მთავარი დეტალები
GENIUS Act (აშშ-ში სტეიბლკოინებთან დაკავშირებული ინოვაციების მართვისა და განხორციელების აქტი) წარმოადგენს აშშ-ის პირველ ფედერალურ კანონს, რომლის მიზანია სტეიბლკოინების რეგულირება.
აღნიშნული კანონი განსაზღვრავს USD-ით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები გამოშვების წესებს, მოითხოვს მათი რეზერვების ერთი ერთზე თანაფარდობით არსებობას და სრულ გამჭვირვალობას.
აქტი აუმჯობესებს მომხმარებელთა დაცვას და მოითხოვს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) და Know Your Customer (KYC) რეგულაციებთან შესაბამისობას.
ამ კანონს სიცხადე შემოაქვს რეგულაციების სფეროში, რასაც დიდი ხანია ელოდნენ ფინანსური ტექნოლოგიის კომპანიები, ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები და ბლოკჩეინის პლატფორმები.
რა არის GENIUS Act?
აშშ-ში სტეიბლკოინებთან დაკავშირებული ინოვაციების მართვისა და განხორციელების აქტი, რომელიც ასევე ცნობილია GENIUS Act-ის სახელწოდებით, წარმოადგენს შეერთებულ შტატებში სტეიბლკოინების რეგულირებისთვის შემუშავებულ პირველ ფედერალურ კანონს. ეს კანონი, რომელსაც ხელი მოეწერა 2025 წლის 18 ივლისს, გვთავაზობს საკანონმდებლო ბაზას, რომელიც უზრუნველყოფს სტეიბლკოინების გამჭვირვალობას, სრულად უზრუნველყოფას და აშშ-ის ფინანსურ სისტემაში უსაფრთხო ინტეგრაციას.
სტეიბლკოინები წარმოადგენს ციფრულ აქტივებს, რომელთა დიზაინი ითვალისწინებს მათი ფასის სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას, რისთვისაც ხდება მათი მიბმა უზრუნველყოფის აქტივებთან, ჩვეულებრივ ფიატ-ვალუტებთან, როგორიცაა აშშ-ის დოლარი. როგორც წესი, ისინი გამოიყენება საერთაშორისო გადარიცხვებისთვის და on-chain ანგარიშსწორებისთვის, რადგან მათში გაერთიანებულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიის პროგრამირებადობა და ტრადიციული ვალუტების სტაბილურობა.
GENIUS Act-ის მიზანია ამ ბაზრის გაძლიერება, სტეიბლკოინების ემიტენტებისთვის მკაფიო წესების განსაზღვრა, მათი საქმიანობაზე ზედამხედველობა და მომხმარებელთა დაცვის გაუმჯობესება. ამ კანონის შემუშავების საჭიროება განაპირობა გლობალურმა ტენდენციამ - სტეიბლკოინებთან დაკავშირებული რეგულაციები შემუშავებულ იქნა სხვა რეგიონებშიც, მაგალითად ევროკავშირში MiCA.
GENIUS Act-ის ძირითადი კომპონენტები
GENIUS Act სტეიბლკოინების ემიტენტებს სთავაზობს ყოვლისმომცველ საკანონმდებლო ჩარჩოს და წარმოადგენს წესებს, რომლებიც ფოკუსირებულია აშშ-ს ბაზრის გამჭვირვალობაზე, ზედამხედველობაზე და მომხმარებელთა დაცვაზე.
რეზერვებთან დაკავშირებული მოთხოვნები
სტეიბლკოინები 1:1 თანაფარდობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი მაღალლიკვიდური აქტივებით, როგორიცაა აშშ-ის დოლარი ან მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებები (T-bills). დაუშვებელია ამ რეზერვების გამოყენება სესხების გაცემისთვის ან სპეკულაციისთვის. ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, სტეიბლკოინების ემიტენტებმა უნდა წარმოადგინონ რეზერვების დამადასტურებელი ყოველთვიური ანგარიშები, ხოლო მათ, რომელთა აქტივების ბრუნვა აჭარბებს 50 მილიარდ დოლარს, ასევე მოეთხოვებათ ყოველწლიური დამოუკიდებელი აუდიტების ჩატარება.
არავითარი პროცენტების გადახდა
სტეიბლკოინების ემიტენტებს არ აქვთ სტეიბლკოინის ჰოლდინგებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვის უფლება. ამ წესის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ სტეიბკოინები გამოყენებულ იქნეს მხოლოდ გადახდებისთვის და გადარიცხვებისთვის და არა საბანკო დეპოზიტების და საინვესტიციო პროდუქტების სახით.
შესაბამისობის ვალდებულებები
საბანკო და არასაბანკო ემიტენტები უნდა დაემორჩილონ Bank Secrecy Act-ს და უნდა დაიცვან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) რეგულაციები, სანქციების მოთხოვნები და Know Your Customer (KYC) წესები. ემიტენტებს ასევე მოეთხოვებათ კანონიერი განკარგულების საფუძველზე ტოკენების გაყინვის, დაბლოკვის ან დაწვის ტექნიკური შესაძლებლობების ქონა.
მომხმარებელთა დაცვა
თუ ემიტენტი გადახდისუუნარო აღმოჩნდება, რეზერვებიდან აქტივების მოთხოვნისას, უპირატესობა უნდა ჰქონდეთ სტეიბლკოინის მფლობელებს, სხვა კრედიტორებთან შედარებით. კანონი ასევე განსაზღვრავს სტეიბლკოინების მარკეტინგის მკაცრ წესებს, რომლის თანახმადაც, ემიტენტებს ეკრძალებათ სტეიბლკიონების შეთავაზება, როგორც მთავრობის მიერ მხარდაჭერილი, ფედერალური უწყების მიერ გამოშვებული აქტივების ან კანონიერი საგადახდო საშუალების.
მარეგულირებელი ორგანოების ზედამხედველობა
მსხვილი ემიტენტების ზედამხედველობას უზრუნველყოფენ ფედერალური მარეგულირებელი უწყებები, როგორიცაა ვალუტის კონტროლის ოფისი (OCC), ხოლო მცირე ზომის ემიტენტების კონტროლს ახორციელებენ შტატის დონის ორგანოები. ისეთ სააგენტოებთან კოორდინაცია, როგორიცაა აშშ-ის ხაზინა, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) და სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია (CFTC), უზრუნველყოფს ფინანსური სისტემის მუდმივ ზედამხედველობას.
GENIUS Act-ის ზეგავლენა
GENIUS Act გვთავაზობს სტეიბლკოინების გამოშვების და გამოყენების მკაფიოდ ჩამოყალიბებულ წესებს, რომელთა დანიშნულებაა როგორც კრიპტოვალუტის ბაზრის, ასევე ზოგადად ფინანსური სისტემის რეგულირება.
ყოველდღიური მომხმარებლები
ახალი სტრუქტურა წარმოგვიდგენს დაცვის ზომებს, რომელიც აუმჯობესებს სტეიბლკოინების საიმედოობას შეერთებულ შტატებში. ამ წესებით გათვალისწინებული ტოკენი სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო აქტივებით. ემიტენტები ვალდებულნი არიან გამოაქვეყნონ ყოველთვიური ანგარიში რეზერვების შესახებ, ხოლო კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში, ტოკენების მფლობელებს უფლება აქვთ პირველებმა მოითხოვონ კომპენსაცია ამ რეზერვებიდან. ზოგადად, ამ ზომების მიზანია გამჭვირვალობის გაუმჯობესება და სანდოობის გაზრდა.
დაცვის ეს ზომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაუზრუნველყოფილ სტეიბლკოინებთან ასოცირებული რისკების გათვალისწინებით. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს Terra Luna-ს კრახი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2022 წელს. Terra იყო ალგორითმული სტეიბლკოინი, ხოლო მისი კრახი იმის მაგალითია, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს მოვლენები, როდესაც საქმე გვაქვს სტეიბლკოინთან, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი საიმედო აქტივებით. ამ ტოკენის დოლართან მიბმის გაუქმების შედეგად, მისი მფლობელების ზარალმა სულ რამდენიმე დღეში 40 მილიარდზე აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
ორგანიზაციები და პლატფორმები
GENIUS Act გვთავაზობს რეგულაციების გამჭვირვალობას, რაც გაზრდის ორგანიზაციების მიერ სტეიბლკოინების გამოყენების დონეს. მსხვილ ემიტენტებს, როგორიცაა Circle, რომელიც უშვებს USDC-ს, ეს კანონმდებლობა სთავაზობს სტრუქტურას, რომელიც აუმჯობესებს მათ მიმართ ნდობას და ბიზნესების და ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მხარდაჭერას.
მკაფიოდ ჩამოყალიბებულმა წესებმა შეიძლება ტრადიციულ ბანკებს საკუთარი სტეიბლკოინების გამოშვების ინტერესი გაუჩინოს, რაც გაზრდის მომხმარებელთა დაინტერესებას და კონკურენციას. სტეიბლკოინების პოპულარობის ზრდამ ასევე შეიძლება სარგებელი მოუტანოს ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებსა და საგადახდო სერვისების პროვაიდერებს, როგორებიცაა Stripe და PayPal. რეგულაციები ამ პლატფორმებს უმარტივებს სტეიბლკოინებით გადახდების მხარდაჭერას, შედეგად მათ შეუძლიათ მომხმარებლებს შესთავაზონ ტრანზაქციების მეტი ვარიანტები.
ანგარიშსწორების სისტემები
სტეიბლკოინების პოპულარობის ზრდა გაზრდის მოთხოვნას ბლოკჩეინებზე, როგორიცაა Ethereum და Solana, ასევე მე-2 დონის ქსელებზე. თითოეული on-chain ტრანზაქცია ქსელის აქტივობის ზრდას იწვევს, შედეგად იზრდება მოთხოვნა ბლოკის სივრცეზე. დროთა განმავლობაში, ეს ქსელები გარდაიქმნება სტეიბლკოინების ტრანზაქციების დამუშავების და ანგარიშსწორების კრიტიკულ ინფრასტრუქტურად.
აშშ დოლარი
ამ კანონმდებლობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გლობალურ ბაზარზე აშშ დოლარის როლზე. ამ კანონის მიხედვით, სტეიბლკოინები უზრუნველყოფილი უნდა იყოს აშშ დოლარით და T-Bill-ებით, რამაც შესაძლოა გაზარდოს მოთხოვნა სახელმწიფო ვალზე და გაამყაროს აშშ დოლარის, როგორც ტრადიციული და ციფრული ფინანსების სისტემებში რეზერვების სახით გამოყენებული ვალუტის პოზიცია.
რა უარყოფითი მხარეები აქვს GENIUS Act-ს?
მიუხედავად იმისა, რომ GENIUS Act გვთავაზობს სტეიბლკოინების რეგულირების მძლავრ სტრუქტურას, კვლავ რჩება რამდენიმე ხარვეზი:
სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული ხარვეზები: ეს კანონმდებლობა ემიტენტებს უკრძალავს საპროცენტო სარგებლის პირდაპირ სტეიბლკოინის მფლობელებზე გაცემას, თუმცა ეს აკრძალვა არ ეხება სავაჭრო ბირჟებსა ან აფილირებულ ბიზნესებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ შესაძლებელია სარგებლის შეთავაზება არაპირდაპირი გზით, რაც ასუსტებს ამ წესების აღსრულების შესაძლებლობას და შეიძლება წარმოშვას სტაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემები სტრესის პერიოდებში.
ოფშორული ემიტენტები: სტეიბლკოინების უცხოელი ემიტენტების, მაგალითად Tether-ის საქმიანობა, რომელიც უშვებს USDT-ს, ამ კანონმდებლობა სრულად არ რეგულირდება. ეს სტეიბლკოინები, რომლებიც მიმოქცევაშია აშშ-ის ტერიტორიაზე, ნაკლებად არის შეზღუდული იმ პირობით, რომ ისინი გაყინავენ ან დაბლოკავენ ტრანზაქციებს, თუ მსგავს მოთხოვნას მიიღებენ ხელისუფლების ორგანოებიდან. შედეგად, ბაზარზე არსებული სტეიბლკოინების დიდი ნაწილი აშშ-ის პირდაპირი ზედამხედველობის მიღმა რჩება.
არათანაბარი რეგულირება: აშშ-ში დაფუძნებული სტეიბლკოინის ემიტენტები ვალდებულნი არიან შეასრულონ რეზერვებთან, ანგარიშგებასთან და მომხმარებლის დაცვასთან დაკავშირებული მკაცრი მოთხოვნები, ხოლო ოფშორულ ემიტენტებს იგივე სტანდარტები არ ეხებათ. ამ არათანაბარმა თამაშის წესებმა შეიძლება აშშ-ის ემიტენტები აიძულოს საკუთარი საქმიანობის საზღვარგარეთ გადატანა, შედეგად მომხმარებელს მოუწევს დაცვის სხვადასხვა დონის მქონე სტეიბლკოინებით სარგებლობა.
შეჯამება
GENIUS Act წარმოადგენს მნიშვნელოვან საფეხურს სტეიბლკოინების შეერთებული შტატების რეგულაციების სტრუქტურაში ინტეგრირების პროცესში. რეზერვებთან, გამჭვირვალობასთან და მომხმარებელთა დაცვასთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოყალიბებული წესების მომზადებით, ეს კანონი მიზნად ისახავს სტეიბლკოინები გახადოს უფრო საიმედო და მარტივად გამოსაყენებელი და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას ფინანსურ სისტემაში.
გადაუჭრელი პრობლემები, როგორიცაა ოფშორთან დაკავშირებული საკითხები, არათანაბარი რეგულირების სისტემა და სარგებელთან დაკავშირებული ხარვეზები, იმაზე მიანიშნებს, რომ სტეიბლკოინებზე ზედამხედველობის პროცესი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ამ კანონის რეალიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია, ამიტომ მოთხოვნების შესაბამისი, გამჭვირვალე და მდგრადი ბაზრის ფორმირებისთვის საჭიროა ინფორმირებულობა და ჩართულობა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.