TL;DR
თანხვედრის სისტემა წარმოადგენს დახვეწილ სისტემას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ფინანსურ ბაზრებზე მოქმედ მყიდველებს და გამყიდველებს.
თანამედროვე თანხვედრის სისტემებს გააჩნიათ ვაჭრობების სამართლიანად და სწრაფად განხორციელების შესაძლებლობა, რაც ხელს უწყობს უკეთესი და უფრო სწრაფად რეაგირებადი სავაჭრო სივრცის შექმნას.
არსებობს სხვადასხვა ტიპის ალგორითმები, რომლითაც განისაზღვრება, თუ როგორ ახდენს თანხვედრის სისტემა შეკვეთებისთვის პრიორიტეტების მინიჭებას და აღსრულებას. გავრცელებული მაგალითებია FIFO, Pro-Rata და TWAP.
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გადაიქცევა ყიდვის და გაყიდვის შეკვეთები დასრულებულ ვაჭრობებად საფონდო, ან კრიპტო ბირჟებზე? სწორედ ამ ყველაფრის უკან დგას ჯადოსნობა, სახელად - თანხვედრის სისტემა.
რა არის თანხვედრის სისტემა?
არსებითად, თანხვედრის სისტემა წარმოადგენს დახვეწილ პროგრამულ სისტემას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ფინანსურ ბაზრებზე მოქმედ მყიდველებს და გამყიდველებს. შეგიძლიათ ის წარმოიდგინოთ, როგორც სავაჭრო სამყაროს მაჭანკალი, რომლებიც აწყვილებს ყიდვის სურვილის მქონე და გაყიდვისთვის მზა ტრეიდერებს და პირიქით. მისი მთავარი მიზანია ვაჭრობების სწრაფად და ეფექტურად განხორციელება, რითაც იქმნება თანაბარი პირობები ბაზარზე მიმდინარე პროცესებში მონაწილე ყველა მხარისთვის.
თანხვედრის სისტემები და ტრადიციული მეთოდები
წარსულში, ვაჭრობის და თანმხვედრი შეკვეთების მოძიების პროცესები ძირითადად სატელეფონო ზარებსა და ხელით წარმართულ პროცესებზე იყო დაფუძნებული. ასეთი სისტემების გამოყენება ბევრად უფრო შრომატევადი იყო და ხშირად ქონდა ადგილი ადამიანურ შეცდომებს, განსხვავებით დახვეწილი თანხვედრის სისტემებისგან, რომლებიც დღესდღეობით გამოიყენება. თანამედროვე თანხვედრის სისტემებს გააჩნიათ ვაჭრების სამართლიანად და სწრაფად განხორციელების შესაძლებლობა.
როგორ მუშაობს თანხვედრის სისტემა?
წარმოიდგინეთ აქტიური სავაჭრო ბირჟა, სადაც ტრეიდერები განუწყვეტლივ განათავსებენ შეთავაზებებსა და შეკვეთებს. ციფრულ რეალობაში, ამ ქაოსს ანაცვლებს უფრო მშვიდი და მოწესრიგებული შეკვეთების წიგნი. ტრეიდერები აფიქსირებენ გაყიდვის ან ყიდვის სურვილს და ჩაწერენ მათ შეკვეთების წიგნში. სწორედ აქ იწყებს მოქმედებას თანხვედრის სისტემა, რომელიც ახდენს სივრცის გაანალიზებას და მოიძიებს ერთმანეთთან თავსებად შეკვეთებს.
თანხვედრის ალგორითმი, რომელიც საფუძვლად უდევს სისტემის ფუნქციონირებას, დაფუძნებულია წინასწარ განსაზღვრულ წესებზე, რომლითაც ხდება პრიორიტეტულობის განსაზღვრა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წესია ე.წ. პირველი შემოსული გადის პირველი „first-in, first-out“ (FIFO). ზუსტად იმავე პრინციპით, როგორც ეს მაღაზიის რიგში ხდება, მეტი პრიორიტეტი ენიჭება იმ შეკვეთებს, რომლებიც პირველი მოდის. კიდევ ერთი მიდგომა, „Pro-Rata“ მეტ პრიორიტეტს შედარებით დიდი ზომის შეკვეთებს ანიჭებს, რითაც ხდება ხელმისაწვდომი ლიკვიდურობის პროპორციულად დიდი წილის მიღება.
შეკვეთების თანხვედრის ალგორითმები
შეკვეთების თანხვედრის ალგორითმებით განისაზღვრება თანხვედრის სისტემის ფუნქციონირების პრინციპები. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:
1. First-in, first-out (FIFO).
FIFO, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც პირველად მოსული პირველი მიიღებს მომსახურებას „first-come, first-serve“ (FCFS), წარმოადგენს კლასიკურ ალგორითმს, რომელიც შეკვეთებს პრიორიტეტს მათი ფასისა და შექმნის დროის მიხედვით ანიჭებს. იმ შემთხვევებში, სადაც ხდება რამდენიმე, ერთი და იმავე ფასის მქონე შეკვეთის შექმნა, პირველ რიგში მოიძებნება იმ შეკვეთის თანმხვედრი შეკვეთა, რომელიც პირველი იქნა მიღებული, რაც განაპირობებს აღსრულების სამართლიანობას.
2. Pro-Rata
Pro-Rata ალგორითმი მეტ უპირატესობას შედარებით დიდი ზომის შეკვეთებს ანიჭებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ერთი და იმავე ფასის მქონე ორი შეკვეთა ერთი და იმავე დროს იმყოფება მოლოდინის რეჟიმში, პირველ რიგში მოხდება შედარებით დიდი ზომის შეკვეთის აღსრულება.
3. დროში შეწონილი საშუალო ფასი (TWAP)
TWAP-ზე დაფუძნებული ალგორითმების გამოყენებისას, ხდება კონკრეტული პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ყველა შეკვეთის საშუალო ფასის გამოთვლა და რამდენიმე შეკვეთის ეტაპობრივად აღსრულება ზემოხსენებული საშუალო ფასის მისაღწევად. TWAP ალგორითმების მეშვეობით შესაძლებელია დიდი ზომის შეკვეთების ზეგავლენის შემცირება მათი შედარებით პატარა ზომის შეკვეთებად დაყოფით, რის შედეგადაც, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოხდება საწყისი შეკვეთის საშუალო ფასის ანალოგიური ფასის მიღწევა.
თანხვედრის სისტემის ტიპები
1. ცენტრალიზებული თანხვედრის სისტემა
ცენტრალიზებული თანხვედრის სისტემები მომხმარებლებს სთავაზობს თანმხვედრი შეკვეთების რეალურ დროში მოძიებას, გასაოცარი სისწრაფითა და ეფექტურობით. ეს სისტემები მუშაობენ ერთ ცენტრალურ სერვერზე, რის წყალობითაც ხდება შეკვეთების სწრაფად დამუშავება. ამის გამო, ეს სისტემები იდეალური ვარიანტია ძლიერ დატვირთული ბირჟებისთვის, სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანმხვედრი შეკვეთების მაქსიმალური სისწრაფით მოძიებას.
2. დეცენტრალიზებული თანხვედრის სისტემა
დეცენტრალიზებული თანხვედრის სისტემები ოპერირებენ peer-to-peer ქსელზე, რაც უზრუნველყოფს მათ მდგრადობას თავდასხმებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემებით იქმნება უფრო უსაფრთხო სავაჭრო გარემო, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზემოხსენებული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეწირება სისწრაფის და ეფექტურობის დონე, რაც მათ ნაკლებ ეფექტურს ხდის ცენტრალიზებულ სისტემებთან შედარებით. თუმცა, ცენტრალური სერვერის არარსებობა მინიმუმამდე ამცირებს უსაფრთხოების ხელყოფის რისკებს, რაც მათ ერთ-ერთ უსაფრთხო ალტერნატივად აქცევს.
სწორი თანხვედრის სისტემის არჩევა
სისწრაფე
მაღალი ვაჭრობის მოცულობის მქონე პლატფორმების შემთხვევაში, თანმხვედრი შეკვეთების სწრაფად მოძიების თვალსაზრისით, საუკეთესო ვარიანტია ცენტრალიზებული სისტემა. ამის საპირისპიროდ, დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც დაკავშირებულია peer-to-peer ქსელთან, ხასიათდება შედარებით ნაკლები სისწრაფით.
უსაფრთხოება
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალიზებული სისტემა შედარებით დაუცველია თავდასხმების მიმართ ცენტრალური სერვერის გამოყენების გამო, დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც განაწილებულ ქსელს იყენებს, მომხმარებლებს მეტ მდგრადობას სთავაზობს უსაფრთხოების ხელყოფის თვალსაზრისით.
საკომისიოები
როგორც წესი, ცენტრალიზებული სისტემები აწესებენ შედარებით მაღალ საკომისიოებს, ინფრასტრუქტურასთან და რესურსებთან დაკავშირებული გაზრდილი მოთხოვნის გამო. მეორეს მხრივ, დეცენტრალიზებული სისტემები, რომლებიც peer-to-peer ქსელზე მუშაობენ, როგორც წესი, შედარებით დაბალ საკომისიოებს აწესებენ.
რატომ არის თანხვედრის სისტემები მნიშვნელოვანი
მუდამ განვითარებად და აქტიურ სავაჭრო სივრცეში, სადაც უდიდესი ცვლილებები შესაძლოა წამის მეასედებშიც განხორციელდეს, თანხვედრის სისტემები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. აი, რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი:
1. შეკვეთების აღსრულების ეფექტურობა
ეფექტური თანხვედრის სისტემის მეშვეობით ხდება შეკვეთების მაქსიმალურად სწრაფად აღსრულება. უმნიშვნელოვანესია შეკვეთების სწრაფად დამუშავების შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ სივრცეში, სადაც წამის ყოველი მეასედი მნიშვნელოვანია.
2. სამართლიანობა და გამჭირვალობა
შეკვეთების პრიორიტეტულობის განმსაზღვრელი წინასწარ განსაზღვრული ალგორითმის მეშვეობით, თანხვედრის სისტემები ინარჩუნებენ სამართლიანობის საჭირო დონეს, რაც ხელს უწყობს გამჭირვალობის უზრუნველყოფას ვაჭრობის პროცესების მიმდინარეობისას. ტრეიდერებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ხდება მათი შეკვეთების მიუკერძოებლად დამუშავება, დადგენილი წესების საფუძველზე.
3. ბაზრის ლიკვიდურობა
მყიდველებისა და გამყიდველების ეფექტური დაკავშირების მეშვეობით, თანხვედრის სისტემები ხელს უწყობენ ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველყოფას. ზემოხსენებული ლიკვიდურობა, თანმხვედრი შეკვეთების ეფექტურად მოძიებით ხელშეწყობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სწრაფად რეაგირებად საბაზრო სივრცეს.
შეჯამება
მიუხედავად იმისა, რომ თანხვედრის სისტემები ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველი რჩება, ისინი ითვლება სიზუსტისა და ეფექტურობის ხელშემწყობ მექანიზმებად, რასაც ეფუძნება თანამედროვე სავაჭრო პლატფორმები. თანხვედრის სისტემა ხშირ შემთხვევაში მიიჩნევა უხილავ ძალად, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის ეფექტურად ფუნქციონირებას და აძლევს ტრეიდერებს ტრანზაქციების სწრაფად, სამართლიანად და ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას.
დამატებითი საკითხავი
კრიპტოვალუტებით კოპირებით ვაჭრობა: უმნიშვნელოვანესი ფენომენი ტრეიდერებისთვის
რა არის რეალური სამყაროს აქტივები (RWA) DeFi-ს და კრიპტოს კონტექსტში?
5 რჩევა თქვენი კრიპტოვალუტის ჰოლდინგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.