ბლოკჩეინის გამოყენების გზები: ფულადი გადარიცხვა
მთავარი
სტატიები
ბლოკჩეინის გამოყენების გზები: ფულადი გადარიცხვა

ბლოკჩეინის გამოყენების გზები: ფულადი გადარიცხვა

გამოქვეყნებული Aug 12, 2019განახლებული Dec 11, 2023
5m

საზოგადოების მიერ წარდგენილი - ავტორი: იგორ დავიდოვი.


შესავალი

მოკლედ რომ ვთქვათ, ფულადი გადარიცხვა ეწოდება ფულის გადარიცხვას დიდ მანძილზე, ჩვეულებრივ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ინდივიდებს შორის. უმეტეს შემთხვევებში დასაქმებული იმიგრანტი ფულს სამშობლოში მცხოვრებ ოჯახს უგზავნის. განვითარებად ქვეყნებში ფულადი გზავნილები თანხის მოძრაობის დიდ ნაწილს შეადგენს და აღემატება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ოფიციალურ დახმარებას. World Bank Group-ის მონაცემებით გასული წლების განმავლობაში ფულადი გზავნილების ინდუსტრია საგრძნობლად გაიზარდა, 2017 წელს 8.8%-ით, 2018 წელს კი 9.6%-ით.

ზოგიერთი განვითარებადი ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული უცხოეთიდან შესულ ფულზე, რაც ფულად გზავნილებს მათი ეკონომიკის მნიშვნელოვან კომპონენტად აქცევს. შესაბამისად, მიგრანტი დასაქმებულების გადარიცხვები ბევრ ქვეყანაში შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. მაგალითად, 2017 წელს ფულადი გადარიცხვები ჰაიტის მშპ-ს 29%-ს შეადგენდა. ეს მონაცემი 2018 წელს 30.7%-მდე გაიზარდა.


პრობლემა

მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ $200-ის გასაგზავნად ამჟამინდელი ხარჯი არის დაახლოებით 7% (გლობალური საშუალო). იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელს მსოფლიოში ფულადი გადარიცხვების ოდენობამ $689 მილიარდი შეადგინა, ოპერაციულ ხარჯებში გადახდილი 7% $48 მილიარდი გამოდის.

მაღალი საკომისიოს გარდა, ფულადი გზავნილის განხორციელებას უმეტესად მესამე მხარის სერვისები და ფინანსური ინსტიტუტები ესაჭიროება. რამდენიმე შუამავლის საჭიროება არსებულ სისტემას ეფექტურობას აკლებს. არა მხოლოდ სერვისის მაღალი ფასის გამო, არამედ იმიტომაც, რომ შესაძლოა გადარიცხვას დღეები ან კვირებიც კი დასჭირდეს.

ამ კონტექსტში ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ფულადი გადარიცხვების ინდუსტრიისთვის პრაქტიკული და ეფექტიანი ალტერნატივების შეთავაზება შეუძლია. ამ სტატიაში წარმოგიდგეთ რამდენიმე არსებულ და შესაძლებელ გადაწყვეტას, ასევე რამდენიმე კომპანიას, რომლებიც ამ სივრცეში მუშაობენ.


არის თუ არა ბლოკჩეინი გამოსავალი?

ბლოკჩეინ ფულადი გადარიცხვების კომპანიების მთავარი მიზანი არის შუამავლების გაქრობით მთლიანი პროცესის გამარტივება. მთავარი იდეა არის დაუბრკოლებელი, თითქმის დაუყოვნებლივი გადახდის მეთოდის შექმნა. ტრადიციული სერვისებისგან განსხვავებით, ბლოკჩეინის ქსელი არ ეყრდნობა ტრანზაქციების დადასტურების ნელ პროცესს, რომელსაც რამდენიმე შუამავალი და დიდი სამუშაოს გაწევა სჭირდება.

ამის ნაცვლად, ბლოკჩეინის სისტემას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ფინანსური ტრანზაქცია კომპიუტერების გადანაწილებული ქსელით განახორციელოს. ეს ნიშნავს, რომ ტრანზაქციის დადასტურებისა და ვალიდაციის პროცესში რამდენიმე კომპიუტერი მონაწილეობს - ამის გაკეთება დეცენტრალიზებულად და უსაფრთხოდ ხდება. ტრადიციულ საბანკო სისტემასთან შედარებით ბლოკჩეინ ტექნოლოგია უფრო სწრაფი და სანდო მეთოდია, თანაც გაცილებით ნაკლებ ფასად.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას შეუძლია ფულადი გზავნილების ინდუსტრიის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა მაღალი საკომისიო და ტრანზაქციის დაყოვნება. მხოლოდ შუამავლების რიცხვის შემცირებითაც კი ოპერაციული ხარჯები მნიშვნელოვნად იკლებს.


გამოყენების გზები

მობილური აპლიკაცია

ბევრი კომპანია უკვე ატარებს ექსპერიმენტებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, გადახდის ახალი მეთოდების შესაქმნელად. ზოგიერთი მობილური კრიპტო საფულე მომხმარებლებს ციფრული აქტივების მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაგზავნისა და მიღების, ასევე კრიპტოსა და ფიატ ვალუტებს შორის გადაცვლის საშუალებას აძლევს.

Coins.ph არის მრავალფუნქციური მობილური საფულის აპლიკაციის ერთ-ერთი მაგალითი. მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ საერთაშორისო გზავნილები, იყიდონ სათამაშო კრედიტები ან უბრალოდ ივაჭრონ Bitcoin-ით და სხვა კრიპტოვალუტებით. ამასთან, ზოგიერთ ფინანსურ სერვისს საბანკო ანგარიში არ სჭირდება.


ციფრული პლატფორმები

ზოგიერთი კომპანია პირდაპირ ტრადიციულ ფინანსურ სისტემებში ინტეგრირებული ინფრასტრუქტურით ოპერირებს. მაგალითად, BitPesa არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აფრიკაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს. 2013 წელს დაარსებული სერვისი მომხმარებლებს საგადასახადო საშუალებებსა და ვალუტის გაცვლას დაბალი საკომისიოთი და გაზრდილი სიჩქარით სთავაზობს.

Stellar პროტოკოლი არის ფულად გზავნილების ინდუსტრიაში მოქმედი ბლოკჩეინ პლატფორმის კიდევ ერთი მაგალითი. 2014 წელს დაარსებული Stellar მიზნად ისახავს ფინანსური წვდომის წახალისებას, ადამიანებისა და ფინანსური ინსტიტუტების ერთმანეთთან დაკავშირებას.

Stellar ქსელი ითვლება გადანაწილებულ ლეჯერად, რომელსაც აქვს საკუთარი ვალუტა, სახელწოდებით Stellar lumens (XLM). მისი ადგილობრივი ტოკენი გამოიყენება ხიდ-ვალუტადაც, რომლითაც ფიატ და კრიპტოვალუტებს შორის გლობალური ვაჭრობა ხორციელდება. BitPesa-ს მსგავსად, მომხმარებლები და ფინანსური ინსტიტუტები Stellar-ს იყენებენ თანხის გასაგზავნად და მისაღებად ტრანზაქციის შემცირებული ხარჯით.


ბანკომატები

მობილური აპლიკაციებისა და ონლაინ პლატფორმების გარდა, ფულის გაგზავნისა და მიღების ასპექტში საინტერესოა ბანკომატების გამოყენებაც. ეს მიდგომა განსაკუთრებით გამოყენებადია განვითარებად ადგილებში, სადაც არ არის კარგი ინტერნეტ-კავშირი ან საბანკო სისტემა.

კომპანიები, როგორიცაა Bit2Me და MoneyFi ქმნიან ფულადი გზავნილების ახალ სისტემებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და ბანკომატების კომბინაციით. მათი მიზანია მრავალფუნქციური წინასწარ გადახდილი ბარათების გამოშვება. 

ბლოკჩეინ ლეჯერებისა და ბანკომატების კომბინირებული გამოყენებით შუამავლების საჭიროება მნიშვნელოვნად მცირდება. მომხმარებლებს არ დასჭირდებათ საბანკო ანგარიშები, ბანკომატების კომპანიები კი მათ სავარაუდოდ დაბალ საკომისიოს დააკისრებენ.


არსებული გამოწვევები და შეზღუდვები

აშკარაა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ფულადი გზავნილების ინდუსტრიის განვითარება შეუძლია, თუმცა საბოლოო შედეგამდე ჯერ ძალიან შორია. გაეცანით რამდენიმე ბარიერსა და შეზღუდვას, მათი შესაძლო მოგვარების გზებით.

  • კრიპტო-ფიატ კონვერტაცია. მსოფლიო ეკონომიკა ჯერაც ფიატ ვალუტებზეა დაფუძნებული, კრიპტოსა და ფიატს შორის კონვერტაცია კი მარტივი საქმე არ არის. ხშირად ამისთვის საბანკო ანგარიშია აუცილებელი. Peer to peer (P2P) ტრანზაქციებით შესაძლებელია ბანკის საჭიროების მოშორება, თუმცა მომხმარებლებს ფულის გამოსაყენებლად კრიპტოს ფიატად კონვერტაცია მაინც დასჭირდებათ.

  • მობილურისა და ინტერნეტის საჭიროება. განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, ბევრი კი სმარტფონს არ ფლობს. როგორც აღვნიშნეთ, ეს პრობლემა შესაძლოა ბანკომატებმა მოაგვაროს.

  • რეგულაციები. კრიპტოვალუტის რეგულაციები ჯერაც ადრეულ ეტაპზეა. რამდენიმე ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთებში, რომლებიც უცხოური ფულის შემოდინებაზეა დამოკიდებული ის გაურკვეველია, ან საერთოდ არ არსებობს. თუმცა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გავრცელება რეგულაციების მიღებას აუცილებლად დააჩქარებს.

  • სირთულე. კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის გამოყენებას ტექნიკური ცოდნა სჭირდება. მომხმარებლების უმეტესობა იყენებს მესამე მხარის სერვისის პროვაიდერებს, რადგან ბლოკჩეინის დამოუკიდებლად მართვა და გამოყენება არ არის მარტივი. ასევე, ბევრი კრიპტო საფულე და ბირჟა არ სთავაზობს მომხმარებლებს საგანმანათლებლო სახელმძღვანელოებსა და ინტუიციურ ინტერფეისებს.

  • მერყეობა. კრიპტოვალუტის ბაზარი ადრეულ ეტაპზეა და მაღალი მერყეობა ახასიათებს. ამიტომ ისინი არ არის ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილი, რადგან საბაზრო ღირებულება შესაძლოა ძალიან სწრაფად შეიცვალოს. ამას გარდა, ძალიან მერყევი ვალუტები მისაღები არ არის მათთვის, ვისაც ფულის ერთი ადგილიდან მეორეში გაგზავნა უნდა. ეს პრობლემა ნაკლებად მნიშვნელოვანია, თანაც სტეიბლკოინები ერთგვარ გამოსავალს წარმოადგენს.


შეჯამება

გასული ათწლეულის განმავლობაში ფულადი გზავნილების ინდუსტრია საგრძნობლად გაიზარდა და ეს ტენდენცია ალბათ მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. სამსახურის პოვნის ან განათლების მიღების მსურველთა შორის ემიგრანტების რაოდენობის ზრდა ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 2018 წლის მსოფლიო მიგრაციის ანგარიშის მიხედვით 2015 წელს მსოფლიოში 244 მილიონი საერთაშორისო მიგრანტი იყო, რაც თითქმის 57%-ით აღემატება 2000 წელს დაფიქსირებულ მონაცემს - 155 მილიონს.

თუმცა ფულადი გზავნილების სივრცეს ჯერაც არაერთი შეზღუდვა აქვს. შედეგად, უფრო და უფრო მეტი კომპანია იყენებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, როგორც ეფექტიან ალტერნატივას და სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში მიგრანტი დასაქმებულები მას უფრო ხშირად გამოიყენებენ.