მთავარი
ლექსიკონი
აქტივების სუფთა ღირებულება (NAV)

აქტივების სუფთა ღირებულება (NAV)

რა არის NAV?

NAV, ანუ აქტივების სუფთა ღირებულება გახლავთ ტერმინი, რომლითაც აღინიშნება ფონდის აქტივების ღირებულებისთვის ვალდებულებების ღირებულების გამოკლებით მიღებული შედეგი. მისი მეშვეობით ინვესტორებს შეუძლიათ გაიგონ ურთიერთდახმარების ფონდის ან საბირჟო საინვესტიციო ფონდის (ETF-ის) თითოეული აქციის ღირებულება. ის შეგვიძლია წამოვიდგინოთ, როგორც ფონდის თითოეული აქციის ფასის იარლიყი.

როგორ ხდება NAV-ის გამოთვლა?

NAV გამოითვლება ფონდის ყველა აქტივის ღირებულებისთვის ყველა ვალდებულების ღირებულების გამოკლებით და მიღებული შედეგის აქციების ჯამურ რაოდენობაზე გაყოფით. ფორმულას ასეთი სახე აქვს:

NAV = (აქტივების ჯამური ღირებულება - ვალდებულებების ჯამური ღირებულება) / გამოშვებული აქციების რაოდენობა

აქტივების ჯამური ღირებულება გახლავთ ფონდის მფლობელობაში არსებული ყველა ფასიანი ქაღალდი, როგორიცაა აქციები, ობლიგაციები და ნაღდი ფული.
ვალდებულებების ჯამური ღირებულება გახლავთ ფონდისთვის დაკისრებული ნებისმიერი ვალი ან ვალდებულება. აქტივების სუფთა ღირებულების გამოუყენებელი აქციების ოდენობაზე გაყოფით მივიღებთ თითოეული აქციის სუფთა ღირებულებას.
გამოშვებული აქციები გახლავთ კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების მთლიანი რაოდენობა, რომლებიც ინახება მისი ყველა აქციონერის, მათ შორის ინსტიტუციური ინვესტორების, ინდივიდუალური ინვესტორების და კომპანიის ინსაიდერების მფლობელობაში. ეს აქციები განსხვავდება სახაზინო აქციებისგან, რომლებიც გახლავთ კომპანიის მიერ განმეორებით შეძენილი და ამავე კომპანიის ხაზინაში შენახული აქციები.

რატომ არის NAV მნიშვნელოვანი?

ურთიერთდახმარების ფონდებისა და ETF-ების NAV მაჩვენებლის განახლება ყოველ სავაჭრო დღეს ხდება. დღის დასასრულს მიღებული NAV მაჩვენებლის მეშვეობით შესაძლებელია თითოეული აქციის ღირებულების და შესაბამისად, მათი გაყიდვის ან ყიდვის ფასის გაგება.

1. მუშაობის შედეგების კონტროლი: NAV ინვესტორებს საშუალებას აძლევს გაიგონ, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს მათი ფონდი. სხვადასხვა პერიოდის NAV მაჩვენებლის შედარებით შესაძლებელია იმის შემოწმება, რამდენად კარგად ან ცუდად მუშაობს ფონდი.
2. აქციების ფასების განსაზღვრა: NAV-ის მეშვეობით განისაზღვრება ურთიერთდახმარების ფონდის აქციების შეძენისას ან გაყიდვისას თქვენ მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. მისი განახლება ხდება ყოველდღიურად, ფონდის მიმდინარე ღირებულების ასახვის მიზნით.
3. გამჭვირვალობა: NAV უზრუნველყოფს გამჭვირვალობას ფონდის ჰოლდინგების რეალური ღირებულების ჩვენებით, რაც ინვესტორებს ეხმარება მათი ინვესტიციის რეალური ღირებულების განსაზღვრაში.

NAV-ის მაგალითი

წარმოიდგინეთ ურთიერთდახმარების ფონდი, რომელიც მოიცავს 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს, მისი ხარჯები კი შეადგენს 50 მილიონ აშშ დოლარს. 20 მილიონი აქციის არსებობის შემთხვევაში NAV გამოითვლება შემდეგნაირად:

NAV = (500მლნ − 50მლნ) / 20მლნ = 22,50

ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული აქციის ღირებულებაა 20,50 აშშ დოლარი. შესაბამისად, ეს იქნება აქციების შესაძენი ან გასაყიდი მიახლოებითი ღირებულება (რასაც დაემატება საკომისიოები, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

NAV დახურული ტიპის ფონდებში

დახურული ტიპის ფონდები გარკვეულწილად განსხვავდება ურთიერთდახმარების ფონდებისგან და ETF-ებისგან. ურთიერთდახმარების ფონდებისა და ETF-ების მიერ აქციების გამოშვება ან მიღება ხდება მოტხოვნის საფუძველზე, ხოლო დახურული ტიპის ფონდებს დასაწყისშივე გააჩნია აქციების ფიქსირებული რაოდენობა. საწყისი საჯარო შეთავაზების (IPO) ფარგლებში ამ აქციების გამოშვების შემდეგ ხდება მათი მეშვეობით ვაჭრობა საფონდო ბაზარზე, ინდივიდუალური აქციების მსგავსად.

სწორედ ამიტომ, დახურული ტიპის ფონდის აქციების ღირებულება განისაზღვრება ბაზარზე არსებული მარაგის და მოთხოვნის და არა NAV-ის საფუძველზე. ეს იმას ნიშნავს, რომ დახურული ტიპის ფონდის აქციებით ვაჭრობა შესაძლებელია პრემიუმის (NAV-ზე მეტი მნიშვნელობის) ან ფასდაკლების (NAV-ზე ნაკლები მნიშვნელობის) მეშვეობით, იმის მიხედვით, თუ რა თანხის გადახდას მოისურვებენ ინვესტორები.

მაგალითად, თუ დახურული ტიპის ფონდის NAV არის 20 აშშ დოლარი, თუმცა მაღალი მოთხოვნის გამო ამ ფონდის აქციების სავაჭრო ფასია 22 აშშ დოლარი, აქციებით ვაჭრობა განხორციელდება პრემიუმით. ამის საპირისპიროდ, თუ NAV არის 20 აშშ დოლარი, თუმცა აქციების სავაჭრო ფასი მხოლოდ და მხოლოდ 18 აშშ დოლარს შეადგენს დაბალი მოთხოვნის გამო, აქციებით ვაჭრობა განხორციელდება ფასდაკლებით.

ფასებს შორის ამგვარი სხვაობით იქმნება ფასდაკლებით შეძენის და პრემიუმით გაყიდვის შესაძლებლობები ინვესტორებისთვის. თუმცა, ადგილი აქვს გარკვეულ სირთულეებსაც, რადგან აქციის ფასი ყოველთვის არ ასახავს ფონდის ჰოლდინგების რეალურ ფასს.

NAV ურთიერთდახმარების ფონდებში და ETF-ებში

NAV აქვს როგორც ურთიერთდახმარების ფონდებს, ისე ETF-ებს, თუმცა მათი გამოყენება სხვადასხვაგვარად ხდება:

  • ურთიერთდახმარების ფონდები: NAV საერთო ფონდების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, რადგან მისი მეშვეობით განისაზღვრება ფონდის აქციების ყიდვის და გაყიდვის ფასი ინვესტორებისთვის. ურთიერთდახმარების ფონდის აქტივების ყიდვა და გაყიდვა, როგორც წესი დღეში ერთხელ ხდება, ბაზრის დახურვის შემდეგ გამოთვლილი NAV-ით.  
  • ETF-ები: ETF-ებსაც აქვს საკუთარი NAV, თუმცა ამ შემთხვევაში ვაჭრობა ხორციელდება საბაზრო ფასით, საფონდო ბირჟებზე, მთელი დღის განმავლობაში. საბაზრო ფასი კი შესაძლოა განსხვავდებოდეს NAV-ისგან. თუმცა, NAV მაინც მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ETF-ებისთვის, რადგან მისი მეშვეობით განისაზღვრება ფონდის საბაზისო აქტივების საორიენტაციო ღირებულება.

ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს NAV-ზე

როგორც წესი, ბაზრის ცვლილებები დიდ როლს თამაშობს NAV-ის გამოთვლის პროცესებში. ფონდის საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულება იწვევს NAV-ის ზრდას ან შემცირებას, იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტურად ან არაეფექტურად მუშაობს ეს აქტივები. NAV-ზე ზემოქმედებას ახდენს დივიდენდებით და საპროცენტო განაკვეთებით მიღებული შემოსავალიც, რაც ზრდის ფონდის საერთო ღირებულებას. 

მეორეს მხრივ, ისეთი ხარჯები, როგორიცაა მართვის საკომისიოები და ოპერატიული ხარჯები, იქვითება ფონდის აქტივებიდან, რაც ამცირებს NAV-ის მაჩვენებელს. რადგან NAV-ზე ზემოქმედებას ახდენს როგორც ბაზრის მუშაობის ეფექტურობის მაჩვენებელი, ისე შიდა ხარჯები, მისი მნიშვნელობა მუდმივად იცვლება, რაც უზრუნველყოფს ფონდის მუშაობის ეფექტურობასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში მიღების შესაძლებლობას ინვესტორებისთვის.

დასკვნა

აუცილებელია, რომ ინვესტორები იაზრდებდნენ NAV-ის კონცეფციის მნიშვნელობას, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია მკაფიო ინფორმაციის მიღება ფონდის ღირებულებასთან და მუშაობის ეფექტურობასთან დაკავშირებით. NAV-ის გამოთვლის მეთოდის შესწავლით და იმის გაგებით, თუ რა ფაქტორები ახდენს ზეგავლენას მასზე, ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები ურთიერთდახმარების ფონდებსა და ETF-ებში ინვესტიციებთან დაკავშირებით. აქციების გაყიდვისას და ყიდვისას, მუშაობის ეფექტურობის მაჩვენებლის მონიტორინგის დროს ან ფონდების შედარებისას, NAV წარმოადგენს ფუნდამენტურ კონცეფციას, რომელიც კრიტიკულ როლს თამაშობს ერთობლივი საინვესტიციო ფონდების სივრცეში.

გაიგეთ მეტი: რა არის Bitcoin ETF?