკვეთები (შეთავაზებები და მოთხოვნები), რაც მიუთითებს ბაზარზე არსებული მოთხოვნის და მიწოდების დინამიკაზე მოცემული სავაჭრო წყვილისთვის.

  • მაღალი ლიკვიდურობის ბაზრებზე შეკვეთების წიგნების განახლება უწყვეტად მიმდინარეობს, ვაჭრობის აღსრულების შემდეგ კი შესაბამისი შეკვეთები მომენტალურად იშლება შეკვეთების წიგნიდან. სწორედ ეს აქცევს შეკვეთების წიგნს ბაზარზე არსებული აქტივობის მონიტორინგის დინამიურ ინსტრუმენტად.

  • შეკვეთების წიგნის მეშვეობით შესაძლებელია პოტენციური მხარდაჭერისა და რეზისტენტობის დონეების და ბაზრის სიღრმის განსაზღვრა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყიდვის და გაყიდვის კედლის მონაცემებით მსჯელობისას შესაძლოა შეგვექმნას არასწორი შთაბეჭდილება მიწოდების და მოთხოვნის მაჩვენებლებთან დაკავშირებით, შეკვეთების წიგნთან ერთად აუცილებელია ბაზრის უფრო ზუსტი ანალიზისთვის საჭირო სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაც.

შეკვეთების წიგნი cta ბანერი

რა არის შეკვეთების წიგნი?

შეკვეთების წიგნი გახლავთ კონკრეტული აქტივის ყიდვისა და გაყიდვის მიმდინარე შეკვეთების რეალურ დროში განახლებადი სია. ასეთი აქტივებია მაგალითად აქციები, საქონელი ან კრიპტოვალუტები. მისი მეშვეობით ვიღებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა თანხის გადახდა სურთ მყიდველებს (შეთავაზებები) და რა თანხას ითხოვენ გამყიდველები (მოთხოვნები), რაც გვეხმარება ბაზარზე არსებული მოთხოვნის და მიწოდების მაჩვენებლების განსაზღვრაში.

Binance-ის აპლიკაციაში შეკვეთების წიგნი მოცემულია ვაჭრობის დიაგრამის ქვედა განყოფილებაში და გამოიყურება შემდეგნაირად:

შეკვეთების წიგნის ინტერფეისი Binance-ის აპლიკაციაში

Binance-ის ვებსაიტზე შეკვეთების წიგნი მოცემულია სავაჭრო ინტერფეისის მარცხენა ან მარჯვენა მხარეს (მარცხენა მხარე სპოტ და მარჟის შემთხვევაში; მარჯვენა მხარე ფიუჩერსების შემთხვევაში). ის შემდეგნაირად გამოიყურება:

შეკვეთების წიგნის ინტერფეისი Binance-ის ვებსაიტზე

როგორ მუშაობს შეკვეთების წიგნები

მაღალი ლიკვიდურობის მქონე ბაზრებზე შეკვეთების წიგნი მუშაობს ლაივ-რეჟიმში და მისი განახლება ხდება მუდმივად. ბაზარზე ყიდვის ან გაყიდვის ახალი შეკვეთების განთავსებისას მომენტალურად ხდება მათი დამატება შესაბამისი შეკვეთების წიგნის სიაში. შესაბამისი შეკვეთები ვაჭრობის განხორციელებისთანავე იშლება შეკვეთების წიგნიდან. რეალურად, შეკვეთების წიგნი გახლავთ სივრცე, სადაც შესაძლებელია ღია შეკვეთების ნახვა, რომლებიც ასახავს მიმდინარე მოლაპარაკებებს მყიდველებსა და გამყიდველებს შორის.

თუ თქვენ ხართ მყიდველი, თქვენი შეკვეთის დამატება მოხდება თქვენ მიერ შეთავაზებული მაქსიმალური ფასის მიხედვით. თუ თქვენ ხართ გამყიდველი, თქვენი შეკვეთის დამატება მოხდება თქვენთვის მისაღები მინიმალური ფასის მიხედვით.

შეკვეთების წიგნის ძირითადი კომპონენტები

  • ყიდვის შეკვეთები (შეთავაზებები): ამ ტიპის შეკვეთები ასახავს რა თანხის გადასახდელად არიან მზად მყიდველები. როგორც წესი, სიაში ამ შეკვეთების დალაგება ხდება შეთავაზებული ფასების კლებადობის მიხედვით.

შეკვეთების წიგნის შეთავაზებები

  • გაყიდვის შეკვეთები (მოთხოვნები): მიუთითებს იმაზე, თუ რა თანხის მიღება სურთ გამყიდველებს მათი აქტივების სანაცვლოდ. სიაში ამ შეკვეთების დალაგება ხდება მოთხოვნილი ფასების ზრდადობის მიხედვით.

შეკვეთების წიგნის მოთხოვნები

  • ფასი და რაოდენობა: შეკვეთების წიგნი გვიჩვენებს, თუ აქტივების რა რაოდენობის ყიდვა ან გაყიდვა სურს ტრეიდერს თითოეული შეკვეთის ფარგლებში და რა ფასად.

შეკვეთების წიგნის ფასი და თანხა

  • სპრედი: ეს გახლავთ სხვაობა ყველაზე მაღალ შეთავაზებულ ფასსა და ყველაზე დაბალ მოთხოვნილ ფასს შორის. რაც უფრო მცირეა სპრედი, მით უფრო მაღალია ბაზრის ლიკვიდურობა.

  • შეკვეთების თანხვედრა: თანხვედრის სისტემა განახორციელებს ვაჭრობას, როდესაც მოიძებნება ერთმანეთის შესაბამისი ყიდვის და გაყიდვის შეკვეთები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვაჭრობა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მყიდველისთვის მისაღები იქნება გამყიდველის მიერ მოთხოვნილი ფასი (და პირიქით).

შეკვეთების წიგნის ვიზუალიზაცია (სიღრმის დიაგრამები)

ბევრი ტრეიდერი იყენებს სიღრმის დიაგრამებს, რომლებიც წარმოადგენს შეკვეთების წიგნის ვიზუალურ რეპრეზენტაციას. დიაგრამაზე x-ღერძი აღნიშნავს ფასების მაჩვენებლებს, ხოლო y-ღერძი ყიდვის და გაყიდვის შეკვეთების მოცულობას ფასის თითოეული მაჩვენებლისთვის.

Binance-ზე სიღრმის დიაგრამები მოცემულია თქვენი დიაგრამის ინტერფეისის ზედა მარჯვენა კუთხეში. გარდა ამისა, სიღრმის დიაგრამის გამოყენება შესაძლებელია კონკრეტული ბაზრის მოთხოვნა-შეთავაზების მიმდინარე სპრედის შესამოწმებლად.

შეკვეთების წიგნი სიღრმის დიაგრამა binance-ის ვებსაიტზე

დიაგრამაზე მოცემული იქნება ორი მრუდი: შეთავაზებების (ყიდვის შეკვეთები, მოცემულია მწვანე ფერში) და მოთხოვნების (გაყიდვის შეკვეთები, მოცემულია წითელ ფერში). ამ მრუდების ანალიზის საფუძველზე ტრეიდერები იღებენ სავარაუდო ინფორმაციას ბაზრის მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ან აკვირდებიან „ყიდვის კედლის“ და „გაყიდვის კედლის“ მონაცემებს, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ფასის კონკრეტული ზღვარის მიღმა გადასვლას.

როგორ იყენებენ ტრეიდერები შეკვეთების წიგნებს

შეკვეთების წიგნების მეშვეობით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება ბაზრის ლიკვიდურობასთან და მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით. ტრეიდერები შეკვეთების წიგნებს შემდეგი მიზნებისთვის იყენებენ:

  • მხარდაჭერის და რეზისტენტობის დონის განსაზღვრა: კონკრეტული ფასის მქონე ყიდვის შეკვეთების დიდი რაოდენობა (ყიდვის კედელი) შესაძლოა მიუთითებდეს მხარდაჭერის მაღალ დონეზე, ხოლო ამავე ფასის მქონე გაყიდვის შეკვეთების დიდი რაოდენობა (გაყიდვის კედელი) შესაძლოა მიუთითებდეს რეზისტენტობის მაღალ დონეზე.

  • ლიკვიდურობის ანალიზი: მაღალი სიღრმის და დიდი რაოდენობით შეკვეთების მქონე შეკვეთების წიგნი ამარტივებს ყიდვის და გაყიდვის პროცესების წარმოებას ფასის მეტისმეტად გაზრდის ან შემცირების საჭიროების გარეშე.

  • ბაზრის სიღრმე: ტრეიდერები ხშირად ამოწმებენ კონკრეტული ფასის მქონე „მომლოდინე“ შეკვეთების რაოდენობას, ბაზრის მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზირების მიზნით. მაგალითად, თუ ფიქსირდება კონკრეტული ფასების მქონე ყიდვის შეკვეთების დიდი რაოდენობა, მაღალია იმის ალბათობა, რომ გაიზრდება მხარდაჭერის დონე.

შეკვეთების წიგნი ბაზრის სიღრმე, გაყიდვის კედელი

თუმცა, შეკვეთების განთავსება და წაშლა საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ყიდვის და გაყიდვის კედლები ხშირად გამოიყენება ბაზარზე არსებული მიწოდების და მოთხოვნის მონაცემებთან დაკავშირებით მცდარი შთაბეჭდილებების შექმნის მიზნით. შესაბამისად, მხოლოდ შეკვეთების წიგნის მონაცემებით ხელმძღვანელობა არ არის რეკომენდებული. მისი მეშვეობით შესაძლებელია მნიშვნელოვანი, თუმცა არა უტყუარი ინფორმაციის მიღება.

შეკვეთების ტიპები შეკვეთების წიგნში

  1. საბაზრო შეკვეთები: ამ ტიპის შეკვეთების აღსრულება ხდება მომენტალურად, საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად. მაგალითად, თუ მყიდველი განათავსებს საბაზრო შეკვეთას, მოხდება მისი შესაბამისი ყველაზე დაბალი მოთხოვნის ფასის მოძიება შეკვეთების წიგნში.

  2. ლიმიტ-შეკვეთები: ლიმიტ-შეკვეთების განთავსებისას ტრეიდერებს შეუძლიათ მიუთითონ აქტივის ყიდვის ან გაყიდვის სასურველი ფასი. ამ ტიპის შეკვეთა აღსრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო ფასი მიაღწევს ტრეიდერის მიერ მითითებულ ლიმიტ-ფასს. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მოხდება შეკვეთის აღსრულება სასურველ ფასად, თუმცა არ გვაძლევს შეკვეთის აღსრულების გარანტიას.

  3. Stop შეკვეთები: ესენი გახლავთ პირობითი შეკვეთები, რომელთა განთავსებაც ხდება აქტივის ყიდვის ან გაყიდვის მიზნით. როდესაც მისი ფასი გასცდება მითითებულ ზღვარს, ხდება საბაზრო ან ლიმიტ-შეკვეთის გააქტიურება. Stop შეკვეთები ხშირად გამოიყენება ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, რაც მათ რისკების მართვის საკმაოდ ეფექტურ ინსტრუმენტებად აქცევს.

შეჯამება

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეკვეთების წიგნი გახლავთ ეფექტური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსურ ბაზრებზე არსებული მოთხოვნის და მიწოდების მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიღება. არ აქვს მნიშვნელობა აქციებით ვაჭრობთ, საქონლით თუ კრიპტოვალუტებით, შეკვეთების წიგნის მონაცემების სწორად წაკითხვის პრინციპების შესწავლა დაგეხმარებათ უფრო ეფექტური სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებაში.

თუმცა, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ შეკვეთების განთავსება და წაშლა საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. გახსოვდეთ, რომ ყიდვის და გაყიდვის კედლები ხშირად გამოიყენება ბაზარზე არსებულ მიწოდების და მოთხოვნის მონაცემებთან დაკავშირებით მცდარი შთაბეჭდილებების შექმნის მიზნით. რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად, გირჩევთ შეკვეთების წიგნის ანალიზის შედეგად მოპოვებულ მონაცემებთან ერთად იხელმძღვანელოთ სხვა ტექნიკური ინდიკატორების და ინსტრუმენტების მონაცემებით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.