რა არის Aptos (APT)?

რა არის Aptos (APT)?

გამოქვეყნებული Aug 22, 2024განახლებული Sep 11, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • Aptos არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც იყენებს Move პროგრამირების ენას, BFT კონსენსუსს და პარალელურ აღსრულებას და გვთავაზობს სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს.

  • ქსელი იყენებს AptosBFT-ს - Byzantine Fault Tolerant (BFT) კონსენსუსის პროტოკოლს, რომელიც დაფუძნებულია Proof of Stake (PoS) მექანიზმზე.

  • Aptos იყენებს Move პროგრამირების ენას, რომელიც შექმნილია სმარტ კონტრაქტების უსაფრთხოების და რესურსების მართვის გაუმჯობესების მიზნით.

  • APT არის ქსელის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად, სტეიკინგის, მმართველობისა და ვალიდაციის პროცესებში მონაწილეობისთვის.

რა არის Aptos?

Aptos არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომლის დანიშნულებაა დეცენტრალიზებული აპლიკაციების მასშტაბირებადი, განახლებადი და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შემოთავაზება. ქსელი იყენებს Proof of Stake (PoS) მექანიზმს Byzantine Fault Tolerant (BFT) კონსენსუსის სისტემით და გვთავაზობს ტრანზაქციების სწრაფად და საიმედოდ განხორციელების შესაძლებლობას. 

ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, Aptos იყენებს პარალელური აღსრულების სისტემას, რომელსაც შეუძლია რამდენიმე ტრანზაქციის ერთდროულად დამუშავება, რაც ქსელს უფრო მაღალი აქტივობის მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს. Aptos ასევე იყენებს Move პროგრამირების ენას, რომელიც წარმოადგენს რესურსებზე ორიენტირებულ ენას. ის აუმჯობესებს სმარტ კონტრაქტის უსაფრთხოებას და მხარს უჭერს ფორმალურ ვერიფიკაციას, რაც დეველოპერებს სთავაზობს მძლავრ ინსტრუმენტს უსაფრთხო აპლიკაციების შექმნისთვის.

ისტორია

Aptos შეიქმნა 2021 წელს Meta-ს ყოფილი ინჟინრების, მო შაიხის და ეივერი ჩინგის მიერ, რომლებიც ადრე მუშაობდნენ Diem (ყოფილი Libra) ბლოკჩეინზე. მას შემდეგ, რაც Diem დაიხურა რეგულაციებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ამ ტექნოლოგიის განვითარების გასაგრძელებლად, შეიქმნა Aptos Labs.

Aptos-ის mainnet გაეშვა 2022 წლის ოქტომბერში. მას შემდეგ Aptos Labs ფოკუსირებულია ქსელის ძირითადი ტექნოლოგიის განვითარებაზე, ხოლო Aptos Foundation უზრუნველყოფს ეკოსისტემის ზრდის მხარდაჭერას დეველოპერების დაფინანსების, საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზების და პარტნიორების მოძიების მეშვეობით, რაც ხელს უწყობს ქსელის პოპულარობის ზრდას.

როგორ მუშაობს Aptos

AptosBFT

Aptos იყენებს Proof of Stake (PoS) მექანიზმს, რა დროსაც, ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობის უფლების მისაღებად, ვალიდატორები საკუთარ ტოკენებს განათავსებენ სტეიკინგზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან ბლოკების შექმნაზე, ტრანზაქციების ვალიდაციაზე და ბლოკჩეინის გამართულად მუშაობაზე. გარდა ამისა, ქსელი იყენებს AptosBFT-ს - Byzantine Fault Tolerant (BFT) კონსენსუსის პროტოკოლს, რომელიც ვალდატორებს აძლევს ტრანზაქციებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. AptosBFT იძლევა ქსელის გამართულად მუშაობის შესაძლებლობას მაშინაც კი, თუ ვალიდატორების ერთი მესამედი ქსელს გამოეთიშება ან გადაწყვეტს არაკეთილსინდისიერად მოქმედებას. ამ მიდგომის მიზანია უსაფრთხოებასა და ტრანზაქციების სწრაფად დამუშავებას შორის ბალანსის შენარჩუნება.

Move პროგრამირების ენა

Aptos-ის სმარტ კონტრაქტები დაწერილია Move პროგრამირების ენაზე, რომელიც შეიქმნა Meta-ს მიერ Diem ბლოკჩეინის პროექტისთვის. Move-ის გამოყენება სხვადასხვა ბლოკჩეინზე შეიძლება, რაც დეველოპერებს აძლევს საზიარო ინსტრუმენტებზე, ბიბლიოთეკებზე და საზოგადოებებზე წვდომის შესაძლებლობას.

Move იმითაა უნიკალური, რომ ის იყენებს რესურსზე ორიენტირებულ მოდელს, რა დროსაც ციფრული აქტივები განიხილება, როგორც რესურსები, რომელთა შეცდომით დაკოპირება ან განადგურება შეუძლებელია. ამის წყალობით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ აქტივების დაკარგვა მოხდეს ბაგების ან კოდში არსებული შეცდომების მიზეზით. დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, Move-ს მოყვება Move Prover, რომელიც არის ფორმალური ვერიფიკაციის ინსტრუმენტი და გვაძლევს სმარტ კონტრაქტების შემოწმების შესაძლებლობას მათი არასწორად მოქმედების შემთხვევაში.

დეველოპერებს Move სთავაზობს უსაფრთხოებასა და მოქნილობას. ის ეხმარება მათ საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მუშაობაში, თუმცა ასევე ტოვებს სივრცეს ინოვაციებისთვის. Aptos ასევე ინვესტირებას ახორციელებს Move ენაზე მომუშავე დეველოპერების საზოგადოების განვითარებაში, მხარს უჭერს ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნას და ხელს უწყობს ენის შესაძლებლობების გაზრდას Web3 ეკოსისტემაში.

პარალელური აღსრულების სისტემა

ბლოკჩეინების უმეტესობა ტრანზაქციების დამუშავებისთვის თანმიმდევრულ მეთოდს იყენებს. ეს არის მარტივი სტრუქტურა, რომლის რეალიზაციაც გაცილებით ადვილია, თუმცა მისი მასშტაბირებადობა შეზღუდულია, რადგან ქსელს დროის კონკრეტულ მონაკვეთში შეუძლია მხოლოდ მცირე რაოდენობის ტრანზაქციების დამუშავება. მაღალმა აქტივობამ შესაძლოა ქსელის გადატვირთვა და ტრანზაქციის დამუშავების დროების გაზრდა გამოიწვიოს.

Aptos იყენებს სპეციალიზებულ სისტემას, სახელწოდებით Block-STM (Software Transactional Memory), რომელიც ტრანზაქციებს პარალელურად ამუშავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად მხოლოდ ერთი ტრანზაქციის დამუშავების ნაცვლად, სისტემას შეუძლია პარალელურად რამდენიმე ტრანზაქციის აღსრულება. აღსრულების შემდეგ, Aptos ახდენს შედეგების ვალიდაციას. თუ ორი ტრანზაქცია ცდილობს ერთი და იმავე რესურსის მოდიფიკაციას, რაც შეუსაბამობის მიზეზი ხდება, ხელახლა გაეშვება მხოლოდ ეს კონკრეტული ტრანზაქციები, სხვები კი უცვლელი დარჩება. მსგავსი სტრუქტურა იმის გარანტიას იძლევა, რომ ერთმა წარუმატებელმა ტრანზაქცია არ გამოიწვევს მთელი ბლოკჩეინის მუშაობის შეფერხებას. 

ინტეგრირებული დაგეგმვის სისტემა Block-STM-ს ეხმარება ტრანზაქციების პრიორიტეტების ეფექტურად განსაზღვრაში, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს სიჩქარეს. შედეგად, Aptos-ის გამტარუნარიანობა გაცილებით მაღალია თანმიმდევრული აღსრულების სისტემის მქონე ბლოკჩეინებთან შედარებით. Block-STM-ის წარმატებამ გავლენა მოახდინა სხვა ბლოკჩინებზე, როგორებიცაა Polygon, Sei და Starknet, რომლებზეც დაინერგა პარალელური აღსრულების მსგავსი სისტემები.

ეკოსისტემა

Aptos Build

Aptos Build წარმოადგენს Aptos Labs-ის მიერ შემუშავებულ დეველოპერის ინსტრუმენტთა ნაკრებს, რომელიც გამოიყენება აპლიკაციების შექმნისთვის, ტესტირებისთვის და ქსელზე გაშვებისთვის. დეველოპერებს შეუძლიათ სულ რამდენიმე წამში მოახდინონ API გასაღებების გენერირება და შექმნან ბლოკჩინის ინდექსერები კოდის დაწერის საჭიროების გარეშე. მათ ასევე შეუძლიათ ერთი დაწკაპუნებით გაუშვან არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) კოლექციები, გადაიხადონ ტრანზაქციების საფასურები გაზის სადგურის მეშვეობით და გაამარტივონ მომხმარებლის ქსელთან დაკავშირება რთული ინფრასტრუქტურის მართვის საჭიროების გარეშე.

Aptos Connect

Aptos Connect წარმოადგენს ვებ-ბრაუზერზე დაფუძნებულ არაკასტოდიალურ საფულეს, რომელიც არ საჭიროებს პროგრამების ჩამოტვირთას ან ბრაუზერის გაფართოებებს. ტრადიციული პირადი გასაღებების ნაცვლად, ის იყენებს Aptos-ის უგასაღებო ანგარიშებს, რაც მომხმარებელს აძლევს სოციალური ქსელების, მაგალითად Google-ის ანგარიშით ავტორიზაციის შესაძლებლობას. ბლოკჩეინის ანგარიში კრიპტოგრაფიულადაა დაკავშირებული ავტორიზაციის რეკვიზიტებთან, თუმცა მასზე ღიად მიბმული არ არის, რაც მომხმარებელს უმარტივებს ქსელთან დაკავშირებას და აძლევს საკუთარი აქტივების სრულად განკარგვის შესაძლებლობას.

Aptos Name Service (ANS)

Aptos Name Service გვთავაზობს ადამიანის მიერ გასაგებ ენაზე დაწერილ .apt სახელებს, ნაცვლად რთულად დასამახსოვრებელი საფულის მისამართებისა, რაც ამარტივებს ტრანზაქციების მართვას. ეს სერვისი აუმჯობესებს Aptos-ის ეკოსისტემის ხელმისაწვდომობასა და გამოყენებადობას, რაც მომხმარებელს სთავაზობს დეცენტრალიზებული აპლიკაციებით (DApp-ებით) სარგებლობის უფრო მარტივ და ინტუიციურ გამოცდილებას.

Aptos Assistant

Aptos Assistant არის AI-ზე დაფუძნებული დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც შექმილია Microsoft-თან თანამშრომლობით, რაც ამარტივებს Aptos-ის ეკოსისტემაში ნავიგაციას. ის ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც დაცული ჩატბოტი, რომელსაც შეუძლია ბლოკჩეინთან დაკავშირებულ კითხვებზე მარტივად გასაგები პასუხების გაცემა. მომხმარებლებს ის ეხმარება ეკოსისტემაში ორიენტირებაში, ხოლო დეველოპერებს მისი გამოყენება შეუძლიათ რესურსების მოსაძებნად სმარტ კონტრაქტებისა და აპლიკაციების შექმნის დროს. 

Aptos ტოკენი

APT წარმოადგენს Aptos-ის ქსელის ადგილობრივ ტოკენს. ის Aptos-ის ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • გაზის საკომისიოები: APT გამოიყენება Aptos-ის ქსელზე აპლიკაციებთან და სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებისას ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად.

  • სტეიკინგი: APT-ის მფლობელებს შეუძლიათ ამ ტოკენის სტეიკინგზე გამოყენება, რისთვისაც საკუთარ ტოკენები უნდა გადასცენ ვალიდატორებს ან თავად უნდა გაუშვან ვალიდატორის ნოდები. სანაცვლოდ ისინი იღებენ ჯილდოებს, რომლებიც გაიცემა თითოეული პერიოდის დასრულებისას.

  • ვალიდატორის ოპერაციები: ვალიდატორის ნოდის გასაშვებად საჭიროა APT-ის განთავსება სტეიკინგზე. ვალიდატორები მონაწილეობას იღებენ კონსენსუსის მიღწევის და ტრანზაქციების დამუშავების პროცესში, პატიოსნად მუშაობის სანაცვლოდ კი ისინი იღებენ ჯილდოებს. არაკეთილსინდისიერი ქცევის ან არასწორი კონფიგურაციის დაფიქსირების შემთხვევაში მათ ეკისრებათ ჯარიმები, რაც მოიცავს სტეიკინგზე განთავსებული ტოკენების დაკარგვას.

  • Governance: APT ტოკენების მფლობელებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ბლოკჩეინის მართვის პროცესში და ხმა მისცენ პროტოკოლის განახლებებს, პარამეტრების კორექტირებებს და სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს ქსელის მომავალს.

შეჯამება

Aptos არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც ფოკუსირებულია მასშტაბირებადობაზე და დაფუძნებულია ტექნოლოგიაზე, რომელიც პირველად Meta-ს Diem პროექტის დროს იქნა გამოყენებული. ქსელის კომპონენტებია: AptosBFT, რომელიც წარმოადგენს სწრაფ და უსაფრთხო კონსენსუსის მექანიზმს, Move პროგრამირების ენა, რომელიც გვაძლევს უსაფრთხო სმარტ კონტრაქტების შექმნის შესაძლებლობას და Block-STM სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციების პარალელურ აღსრულებას. ძირითადი პროტოკოლის გარდა, Aptos-ის ეკოსისტემა ასევე მოიცავს სხვადასხვა ინსტრუმენტებს, როგორიცაა Aptos Build, Aptos Connect, Aptos Name Service და Aptos Assistant. ეს სერვისები განკუთვნილია როგორც დეველოპერებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რომლებიც მათ ეკოსისტემაში მარტივად ინტეგრაციაში ეხმარება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.